პირველი "რესპუბლიკა" საქართველოში - კვირის პალიტრა

პირველი "რესპუბლიკა" საქართველოში

...და გურული "ფემინისტი" ქალების "დებიუტი"

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ საუბარი არა 1918 წელს შექმნილ "საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე", არამედ უფრო ადრე - 1905 წლის შემოდგომაზე, თვითგამოცხადებულ "გურიის რესპუბლიკაზე" გვექნება. თუმცა ამ ორ "სახელმწიფოს" საერთოც ბევრი რამ (უფრო ზუსტად - ბევრი ვინმე) ჰქონდა (ჰყავდა), მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი - დამოუკიდებელი საქართველოსდროინდელი თბილისის "ქალაქისთავი" (დღევანდელი ტერმინოლოგიით - მერი) ბენია ჩხიკვიშვილი, რომელიც "გურიის რესპუბლიკის" პრეზიდენტი იყო 13 წლით ადრე...

დღეს საქართველოში, ავად თუ კარგად, მტრისთვის თვალის მოსათხრელად თუ რეალურად, ყველა რეგიონში რაღაც კეთდება. ერთადერთი, სადაც თითქმის არაფერი შეცვლილა (კარგად ვიცნობ იქაურობას და იმიტომ ვამბობ), გურიაა და ამას წინათ ჩემმა იქაურმა ხნიერმა ნათესავმა ამ საჭირბოროტო ამბებზე საუბრისას იხუმრა: - თუ არ მოგვხედეს, მოგვიწევს ჩვენც, ბაბუაჩვენებივით, "გურიის რესპუბლიკის" გამოცხადებაო...

როგორც ხედავთ, სათაურშიც და შესავალშიც სიტყვა "რესპუბლიკა" ბრჭყალებში ჩავსვით, მაგრამ ბევრისათვის, ვინც ამ თემას იცნობს, ეს მიუღებელი იქნება, რომ აღარაფერი ვთქვათ მაშინდელი მოვლენების უშუალო მონაწილეებზე, რომლებიც, ცხადია, ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ ყმაწვილობისას შევხვედრივარ რამდენიმე მათგანს და ღრმა სიბერემდე ამაყად აცხადებდნენ, რომ პირველები იყვნენ, ვინც "ძირგამომპალ რუსულ იმპერიას" შეებრძოლნენ, დაამარცხეს და "დამოუკიდებელი სოციალისტური რესპუბლიკაც" შექმნეს!

მაინც რა იყო ეს ნახევარწლიანი დამოუკიდებლობა (ბრჭყალები აქ ნამდვილად უადგილო იქნებოდა, რადგან გურია მაშინ მართლა "თავის ჭკუაზე" ცხოვრობდა) - თავისუფლებისმოყვარე ხალხის ერთ მუშტად შეკვრის ლოგიკური შედეგი, ყაჩაღ-ფირალების მიერ თავიანთი  არცთუ უანგარო მიზნებისათვის ხელისუფლების მოპოვების წარმატებული მცდელობა, თუ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის (სოციალ-დემოკრატების) მიერ განხორციელებული მომავალი რევოლუციის "რეპეტიცია" და მინი-მოდელი? ალბათ, ყველაფერი ერთად...

ჩვენს წერილს, ცხადია, მეცნიერული გამოკვლევის პრეტენზია არ აქვს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მეცნიერსაც და ჟურნალისტსაც ერთი და იმავე "მასალით" უწევთ მუშაობა: რესპუბლიკის (შევთანხმდეთ, რომ ბრჭყალებს აღარ ვხმარობ) ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ოფიციალური დოკუმენტები (გარდა ანგარიშებისა გადასახადების შესახებ) არ იქმნებოდა და ამიტომ ის ამბები მხოლოდ მაშინდელმა პრესამ და თანამედროვეთა ზეპირმა თუ წერილობითმა მოგონებებმა შემოგვინახა.

სანამ ამბების ქრონოლოგიას გავიხსენებდეთ, მაშინდელი გურიის ზოგად მდგომარეობას გადავავლოთ თვალი:

იაკობ გოგებაშვილი XX საუკუნის დასაწყისში წერდა: "გურულები ნიჭიერენი, მარდნი და მარჯვენი არიან ყველაფერში და განათლებასაც ძლიერ მისდევენ... თითქმის ყოველ სოფელში სკოლაა დაარსებული და სამკითხველოებიც ბევრი არსებობს... კარგი იქნება, საქართველოს სხვა კუთხეებმაც რომ მას მიჰბაძონ ამ საქმეში."

KvirisPalitra.Geგრიგოლ რობაქიძე კი თავის ნაშრომში "გურია და სოციალიზმი" მარტივად და ლოგიკურად ხსნიდა ამ ხალხის "გასოციალისტებას": "...ისინი ნივთიერი ყოფის უმწეობას განიცდიან, მაგრამ მათ სხვაზე მეტად ესაჭიროებათ მდიდარი მატერიალური ყოფა - ისტორიულ თანამიმდევრობას ისინი ვერ შეურიგდებიან... ფსიქიურად სწორედ ასეთი მემკვიდრეებია გამზადებული სოციალიზმის მისაღებად..."

სწორედ ამ თვისებების გამო გურულები უსწრაფესად რეაგირებდნენ და იღებდნენ ყველა სიახლეს - ცუდსაც და კარგსაც, ამიტომ  იმ დროისთვის "ახალმოდური" სოციალისტობაც მალე მოირგო თითქმის მთელმა გურიამ.

წარმოიდგინეთ აღწერილი სიტუაცია, ამას დაამატეთ 1901 და 1902 წლების საშინელი მოუსავლიანობა და მიღებული შედეგებისაგან მთავრობის მიერ მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამის არარსებობა და მთავარი - ხელისუფლების მიერ ყველა სოფლის სამკითხველო-ბიბლიოთეკის დახურვა ბრიყვული არგუმენტით: "გურულები წიგნებისა და გაზეთების კითხვამ გადარია!" ჰოდა... გურულები მართლა "გადირიენ" - 1902 წელს პირველი მიტინგები ჩატარდა:

ჯერ სოფელ მოცვნარში, სადაც ბათუმიდან "გამოწერილმა" პროფესიონალმა "რევოლუციონერმა" (ანუ: ორატორმა, ყაჩაღმა, ჟურნალისტმა, მკვლელმა და ა.შ. ერთად) ვინმე პროკოფი დოლიძემ "აუხსნა" ხალხს, რომ მათ არაფრად სჭირდებოდათ მთავრობა და თავადაც კარგად მიხედავდნენ საკუთარ საქმეს; რომ მიწების მეპატრონეებს ძალიან ბევრს უხდიან - ერთ მეოთხედს (სხვათა შორის, ვისაც სხვის მიწაზე მოჰყავს მოსავალი, ახლა უფრო მეტს იხდის) და ეს ერთ მეათედამდე უნდა შემცირდეს;

რომ ტყეში შეშის მოჭრა და მასალის დამზადება უფასო უნდა იყოს; რომ ეკლესიის შესანახი ფული (ე.წ. "დრამის გადასახადი") არ უნდა გადაიხადონ; რომ თავადაზნაურობას მოჯამაგირე და მოსამსახურე არ უნდა ჰყავდეს და ვინც მაინც იმსახურებს  მათთან, დაისაჯოს და ა.შ. (სხვათა შორის, ეს პროკოფი დოლიძე ხუთი წლის შემდეგ დახვრიტეს ბათუმში იქაური ბერძენი ექიმის - ტრიანდაფილისის გაძარცვისა (30 000 მანეთი(!) წაართვა) და მკვლელობის გამო)...

იმავე დღეებში უფრო დიდ სოფელ ნიგოითში გაიმართა გრანდიოზული მიტინგი, რომელსაც ადგილობრივი მასწავლებელი - უნივერსიტეტიდან "მთავრობის მიმართ არაკეთილსაიმედოობის" გამო გარიცხული გიორგი ურატაძე ხელმძღვანელობდა. მოთხოვნები იგივე იყო, მაგრამ სიტუაცია თითქმის კომიკური გახდა, როდესაც ხალხმა მოითხოვა, ღვთის წინაშე ფიცი დაედოთ, რომ ერთმანეთსა და საერთო საქმეს არ უღალატებდნენ! კომიკური კი ის იყო, რომ ამ "ცერემონიისთვის" ათეიზმის მქადაგებელ ურატაძეს უნდა ეხელმძღვანელა.

ასე იყო თუ ისე, ე.წ. "ახალთაობის მოძრაობა" დაარსდა და მიტინგზე მიღებული რეზოლუციით ურატაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის უახლოეს - ბათუმის კომიტეტში გაგზავნეს, "გვიპატრონეთო", მაგრამ იქიდან (თვით კარლო ჩხეიძისგან, რომელიც შემდეგ რუსეთის დუმაში ფრაქციის თავმჯდომარე გახდა) უარი მიიღეს:

"ჩვენ მარქსისტები ვართ, მარქსიზმი პროლეტარების ფილოსოფიაა. გლეხი, როგორც წვრილი მესაკუთრე, ვერ გაიგებს მას, ის უფრო ბურჟუაზიული რევოლუციის "მასალაა", ამიტომ ჩვენ მათ ვერ დავაყენებთ ჩვენი დროშის ქვეშ"; მერე კი, რომ გაიგეს, ფიცი დადესო, სულ გადაირივნენ და ურატაძეს კომიტეტის კრებაზე სულ "ავანტიურისტი და მღვდლების მონა" ეძახეს. რას ჰქვია, "მასალა" ვართო და მთლად "აიწყვიტეს" გურულებმა - უკვე ფეხებზე ეკიდათ კომიტეტის დასტური თუ უარი...

პირველ მიტინგს მეორე და ორმოცდამეათე მოჰყვა და რიგრიგობით ყველა სოფელმა გამოაცხადა "ახალი წესწყობილება". შეიქმნა "გურიის კომიტეტი", რომელიც მთელ ამ რია-რიას ალაგებდა და კალაპოტში აქცევდა.

ყველაზე საინტერესო ქალთა მიტინგი იყო, რომელმაც მიიღო დადგენილება მამაკაცებთან თანასწორობის შესახებ და რომელიც "გურიის კომიტეტის" წარმომადგენელმა დაამოწმა (ნუ დაამოწმებდა, თუ მაგარი ბიჭი იყო - რამდენიმე ათასი გურული ქალი(!) იყო შეკრებილი).

რას აკეთებდა ამ დროს მთავრობა? ბევრს ვერაფერს: ქუთაისის გუბერნატორმა სმაგინმა მიტინგების მოთავეები, სულ სამოცი კაცი, დაიბარა თავისთან, ამათ იფიქრეს, მოლაპარაკებაზე გვეძახისო და ეახლნენ, იმან კი  ყველანი ციხეში ჩაყარა... შემდეგ სოფელ ნატანების დელეგაცია მიადგა მის რეზიდენციას ქუთაისში - დაპატიმრებულების გამოშვება მოითხოვეს;

"გასწავლით ჭკუასო", - ყველანი იქვე წამოაქცევინა და გააროზგვინა. ნიშანდობლივია ერთ-ერთი გაროზგილის, ხნიერი გლეხის რეაქცია - ამდგარა, ტანსაცმელი დაუფერთხავს, ქუდი დაუხურავს და გამროზგველებისთვის უთქვამს: "რა ქენით ახლა მაგით, რაც ვიყავი, ისევ ის ივანიკა გოგიძე ვარ, მარა უფრო მეტად მძულხართ"... ეს იყო და ეს, მთავრობა მიხვდა, რომ რეპრესიებით ჯერ ვერაფერს მიაღწევდა, ამიტომ ტყვეებიც მალე გაათავისუფლა და ქუთაისის გუბერნატორადაც ლიბერალობით ცნობილი სტაროსელსკი დანიშნა ამ გამროზგავი სმაგინის ნაცვლად...

1902, 1903 წლები და 1904 წლის დასაწყისი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას დასჭირდა და 1904 წლის ბოლოს "გურიის რევოლუციური კომიტეტი" უკვე მთლიანად აკონტროლებდა სიტუაციას: გადასახადებს ყველა მას უხდიდა, სისხლის სამართლისა თუ სამეზობლო-სადავო საქმეებს მის მიერ დანიშნული სასამართლოები არჩევდნენ (სხვათა შორის -  ღია პროცესებზე), ვინც მათ ბრძანებებს არ ემორჩილებოდა ან ვინმე მდიდართან მსახურობდა, მის ყანებს ცელით ანადგურებდნენ და ულუკმაპუროდ ტოვებდნენ, ხოლო მას "ბოიკოტს" უცხადებდნენ, რაც დაახლოებით ფშავ-ხევსურულ "თემისგან მოკვეთას" ჰგავდა,

მაგრამ უარესი იყო: აქ ოჯახის წევრსაც არ ჰქონდა "ბოიკოტირებულთან" ურთიერთობის უფლება, სანამ ის არ "გამოსწორდებოდა"... და რაც მთავარია, ურჩები სასტიკად ისჯებოდნენ - გურიაში მყარად ფეხმოკიდებული ფირალობაც სათავისოდ გამოიყენა კომიტეტმა: ფირალები "წითელ რაზმებში" გააერთიანა, ამნისტია გამოუცხადა და განუსაზღვრელი სადამსჯელო ძალაუფლება მიანიჭა. ის ფირალები, რომლებიც არ დათანხმდნენ, თვითვე გახდნენ დევნის ობიექტები და ბოლოს ან გადაიხვეწნენ, ან შეეწირნენ, ან "გაწითლდნენ".

"ფირალების" ამბავი ცალკე დიდი თემაა. ზოგიერთი ავტორის მიერ მათი გარომანტიკულების მიუხედავად, მათი უმეტესობა პირწავარდნილი მკვლელი და ყაჩაღი იყო და იმედი გვაქვს, მალე შევთავაზებთ მკითხველს წიგნად გამოცემულ სიმართლეს მათ შესახებ.

ისჯებოდნენ როგორც მამაკაცები, ასევე ქალები (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათ ხომ "თანასწორობა" მოიპოვეს) - ჩოხატაურის მუზეუმში ვნახეთ ვინმე მელიტონ ჯიბუტის ავტობიოგრაფია, სადაც ამბობს: "მოვკალი ელცაბედ ყაჭეიშვილი, რომელიც ურიადნიკ ქუცურ-ბეგის აგენტი იყო." პრესაში აღწერილია ვინმე ანეტა სიხარულიძის სიკვდილით დასჯა, რომელიც ორი ბავშვით ხელში მდინარეში ჩააყენეს, სხეული დაუსერეს და სისხლისგან დაცალეს...

ასეთი და ამაზე უარესი, "საჩვენებელი დასჯები" უამრავი იყო, სწორედ მაშინ ამოწყვიტეს ოზურგეთში გურიელთა მთელი გვარი! ასე რომ, რამდენიც უნდა ილაპარაკოს ზოგიერთმა ფირალების "რობინჰუდობასა" თუ "არსენობაზე" (ყოველ შემთხვევაში, გურიის რესპუბლიკის პერიოდში), ისინი მაინც სადამსჯელო რაზმის წევრები იყვნენ და მაფიოზური ორგანიზაციის - "გურიის რევოლუციური კომიტეტის" მითითებებს ასრულებდნენ.

ბენია ჩხიკვიშვილი უკვე ოზურგეთში დაბრძანდებოდა ეტლითა და 12-კაციანი დაცვით და "მორიდებით" უკრავდა ხალხს თავს, როდესაც "გურიის პრეზიდენტს" უწოდებდნენ.

პოლიცია და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები აბსოლუტურად უმოქმედონი იყვნენ; ამას მოწმობს დიდი მეცნიერის, ნიკო მარის სიტყვები, რომელიც მან, გურიიდან დაბრუნებულმა, პეტერბურგის ერთ-ერთ გაზეთში გამოაქვეყნა  (ნიკო მარი ჩოხატაურელი იყო) სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთის იმპერატორმა მთელი იმპერიის მასშტაბით აკრძალა საიდუმლო ორგანიზაციების არსებობა: "ეს ბრძანება, ბუნებრივი იქნება, რომ გურიაში პოლიციის აკრძალვად გაიგონ, რადგან მათთვის საიდუმლო ორგანიზაციის წევრები უკვე პოლიციელები და სახელმწიფო მოხელეები არიან და იქ ყველაფერს: სკოლას, საგზაო, საადგილმამულო და სხვა სამსახურებს სახალხო კრებები მართავენ."

ეს მართვა სულაც არ იყო სპონტანური. კომიტეტმა ასეთი ფორმა შემოიღო: გურია სამ რაიონად დაიყო - ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის (სწორედ მაშინ გაჩნდა ტერმინი "რაიონი" და ეს სამი რაიონიც დღემდე არსებობს). თითოეულ სოფელს ასისთავი ხელმძღვანელობდა და სოფლები საათისთავოებად იყო დაყოფილი. ამ ათეულების ძირითადი ფუნქცია წესრიგის დამყარება და გადასახდის აკრეფა იყო (კაცზე 20 კაპიკი);

ხუთსულიან ოჯახზე ერთი მანეთი გამოდიოდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ ბევრი იყო, მაგრამ ვინღა გაბედავდა უარის თქმას, როცა გადასახადის ამოსაღებად 20 წლის ნაფირალარი მელქისედეკ გუნთაიშვილი, შემდგომში "ციმბირელ პაპად" წოდებული და დაუნდობლობით განთქმული ნესტორ კალანდარიშვილი, ან კიდევ "ტყვიის ტყვიაში ჩამსმელი" დათიკო შევარდნაძე მიადგებოდა?!

სხვათა შორის, დათიკო შევარდნაძესთან დაკავშირებით ჩემს ოჯახში შემონახული ამბავიც შემიძლია მოგითხროთ, რომელიც უშუალოდ უკავშირდება დღევანდელი წერილის თემას: დათიკო შევარდნაძე საკმაოდ განათლებული კაცი ყოფილა, ოზურგეთის პროგიმნაზიაც დაუმთავრებია და რუსეთში რამდენიმეწლიანი ყოფნის შემდეგ კარგი რუსულიც უსწავლია, თანაც საოცრად ლამაზი კალიგრაფია ჰქონია.

ჩოხატაურთან, სოფელ გორა-ბერეჟოულის მკვიდრ ერისთავს (ახლაც დგას იქ მისი სასახლის ნარჩენები) მიუწვევია თავისთან მდივნად და საქმეთა მმართველად. ბაბუაჩემის მამასთან მეგობრობდა თურმე და მისი უფროსი ვაჟი თავისთან წაუყვანია - თან რამეს ვასწავლი  და თან ჯამაგირც ექნებაო. თვითონ რომ "გაფირალებულა", ის ბიჭი (ანუ ბაბუაჩემის ძმა) ერისთავთან დარჩენილა სასახლეში და 1905 წელს გურიის კომიტეტიდან მამამისისთვის შემოუთვლიათ - შენი ბიჭი (უკვე 18 წლის იყო) წამოიყვანე ერისთავის სასახლიდან, იქ ნუ მუშაობს, თორემ მოგიკლავთო. შეშინებული ჩემი დიდი ბაბუა ისევ დათიკოსთან  მისულა და იმას ისღა მოუხერხებია (უკვე "გაწითლებული" იყო), რომ  ოზურგეთის რკინიგზის სადგურში მოუძებნია მისთვის სამსახური.

ეს ამბავი ერთი ნიშანდობლივი ფაქტის გამო გავიხსენე: როდესაც ერისთავის გამოგზავნილი კაცი ურმით ჩამოივლიდა მის მიწაზე მოწეული მოსავლის წილის წასაღებად (ხანდახან დათიკო შევარდნაძეც ახლდა დავთრით ხელშიო), ჩემს დიდ ბაბუას ეტყოდა, თურმე: "ერისთავმა ბრძანა, ისიდორე დოლიძეს ბევრი შვილი ჰყავს და არაფერი წამოიღოთ, იქით მიართვითო", და წაღების მაგივრად რამდენიმე ტომარა ლობიოსა და სიმინდს უტოვებდნენ (ხანდახან - შევარდნაძის "პირადი ინიციატივითაც"), ხოლო როდესაც გურია "ახალთაობის" ხელში გადავიდა,  ეს შეღავათები მოიხსნა და ვეღარც მთავარ "გადასახადების ამკრებთან" მეგობრობა შველოდა საქმეს...

ასე მოვიდა 1905 წლის შემოდგომა, რომელიც ნებისმიერ ზაფხულზე ცხელი აღმოჩნდა და რომელზეც დიდხანს ლაპარაკობდნენ არა მხოლოდ აქაური და რუსული, არამედ ევროპული და ამერიკული გაზეთებიც.

წინ კი დიდი ამბები იყო...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

http://www.kvirispalitra.ge/history/5230-pirveli-qrespublikaq-saqarthveloshi.html