"ხელნაწერი სრულიად განსხვავებული იყო" - დაღესტანში VI საუკუნით დათარიღებული, ქართული ასომთავრულით დაწერილი ბიბლია აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

"ხელნაწერი სრულიად განსხვავებული იყო" - დაღესტანში VI საუკუნით დათარიღებული, ქართული ასომთავრულით დაწერილი ბიბლია აღმოაჩინეს

დაღესტანში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა, ისტორიული დოკუმენტების ციფრული ვერსიის შექმნისას, VI საუკუნით დათარიღებული, ხელნაწერი ბიბლია აღმოაჩინეს. ბიბლია ქართულად, ასომთავრული დამწერლობითაა შესრულებული.

მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში არ აქცევდნენ ყურადღებას იმ ადგილს, სადაც უძველესი ხელნაწერი ბიბლია იყო მოთავსებული, თუმცა XI საუკუნეში შექმნილი არაბი სუფიების სწავლებათა ტექსტის ქვემოთ, მეცნიერებმა უფრო ძველი ხელნაწერი აღმოაჩინეს, რომელიც რთულად შესამჩნევი იყო.

„ჩვეულებრივ, ხელნაწერთა დათარიღებას ჩვენ დოკუმენტზე, უფრო ზუსტად კი ქაღალდზე და ნაწერზე, დამწერლობის სტილზე დაკვირვებით ვაკეთებთ. დაკვირვებისას აღმოვაჩნე, რომ ეს ქაღალდი, რომელსაც ვაკვირდებოდი, სრულიად განსხვავებული იყო და არ ჰგავდა არც ერთ იმ ხელნაწერს, რომელსაც 20 წლის განმავლობაში შევხვედრივარ. ის სხვა სტრუქტურისაა,“ - განაცხადა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის აღმოსავლური კვლევების განყოფილების თანამშრომელმა.

როგორც მეცნიერი შამილ შიხალიევი ამბობს, არაბულ ტექსტებს შორის ქართული წარწერებია. მოგვიანებით მეცნიერმა აღმოაჩნა, რომ მის ხელში პალიმფსესტური ხელნაწერი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, ქართული ტექსტების შემცველი პალიმფსესტური, ანუ ეტრატის გადარეცხვის შემდეგ საწერად ხელმეორედ გამოყენებული ფურცლები, ინახება როგორც საქართველოში, ასევე ვენის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, ოქსფორდში, კემბრიჯში, ბოდლის ბიბლიოთეკაში, საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკასა და სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის წიგნსაცავში. მეცნიერთა თქმით, ძირითადად მათი ქვედა ტექსტები V-VIII საუკუნეებით თარიღდება და შეიცავს ფრაგმენტებს ძველი და ახალი აღთქმიდან, მოციქულთა აქტებიდან, აპოკრიფული, ჰომილეტიკური და აგიოგრაფიული თხზულებებიდან.

ასომთავრული დამწერლობით შესრულებული ბიბლია, რომელიც VI საუკუნით თარიღდება, დაღესტანში აღმოჩენილ ხელნაწერთა შორის უძველესია. ხელნაწერი ბიბლია დაღესტნის მთებში ტაძარში, სხვა უძველეს ქართულ ხელნაწერებთან ერთად დაიდებს ბინას.

მეცნიერთა თქმით, წიგნი, ნომრით 1012, საბჭოთა კავშირის დროს დაღესტნის რაიონის სოფელ უბრადან ინსტიტუტში მიიტანეს. ხელნაწერის ციფრული ვერსია უკვე გაკეთებულია და სულ მალე ის ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.