"მასალების დამუშავების შემდეგ ბევრი სიურპრიზი გველოდება" - რა დოკუმენტები ინახება საქართველოზე ბრიტანულ არქივებში? - კვირის პალიტრა

"მასალების დამუშავების შემდეგ ბევრი სიურპრიზი გველოდება" - რა დოკუმენტები ინახება საქართველოზე ბრიტანულ არქივებში?

"ამ დოკუმენტებში ჩანს, რომ ჯერ კიდევ მე-15 საუკუნიდან საქართველო ევროპის ნაწილად მიიჩნევა, თუმცა მოგვიანებით, მე-18 საუკუნეში, ევროპელები საქართველოს მსოფლიო რუკაზე აზიად მოიხსენიებენ"

იმ დროს, როდესაც რუსეთსა და ოსმალეთს შორის ყირიმის ომი მძვინვარებდა, საქართველოს რეგიონებში ოსმალეთის მოკავშირე ბრიტანელი ჟურნალისტები მოგზაურობდნენ და ევროპას ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობებს აწვდიდნენ.

მაგალითად, "დილის ლონდონის" ერთ-ერთ გამოცემაში ჟურნალისტს (ფსევდონიმით კალედონიან მერკური) რეპორტაჟი პირდაპირ ხობიდან გაუგზავნია. ასეც მიუთითებიათ სტატიის ბოლოს: "დილის ლონდონის" სპეციალური კორესპონდენტი ხობიდან. სტატიაში აღწერილია სამეგრელოს მკვიდრთა წეს-ჩვეულებები, ადათი და დამოკიდებულება როგორც მტრის, ასევე საზოგადოდ სტუმრის მიმართ. როდესაც ხობელებმა ჩვენი წარმოშობა გაიგეს, შინ მიგვიპატიჟეს, გემრიელი გოჭის ხორცით გაგვიმასპინძლდნენ - ამ ეშმაკური ჟესტით დარწმუნებულებმა, რომ ოსმალები არ ვიყავით, დიდი პატივი გვცეს და გამოგვიცხადეს, ძალიან კარგად ვიცით ბრიტანეთი, ინგლისი, თქვენი დედოფალი ვიქტორია და მას პატივს ვცემთო.

ბრიტანულ არქივებში დაცულ მასალებში მოთხრობილია იმ პერიოდის შესახებაც, როდესაც ოსმალები ზუგდიდში შესულან. მათთან ერთად მყოფი ბრიტანელი მოგზაურები და ჟურნალისტები აღფრთოვანებული წერენ დადიანების სასახლის შესახებ - "აქ საოცარი სიმდიდრე და გემოვნება იგრძნობა, ყველაფერი უზადო და ნატიფია. ბევრი ლონდონელი დიდებულის ოჯახშიც ვერ ნახავთ ასეთ ნივთებს, ყველაფერი პარიზიდან ჩამოტანილს ჰგავს. მსოფლიოს წინაშე დანაშაული იქნება, თუ ვინმე ამ ყველაფერს უდიერად შეეხება და მით უფრო, განადგურებას ეცდება, ვინც უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, ოსმალეთმა თუ რუსეთმაო..."

ეს და სხვა უმნიშვნელოვანესი მასალები შეაგროვა ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ ბრიტანეთის ეროვნულ მუზეუმში, სადაც რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტით დაფინანსებული პროექტით იმყოფებოდა. - ფონდის მიერ გრანტის გამოყოფის მიზანი იყო, საქართველოს შესახებ ისტორიული ცნობები შეგვეგროვებინა ევროპული არქივებიდან, სადაც თამამად შეიძლება ითქვას, ინახება ნეიტრალური მხარის - ბრიტანელი მოგზაურების და ჟურნალისტების შეკრებილი და მომზადებული მიუკერძოებელი ცნობები. ეს საშუალებას მოგვცემს, თავი დავაღწიოთ საბჭოთა ისტორიოგრაფიის ტყვეობას, როდესაც ჩვენი ქვეყნის მატიანე, ძირითადად, ჩვენივე მტრების მიერ შემონახული ცნობების მიხედვით იკინძებოდა და ხშირად მიკერძოებაში, მტრის ინტერესების დაცვაში, მეტიც - ქართველთა დაკნინების ცდაშიც გვაეჭვებს...

ყოველ დილით 7 საათზე ვდგებოდი და ჰაიდ პარკის მშვენიერი მინდვრებისა და ბაღების გავლით მივდიოდი სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს ბიბლიოთეკაში, სადაც პატარა ქვეყნის შვილი ამაყად ვეცნობოდი ჩემი ხალხის შემოქმედებითი ნიჭის არაერთ ნაყოფს. ამ ექსპედიციის შედეგად მივიღეთ 1000-ზე მეტი ციფრული გვერდი, ბევრი გამოუქვეყნებელი ისტორიული დოკუმენტი თუ ფოტო. თუმცა ჩვენს პროექტს კეთილის მსურველებსა და მხარდამჭერებთან ერთად მოქილიკენი თუ მაკონტროლებლებიც გამოუჩნდნენ. მალე პრეზენტაციას მოვაწყობთ და საკუთარი თვალით ნანახის შემდეგ, ალბათ, მტრულად განწყობილებიც შეიცვლიან პოზიციას. მე ჩემთვის არაფერს ვეძებ - ის, რაც თუნდაც ბოლო პერიოდში გაკეთდა, შეეძლო სხვასაც, სურვილი რომ ჰქონოდა. ჯობს ერთმანეთის დახმარების სურვილით განვიმსჭვალოთ, ვიდრე უსაფუძვლო ქიშპობით, რომელიც ყოველთვის ჩვენს მტერს აძლევდა ხელს. ეს ბრიტანეთის არქივებში დაცული ძველისძველი მასალებითაც ჩანს.

- გქონიათ განცდა, რომ მასალა პაზლის დაკარგული ნაწილივით ავსებს ჩვენს ისტორიას, ან ის, რაც საეჭვო იყო, ნათელი გახდა? - დეტალებზე მოპოვებული მასალის სპეციალისტებთან ერთად დამუშავების შემდეგ ვილაპარაკებ. ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებში დაცული რუკები და ცნობები ადასტურებს, რომ საქართველო უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო იყო ინგლისისა და მთელი ევროპისთვის.

ვნახე რუკა საქართველოში წიაღისეულის, საბადოების შესახებ. ვუყურებდი და ვფიქრობდი - რა იქნებოდა, მუდმივად სპარსეთის, ოსმალეთის, მონღოლების, არაბებისა და რუსების საჯიჯგნი რომ არ ყოფილიყო ჩვენი მდიდარი და ჩამოთვლილთა მავნებლობით გაუბედურებული ქვეყანა? ამ დოკუმენტებში ჩანს, რომ ჯერ კიდევ მე-15 საუკუნიდან საქართველო ევროპის ნაწილად მიიჩნევა, თუმცა მოგვიანებით, მე-18 საუკუნეში, ევროპელები საქართველოს მსოფლიო რუკაზე აზიად მოიხსენიებენ.

აღმაფრთოვანა ბრიტანელი მოგზაურების მიერ ჩვენი ტერიტორიების, ძეგლების, ხალხის, ქცევის, ჩაცმის, ადათების, წესების ზედმიწევნით ზუსტმა, მიუკერძოებელმა აღწერამ. მოგზაურები მოსახლეობას მაღალი კულტურის ხალხად აღიქვამდნენ.

ბევრი მასალა ინგლისურ ენაზეა, საჭიროა თარგმნა, გაანალიზება, რაც სულ სხვანაირად დაგვანახებს ყირიმის ომს და ამ ომში საქართველოს მდგომარეობას. აღმაშფოთა საქართველოზე რუსი გენერლის ჩივილმა. გენერალი ლეიტენანტი დენიკინი 1919 წლის 8 ნოემბერს ამიერკავკასიის სარდლობისგან მოითხოვს ქართული ჯარების ბზიფისკენ გადასროლას, საქართველოში რუსების უფლებებს არღვევენ და კავკასიაში ჩვენს უპირატესობას არ აღიარებენ. ამიტომ მოვითხოვ ქართველებმა დაუყოვნებლივ დაიხიონ ბზიფისკენო. და ფაქტობრივად, რუსეთის მიმართ ტერორის ხელშეწყობაში ადანაშაულებს ქართველებს. ფაქტობრივად, იგივე სიტუაცია იყო, რაც დღეს...

არქივების გაცნობისას პირველად ვნახე რიონის დელტაზე ნაოსნობის ამსახველი ნახატები, ნავები, გემები. ყველაფერი ჩაუხატავს ბრიტანელ მკვლევარ ტეფლერს, რომელსაც 1876 წელს უმოგზაურია საქართველოში. მასვე ეკუთვნის ოცამდე ესკიზი, რომლებზეც ასახულია საქართველოს სხვადასხვა მხარე, ქართველების ჩაცმულობა. თვალში საცემია ანანური. ესკიზზე ჩანს მოწესრიგებული და არქიტექტურულად დახვეწილი ინფრასტრუქტურა.

- კერძო პირების შესახებ დაცული მასალებიც ნახეთ?

- დიახ. იმერეთის ერთ-ერთი დედოფლის წერილის ასლი წამოვიღე. დედოფალი რუსეთის იმპერატორს სთხოვს დახმარებას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის რუსების შექმნილი მდგომარეობის ტყვეა. არ ვიცი, რა ხდებოდა, მაგრამ ჩანს, რომ იმერეთის სამეფო კარზე იყო შიდა დაპირისპირება, რითაც რუსეთი ან ხელს ითბობდა, ან სულაც თვითონ იყო ამ დაპირისპირების მაპროვოცირებელი...

- სამუშაო პროცესი მარტივი იყო? - ერთკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ ბრიტანეთის ბიბლიოთეკამ აზია-აფრიკის განყოფილების ოქროს ფონდიდან სამი უნიკალური ნიმუში გადმომცა დასამუშავებლად. ამისათვის ცალკე, დახურულ სივრცეში გამიყვანეს. ოთახში დაცვის საგანგებო ნორმებია დაწესებული. შესვლის შემდეგ კარი იკეტება, მაგიდასთან ჯდები, რომლის თავშიც მეთვალყურე ზის და მისი მკაცრი ზედამხედველობით იკვლევ საკითხს... გადმოცემული სამი ალბომიდან ერთ-ერთი, ძირითადად, მე-20 საუკუნის ეგვიპტის ცხოვრებას ასახავს. სწორედ აქ ვიპოვე უნიკალური ფოტო, რომელსაც აქვს ინგლისური წარწერა - "ქართველი მოცეკვავე გოგო". ამ ქალბატონის გარეგნობას ქართველობის არაფერი შერჩენია. ალბათ, გადმოცემით იცოდა წარმოშობის შესახებ. არა მგონია, ჩვენებური საუბარი შესძლებოდა, მაგრამ ის რამხელა საქმეა, რომ წარმომავლობა ახსოვდა! თან ისე, რომ მისი ამბავი ინგლისელმა ოფიცერმა საკუთარ ალბომში შეიტანა. ჩემთვის ამ გასახარ ამბავს თანამედროვე ქართული ორიენტალისტიკის გამორჩეულ წევრს, ქართველ მამლუქთა ისტორიის დიდ მკვლევარს, პროფესორ გოჩა ჯაფარიძეს ვუძღვნი... ასევე მაქვს მასალები ეგვიპტეში მყოფი ქართველი ტყვე ქალის შესახებ. ცნობები ვინმე რობინზონს ჩაუწერია. მოპოვებული მასალების დამუშავების შემდეგ ბევრი სიურპრიზი გველოდება.

მერწმუნეთ, არანაკლები მოუთმენლობა მჭირს, ვიდრე მაშინ, ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში რომ მივდიოდი და გული მიგრძნობდა, ჩვენ წინაშე ბევრი საიდუმლო გაცხადდებოდა. სამწუხაროა, რომ რუსეთმა - ჯერ საიმპერატორომ და შემდეგ ბოლშევიკურ-კომუნისტურმა - რკინის ფარდით არა მხოლოდ გაგვმიჯნა კულტურულად და ისტორიულად მონათესავე ევროპისგან, ჩვენი ისტორიის შესახებ ზუსტ ცნობებზე ხელმისაწვდომობაც გაგვიძნელა და საქართველოს ისტორია, რომელიც დიდხანს საბჭოთა კავშირის ისტორიაში იყო ათქვეფილი, ისე "შეცვალა, როგორც მის იმპერატორულ ზრახვებს სჭირდებოდა. რუსეთს ხომ ყოველთვის ეშინოდა, რომ პატარა საქართველო უფრო დიდი იყო, ვიდრე დიდი რუსეთი. ამიტომაც მისი ჩექმა ყოველთვის უფრო მძიმედ აწვებოდა ჩვენს მიწას, რომ მისი შიშით ჩვენი ეროვნული სიდიადე არ გაგვხსენებოდა.