"რა­ტი და მი­სი მე­გო­ბა­რი ხუ­ლი­გა­ნა იბ­რ­ძოდ­ნენ ერ­თად. ახ­ლაც არ მჯე­რა, რომ რა­ტის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის თო­ფის და­მიზ­ნე­ბა შე­ეძ­ლო" - კვირის პალიტრა

"რა­ტი და მი­სი მე­გო­ბა­რი ხუ­ლი­გა­ნა იბ­რ­ძოდ­ნენ ერ­თად. ახ­ლაც არ მჯე­რა, რომ რა­ტის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის თო­ფის და­მიზ­ნე­ბა შე­ეძ­ლო"

რატი კიკაჩეიშვილი აფხაზეთის ომის გმირია, თუმცა დღეს აფხაზეთი ნაკლებად ახსოვთ და კიდევ უფრო ნაკლებად სცალიათ...

21 წლის თბილისელ ბიჭს, რატი კიკაჩეიშვილს კი სჯეროდა, რომ სამართლიანობისთვის უნდა ებრძოლა, რომ საქართველოს დანაწევრებას ქართველები არავის შეარჩენდნენ, რომ მისი ქვეყანა ძლიერი და ერთიანი იქნებოდა. სულ სამიოდე დღით მოუწია ფრონტის ხაზზე ყოფნამ. სნაიპერის ერთადერთი ტყვია გულში მოხვდა.

1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა აფხაზეთის ომი, რომლის შესახებაც უახლეს ისტორიაში ასე ჩაიწერა: "ეს იყო ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ აფხაზებს შორის. აფხაზთა მხარეს ასევე იბრძოდნენ დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან და კაზაკ მილიციელთა რაზმის წევრები, რომელთაც არაოფიციალურად ეხმარებოდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში, ასევე სომეხთა ბაგრამიანის სახელობის ადგილობრივი ბატალიონი". ხეირიანად ისიც არ ვიცით, ზუსტად რამდენი ადამიანი შეეწირა ამ ომს. მას შემდეგ 20 წელიწადზე მეტი გავიდა და დღეს აფხაზეთის ომში დაღუპულ ქართველ ბიჭებს თითქმის აღარავინ იხსენებს...

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან რატი, მეგობრებთან ერთად, ფრონტზე წასასვლელად ემზადებოდა. შინ არაფერი უთქვამს, უფროს ძმას, პაატასაც არ გაუმხილა. დედას კი, ტელევიზორთან თვალცრემლიანს რომ ნახავდა ომის ამსახველი კადრებით შეძრწუნებულს, ღმერთო, რისთვის იღუპებიან ჩვენი ახალგაზრდებიო, მშვიდად ეტყოდა, ნუ გეშინია, ჩვენ გავიმარჯვებთო. ქალბატონ ჯილდას ეს უბრალოდ მის დასამშვიდებლად ნათქვამი სიტყვები ეგონა...

რაჭაში მშობლებთან ერთად

რატი უნივერსიტეტში სწავლობდა, კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე. ის და მისი კურსელი გიორგი მაისურაძე აკია ბარბაქაძის მოხალისეთა გვარდიაში ჩაეწერნენ ისე, რომ მშობლებისთვის არაფერი უთქვამთ. სოხუმისკენ მიმავალ მატარებელშიც ისე ავიდნენ, შინაურებს არ გამომშვიდობებიან.

რატის მამა თენგიზ კიკაჩეიშვილი, ჟურნალ "ისტოიანთან" იხსენებდა:

"გიორგის მამას უფროსი ვაჟი წინა წელს ავარიაში დაეღუპა და აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, გიოს ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა. მაინც გაჰპარვია, მაგრამ მატარებელთან მიუსწრია. ძალით ჩამოუგდია შვილი ვაგონიდან, თქვენ თვითონაც არ იცით, ვის ეომებით, ეს ომი თავიდანვე განწირულიაო, მთელი ხმით ღრიალებდა თურმე. რატისთვისაც უთხოვია, დაბრუნდი, შვილო, სად მიდიხარო, მაგრამ არაფერი გამოსვლია. მე კი არც მიფიქრია, რომ ჩემი რატი იარაღს აიღებდა ხელში და ფრონტის წინა ხაზზე ამოჰყოფდა თავს... ნეტავ დროზე გამეგო. თუ გიორგის მამასავით ვაგონიდან ვერ "ჩამოვათრევდი", მეც მასთან ერთად წავიდოდი საომრად".

"გაგრაში, ზედ ბრძოლის წინა ხაზზე მოხვდნენ მოხალისე გვარდიელები. რატი და მისი მეგობარი ხულიგანა (მიშიკო ქორიძე) იბრძოდნენ ერთად. ახლაც არ მჯერა, რომ რატის ადამიანისთვის თოფის დამიზნება შეეძლო", - გვეუბნება ქალბატონი ჯილდა და თვალს გვარიდებს.

30 აგვისტოს ტრაგიკული დღის ამბავი სრულად ვერც აღადგინეს. მშობლებმა დღესაც არ იციან, დაჭრილი რატის გამოსაყვანად შევიდა მტრის ცეცხლის შუაგულში ხულიგანა, თუ პირიქით. ამ დღეს გაგრაში 21-21 წლის ორი ყმაწვილის სიცოცხლე მტრის ტყვიებმა შეიწირეს.

თბილისში ორივე მალე ჩამოასვენეს. ბევრს ახსოვს ალბათ ის დრო, აეროპორტში ქართველების ერთი ნაწილი დუბაიში სარფიანად "საშოპინგოდ" მიმავალ და ჩამომავალ ახლობლებს რომ აცილებდა ან ხვდებოდა, მეორე ნაწილი კი ცრემლგამშრალი თვალებით მოელოდა აფხაზეთიდან შვილების, ძმების, მეგობრების ცხედრებს. ბევრი მეომარი კი ისე დაიღუპა, მათი საფლავები დღესაც უცნობია...

რატი (მარცხნივ) უნივერსიტეტის ეზოში მეგობრებთან ირაკლი და გიორგი მაისურაძეებთან ერთად

რატი კიკაჩეიშვილის ერთ პატარა ზღაპარში, რომლის დასრულებაც ვერ მოასწრო, მთავარ გმირს ნამცეცა ჰქვია. ის სახელგანთქმული მჭედლის შეგირდია. ქვეყანას რომ მტერი შემოესია, ოსტატის დახმარებით გამოჭედა "მტკიცე მახვილი, ცული, მშვილდ-ისარი, ხანჯალი, დანა, სარტყელი, აბჯარი და თქვენ წარმოიდგინეთ, ცხენიც! ეს ცხენი, თუ დასჭირდებოდა, პირიდან ცეცხლს აფრქვევდა, თვალებიდან - შუქს. და ასე შეჭურვილი გაუდგა გზას ნამცეცა მტერთან შესაბრძოლებლად".

გზას თავისი ზღაპრის გმირივით გაუდგა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ნამცეცა კი არა, გოლიათივით ბიჭი იყო. თუმცა კი მეგობრები ეკზიუპერის პატარა პრინცს ამსგავსებდნენ გარეგნული უდარდელობით, ხმაურიანი, გაბმული სიცილით.

ხათუნა უგულავა, რატის მეგობარი: "ვაკის სასაფლაოს მყუდრო შესასვლელთან გაჩნდა ერთი სადა საფლავი, დღემდე უბრალოდ რომ აწერია: "რატი 1971-1992". იქ ისევ მივდივართ მისი მეგობრები. ჩვენ წლები გვემატება, ის ისევ ახალგზარდაა, ნათელი, უიღბლო ბიჭი, ჩვენი სამშობლოს უიღბლობასვე შეწირული. დღეს თითქოს გვერიდება თქმისა, რომ ჩვენ გვერდით გმირები ცხოვრობდნენ. ჩვენს ხსოვნაში ისევ ცოცხლობს რატის გმირობის ამსახველი დღეები და გვინდა გვჯეროდეს, რომ საქართველო გამთლიანდება".

მოგვიანებით თენგიზ კიკაჩეიშვილი დაღუპულ შვილს მიუძღვნის პოემას, რომელშიც ასეთი სტრიქონებია: "ორბი ფრთას ფრთას შემოსცხებს, / ვეფხვი შეჰკრავს კამარას, / შუქს ზეციურს დაიფენს / გულწმინდა ყმის სავანე. / მთვარის ცივი ციაგი / მსუბუქ ნისლში გაახვევს, / აიტაცებს ჰაერში / და უფალს დაანახვებს!! ...აფხაზური ომი ეს - / ბნელი ავანტიურა, / გზააბნეულთ მიუგდეს, / როგორც სარჩო დღიური!"

რატი კიკაჩეიშვილი მეგობრებთან ერთად

და ასე, დღიურსარჩომიგდებული ბიჭები სასაკლაოზე აღმოჩნდნენ. სჯეროდათ, რომ სამშობლოს დასაცავად მიდიოდნენ, ქვეყნის ერთიანობა სურდათ.

ფერგადასული ფოტოებიდან რამდენიმეს ვარჩევთ დასაბეჭდად. თავის გამოჩენა და ფოტოების გადაღება არ უყვარდაო, გვითხრეს. მისი ჩანაწერების რვეულებიდანაც ვარჩევთ სტრიქონებს. ბატონმა თენგომ ერთი სტროფი გვითხრა რატის ბავშვობისდროინდელი ლექსებიდან. სულ მიკვირდა, 14-15 წლის ბიჭს ეს სტრიქონები რამ დააწერინა, ახლა კი ვხვდები, მისთვის სიცოცხლეზე ძვირფასი სიკეთისთვის, სამშობლოსთვის თავგანწირვა იყო. აი, ეს სტრიქონებიც:

თუ მაინც უნდა მოკვდე,

რაღა აზრი აქვს მაშინ,

ადრე წახვალ თუ გვიან

საფლავში შავი რაშით...

ცხოვრება თავისი გზით მიედინება, რატის ოჯახში მისი ძმისშვილები და ძმის შვილიშვილები ადრე წასულ ბიჭზე ისე ლაპარაკობენ, როგორც ცოცხალზე. დედას ეკლესიაში წასვლა უჭირს, მოძღვარი დროდადრო შინ აკითხავს და ქვეყნისთვის თავგანწირულ ბიჭს პანაშვიდს უხდის...

იხილეთ ასევე: "მეთაურები უფლებას არ აძლევდნენ. თვითმფრინავში დაიმალა, ისე გაფრინდა სოხუმში" - 19 წლის გოგოს საბედისწერო სიყვარულის ამბავი

სალომე შოშიტაშვილი ჟურნალი "ისტორიანი",#46