პირველი "რესპუბლიკა" საქართველოში - კვირის პალიტრა

პირველი "რესპუბლიკა" საქართველოში

(დასასრული. დასაწყისი - "კვირის პალიტრა" #40)

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში ვწერდით, თუ როგორ შეხვდა აჯანყებული გურია 1905 წლის შემოდგომას - როდესაც ოქტომბერში უკვე "ოფიციალურად" გამოცხადდა "გურიის რესპუბლიკა", მის პრეზიდენტად კი - ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი.

ვისაც თბილისიდან ოზურგეთისაკენ საავტომობილო გზით უმგზავრია (ოღონდ 90-იან წლებამდე, სანამ საქართველოში "სპილენძის ციებ-ცხელება" დაიწყებოდა, რომლის დროსაც ძეგლები კი არა, ბაბუის დატოვებული არყის სახდელი ქვაბებიც თურქეთსა და ჯართის მიმღებ პუნქტებში გაზიდეს), ჩოხატაურსა და ოზურგეთს შორის, ნასაკირალის ულამაზეს უღელტეხილზე აუცილებლად შეამჩნევდა მაღალ ობელისკს, რომელზეც სპილენძის შეიარაღებული ფიგურები - გამარჯვებით აღტაცებული მებრძოლები - იყო გამოსახული. ეს ობელისკი (ახლა მისი ნანგრევებიღა დგას) დაიდგა ნასაკირალის 1905 წლის 20 ოქტომბრის ბრძოლის აღსანიშნავად, რომელმაც გურიას "ნანატრი დამოუკიდებლობა" მოუტანა.

რა მოხდა რეალურად? 1905 წლის ოქტომბრისთვის "გურიის კომიტეტი" უკვე მთელ მხარეს აკონტროლებდა, გარდა სოფელ ჩოხატაურისა (მაშინ სოფელი იყო) და სამაზრო ცენტრის - ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობებისა, სადაც მაზრის უფროსი ლაზარენკო, ფაქტობრივად, ალყაში იყო. ყაზარმები აჯანყებულებს ეკავათ, თუმცა რუსები წინააღმდეგობას არ უწევდნენ. 16 თუ 17 ოქტომბერს ლაზარენკოსთან შიკრიკი მოვიდა, ჩოხატაურში აჯანყებულებმა ფოსტა, ტელეგრაფი და ყველა ადმინისტრაციული შენობა დაიკავესო. სულაც არ ეხალისებოდა ლაზარენკოს, მაგრამ რა ექნა? წაიყვანა კაზაკების სპეცრაზმის ("პლასტუნებს" ეძახდნენ) 120 მებრძოლი, 13 პოლიციელი (მეტი აღარ ჰყავდა, გაქცეულები იყვნენ) და 18 ოქტომბერს ჩოხატაურისკენ დაიძრა.

შიკრიკის მოსვლისა და ლაზარენკოს გამგზავრების თარიღები შემთხვევით არ გვიხსენებია - როგორც ეტყობა, ის შიკრიკიც "ჩვენიანი" იყო და მაზრის უფროსისა და კაზაკების ქალაქიდან გატყუება უნდოდა, რადგან, როგორც თვითონ ლაზარენკო წერს თავის პატაკში, 18-ში საღამოს ჩოხატაურში მისულს იქაურობა ახალდარბეული დახვდა, ხოლო პოლიციის უფროსის (ბოქაულის) ადიუტანტ ჩიგოგიძეს მოუხსენებია, ჩემი უფროსი ჯერ მაგრად სცემეს და რამდენიმე პოლიციელთან ერთად სულ რაღაც ნახევარი საათია, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანესო... ლაზარენკო წერს, არანაირი სამხედრო მოქმედების ჩატარება არ შეიძლებოდა, რადგან მთელი მოსახლეობა ტყეში იყო გახიზნული, მხოლოდ ვაჭრები იყვნენ დარჩენილი, რომლებმაც "არაფერი იცოდნენ", ხოლო ფოსტა და ტელეგრაფი დარბეული და წყობიდან გამოსული იყოო. ლაზარენკომ ისევ ოზურგეთში დაბრუნება გადაწყვიტა და 20 ოქტომბერს "დამსჯელი ექსპედიცია" (თუმცა ვერავინაც ვერ დასაჯა) დასავლეთისკენ დაიძრა.

ეს ორი დღე სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ კომიტეტს მთელი დასავლეთ გურიისათვის შეეტყობინებინა: - არიქა, ქუდზე კაცი გამოდით, ლაზარენკომ ჩოხატაური ააწიოკა და ოზურგეთში ბრუნდებაო. 4000 კაცი შეიკრიბა, ძირითადად ცელებით, ნამგლებითა და ფიწლებით შეიარაღებულები და ცხადია, ბრძოლის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო - ფიწლები კი არა, 4000 კაცს პანჩურები რომ ერტყა ას ოცი, თუნდაც კბილებამდე შეიარაღებული მოწინააღმდეგისათვის, მაინც მოუგებდა.

არადა, სამხედრო საბჭოს თათბირზე, რომელშიც ფირალები (ახლა უკვე "წითელრაზმელები") მელქისედეკ გუნთაიშვილი და დათიკო შევარდნაძეც შედიოდნენ, ვინმე სამსონ პაიჭაძეს ასეთი რამ უთქვამს: რად გვინდა ბრძოლა, მდინარე გუბაზოულის წყალი მოვწამლოთ, საღამოს რომ ჩამოივლიან, სხვაგან წყალს ვერ დალევენ და ყველანი დაიხოცებიანო.  უსინდისო,  თუმცა უტყუარი მეთოდია, მაგრამ გურულებს მაინც  "ფიშტოს სროლა" უნდოდათ და გადაწყდა კიდეც შეიარაღებული თავდასხმა.

ჩოხატაურიდან თორმეტ ვერსზე მდებარეობს სოფელი ნაგომარი და ამის შემდეგ იწყება ნასაკირალის ტყით დაბურული უღელტეხილი. ნაგომარში შესვლისთანავე უგრძნია ლაზარენკოს "დამწვრის სუნი", რადგან სოფელში მხოლოდ აფთიაქის ფანჯარა იყო განათებულიო (ვინღა იქნებოდა სახლებში, ყველა ნასაკირალში ელოდა მას და მის რაზმს), მაგრამ სხვა გზა აღარ ჰქონდა. ორიოდე ვერსიც გაიარეს და საღამოს 8-9 საათზე, შეუდგნენ თუ არა აღმართს, წამოვიდა ტყვიების წვიმა. ჭკვიანურად მოქცეულა ლაზარენკო, რომ ნაგომარში არ დაბანაკდა და დილას არ განაგრძო გზა - გამორიცხული იყო, დღის სინათლეზე თუნდაც ერთი კაცი გადავრჩენილიყავითო. ლაზარენკომ თხუთმეტამდე კაცი დაკარგა, დანარჩენებმა სიბნელით ისარგებლეს და ტყეს შეაფარეს თავი, აჯანყებულებს მხოლოდ ერთი დაეღუპათ (ვინმე სალუქვაძე), როგორც ამ ამბების მონაწილე თენგიზ ჟღენტი იხსენებს თავის წიგნში, დიდად არავის უდარდია, რადგან სალუქვაძე მაშინ მოუკლავს დაჭრილ კაზაკს, როდესაც ბრძოლის ველზე მოკლულ მოწინააღმდეგეს ჩექმას ხდიდა...

ლაზარენკომ ხუთი კაცი ტყე-ტყე გაგზავნა ოზურგეთში ამბის გასაგებად, რადგან იქიდანაც დიდი ბათქა-ბუთქის ხმა ისმოდა, მაგრამ უკან აღარც ერთი არ დაბრუნებულა - სამი გზაში მოკლეს, ორიც ოზურგეთში დააპატიმრეს; ხმაური კი აჯანყებულების გამარჯვების ზალპი გახლდათ - მაზრის ცენტრი აღებული იყო, "ამხანაგმა პრეზიდენტმა" ბენია ჩხიკვიშვილმა, მისმა თანაშემწე ნესტორ ერქომაიშვილმა და თორმეტკაციანმა დაცვამ მაზრის უფროს ლაზარენკოს "ოფისი" დაიკავეს.

ასე რომ, როგორც ხედავთ, ბრძოლაში რუსებმა სულ რაღაც თხუთმეტი კაცი დაკარგეს და საბჭოთა ისტორიაში ესოდენ "გაპიარებული" ნასაკირალის შეტაკება სულაც არ იყო გურულ აჯანყებულთა გმირული ბატალია. აქვე ბავშვობაში გაგონილ ერთ ამბავსაც გავიხსენებ: მშობლებთან ერთად ავტობუსით ვმგზავრობდი; ნასაკირალის ობელისკთან გავლისას ერთმა მგზავრმა (ეტყობა, პირველად იყო გურიაში) იკითხა, ეს რა ძეგლიაო? წინა სკამზე მჯდომი ყაბალახიანი ბაბუა მოუბრუნდა და მთელი ავტობუსის გასაგონად გადმოსძახა:

- მაგი, ჩემო ბატონო, გურულები რომ ცხრაას ხუთში გააბდლდენ, იმის ძეგლია! რა უნდოდენ, მანამდე ერთი ტომარა სიმინდი ღირდა აბაზი და ახლა, აგერ, ცარიელ ტომარაში მივეცი ორი მანათი, - და ცარიელი ტომარა დაანახვა შემკითხველს...

ახლა ნასაკირალის ამბებამდე რამდენიმე თვით უკან დავიხიოთ და ვნახოთ, რა ხდებოდა ამ "რესპუბლიკაში".

იქიდან დავიწყოთ, რომ ამ "დომხალის" გამომწვევებიც და დამლაგებლებიც მენშევიკები იყვნენ და არა - ბოლშევიკები, რაზეც მენშევიკ ჩხიკვიშვილის "პრეზიდენტობაც" მეტყველებს, ოღონდ ისიც მართალია, რომ 1903 წელს მომხდარი განხეთქილების მიუხედავად, ბოლშევიკ-მენშევიკები ჯერ კიდევ ერთ პარტიად ითვლებოდნენ და მხოლოდ ხმათა უმრავლესობის გამო იმარჯვებდა მენშევიკების აზრი (ესეც გურული პარადოქსია - ამხელა იმპერიაში მხოლოდ გურიაში არ ასახავდა სახელწოდება რეალობას - "მენშევიკი" ხომ უმცირესობას ნიშნავს, "ბოლშევიკი" კი - უმრავლესობას).

ამიტომ საბჭოთა პერიოდის ვაიმეცნიერთა ბაქიბუქი ქართველ ბოლშევიკთა დამსახურებებზე "აშკარად გადაჭარბებულია". მართალი ის არის, რომ რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალას - "წითელ რაზმებს" და გადასახადებს, სწორედ ბოლშევიკები განაგებდნენ, განათლება, პრესა, სასამართლო კი უფრო ინტელექტუალი მენშევიკების ხელში იყო. შეიძლება ვინმეს გაეღიმოს კიდეც - რა განათლება და რის პრესაო?! მაგრამ არც მასე იყო საქმე - რამდენიმე თვის განმავლობაში ორი გაზეთიც გამოდიოდა, რომლებიც აბსოლუტურად თავისუფალი იყო ცენზურისაგან (თუმცა პარტიული გაზეთები იყო და შიდაპარტიული ცენზურა ისედაც თავისას აკეთებდა), ხოლო სკოლების უფროს კლასებში ჯერ კიდევ 1904 წლის შემოდგომიდან ასწავლიდნენ "სოციალ-დემოკრატიულ დოქტრინას" და "მარქსიზმის საფუძვლებს"(!!!).

სხვათა შორის, სწორედ ახალგაზრდობა, 16-18 წლის ბიჭები იყვნენ "წითელრაზმელთა" ყველაზე საიმედო დასაყრდენი - მარქსისტული იდეებით ტვინაბნეულ და იარაღის ხმარების ნების მქონე ლაწირაკს წინ რა დაუდგებოდა? ამასვე ადასტურებს ნიკო მარის სიტყვები: "...გადასახადს არავინ კრეფს (ოფიციალურ გადასახადს -  ზ.გ.), არ არის აქციზი, მთავრობის სასამართლოები... თუმცა არის გაუგებარის ხალხის გაყვლეფა გაიძვერათაგან... თითქმის წინანდელზე მეტი სიძვირე... სამაგიეროდ, თავისუფლება სრულია, პრესსის, სიტყვის, სარწმუნოების, წარმოების თავისუფლება... კაცი გაოცებული რჩება, როგორ ახერხებენ სოფლელები მთელი დღეობით კრებაზე დასწრებას, როდესაც ყანებში დიდი საშრომელი აქვთ..."

სტატიის პირველ ნაწილში გადასახადები ვახსენეთ - კაცზე 20 კაპიკი იყო თვეში. მაგრამ აქაც ბოლშევიკ-მენშევიკების მიერ "საქმის გადანაწილებას" ვაწყდებით: მთავრობამ (ანუ მენშევიკებმა) გადაწყვიტა, რომ გადასახადი მხოლოდ კომიტეტის წევრებს უნდა გადაეხადათ, ხოლო წევრობა ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო; სამაგიეროდ, "გადასახადის გადამხდელები", ანუ ძირითადად ბოლშევიკებით დაკომპლექტებული "წითელრაზმელები" მიადგებოდნენ ხალხს და "ნამუსზე აგდებდნენ" - ყველა გადასახადისგან გაგათავისუფლეთ, თავისუფლება მოგეცით და აბაზი გენანებათ საერთო საქმისთვისო?!

გარდა ამ "საწევროსი", იყო კიდევ ე.წ. "თოფის ფული" - ერთჯერადი გადასახადი, რომელიც "რესპუბლიკის შეიარაღებას" უნდა მოხმარებოდა. სხვათა შორის, ნასაკირალის შეტაკებიდან რამდენიმე დღეში, ჩოხატაურის რაიონის (ამ დროისათვის მანამდე სამ რაიონად დაყოფილი გურია უკვე შვიდ ქვერაიონად იყო დაყოფილი) მაღალმთიან სოფელ სურებში იარაღის მწარმოებელი "ზაოდი" გამართეს და ბათუმიდან ოსტატებიც ჩამოიყვანეს.

ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მხოლოდ ბოლშევიკები აქცევდნენ ქვეყანას და მენშევიკები ფრთიანი ანგელოზები იყვნენ - სწორედ მათი სასამართლოების პრეროგატივა იყო "დამნაშავისათვის" (ანუ სხვაგვარად მოაზროვნისათვის) "ბოიკოტის" მისჯა (ამაზე წინა ნომერში ვწერდით) და მათი გამოტანილი სასჯელისა ისე ეშინოდა ხალხს, რომ თუკი ერთი კაცი მეორეს დაემუქრებოდა, კომიტეტში დაგასმენო, ეს უკანასკნელი ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ მუქარა არ შესრულებულიყო.

კიდევ ერთი რამ არის აღსანიშნავი: მართალია, მასას, გლეხობას, ეგონა, ჩვენ ჩვენს "პატარა დამოუკიდებელ სოციალიზმს" ვაშენებთო, მაგრამ აჯანყების ორგანიზატორებს გაცილებით შორს მიმავალი მიზნები ჰქონდათ:

როგორც ზემოთ ნახსენებმა ლაზარენკომ განაცხადა (სასამართლოს შეკითხვაზე - როდის დაიწყო გურიაში აჯანყებაო), აჯანყება ბათუმში დაიწყო და შემდეგ გადმოინაცვლა გურიაშიო, მართლაც ასე იყო და ამას ორი მიზეზი ჰქონდა: ბათუმი რეგიონის ყველაზე დიდი საპორტო ქალაქი იყო და მთელი კასპიის ნავთობი სწორედ აქ იყრიდა თავს, უდიდესი კომპანიების (მათ შორის - თვით როტშილდისა და ნობელის) საცავებსა და გადამამუშავებელ ქარხნებში უამრავი მუშა შრომობდა. მუშა, პროლეტარი კი, საუკეთესო "მასალა" (მათივე ტერმინია) იყო სოციალ-დემოკრატებისათვის. 1905 წლის ზაფხულში ბათუმის პორტში მდგომ გემზე ბუნტი მოხდა, აჯანყებულებმა დროებით პორტისა და ქალაქის ფუნქციების მოშლაც მოახერხეს, მაგრამ ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო ამბოხი.

ამის მიუხედავად, ბათუმს რეპუტაცია შეელახა, ბევრმა კომპანიამ (ნობელმაც) დახურა თავისი საწარმოები და გაჩნდა უამრავი უმუშევარი, რომელთა უმეტესობაც სწორედ გურიიდან იყო. მათ, სოციალისტური იდეებით "აღჭურვილებმა", მშობლიურ სოფლებს მეაშურეს და პარტიის მთავარ დასაყრდენად იქცნენ. მაგრამ მთავარი მაინც არ იყო მათი აგიტაცია-პროპაგანდა და ხალხის გაჭირვებული ყოფა, მთავარ მიზეზს ნათლად გვიხატავს გაზეთ "შინაურ საქმეებში" გამოქვეყნებული ანალიტიკური წერილის ფრაზა: "მაინც რამ დააჩოქა ქრისტეს მორწმუნე ხალხი მარქსის სურათის წინ? შიშმა და თოფიანმა აგიტატორებმა..."

სოციალ-დემოკრატების მეორე და ძირითადი, შორსმიმავალი მიზანი გურიის შემდეგ სწორედ ბათუმის აღება და შავიზღვისპირა "სოციალისტური ზოლის" შექმნა იყო სევასტოპოლამდე, სადაც ჯავშნოსან "ოჩაკოვზე" ლეიტენანტ შმიდტის მეთაურობით უკვე დიდი ამბები დაეტრიალებინათ "წითლებს"...

დავუბრუნდეთ ისევ 1905 წლის ოქტომბრის ამბებს: გურიის რესპუბლიკა "დამოუკიდებელ" ცხოვრებას განაგრძობდა, მაგრამ ნასაკირალის შეტაკება უკანასკნელ წვეთად იქცა მთავრობის მოთმინების ფიალაში, ანდა, შესაძლოა, თვით ხელისუფლებამ გააბუქა ამ მოვლენის მნიშვნელობა, რათა ქართველი საზოგადოების წინაშე, რომელიც თბილისშიც და ქუთაისშიც თავგამოდებით იცავდა "სიმართლისთვის მებრძოლ გურიის ხალხს", გაემართლებინა დაგეგმილი რეპრესიები. გაშმაგებულმა კავკასიის მთავარმართებელმა, გრაფმა ვორონცოვ-დაშკოვმა მართალია, მიღებაზე უარი არ უთხრა ქართველ ინტელიგენციას, მაგრამ გურიაში სადამსჯელო ოპერაცია მაინც მოაწყო, ამასთან ისეთი საგანგებო უფლებები მიანიჭა გენერალ ალიხანოვ-ავარსკის, რომ ამ უკანასკნელმა პირველად თვით ქუთაისის გუბერნატორი(!) სტაროსელსკი და მისი მოადგილე - ყიფშიძე დააპატიმრა (აჯანყების ხელშეწყობის ბრალდებით).

ალიხანოვმა ოცნება აისრულა - ერთხელ აჯანყებულთა შიშით, მეორედ კი გუბერნატორ სტაროსელსკის ბრძანებით უკან გამობრუნებულმა, ამჯერად სრული "კარტ-ბლანში" მიიღო ვორონცოვ-დაშკოვისაგან (სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ალიხანოვ-ავარსკის ასე მოიხსენიებდა: "ლუჩში სინ არმიანსკოგო ნაროდა") და ისე გადაწვა ოზურგეთი და გურიის სოფლები, ნაკვერჩხალიც არ დაუტოვებია!

ხალხი გაიხიზნა; მოთავეები ზოგი დაიჭირეს (ძირითადად, მენშევიკები), ზოგმა კი (მათ შორის - ფირალებმა) "მშობლიურ სტიქიას" - ტყეს მისცა თავი. "გურიის რესპუბლიკის ბიუჯეტი" - გადასახადებით აგროვილი ფული ბოლშევიკებმა მიისაკუთრეს და ზოგი საქმეში და ზოგი დროს ტარებაში დახარჯეს... გურიაში კი მაზრის უფროსად ალიხანოვზე არანაკლებ დაუნდობელი ტოლმაჩოვი მიავლინეს.

ეს აუცილებლად მიაჩნდა ხელისუფლებას - რეპრესიები კი დაიწყო და ხალხიც ბევრი დაიჭირეს, მაგრამ ამან კიდევ უფრო გაამძაფრა სიძულვილი რუსული მმართველობისადმი, გადასახადებსაც მხოლოდ თოფის მიშვერის შემდეგ უხდიდნენ მთავრობას; თანაც აგიტატორები (მათ შორის, ყველაზე აქტიურად შემდგომში დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი) ისევ ახერხებდნენ დაუმორჩილებლობის ორგანიზებას...

რა მისცა "გურიის რესპუბლიკის" არსებობამ ხალხს? ერთნი თვლიან, რომ მან უბედურების მეტი არაფერი მოუტანა ისედაც ვაგლახ მდგომარეობაში მყოფ გურიას, სხვანი ამტკიცებენ - "ჩიტი ბდღვნად ღირდა" და ქართველებმა სწორედ მაშინ გაიხსენეს, რომ მტერთან ბრძოლა საჭიროაო...

ძნელი სათქმელია და საგაზეთო პუბლიკაციას არც აქვს უეჭველი შეფასების პრეტენზია. ჩვენ, უბრალოდ, შევეცადეთ, მკითხველისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რომ არსებობდა ასეთი უცნაური "სახელმწიფო" - "გურიის რესპუბლიკა"...

ხალხი კი... ხალხი ყოველთვის მართალი იყო, მაშინაც, როდესაც ცარიზმს ებრძოდა და მაშინაც, როდესაც ანეკდოტების სახით ასეთ "ფოლკლორულ მარგალიტებს" ქმნიდა:

გურული შვილიშვილი ბაბუას ეკითხება:

- ბაბუ, რა განსხვავებაა ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის?

- ხომ გინახავს გზაზე ძროხის ფუნას რომ ურემი გადოუარს? ჰოდა, ერთ მხარეს მეტი რომ დარჩება, იგი ბოლშევიკებია, მორე მხარეს რომ ნაკლებია, იგენი - მენშევიკები.

P.S. გურულ მოჯანყეთა შიში მაინც შერჩა მთავრობას. აბა, რა იქნებოდა, 1907 წლის ზაფხულში ჯერ ალიხანოვ-ავარსკი გაისტუმრეს იმ ქვეყნად "ბომბისტებმა" (მეუღლითურთ ააფეთქეს ქალაქ ალექსანდროპოლში), მერე  თბილისში ტოლმაჩოვიც მის გზას გაუყენეს, თანაც თბილისელ "კოლეგებს" აუკრძალეს - ხელი არ ახლოთ, ჩვენ უნდა დავსაჯოთო.

ამ შიშის ბრალი იყო, რომ ბენია ჩხიკვიშვილი საქართველოში ვერ გაასამართლეს, პროცესი ოდესაში დანიშნეს და მხოლოდ ოთხწლიანი (?!)  პატიმრობა აკმარეს...