"არ ვიცოდით, რომ სიკვდილს უკვე დაევანა მის არსებაში" - რას წერდა ვასილ ბარნოვი ვაჟა-ფშაველასთან შეხვედრაზე - კვირის პალიტრა

"არ ვიცოდით, რომ სიკვდილს უკვე დაევანა მის არსებაში" - რას წერდა ვასილ ბარნოვი ვაჟა-ფშაველასთან შეხვედრაზე

ჟურნალი "ისტორიანი" აქვეყნებს ამონარიდებს ძველ ჟურნალ-გაზეთებიდან. ერთ-ერთია 1922 წელს ჟურნალ "ბახტრიონში" გამოქვეყნებული მწერალ ვასილ ბარნოვის ამონარიდი, სადაც ის ვაჟა-ფშაველასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე წერს.

"ძალიან ჩამოცხა თბილისში. მაშინ შესაძლო იყო გასულიყო ადამიანი სააგარაკოდ, ბუნების კალთაზედ გაეტარებინა არდადეგები. შევამზადე ოჯახი მანგლისში წასასვლელად. ძლიერ მომესურვა ვაჟას ნახვა. დაავადებული წმ. ნინოს საავადმყოფოში იწვა, სათავად-აზნაურო გიმნაზიის შენობაში. შევედი. გამგებელ ქალსა ვსთხოვე, ნება დაერთო, მენახა. შეყოყმანდა, მძიმედ არისო ავად; მაინც შემიშო.

ფართო ოთახში იყო მოთავსებული. დიდი სიფაქიზე სუფევდა სადგომში. საურ-ზეწარს, მთელს ლოგინს სისუფთავის შუქი დაჰკრთოდა, მიჩემებული მომვლელი ქალი მზად იდგა მიჰშველებოდა. დაღონებული სახე ჰქონდა ამ მის მცველ ანგელოზს.

უამა ვაჟას ჩემი დანახვა, პირს სიხარული გადაეფინა.

- ვასო, შენ?

- მე ვარ!

წამოჯდა. მივუჯექ გვერდზედ.

- როგორა ხარ, ჩემო კარგო?

- ეხლა არა მიჭირს რა: ექიმები, წამლები. მშვენიერი მოვლა, სისუფთავე. ერთი შეხედე! სთქვა და თვალი მოავლო ოთახს.

- უსათუოდ მალე გამორჩები: შენი ძლიერი აგებულება დაეხმარება მოვლა-წამლობას და...

- ჩემი დიდი სურვილიც! ძლიერ მინდა, მალე ავსდგე. ცხელა აქ. ეხლა მთაში ყოფნას არაფერი შეედრება. ახ, ერთი იქაურ წყაროს დამაწაფა! მალე მოვიშორებ ავადმყოფობას. წავალ და... რომ იცოდე, კიდევ რამდენი რამა მაქვს დასაწერი.

- მოესწრობი, დასწერ, ვუთხარ მე სრულის რწმენით:

მისმა იმედიანმა სიტყვამ, მისმა მძლავრ ბუნების ნაშთმა სასოება ჩამისახეს გულში, რომ ეს დიდებული ნიჭი თავისებური, კლდის უზარმაზარ ნაჩეხს რომ ჰგავს ჩამოხლეჩილს, კიდევ ბევრს ხანს შეგვრჩებოდა ქართველებს.

- მომვლელი ქალი მანიშნებდა, გამეთავებინა საუბარი მეგონა, მეტის სიფრთხილით მოსდიოდა მას. არც თითონ ვაჟამ, არც მე არ ვიცოდით, რომ სიკვდილს უკვე დაევანა მის არსებაში. დავემშვიდობე, ვაკოცე. უკანასკნელი ამბორი ყოფილიყო.

ვასილ ბარნოვი.

"ბახტრიონი", 1922 წ. #6

(იხილეთ სრულად)