"მაი ამ­ბა­ვი გურ­ჯის­ტან­ში რომ არა­ვინ იცო­დეს, სირ­ცხვი­ლია..." - ქობულეთელთა აჯანაყება ნაილ-ბეგ ხა­ჯიშ­ვი­ლის მეთაურობით - კვირის პალიტრა

"მაი ამ­ბა­ვი გურ­ჯის­ტან­ში რომ არა­ვინ იცო­დეს, სირ­ცხვი­ლია..." - ქობულეთელთა აჯანაყება ნაილ-ბეგ ხა­ჯიშ­ვი­ლის მეთაურობით

ქობულეთელი ნაილ-ბეგ ჰაჯიოღლის (ხაჯიშვილის) შესახებ პირველად მაშინ შევიტყვე, როცა სტამბოლში ახალგაცნობილ მეგობარს, ქობულეთელი მუჰაჯირების შთამომავალ ნურულლაჰ ოზგიუჩს სახლში ვესტუმრე. იქ მისი მხცოვანი ბაბუისგან, რომელიც ძველ საფოსტო ბარათებზე დახატულ ქართველ თოვლის ბაბუას ჰგავდა, ქობულეთელების 1876 წლის აჯანყებაზე საკმაოდ გრძელი სიმღერა მოვისმინე. ახმედა ბაბუამ (თურქულ ყაიდაზე "აჰმეთ დედე" არ დამიძახოო, გამაფრთხილა) ინტერესი რომ შემატყო, მითხრა: მაი ამბავი გურჯისტანში რომ არავინ იცოდეს, სირცხვილია და რასაც ახლა მოგიყვები, გულის ფიცარზე ანბანურად ჩეიწერეო. მერე შევაპარე, ინტერვიუ ჩავიწეროთ-მეთქი და ეწყინა: ყურს რატომ არ მიგდებო. რაღას ვიზამდი, დავუგდე ყური, მეორე დღეს კი ისიც გავარკვიე, რომ "გულის ფიცარზე ანბანურად ჩაწერა" რაიმე ამბის სამუდამოდ დამახსოვრებას ნიშნავდა.

1876 წელს, როცა ყველაფერი დაიწყო, ქობულეთი ოსმალეთის იმპერიის ცალკე ნაჰიეს, ანუ მაზრას შეადგენდა და გვარიანად სახიფათო რეგიონადაც ითვლებოდა, რადგან რუსეთის იმპერიის ოზურგეთის მაზრას ესაზღვრებოდა. ოსმალებმაც და რუსებმაც კარგად იცოდნენ, რომ ქობულეთიც და ოზურგეთიც მათ მიერ ოდესღაც უღვთოდ გაყოფილი საქართველოს ნაწილები იყო და ამიტომაც ცდილობდნენ, რომ იქაურები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განეწყოთ: მესაზღვრეთა რაზმები ოსმალეთის მხრიდან ქობულეთელებით იყო დაკომპლექტებული, რუსეთის მხრიდან - გურულებით. სასაზღვრო შეტაკებებში, რომლებიც სტამბოლისა და სანქტ-პეტერბურგის ბობოლა პოლიტიკანების მიერ იყო დაგეგმილ-ინსპირირებული, მხოლოდ ქართული სისხლი იღვრებოდა.

ამ ყველაფრისგან ერთი მხრივ ქობულეთელებს, მეორე მხრივ კი ოზურგეთელებს ერთი ხეირი მაინც ჰქონდათ - არც სულთანს და არც იმპერატორს ისინი ჯარში არ მიჰყავდა: საზღვარზე დგომა სამხედრო-სავალდებულო სამსახურად ეთვლებოდათ და 25 წლით სადმე არაბეთის უდაბნოში (იმხანად არაბეთის ნახევარკუნძულის ნაწილი ოსმალეთის შემადგენლობაში შედიოდა) ან ციმბირში გადაკარგვას კიდევ ეს სჯობდა. თან, ქობულეთელები და გურულები სასაზღვრო აურზაურებში ოსმალებსაც კარგად აცურებდნენ და რუსებსაც: "ყველა ჩვენი დუშმანია,/ რა რუსი და რა თათარი,/ იგენი რუმ იჩხუბებენ,/ ჩვენი სამწუხრი რათ არი?.." - მღეროდნენ საზღვრის ორივე მხარეს, სამ და ოთხ ხმაში.

ოსმალეთის მხარეს - ქობულეთის ნაჰიეს მცხოვრებნი ოფიციალურად ისლამს კი აღიარებდნენ, მაგრამ არაოფიციალურად, იქ ყოველი მეორე კაცი ფარულად მაინც მართლმადიდებელ ქრისტიანად რჩებოდა: ნათლობის, ჯვრისწერისა თუ სხვა რაიმე საჭიროებისათვის, როგორც წესი, მღვდლები უჩუმრად გადმოჰყავდათ გურიიდან და თავადაც უჩუმრად სტუმრობდნენ გურიის ეკლესია-მონასტრებს. ოსმალებმა კარგად იცოდნენ ეს, მაგრამ იმის გამო, რომ იგივე ქობულეთელები საზღვარს იცავდნენ, თუ რამე მეტისმეტი არ მოხდებოდა, თვალს ხუჭავდნენ. ოსმალეთის იმპერიის არქივში დაცულია ცნობა - ჩურუქსუს (ასე ერქვა თურქულად ქობულეთს იმხანად) ოსმალო სერასქერის (გარნიზონის უფროსის) წერილი ბათუმის გამგებლისადმი, სადაც წერია, რომ ჩოლოქზე მდგარ მესაზღვრეთა ათკაციანი რაზმი მთლიანად დაუპატიმრებიათ, ვინაიდან გურიიდან გადმოპარულ მღვდელს, ხელის შეშლის მაგივრად, კურთხევა სთხოვეს და მერე კი, მათგან ორმა ცხენით მიაცილა ნაცნობის სახლამდე. ამგვარი ფაქტი ხშირად ხდებოდა ხოლმე, თუმცა ოსმალები მათ აღკვეთას ვერ ახერხებდნენ - ფიცხი ქობულეთელებისა და ჩუბინი გურული ფირალებისა ეშინოდათ.

1876 წლის 28 ივნისს, ბალკანეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოებმა - სერბიამ და ჩერნოგორიამ ოსმალეთის იმპერიას ომი გამოუცხადა. ამის საბაბად კი ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში მიმდინარე აჯანყება იქცა - იქაური ქრისტიანები ერთი წლით ადრე, მიჩო ლიუბობრატიჩის მეთაურობით აღდგნენ ოსმალთა წინააღმდეგ და კარგა ხანსაც იბრძოლეს. ბალკანელ სლავთა უკან, როგორც წესი, სანქტ-პეტერბურგი იდგა და სწორედ ამიტომ, 28 ივნისის საღამოსვე, ოსმალეთმა რუსეთთან საზღვარი მთელ პერიმეტრზე ჩაკეტა - ბესარაბიასა და კავკასიაშიც; ხოლო შემდეგ ორივეგან დამატებითი ძალები გაგზავნა, რადგან ადგილობრივებს აღარ ენდობოდა. სწორედ ამგვარად აღმოჩნდა ჩოლოქის პირას ალბანელთა ასეული ალი ოსმან არნაუთ-ფაშას მეთაურობით.

პარალელურად, ქობულეთში ოსმალებმა საყოველთაო გაწვევა გამოაცხადეს და წვევამდელები მესაზღვრეთა რაზმებში ჩარიცხვის ნაცვლად, შორეულ ბალკანეთში, სერბია-ჩერნოგორიის წინააღმდეგ ომში გაიწვიეს. საზღვარზე ალბანელებმა მკაცრი წესრიგი დაამყარეს - ისეთი, რომ ზედ ჩიტიც ვერ გადაფრინდ-გადმოფრინდებოდა. სიფიცხით ცნობილ ქობულეთელებს და გურულებს ეს არ მოეწონათ და სასაზღვრო შეხლა-შემოხლებმა იმატა. ალი ოსმან არნაუთ-ფაშა ჩიოდა: ღამღამობით ყაბალახიანი ქაფირები (ასე ეძახიან მუსლიმანები არამუსლიმან მტრებს) ჩოლოქს აქედანაც თავს ესხმიან და იქიდანაცო.

ომის დაწყებიდან სულ ორიოდე თვის მერე, ქობულეთში ერთდროულად მოხდა ორი მნიშვნელოვანი ამბავი - ბალკანეთის ფრონტზე გაწვეულთაგან ოთხიოდე კაცი გამოიპარა და სამშობლოში ამბავი ჩამოიტანა: ოსმალები ჯარში არაადამიანურად ეპყრობიან ჩვენებსო. იმ დღეებშივე, ალბანელებმა ჩოლოქზე უჩუმრად გადმოსვლის დროს ერთი გურული მღვდელიც მოკლეს, რომელიც ნათესავის დაკრძალვაზე უნდა ჩასულიყო ერთ-ერთ სოფელში. მოკლულის ქობულეთელი ნათესავები კი საპასუხოდ ალბანელ რაზმელებს დაესხნენ თავს და შვიდი კაცი იმსხვერპლეს. ერთი სიტყვით, სიტუაცია გართულდა და ოსმალო სერასქერმა სტამბოლს უპატაკა: ჩერქეზთა ერთი ბატალიონი მომაშველეთ, ქობულეთელებს ეგზეკუციას ჩავუყენებ და დავაწყნარებო. სერასქერის გარემოცვიდან ეს ამბავი როგორღაც, უბრალო ხალხშიც გავრცელდა.

სანამ სტამბოლიდან პასუხი მოვიდოდა, ქობულეთის სოფლებში მღელვარებამ პიკს მიაღწია და პირველი ტყვიაც გავარდა - სოფელ მუხაესტატეში, შემოვლისას, ალბანელ რაზმელებს ვინმე ხასანმა ცეცხლი გაუხსნა და ოთხი მათგანი იმ ქვეყნად გაისტუმრა. ამის საბაბი კი ის იყო, რომ ალბანელებმა მას ძაღლი მოუკლეს - რად გინდა სახლში ეს უწმინდური ცხოველი, მუსლიმანი ხომ ხარო (ყურანი მუსლიმან მორწმუნეებს სახლში ძაღლის ყოლას უკრძალავს)?! ხასანი ნადირობის ტრფიალი ყოფილიყო და თანაც, მუსლიმანობას არად დაგიდევდათ. ამიტომაც იყო, რომ მისი ძაღლის მკვლელებს დაუზარებლად ტყვიებით გაუმასპინძლდა, თუმცაღა, თავადაც დაეცა ტყვიით განგმირული. მისი სისხლი იმავე წუთს აიღო თანასოფლელმა, ვინმე თხილაიშვილმა (ასე იხსენიება სიმღერაში) - მან ალბანელების მეთაურიც მოკლა და რაზმის სხვა წევრებიც მიაყოლა.

ამის შემდეგ, შეიარაღებული მუხაესტატელები ქობულეთის ციხესიმაგრისკენ დაიძრნენ. გზადაგზა მათ სხვა სოფლებიდან მოსულნიც უერთდებოდნენ და ბოლოს კარგა ბევრნი შეგროვდნენ. ქობულეთის ციხესიმაგრეს ალყა შემოარტყეს, შიგ მყოფ სერასქერს კი შეუთვალეს, სტამბოლიდან ჩერქეზთა ბატალიონის ჩამოყვანაზე ხელი აეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ გარნიზონს ამოვწყვეტთ და შენ სტამბოლში ნიფხვის ამარა გაგიშვებთ ამბის მიმტანადო. სერასქერმა მუქარა აინუნში არ ჩააგდო და ჯარს შეტევაზე გადასვლა უბრძანა. ოსმალებმა ჯერ ციხიდან ატეხეს სროლა, შემდეგ კი გარეთ გამოიშალნენ. ციხიდან მათ ზარბაზნებით უჭერდნენ მხარს და ქობულეთელები მალე გაფანტეს, თუმცა ყველაფერი ამით სულაც არ დასრულებულა.

აჯანყებულმა ქობულეთელებმა მეთაურად ადგილობრივი ბეგი (აზნაური) ნაილ ჰაჯიოღლი ამოირჩიეს. მას თურქებთან საკუთარი ანგარიშები ჰქონდა, რამდენადაც ეს უკანასკნელნი გურიაში მდებარე მამაპაპისეული მამულებით სარგებლობის ნებას არ რთავდნენ და სანაცვლოს არც აჭარაში აძლევდნენ. ნაილ-ბეგ ჰაჯიოღლიმ კარგად იცოდა ქართული წერა-კითხვა და თანასოფლელთა ბავშვებსაც ასწავლიდა. ამის გამოც, მას თურქები ალმაცერად უყურებდნენ.

ქობულეთის ციხესიმაგრეზე პირველი იერიშის შემდეგ, ნაილ-ბეგმა მეამბოხეთა ლაშქარი ორ ჯგუფად გაყო - ერთ ჯგუფს ციხესიმაგრეზე სამხრეთიდან, მეორეს კი ჩრდილოეთიდან უნდა შეეტია. პარალელურად კი, ხალხი მაჭახელის ხეობაშიც გაგზავნა, ნაცნობ მეიარაღეთაგან ზარბაზნების შესაძენად. გარდა ამისა, ოსმალთა შორის ჯაშუშებიც გამონახა - ეროვნებით ქართველი ასკერები, რომლებიც ძალით იყვნენ გამოწვეულნი ჯარში და ქობულეთის ციხესიმაგრეში ჩაკეტილნი. მოკლედ, ყველაფერი მოამზადა და მესამე დღეს, გააზრებულად შეუტია ციხესიმაგრეს.

შეტევა ალიონზე - დილის 6 საათზე დაიწყო. აჯანყებულებმა არ იცოდნენ, იმ დღეს თუ ჩერქეზთა ბატალიონი უნდა ჩამოსულიყო. სერასქერი მათ ელოდებოდა და ცდილობდა, მანამდე როგორმე გამკლავებოდა ქობულეთელებს. მასთან იყვნენ ასევე ის ალბანელები, რომლებიც მუხაესტატეში მოწყობილ სასაკლაოს გადაურჩნენ და ჩოლოქისკენ გახედვაც აღარ უნდოდათ. საერთოდ, ოსმალებს იმედი ჰქონდათ, რომ ქართველ აჯანყებულებს, რომლებიც შედარებით მსუბუქად იყვნენ შეიარაღებულნი, მალევე ჩააწყნარებდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს გავარდა ზარბაზანი და ყველა მიხვდა, რომ "ჩაწყნარება" არცთუ ისე იოლი იქნებოდა. მოკლე ხანში, ქართველთა რაზმებმა ციხესიმაგრე აიღეს და გარნიზონი ამოწყვიტეს. სერასქერმა, სამარცხვინო ყოფას რომ გადარჩენილიყო, თავადვე მოიკლა თავი.

იმ საყოველთაო პანიკასა და აურზაურში, რაც ციხესიმაგრის აღებას ახლდა თან, ერთმა ასკერმა მოახერხა გაქცევა და ნავით ბათუმისკენ გაცურა. აჯანყებულთაგან ის არავის შეუმჩნევია - დატყვევებულ ოსმალოთაგან ნაილ-ბეგ ხაჯიშვილმა შეიტყო, რომ მაშველი ჯარი უნდა ჩამოსულიყო და მის მოსაგერიებლად დაიწყო მზადება: თავიანთი და ნაალაფარი ზარბაზნები ზღვის მხარეს განალაგებინა და მეამბოხეები დაარიგა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, როცა მტერი გამოჩნდებოდა. ნაილ-ბეგმა რამდენიმე კაცი ჩოლოქგაღმა გაგზავნა და გურულებს შეუთვალა: ახლა გვჭირდება თქვენი შველა და, კაზაკებს ნურაფერს ეტყვით, ქუდზე კაცი გამოდითო.

სანამ ზღვაში ოსმალური გემები გამოჩნდებოდა, მანამდე აჯანყებულებს ჩაქვის მხრიდან წამოსულმა ქვეითებმა შეუტიეს, ვინმე აჰმეთ-ეიუფ-ფაშას მეთაურობით. ეს ფაშა მოგვიანებით - რუსეთ-ოსმალეთის ომში - აღმოსავლეთის (კავკასიის) ფრონტს მეთაურობდა და საუკეთესო სტრატეგი გახლდათ. მან ციხესიმაგრეს იმ დროისთვის მცირედ ცნობილი, მაგრამ ეფექტური ხერხით შეუტია - უკან მეზარბაზნენი დააყენა, წინ კი ქვეითი მსროლელები გაუშვა. ქართველები კი, რომლებიც მტერს ზღვიდან ელოდნენ, დაიბნენ, მაგრამ მაინც ფიცხლად შეებრძოლნენ მომხდურებს. ოსმალოთა რაზმი აჯანყებულებს ერთიორად აღემატებოდა, მაგრამ ბრძოლაზე ეს არ ასახულა.

ნაილ-ბეგ ხაჯიშვილი მედგრად იბრძოდა და სადაც აჯანყებულებს უჭირდათ, წამში იქ ჩნდებოდა ხოლმე. მეამბოხეებმა ქვეითების შემოტევა მოიგერიეს თუ არა, ჩოლოქგაღმიდან გადმოსული გურულების ყიჟინაც მოისმა - 50 კაცამდე იყვნენ და სულ თოფების ქუხილით მოიწევდნენ ოსმალებისკენ. გურულებს სახალხო მილიციის (ასე ერქვა მაშინ სახალხო მოლაშქრეებს რუსეთის იმპერიაში) ფორმები ეცვათ და აჰმეთ-ეიუფ-ფაშამ იფიქრა, რომ უკან რუსული არმიაც მოჰყვებოდათ. ამიტომ, ნელ-ნელა უკან დახევა და თავდაცვითი პოზიციების დაკავება დაიწყო. სწორედ ამ დროს, ზღვაში სტამბოლიდან მომავალი ხომალდებიც გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ნაილ-ბეგმა ციხესიმაგრიდან ოსმალური დროშები არ ჩამოახსნევინა - გემებს ოსმალები ვეგონებით, ახლოს მოვლენ და მერე ზარბაზნებს დავუშენთო. ამ გეგმამ გაამართლა და გემებს ქობულეთის სანაპიროს დაბომბვა არც დაუწყიათ, ისე ჩაუშვეს ღუზები. სწორედ მაშინ, როდესაც არაფერს ელოდნენ, ციხესიმაგრიდან პირველი ზარბაზანი გავარდა და ერთ გემს (სულ ორი იყო) ფერდი შეუნგრია.

მიუხედავად ამისა, ქართველები მაინც წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - მოწინააღმდეგე რიცხობრივად ერთისამად მეტი იყო და კარგად შეიარაღებული. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ აჯანყების ამბავი უკვე გახმაურებულიყო და, ქობულეთელ მეამბოხეთა წინააღმდეგ, ტრაპიზონიდან და არზრუმიდანაც დაძრულიყვნენ ოსმალო ასკერები. ამასთანავე, გემიდან ჩერქეზთა ბატალიონი კი არა, რეგულარული ჯარის ნაწილები გადმოსხდნენ და ბრძოლაც გახურდა. ქობულეთელებმა და გურულებმაც მტრებს ტოლი არ დაუდეს - ისე მედგრად იბრძოდნენ, რომ აჰმეთ-ეიუფ-ფაშას ხომ რაზმელთა ნაწილი სულ გაუნადგურეს და რეგულარულმა ჯარმაც, ზღვის ნაპირზე ფეხის მოკიდება სამი საათის ბრძოლის შემდეგღა შეძლო.

ოსმალური რეგულარული არმიის დამსჯელ ნაწილებს ინგლისელი მხატვარი და ფოტოგრაფი დენიელ პიკოკიც ახლდა, რომლის მოვალეობაც ევროპული პრესისთვის ჩანახატების კეთება და სურათების გადაღება იყო. ის დღიურებსაც წერდა: "გემმა, რომელზეც მე ვიმყოფებოდი, ღუზა სანაპიროდან მოშორებით ჩაუშვა და ასკერებმა ნაპირზე გადასვლა ნავებით დააპირეს... ამ დროს გვესროლეს ზარბაზანი და ისეთი ბრძოლა ატყდა, გავიფიქრე - ბერძნებს რა ვუთხარი, შავ ზღვას "სტუმართმოყვარე" რომ დაარქვეს-მეთქი და იმედიც კი დავკარგე, რომ გადავრჩებოდი..." - ასე აღწერს დენიელ პიკოკი ნაპირზე გადასხდომას.

ბრძოლა კი საღამოს შეწყდა - ციხესიმაგრეში და მის ახლომახლო გამაგრებული ქართველი მეამბოხეები თითქმის მთლიანად შეაწყდნენ მტერს. ნაილ-ბეგ ხაჯიშვილი მანამდე იბრძოდა, სანამ მტრის ტყვიებმა ერთიანად არ დაცხრილა. ის ისე მძიმედ დაიჭრა, რომ ციხესიმაგრეში შემოჭრილ მტერს მკვდარი ეგონა და, სხვა გვამებთან ერთად, პირდაპირ ზღვაში მოისროლეს. აღსანიშნავია ერთი რამეც: ნაილ-ბეგი ჩვეულებისამებრ, თავადურ ჩოხას ატარებდა და არა გლეხურ ჩაქურას, თუმცა ბრძოლის დროს მან ჩოხა გაიხადა და მოკლულ თანამებრძოლს გადააფარა. ოსმალებმა იცოდნენ, ვინც იყო მეთაური: "ჩოხიანი კაცი ცოცხლად შევიპყროთ!" - გასძახოდნენ ერთმანეთს. ციხესიმაგრე რომ აიღეს, ნახეს, რომ ჩოხიანი კაცი მოეკლათ. სინამდვილეში ეს სულ სხვა მეამბოხე იყო, მაგრამ ამას უკვე ვეღარავინ დაამტკიცებდა - ქართველთაგან სულ სამი კაცი გადარჩა ცოცხალი: დაჭრილები, რომლებიც მკვდრები ეგონათ, ზღვაში გადაყარეს. მეთაურიც მათ შორის იყო და გონზე წყალში მოვიდა. გადარჩენილებმა რის ვაი-ვაგლახით გაცურეს და რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გააღწიეს, სადაც გურულმა მეთევზეებმა ნახეს.

შემდგომში, ნაილ-ბეგ ხაჯიშვილი გურიის სახალხო ლაშქრის კაპიტანი გახდა და რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წწ. ომშიც იბრძოდა, თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა. იმ აჯანყებაზე კი, რომლის შესახებაც გიამბეთ, იმხანად ქობულეთში სიმღერაც შეიქმნა, რომელიც საქართველოში უკვე აღარ ახსოვთ, "თურქეთელი" ქართველები კი დღემდე მღერიან...

მიხეილ ლაბაძე

ჟურნალი "გზა"

(გამოდის ხუთშაბათობით)