"ქალი სიმაგრიდან გამოსულა, გადმომდგარა ციხის ბურჯზე და მტრის სამი ბელადი მოუკლავს" - ვინ იყო ქრისტინე მჭადიჯვრელი?
17-03-2019
"ქალი სიმაგრიდან გამოსულა, გადმომდგარა ციხის ბურჯზე და მტრის სამი ბელადი მოუკლავს" - ვინ იყო ქრისტინე მჭადიჯვრელი?
ლეკთა ბრბოების თავდასხმები დიდ ზიანს აყენებდა ჩვენს ქვეყანას. XVIII საუკუნეში ჩამოყალიბებული სამხედრო სისტემა შეუფერებელი იყო ლეკიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

1754 წელს ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი დიდი ჯარით შემოიჭრა კახეთში, გადმოვიდა ალაზანზე და ახმეტის გავლით არაგვის ხეობაში გადავიდა. ააოხრა არაგვის ერისთავის მამული და შემოადგა მჭადიჯვრის ციხეს (დუშეთის რაიონი). ნურსალ-ბეგს გაუჭირდა ციხის აღება. მეციხოვნეები მომხდურებს დიდ ზიანს აყენებდნენ.
"ჩამოხთა თითონ ხუნძახის ბატონი ციხის ბოლოს, ჭალაში, გააკეთებინა სანგარი მაგარი, დაადგმევინა კარავი, დადგა შინ და აბრძოლა ციხეს
ჯარი. იყო დღედაღამ ბრძოლა და ომი განუწყვეტელი. არ ავად იყვნენ მყოფნი ციხოსანი. მრავალი ლეკი მოკლეს. დიდითაც გულმამაცად იყვნენ ციხის კაცნი".

მიუხედავად იმისა, რომ ქართველთა სამხედრო ძალა ლეკებთან შედარებით მცირე იყო, ქართლ-კახეთის მეფეებმა გადაწყვიტეს ლეკებთან შებმა. "შეიქმნა ომი ფიცხელი... რა გაჭირდა ომი, ბრძანა ბატონმა დაქვეითება ჯარისა,
გარდახდა თვით მეფე ერეკლე ცხენისაგან და ებრძანა გადახდომა ყოველთა. ეს არის ბრძოლა ვაჟკაცობისაო და სიყვარული რჯულისაო... შეუტიეს ქართველთა და კახთა გულსრულად, დაუშინეს ზამბერაკნი, გააქცივეს ერთი დასი ჯარი ლეკისა... შეუტივეს ხმალდასმით, დაერივნენ შიგ, რომ ვითა კატა, ეგრე ხოცავენ ლეკთა, თვითონ მეფე ერეკლემ ჩამოკაფა ლეკი ხმალდახმალ, მიყვნენ ხოცითა არაგვამდის, რომ მათის მძორით აღავსეს ტყე და ველი, ვინა მორჩა მათი ცხენიც და იარაღიც ჩვენს ჯარს დარჩა". ამ ბრძოლაში ერეკლე მეფე თვითონ წარუძღვა ჯარს და გაბედული დაკვრით უკუაქცია მტერი.

დოკუმენტურთან ერთად შემორჩენილია ლიტერატურული მასალაც ქრისტინე მჭადიჯვრელის ლეგენდარული ქმედებების შესახებ, რომელიც მან გამოიჩინა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

ლეკთა შემოსევის შესახებ მჭადიჯვარში პაპუნა ორბელიანს აქვს მოთხრობილი: მჭადიჯვრის ბრძოლის მონაწილე ბებერი ქრისტინე, რომელიც ცხოვრობდა XVIII საუკუნის შუახანებში, დაბადებულა დუშეთის რაიონის სოფელ მჭადიჯვარში. გვარად ცქირიაშვილი. *როგორც გიორგი ლეონიძე აღნიშნავდა, ქრისტინე ახალგაზრდობაში განთქმული ცხენოსანი და მარჯვე მსროლელი ყოფილა, მჭადიჯვრელ მეციხოვნეთა შორის იბრძოდა და პირადი მაგალითით ამხნევებდა მებრძოლებს...

მტერზე შურისძიებით აღვსილი ქალი სიმაგრიდან გამოსულა, გადმომდგარა ციხის ბურჯზე და მტრის სამი ბელადი მოუკლავს. ამ მამაცი ქალის გმირულ ამბავს ალყაშემორტყმულ მეციხოვნეთა სულიერი განწყობა აუმაღლებია. ქართველ ხალხს ქრისტინე ცქირიაშვილის სახელი და დიდება სამუდამოდ უკვდავუყვია. ერთ ხალხურ ლექსში თვით ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი ლაპარაკობს ქრისტინეს გმირობაზე:

"მჭადიჯვარს რომ მივატანეთ,
საქმე მაშინ გაჭირდება...
იქ რო ბებერმა საქმე ჰქნა,
ის არ უქნია სხვასაო,
ორი ბელადი მოგვიკლა
მთელ შაყრილ დაღესტანსაო,
მესამე რომ გამოვიდა,
დახე იმ ჭკუამცდარსაო,
ესროლა თავის მაჟარი,
მოარტყა შუა ძვალსაო,
ამისი ჭამა ქელეხი,
მჭადიჯვარს ედო თავსაო,
ღმერთო აცხონე ბებერი,
წავიდა თავის გზასაო..."

ქართველებმა მეფე ერეკლეს სარდლობით დაამარცხეს და გააქციეს ნურსალ-ბეგი. მჭადიჯვრული სირცხვილი ახრჩობდა და აშფოთებდა ლეკთა უპირველეს ბელადს. "მჭადიჯვრის ციხეზე რომ ჯარი ამოუწყვიტეს და დამარცხებული და სირცხვილეული გაიქცა, იმ დღის ნაცვალს ცდილობდა ნურსალ-ბეგი"...

1755 წელს უფრო დიდი ლაშქრით გამოემართა ნურსალ-ბეგი ქართლ-კახეთისკენ. 20-ათასიანი ჯარით ყვარლის ციხეს შემოადგა. ერეკლე II-მ გონივრული გეგმით ნურსალ-ბეგი აქაც დაამარცხა და იძულებული გახადა, უკან გაბრუნებულიყო. მაგრამ წარმატებების მიუხედავად, ლეკიანობის პრობლემა კვლავ გადაუწყვეტელი რჩებოდა. იხილეთ სრულად

კარლო
02 მაისი 2019 00:23
მადლობა საინტერესო სტატიისათვის...ქალების მამაცობაზე საქართველოს წარსულ თუ ახლანდელ ისტორიაში ბევრი გვსმენია...ვამაყობ ასეთი ადამიანებით
lasha
18 მარტი 2019 09:25
ასეთი სტატიები მრავლად რო გქონდეთ კარგი იქნებოდა.
ვისაც იდეა მოუვიდა ამ სტატიაზე მუშაობის დიდი მადლობა

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები