"სუფრის დასასრულს ჩერჩილმა მოიხმო და უთხრა, თქვენი სახით თვით კულინარიის მოცარტი ვიხილეო" - დიდი "ტროიკის" რაჭველი მზარეული
"სუფრის დასასრულს ჩერჩილმა მოიხმო და უთხრა, თქვენი სახით თვით კულინარიის მოცარტი ვიხილეო" - დიდი "ტროიკის" რაჭველი მზარეული
ფოტო:იოსებ სტალინი, ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი
"სუფრის დასასრულს ჩერჩილმა რთველაძე მოიხმო, ფეხზე წამოდგა და უთხრა, მე დღეს თქვენი სახით თვით კულინარიის მოცარტი ვიხილეო, რუზველტმა კი დაამატა, მე კი ვფიქრობ, რომ თქვენ კულინარიის პაგანინი ბრძანდებითო“

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ონის სოფელ შეუბანში გაზრდილმა ბიჭმა­ ალექსანდრე რთველაძემ მსოფლიოს სამი უდიდესი პოლიტიკოსი: ფრანკლინ რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი მოაჯადოვა თავისი კულინარიული ხელოვნებით. ჩვენ ამ ბევრისთვის უცნობი ვირტუოზის შესახებ ონელმა რაჭველებმა მოგვწერეს, რის კვალსაც სიამოვნებით გავყევით.

"მოგესალმებით. გამიხარდებოდა, ჩემი
რაჭიდან რომ გწერდეთ, მაგ­რამ, სამწუხაროდ, სამშობლოდან ძალიან შორს, ამერიკაში ვარ. აქ ახლა ბევრი ქართული რესტორანია, სადაც შევდივარ და სამშობლოს ვიხსენებ, მასთან ერთად კი სტალინისა და ბერიას მზარეულს, რაჭველ ალექსანდრე რთველაძეს. მის შესახებ მამაჩემის ნაამბობი მახსოვს - თავისი კულინარიით თვით ამერიკის პრეზიდენტი მოხიბლაო. გთხოვთ, დაწერეთ მის
შესახებ. ამით კარგ საქმეს გააკეთებთ. ბოლოს და ბოლოს­, საკუთარ თავს კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ, რომ ნიჭიერი ხალხი ვართ"
, - ეს წერილი "კვირის პალიტრას" მანანა გოშაძემ მოსწერა. 

რომ არა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ლევან დოლიძე, ამ ისტორიის აღდგენა ძნელი იქნებოდა. მოგეხსენებათ, იმ დროისთ­ვის საბჭოთა ბელადთან დაახლოებული პირები ზოგჯერ თავადვე ანადგურებდნენ დოკუმენტაციას სიცოცხლის შესანარჩუნებლად...

ბატონი ლევანი ალექსანდრე რთველაძეს მოულოდნელად გადაეყარა.

- ალექსანდრე რთველაძე 1975 წელს თბილისის ცკ-ს სასა­დი­ლოში გავიცანი. იქ მზარეულად მუშ­აობდა ერთი ხანდაზმული­ და მკვირცხლი მოხუცი, რომელიც უგემ­რიელეს კერძებს ამზადებდა. ვფიქრობ, მისთვის კა-გე-ბეს გენერალ ჩიბურდანიძეს უნდა გაეწია რეკომენდაცია. ერთ დღეს სამსახურიდან გამოსულს შევხვდი, მითხრა, გრიბოედოვზე ვცხოვრობ და ფეხით­ გავივლიო. მეც აქვე ვცხოვრობ და ერთად წავიდეთ-მეთქი. მის სახლთან რომ მივედით, უეცრად იქიდან მისი ვაჟი გამოვიდა და ჩემს დანახვაზე გაიოცა, შენ აქ საიდანო. აქეთ მე გამიკვირდა, ნუთუ შენ ძია ალექსან­დრეს შვილი ხარ-მეთქი და გადავეხვიე. მოკლედ, ჩვენ ერთად გავიზარდეთ სოლოლაკში, მაგრამ მამამისზე წარმოდგენაც არ მქონდა. ჩემი მეგობარი მასზე არასოდეს ლაპარაკობდა, ბიჭებისთვის ის უჩინარი­ იყო. ჩვენ რომ ერთმანეთს ასე თბილად შევხვდით, ალექსანდრეც მიხვდა, რომ ჩემთან შეიძლებოდა საუბარი და ერთ დღესაც გამიმხილა, რომ ჯერ ბერიას პირადი მზარეული ყოფილა, მერე კი სტალინის.

ალექსანდრე რთველაძე
- მათთან როგორ მოხვდა?
- XX საუკუნის დასაწყისში თბილისში­ ბევრი უცხოური სასტუმრო იყო. რაჭიდან­ ჩამოსული ალექსანდრე, სასტუმრო "ჩრდ­ილ­ოეთის ნომრებში" მიაბარეს მზარეულ­ობის შესასწავლად... მალე საქართველო დამოუკიდებელი გახდა და ისიც თბილისის­ საკრებულოს სასადილოში გადავიდა, სადაც მისი მომზადებული კერძებით სადილობდნენ გენერლები მაზნიაშვილი და კვინ­იტაძე. ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ კი ალექსანდრემ ჭიათურაში ამერიკელი მეწარმის, ავერელ ჰარიმანის მანგანუმის კონცერნში დაიწყო მუშაობა.

- ეს ის ჰარიმანია, რომელიც ამერიკის პირველი ელჩი იყო საბჭოთა სახელმწიფოში?
- დიახ. მას სტალინმა იჯარით ჭიათ­უ­რის მანგანუმის საწარმო გადასცა. ამ კაცმა­ იქაურობა გამართა და მერე თავის ქვეყანაში დაბრუნდა. მანამდე კი, ალექსანდრეს გაკეთებული სადილი­ რომ იგემა, შესთავაზა, - ამერიკაში წაგიყვან, თუ იქაც ასე იმუშ­ავებ, მილია­რდერი გახდებიო. მზარეული უცნობ ამერიკაში ცხოვრებისა და გამდიდრების პერსპექტივამ ვერ მოხიბლა და თბილისში, ამიერკავკასიის ბოლშევიკური პარტიის სასადილოში მოეწყო მზარეულად, სადაც ბერიას შეხვდა. ბერიასაც ჰარიმანივით დაემართა, სადილი გასინჯა თუ არა, მზარეულის ნახვა მოითხოვა... ალექსანდრე ბერიას სასტიკ კაცად არ მოიხსენიებდა. პირიქით, ამბობდა, ხუმრობა უყვარდაო. მეც მყავს ნანახი ბერიას დედა და და. მან ისინი კიკეთის ბავშვთა სახლში ამოიყვანა, სადაც მეც ვიყავი და სხვა ბავშვებთან ერთად ღობეს მივვარდი. ბერიას დამ, რომელიც ყრუ-მუნჯი იყო, ჩანთიდან კანფეტები ამოიღო და გადმოგვიყარა. გადავირიეთ, კანფეტი თვალითაც არ გვქონდა ნანახი.

ალექსანდრესგან ვიცი, რომ ბერიას, ისევე როგორც სტალინს, არ უყვარდა ბევ­რი ჭამა: დილით შემწვარ ხორცს მივარ­თმევდი, ჭიქა ღვინოს დააყოლებდა და ამის შემდეგ მთელი დღე მშიერი იყოო. 1938 წელს სტალინმა ბერია მოსკოვში წაიყვანა, მან კი თან მზარეულიც გაიყოლა.

- მაღალი ეშელონებისთვის მზარეულის ერთგულება სამკვდრო-სასიცოცხლო თემაა.
- სტალინი ბერიას ენდობოდა. ყოველ­ შემთხვევაში, რთველაძის მომზადებული კერძები სწორედ ბერიასთან სტუმრობისას გასინჯა და ცხადია, აღფრთოვანდა. ამის შემდეგ გადავიდა რთველაძე კრემლში,­ თუმცა არა მხოლოდ მზარეულად. სტალინი­ მას შვილებსაც ანდობდა. ალექსანდ­რე მეუბნებოდა, ერთხელაც სტალინის ქალიშვილმა სვეტლანამ რესტორან "არაგვში" წასვლა აიჩემა და სტალინის დაცვასთან­ ერთად მეც გამაყოლესო. სტალინს მზარეული სულ თან ახლდა, მათ შორის, ორ ისეთ კონფერ­ენციაზე, რომელმაც მსოფლიოს ბედი გადაწყვიტა - 1943 წელს თეირანისა­ და 1945 წელს იალტის კონფერენციებზე. ორივეში­ ამერიკის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი და ინგლისის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილიც მონაწილეობდნენ...

- რთველაძეს არ უთქვამს, ბელადს რომელი კერძები უყვარდა?
- რთველაძე უპირველესად სტალინის ადამიანურ თვისებებს ახსენებდა. ერთხელ აღტაცებით მომიყვა, როგორ ჰკითხა სტალინმა, როცა გერმანელები მოსკოვს მოადგნენ, ალექსანდრე, ხომ არ გეშინიაო? როცა ვუპასუხე, მეშინია-მეთქი, თვალებში ჩამხედა და მითხრა, ნუ გეშინია, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთო! მეორე დღეს მოსკ­ოვში აღლუმი ჩაატარა, მერე სამზარეულ­ოში შემოვიდა და გვითხრა, აბა, ჭიქები შევავსოთ, როგორ შეიძლება დღევანდელი­ დღის სადღეგრძელო არ დავლიოთო!

როგორც ალექსანდრე მიყვებოდა, იყო დღეები, როცა სტალინი არაფერს ჭამდა.­ როდესაც თეირანში მივდიოდით, ვაგონში დილით შეტანილი კერძი მეორე დილ­ით ხელუხლებელი დამახვედრა, მთელი ღამის ნამუშევარს, ქაღალდებზე დაედო თავი და ეძინაო. ისე კი, ყველაზე მეტად ღუმელში კანიანად შემწვარი კარტოფილი და საცივი­ ჰყვარებია. სხვათა შორის, საცივის ის რეც­ე­პტი, რომლითაც ის სტალინს უმზადებდა, ჩაწერილი მაქვს...

- თეირანში ყოფნისას რთველაძეს ჩერჩილი და რუზველტიც გაუოცებია...
- თეირანის კონფ­ერენციას ჩერჩილის დაბადების დღე დაემ­თხვა. ის თურმე ზუთხზე გიჟდებოდა და რთველაძემაც მოიფიქრა: აზერბაიჯანის ცენტრალურ კომიტეტში დაარეკვინა და კასპიის ზღვიდან სულ სამ საათში ჩაატანინა მეტრნახევრიანი ზუთხი, რომელიც საბჭოთა საელჩოს ეზოში სარეცხის ტაშტში მოხარშეს.

- ტაშტში?
- იმას ვამბობ, რაც თავად რთვე­ლაძემ­ მიამბო. ახალგამოსული იყო დიდი ზომის უჟანგავი ტაშტ­ები. ამხელა­ ტაშტი­ იმიტომ გახდა საჭირო, რომ ზუთხი­ ჩერჩილისთვის მთლიანად მიერთმიათ და არა დაჭრილი. ალექსანდრემ ზუთხი უშვე­ლებელ მარლაში გაახვია და ბოლოებით საელჩოს ეზოში ხეზე ჩამოკიდა, შიგ გახვეული­­ ზუთხი კი ტაშტში ჩადო მოსახარშად. როდესაც მიხვდა, უკვე მოხარშულიაო, ხესთან მდგომ კრემლის უშიშროების მეთაურს ალექსანდრე ეგნატაშვილს ნიშანი­ მისცა და მანაც ხეზე მარლით ჩამოკიდებული ზუთხი ტაშტიდან ამოსწია.

წარმოიდგინეთ, ზუთხი იმდენად მძიმე იყო, რომ ეგნატაშვილს, ყოფილ სპრტსმენსაც კი გაუჭირდა მისი ამოწევა. ბოლოს ზუთხი ლენინგრადის მუზეუმიდან ჩამოტანილ პეტრე პირველის უშველებელ ლანგარზე დადეს, ქართული სანელებლებით შეკაზმეს და ასე მიართვეს ჩერჩილს. სუფრის დასასრულს ჩერჩილმა რთველაძე მოიხმო, ფეხზე წამოდგა და უთხრა, მე დღეს თქვენი სახით თვით კულინარიის მოცარტი ვიხილეო, რუზველტმა კი დაამატა, მე კი ვფიქრობ, რომ თქვენ კულინარიის Pპაგანინი ბრძანდებითო.

სტალინისა და ბერიას სიკვდილის შემდეგ რთველაძე მხოლოდ იმიტომ გადაურჩა სიკვდილს, რომ მისი საქმე კულინარია იყო და არა პოლიტიკა.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები