"ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს..." - რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ხვამლის მთას?
"ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს..." - რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ხვამლის მთას?
მკვლევარ კახაბერ ჭიღლაძის თქმით განგაშია ასატეხი, რადგან სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში დაგეგმილი ჰესების პროექტები თუ მართლაც განხორციელდა, ეს მსოფლიოში უნიკალურ ძეგლს - ხვამლის მთას, რომელიც ჯერ გამოკვლელულიც არ არის, განადგურების საფრთხეს შეუქმნის.

2007 წელს ხვამლი არქეოლოგმა გურამ გაბიძაშვილმა დაზვერა და ხვამლის მთავარი ციხე-გამოქვაბულის კედლებზე დახატული ციურ მნათობთა სქემა აღმოაჩინა, ასევე ცხენზე ამხედრებული ძველეგვიპტური ისიდა და ოსირისი (ნაყოფიერებისა და წყლის ღმერთები).

შემდეგ ხვამლის შესახებ რეჟისორმა დავით გოგუაძემ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სადაც სპეციალისტები
ამბობენ, რომ ეს სქემა ჩვენ წ. აღ. -მდე 5604 წლის ვარსკვლავის განლაგებას ასახავს, - სწორედ ეს წელიწადი მიიჩნევა ქართველების წელთაღრიცხვის დასაწყისად, ვიდრე ქრისტემდე. და კიდევ ამ ექსპედიციის ერთი საოცარი ნიუანსიც: როგორც ბერძნული მითები ჰყვებიან, ხვამლის მთაზე მიჯაჭვული
პრომეთეს გასათავისუფლებლად გმირი ჰერაკლე გაიგზავნა. მას ებრძანა, რომ პრომეთეს საპოვნელად მდინარე ფასისს (რიონს) აჰყოლოდა, იქ გამოქვაბულიდან გადმომდინარე ჩანჩქერი უნდა გადაეგდო, გამოქვაბულში შესულიყო და პრომეთე გაეთავისუფლებინა - ადგილობრივებმა მართლაც მიასწავლეს ექსპედიციას გამოქვაბული, საიდანაც წყალი წელიწადის სხვადასხვა დროს ხან ცხენისწყლის ხეობისკენ გადავარდება, ხანაც რიონისაკენ.

ამ ექსპედიციამ ზღვის დონიდან 1888 მ-ზე არქეოლოგიური ნიშნული გააკეთა, - იქ უცნაური რაღაც იყო. მიწის ზედაპირზე ოდნავ გამოკვეთილი ნახევრად წრიული ქვის ყორის მსგავსი, რომელსაც ზემოთ სამი მხრიდან პიტალო ეხები (კლდის მასივები) გადმოჰფარებოდა. თუმცა იქაურობას დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ბალახი ფარავდა (ხალხი ამბობს, რომ ეს ბალახი იმ ადგილას ამოდის, სადაც ამირანის (პრომეთეს) სისხლი წვეთავდა).

კახაბერ ჭიღლაძე:
- ხვამლის მთა ლეჩხუმში, ზღვის დონიდან 2002 მეტრზე მდებარეობს და ერთ-ერთი უნიკალური და უმნიშვნელოვანესი ადგილია საქართველოში. მასთან დაკავშირებულია უამრავი მითი, თუ ლეგენდა, ერთ-ერთი და ყველაზე საინტერესოა მითი ბერძენ პრომეთეზე, რომლის მიხედვითაც ტიტანი ამ მთაზეა მიჯაჭვული, მისი დანახვა კი შვიდ წელიწადში ერთხელ არის შესაძლებელია, როდესაც ქვაბული იხსნება; ასევე მითი იმაზე, რომ ხვამლი წარმოადგენდა ქართველ მეფეთა განძსაცავს და ა.შ...
მთაზე ჩატარებულმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ფასდაუდებელი განძი, ეს გახლავთ გამოქვაბულის კედელზე გამოსახული ნიშან-სიმბოლოები, რაც, სპეციალისტების ვარაუდით, ასახავენ ვარსკვლავთა განლაგებას გარკვეულ დროში და ეს პერიოდი არის ქართულ-შუმერული წელთაღრიცხვის დასაწყისის აღმნიშვნელი ძვ. წ. აღ.- ით 5604 წელი. აქ მოცემულია მერკურის - ვენერას- მარსის და მზის ისეთი განლაგება მერწყულის-თხის რქის და მშვილდოსანის ზოდიაქოში, რაც გვაძლევს 5604 წლის 18-21 მარტის პერიოდს, ანუ გაზაფხულის ბუნიობას.

ცნობილია, რომ ქართველები ითვლიდნენ დასაბამიდან 5604 წელს ქრისტემდე, რაც ყველაზე ძველი წელთაღრიცხვაა სხვებთან შედარებით, მაგალითად, ბაბილონური ითვლის 5500 წელი ქრისტემდე, როცა მიდის დავა თუ როდის შეიქმნა ქართული ეთნოსი, ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ რა უძველესია ჩვენი წელთაღრიცხვა...

ხვამლის მთაზე რომ ძალიან დიდი ცოდნა იყო, ამას ბევრი რამ მოწმობს... მთაზე უძველესი ეკლესიაა, სადაც ასევე შემორჩენილია უძველესი ობსერვატორიის ნაშთები...
ხვამლის ობსერვატორიის რეკონსტრუქცია
ამ პერიოდში მომხდარი კატაკლიზმები გამოიკვლიეს კოლუმბიის უნივერსიტეტის გეოლოგებმა უილიამ რაიანმა და უოლტერ პიტმანმა და 1998 წელს დაადგინეს, რომ 5600 წლისთვის მოხდა უდიდესი კატასტროფა, კერძოდ ოკეანის დონის ამაღლებამ გამოიწვია ხმელთაშუა ზღვის გადმოხეთქვა ბოსფორის სრუტიდან შავ ზღვაში, რომელიც იმ დროისთვის მტკნარი ტბა იყო და გამოიწვია მისი დონის 100 მეტრით ამაღლება, ანუ ეს იქნებოდა წარღვნა იმ დროინდელი ცივილიზაციისათვის. რა თქმა უნდა, ადამიანები თავს შეაფარებდნენ მთებს, კლდეებს და სტიქიის მიწყნარების დროს, როცა გამოჩნდებოდა ცაზე ვარსკვლავები, ისინი აღბეჭდავდნენ ამ მომენტს და დაიწყებდნენ ახალ ქართულ წელთაღრიცხვას.

ასეთი უნიკალური ძეგლი გვაქვს, რომელიც საერთოდ არ არის შესწავლილი. იმის ნაცვლად რომ შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ, ახლა ჰესების მშენებლობას აპირებენ, რაც ყოვლად დაუშვებელია...


"ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს..."

ძველი ბერძნული მითები გვამცნობენ, რომ პრომეთე ღმერთებისთვის ცეცხლის მოპარვისთვის, ზევსის განჩინებით, კავკასიონის მთაზე იყო მიჯაჭვული. პრომეთე იგივე ამირანია, რომელსაც გულ-ღვიძლს ყორანი უკორტნიდა... ქრისტემდე III საუკუნეში აპოლონ როდოსელი წერდა, არგონავტებს მდინარე ფაზისის (რიონი) გადაცურვისას მთიდან პრომეთეს გმინვა ესმოდათო. იმ მთის აღწერილობა კი ხვამლისას ემთხვევა. XIX საუკუნის 50-იან წლებში პრომეთესა და არგონავტების კვალის აღმოსაჩენად ხვამლი იტალიელმა მკვლევარმა პიზაგალიმ დალაშქრა. ის წერდა, - გამაოცა იმან, რომ აქაურებმა მშვენივრად იცოდნენ პრომეთეს ამბავი და განუზომლად უხაროდათ, როცა ნადირობისას სვავებს ვხოცავდითო. არსებობს სხვა თქმულებაც: ხვამლს ნოეს კიდობანიც მიადგა და მის მიდამოებში ქართველების პირველი წინაპარი დაესახლა (ქართველები ნოეს ერთ-ერთი ძის, იაფეტის შთამომავალნი ვართ!). ვახუშტი ბატონიშვილი კი წერს: ხვამლის კლდეში არის "ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები... ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს". ხვამლის მისტიკამ ჟიულ ვერნიმდეც კი მიაღწია და თავის რომანში "შეუპოვარი კერაბანი" აღწერა. მიუხედავად ამისა, ხვამლი პროფესიონალურად არ შესწავლილა, ალბათ იმიტომ, რომ სტალინის ბრძანებით (ალბათ, სჯეროდა, რომ იქ განძი იყო გადანახული) ხვამლის მთავარ ციხე-ქვაბულში 1939 წელს ცნობილი მთამსვლელი ალიოშა ჯაფარიძე ავიდა, რომელმაც განაცხადა, - იქ არაფერიაო... მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად ასე როდია - ხვამლის ფანტასტიკურ კარს მიღმა არის რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ჯერ არ ვიცით.

კახაბერი
26 მარტი 2019 10:46
არ შეიძლება საქართველოში დიდი ესების აგება, მითუმეტეს ღირშესანიშნაობების განადგურების ხარჯზე, სვანები კარგად იქცევიან, რომ არ აძლევენ იქაურობის განადგურების საშუალებას, მათ გვერდში დგომა სჭირდებათ, მადლობა ავტორს და კიდევ ბევრმა ჟურნალისტმა უნდა გააშუქოს ასეთი საკითხები
:)
26 მარტი 2019 10:37
წარღვნამ ვერაფერი დააკლო და ჰესმა რა უნდა უქნას?
დათო
26 მარტი 2019 10:35
და ჰესები რა კავშირშია ამ ყველაფერთან?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?