"ნატაშა დავინახე და სიცოცხლეში პირველად ვიფიქრე - ასეთ ქალს ცოლად შევირთავდი-მეთქი. მერე აირ-დაირია ყველაფერი..." - კვირის პალიტრა

"ნატაშა დავინახე და სიცოცხლეში პირველად ვიფიქრე - ასეთ ქალს ცოლად შევირთავდი-მეთქი. მერე აირ-დაირია ყველაფერი..."

არქივი

მის ცხოვრებას სულ ჰქონდა არტისტიზმის ელფერი და მუდმივად თან ახლდა სიყვარულის ფერიც. მას თავდავიწყებით უყვარდა ნატაშა. ახლა შეიძლება ბევრი ილაპარაკონ ამ სიყვარულზე, ზოგმა უფრო პრაგმატულად შეხედოს, ზოგმა - მეტად რომანტიკულად. თავად არტისტს დიდად აღარ აინტერესებდა, ვინ რას იტყოდა. მას უბრალოდ ნატაშა უყვარდა. ის გემიც უყვარდა, რომელზეც გაიცნო: წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა, იმ დღეს იმ გემზე რომ არ ავსულიყავიო, - იტყოდა ხოლმე ჩვეული ინტონაციით...

სულ ერთად იყვნენ. ერთად დადიოდნენ გასტროლებზე და დასასვენებლად, ერთად მიდიოდნენ სამკურნალოდ და სტუმრად.

რამაზს არ უნდოდა უნატაშოდ და ნატაშას - ურამაზოდ. ბედნიერები იყვნენ.

მერე გაჩნდა შიში, რომ რამაზი წავიდოდა, ძლიერი სენი წაიყვანდა. ნატაშა იბრძოდა. ისე თავგანწირვით იბრძოდა, რომ ვერ შეძლო იმ მძიმე დღემდე ქმრის მიცილება - უკანასკნელ დღემდე... გულმა უმტყუნა. 2011 წლის 22 აგვისტოს ნატაშა გარადიცვალა, ორიოდე თვეში, 83 წლის ასაკაში წავიდა რამაზიც...

გთავაზობთ წყვილის ფოტოებს მათი საოჯახო ალბომიდან და ინტერვიუს დიდ მსახიობთან ჟურნალ „ისტორიანის“ არქივიდან, რომელშიც 2008 წელს არის ჩაწერილი...

ბავშვობა

თბილისში ვიზრდებოდი. უსაყვარლესი ქალაქი იყო - ლამაზი, სუფთა, პატარა. აქ, სადაც ახლა ვცხოვრობ, მაშინ მხოლოდ ტურები დარბოდნენ.

1937 წელი კარგად მახსოვს, მაშინ 9 წლის ვიყავი, მახსოვს ტროცკისტების პერიოდიც, როგორ მოდიოდა მანქანა, რომელსაც "ჩორნაია ვორონას" ეძახდნენ. ბავშვები გავიქცეოდით და ვუყურებდით, ვის კარს მიადგებოდა, რომელ ოჯახს დაეცემოდა თავზარი... ბოლომდე ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა, მაგრამ გვეშინოდა კი, ის მანქანა ჩვენთანაც არ მოსულიყო. პატარა რამაზი

სკოლაში სახლთან ახლოს დავდიოდი. მერე ომი ატყდა. ხან ერთ შენობაში გადაგვიყვანდნენ სასწავლებლად, ხან მეორეში. ამას ვაბრალებდი - ამდენ გადასვლა-გადმოსვლაში ვეღარ ვსწავლობ-მეთქი. სინამდვილეში მეზარებოდა. სული და გული თეატრისკენ მქონდა. პირველ კლასში ვიყავი - მოზარდ მაყურებელთა თეატრში წამიყვანეს... მაშინ უკვე ვსწავლობდი კონსერვატორიის ნიჭიერთა ათწლედში. მშობლები მუსიკოსები იყვნენ და იმედი ჰქონდათ, ახალი მოცარტი გავიზრდებოდი.

თეატრი რომ ვნახე, არაფერი აღარ მინდოდა, დაკვრასაც კი თავი მივანებე. მხოლოდ არტისტობაზე ვოცნებობდი. ახლა ვნანობ... მცოდნოდა უკეთესი დაკვრა... რამაზ ჩხიკვაძე მშობლებთან ერთად

ომის წლები სოფელში გავატარე, ბებიასთან. ბომბი დაარტყეს ზესტაფონსო და ხალხი შეშინებული იყო. ჩვენ იქვე, სოფელ წევაში ვცხოვრობდით. ბებიაჩემის კაბა ჩავიცვი, წყლის საღებავებით შევიღებე სახე და ჩავსაფრდი ბუჩქებში... ვიღაც კაცმა გამოიარა - გამოვედი და დავიწყე ბურბუცი, ვითომ უცხო ენაზე ვეკითხებოდი რაღაცას, თან ზესტაფონს ვახსენებდი... კინაღამ გადაირია - ჯაშუში შემოსულაო. აწრიალდა სოფელი. გამომეკიდნენ... ბიჭებმა გადამარჩინეს - არ მოკლათ, თებროლეს შვილიშვილიაო.

ბებიას ვეხმარებოდი, ვთოხნიდი, მაგრამ უფრო თამაში მინდოდა... ჭონოურის წყალი იყო მოშორებით - ისეთი წყალი არსად დამილევია. დღეში ორ-სამჯერ ჩაფით მომქონდა. მიყვარდა წყალზე წასვლა!

ვიდრე თეატრს ვნახავდი, მტვირთაობა მინდოდა, ძალიან მომწონდა სადგურის "ნასილშჩიკები". ავიკიდებდი ბარგს და დავდიოდი ბედნიერად. ბებია წისქვილში მგზავნიდა - გადამკიდებდა საფქვავს, ალბათ 7-8 კილოს და მეც დიდი სიამოვნებით მივდიოდი. მიყვარდა წისქვილში მოხუცების მოსმენა. ჩამოფქვის მოლოდინში დასხდებოდნენ, საუბრობდნენ. მერე ამოიღებდნენ მჭადსა და ყველს, მეც მომიტეხავდნენ... დოქით ღვინოსაც დადგამდნენ. რა გემრიელი იყო ყველაფერი, ბებიაჩემის ყველის სუნი ახლაც ხელზე მაქვს შერჩენილი. ან მჭადი როგორი იყო! ან ლობიოს როგორ კაზმავდა!

თბილისში, ჩვენს უბანში ძველი ბიჭები ცხოვრობდნენ. ზარს აგორებდნენ... ერთ დღესაც მილიცია დაესხათ თავს. ფულს მოხვიეს ხელი, წყალსადენ მილში შეტენეს და გაიქცნენ... მივედი, ავიღე ფული, მაისურში ჩავიყარე. გამომებერა მუცელი, იმდენი იყო! წავიღე და შინ ტახტის ქვეშ დავმალე. ის ბიჭები 3-4 დღე არ გამოჩენილან. როცა მოვიდნენ, ერთ-ერთს დავუძახე... რა გინდაო, - შემომიბღვირა. ფული მე შევინახე-მეთქი. გენახათ, რა გაიხარეს... გავხდი მაგათი საყვარელი ბიჭი რამაზა.

ერთხელ, ბავშვებმაც მოვინდომეთ ზარის გაგორება. ფულზე არ ვთამაშობდით, მაგრამ გულზე ხელს იმ ყომარბაზებივით ვიბრაგუნებდით. ამ დროს ის ბიჭები არ დაგვადგნენ თავზე? რაც იმათ გვირტყეს! ერთმა კამათლები დამიტრიალა სახეზე, დამინგრია ცხვირ-პირი... იცოდნენ, ცუდ გზას ადგნენ და ამიტომ არ მოგვცეს ამ გზაზე წასვლის უფლება... ყველას თავისი ღირსება ჰქონდა. ადრე ქურდი თავის უბანში არც თვითონ მოიპარავდა რამეს და არც სხვას მოაპარვინებდა, ახლა შვილი მამას ჰპარავს... ხაზინიდან ხომ იპარავენ და იპარავენ!

ცოტა რომ წამოვიზარდეთ, პიონერთა სასახლეში შევედით მე და ჩემი მეგობარი გივი ვლადიმერაშვილი. ერთი-ორი წლის შემდეგ მოვიდნენ კარლო საკანდელიძე და გურამ საღარაძე. გამიმართლა, გასაოცარი პედაგოგები მყავდა - ნოდარ ჩხეიძე, თედო წეროძე... ომი იყო... თან გვყვებოდა ბატონი ნოდარი, რომ გზას არ ავცდენოდით.

სტუდენტობა თეატრალურ ინსტიტუტშიც კარგი პედაგოგები დამხვდნენ: დოდო ალექსიძე, მალიკო მრევლიშვილი...

ფარიკაობას ანატოლი ფეოდოროვი მასწავლიდა, შესანიშნავი კაცი იყო, მის მიერ ნასწავლები სასცენო ფარიკაობით სპორტულ შეჯიბრებაში მეორე ადგილი დავიკავე. ამას იმიტომ გიამბობთ, რომ მიხვდეთ, რამხელა პროფესიონალიზმი იყო მაშინ.

თეატრში ინსტიტუტიდან თეატრში მივედი თუ არა, მაშინვე "ესპანელ მღვდელში" ვითამაშე. ესეც ბედია. განებივრებული ვიყავი. ვთამაშობდი და ვთამაშობდი მთავარ როლებს, ეპიზოდებიც მიყვარდა. მიშა თუმანიშვილი იყო ჩემი რეჟისორი, დოდო ალექსიძე, არჩილ ჩხარტიშვილი, თემურ ჩხეიძესთანაც ვითამაშე "სამანიშვილის დედინაცვალში". რობიკოს (რობერტ სტურუა. - ლ.ჯ.) სპექტაკლებით მსოფლიო შემოვიარე. ღმერთს მადლობა, რომ ასეთ საინტერესო ხალხს შემახვედრა... ძალიან დატვირთული და, შეიძლება ითქვას, მუშაობისგან ოფლიანი ცხოვრება გავიარე, მაგრამ დაღლას ვერ ვგრძნობდი.

რამაზ ჩხიკვაძე სპექტაკლ "ბორის გოდუნოვში"

ჩემ ირგვლივ მანქანა ბევრს ჰყავდა, მე - არა, თუმცა ტარება ვიცოდი, "ჭრიჭინას" გადაღებისას ვისწავლე. მინდოდა, მეყიდა - არ მქონდა საშუალება. დრო გავიდა და ეს სურვილიც გამიქრა.

მე, გოგი გეგეჭკორი, ბადრი კობახიძე, ეროსი მანჯგალაძე, კოტე მახარაძე, გურამ საღარაძე, ვანიჩკა ჯინჯიხაძე, მათე შაიშმელაშვილი, ლაზარე ყაზბეგიშვილი ან ვშრომობდით, ან ვქეიფობდით.

ომის შემდგომმა ახალგაზრდობამ აღარ იცოდა ღვინის დალევის წესი. საჭმელი ჭირდა, თორემ ღვინო - იცოცხლეთ!.. სარდაფებში კასრებით იდგა. ნახევარლიტრიანი "ბანკებით" ვსვამდით. მერე ვაზებით, სურებით, აირწინაღებით სვამდნენ. ერთხელ მეც დავლიე აირწინაღით... პირში ჩაგიდებდნენ მილს და ასხამდნენ ზემოდან ღვინოს. 3-4 ლიტრს ისე დავლევდით, ვითომ არაფერი. აზარტში შევდიოდით... ვიკლავდით თავს! ღვინის ქვეყნები რომ მოვიარე, ვნახე - ჭიქას ერთბაშად არავინ ცლის, მოსვამენ, დადგამენ... ჩვენი წინაპრებიც პატარა სასმისებით სვამდნენ... ჩვენს დროში ბევრი ღვინის სმის მოდა შემოვიდა და იმსხვერპლა კიდეც უამრავი.

მე ღმერთმა გადამარჩინა. ძველი ფეხბურთელი იყო - სპარტაკ ჯეჯელავა, წამიყვანა ერთხელ მთაში სანადიროდ, განთქმულ მონადირეებთან - ქირიკაშვილებთან ერთად. საჯიხვეებამდე ბეწვის ხიდივით ადგილები უნდა გაიარო. გული მისკდებოდა. ჩემი პატივისცემა უნდოდათ. ქირიკაშვილმა - ზევით ჯიხვის ჯოგია, მოვუვლი, გადმოვრეკავ და ესროლეო. კი არ წამოვიდნენ, მოფრინავდნენ ჯიხვები. ათიოდე მეტრი თუ მაშორებდა მათთან. ვერ ვესროლე. საოცარი სილამაზე იყო. რატომ არ ესროლე, დაგვღუპე, კაცოო. გაიჭედა ვინტოვკა-მეთქი. ქირიკაშვილს ერთი დაუჭრია და მის კვალს მიჰყვა, მოკლა და მოიტანა. ჯიხვის ცრემლჩამდგარმა თვალებმა ისე იმოქმედა, მას მერე სანადიროდ არ წავსულვარ.

ნატაშა ნატაშა გემზე გავიცანი. იმ გემით მე და გურამ საღარაძე ოდესაში მივდიოდით. იალტაში ამოვიდა გემბანზე. რომ დავინახე, ძალიან მომეწონა და ჩემს სიცოცხლეში პირველად ვიფიქრე - ასეთ ქალს ცოლად შევირთავდი-მეთქი. მერე აირ-დაირია ყველაფერი. ჩემს მშობლებს ბევრი ცუდი რამ უთხრეს და გული ატკინეს... ურთიერთობა დაგვეძაბა...

არ მივაქციე არავის ყურადღება. შინიდან წამოვედით. ხან სად ვცხოვრობდით, ხან - სად. ოცი ბინა გვაქვს გამოცვლილი. სარდაფშიც გვიცხოვრია, სხვენშიც, ცოტა ხანს ეროსისთან ვიყავით, კარლოს ოჯახშიც, ედიშერ მაღალაშვილთანაც... ეროსის მეზობლებმა - უჩამ და ოლიკომაც შეგვიფარეს... ორ წელიწადს არ გამოგვიშვეს...

ხომ ხედავთ, რამდენ წელიწადს გაუძლო სიყვარულმა. სახლიც ავაშენეთ. მეგობრებიც დამეხმარნენ. მათი მადლიერი ვარ სამარადისოდ.

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ვცხოვრობდით, ოპერის პირდაპირ. ამინდიც სხვანაირი იყო მაშინ, ზამთარი ზამთარს ჰგავდა, ზაფხული - ზაფხულს. ზამთარში ვციგაობდით, ოპერამდე ჩამოვსრიალდებოდით ხოლმე. თავისი მუსიკა ჰქონდა ჩვენს ქალაქს, თავისი მომღერლები ჰყავდა. ვინა? - გამყიდველები. ჩამოივლიდნენ და მუსიკალურად გაიძახოდნენ: "ხართუთააა!" "ააკოშკის შუშებიი!" "სამოვარნი პესოკ!" სულ სხვადასხვა ტონალობით იძახდნენ. მხოლოდ ნატურალური პროდუქტები ჰქონდათ. ახლა ყველაფრის გეშინია, აღარ იცი, რას შემოგატყუებენ. ხალხი იქამდე მივიდა, წამალსაც კი ტყუილს ამზადებენ. ისე როგორ უნდა მოვკვდე, არ ვნახო და არ გავიხარო, რომ ჩემი ქვეყანა უფლის გზაზე დადგა. ნორმალური ჯამაგირი მაინც ხომ უნდა იყოს.

რამაზი და ნატაშა შვილთან, რძალთან და შვილიშვილებთან ერთად

პენსია დიდი მქონდა, მაგრამ მოიშალა ყველაფერი და დავრჩით უსახსროდ. კიდევ კარგი, სასტუმრო გავხსენით და ბიძინა ივანიშვილი გვეხმარება მსახიობებს. დაილოცოს ეს ღვთისნიერი კაცი! ვიცინი: კაცო, სასტუმროდან ხომ არ უნდა გავსვენდე-მეთქი და სასტუმროს გაყიდვა დავაპირე. ჩვეულებრივი სახლი მინდა! ვერ გავყიდე...

დავბერდი! არ გჯერათ? ისევ კარგად ვთამაშობ? ახლა მე მკითხეთ...

ავად ვარ, ჯანი არ მაქვს. ფეხები მტკივა, გულიც მაწუხებს. მძიმე ოპერაცია გავიკეთე, ნაწლავის კიბო მქონდა... ეს პრაღაში ექიმმა მომახალა. არ შემშინებია... ისღა ვთხოვე, გარეთ ცოლი დგას და არ გაუმხილოთ, უთხარით, რომ ოპერაცია მჭირდება-მეთქი. ეტყობა, ექიმმა ვერ გაიგო და ნატაშამ რომ შემოიხედა, მასაც უთხრა...

"კავკასიურ ცარცის წრეში" ცუდად გავხდი. თავს ძალა დავატანე და ძლივს ვითამაშე. თანდათან ვუძლურდები. არტისტი ძუნწია, ისე არ მიანებებს თეატრს თავს, გული არ დასწყდეს... მაგრამ რომ არ შეგიძლია!..

შექმენი შენი ცხოვრების ფოტოისტორია ფოტოწიგნად

მომზადებულია ლელა ჯიყაშვილის სტატიების მიხედვით