"სესილიამ გამოგვიცხადა, იცოდეთ, ჩუსტი უნდა მეცვას, არ იქნება ჩუსტი, არ ვითამაშებო..." - სახალისო ამბები "ცისფერი მთების" გადასაღები მოედნიდან - კვირის პალიტრა

"სესილიამ გამოგვიცხადა, იცოდეთ, ჩუსტი უნდა მეცვას, არ იქნება ჩუსტი, არ ვითამაშებო..." - სახალისო ამბები "ცისფერი მთების" გადასაღები მოედნიდან

ჩვენ - ვტოვებთ სცენას, მასზე კი - ამბობენ, დროში გაიჭედაო. მართალია? - დროში გაჭედვის რა გითხრათ, მაგრამ გენიოსი რეჟისორის, ელდერ შენგელაიას ორსათაურიანი შედევრი - "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" მუდამ დროული რომ არის, ფაქტია. იქნებ მართლაც დაუჯერებელ ამბად მოგეჩვენოთ, რომ 2019 წელს იგი 35 წლის ხდება, ჩვენ კი დღესაც მისი "ლექსიკით" ვლაპარაკობთ; დღეს შეიძლება, ერთი-ორი მარკშეიდერიც ვერსად ვიპოვოთ, მაგრამ ჭერში მაინც ვეძებთ ბზარებს - სულ ცოტა, ორს გრძივს, სამს პარალელურს; ვიღაც საქსოვ გორგალს ვერ იცილებს; ვიღაც მუდამ ვიღაცის ახლობლების ახლობელია; ვიღაცას აქანებს - ხან იქით, ხან აქეთ; ვიღაცას მუდამ ელოდებიან ან ეძებენ; ვიღაც დღესაც წერს სონეტებს, თანაც სიყვარულზე; ვიღაც გაუთავებელი თათბირებითა და ბანკეტებით წუხდება; ვიღაც ეჭვიანობს ან ჩხუბობს და ვიღაცებს ხშირად შენობაც ენგრევათ თავზე... და ეს უბრალოდ ფილმი არ არის, ეს ვეებერთელა სარკეა, სადაც მუდამ საკუთარ თავსა და ცხოვრებას ვუყურებთ!

აი, რას იხსენებს კინორეჟისორი ოთარ ლითანიშვილი: - ელდარ შენგელაიას მოწაფეები - მე, ლევან ერისთავი, დიტო ცინცაძე და გია ბარაბაძე მეორე რეჟისორის მოვალეობას ვასრულებდით. ელდარმა თავიდანვე დაგვირიგა თითო რვეული წელიწადის თითო დროის სახელწოდებით და ყოველ ორშაბათს მასში ჩაწერილ კონკრეტულ დროსთან დაკავშირებული ახალი იდეები უნდა მიგვეტანა. დავრბოდით ფოტოაპარატით სხვადასხვა დაწესებულებაში და ვეძებდით ბზარს, კედელს, დაწესებულებას ბევრი საქაღალდით, საკანცელარიო ნივთებით. აბა, გადასაღები მოედნისთვის ყველაფერს ხომ ვერ ავაშენებდით! იცით, რამდენი ბზარი აღმოვაჩინეთ და გადავიღეთ? ახალაშენებულ ცეკა-ს შენობაშიც კი ვიპოვეთ.

კადრი ფილმიდან მოკლედ, ფილმის მარკშეიდერის გამოჩენამდე მარკშეიდერებიც კი ვიყავით... ელდარი ისეთი კაცია, ყველაფერს სინჯავს. შეიძლება კონკრეტული როლისთვის ვიღაც შეგულებული ჰყავდეს, მაგრამ კიდევ რამდენიმე კაცს მაინც მოსინჯავს. მერე, თითოეულთან ხანგრძლივად მუშაობს და კონკრეტულ როლზე რომც არ დაამტკიცოს, შეიძლება სხვა როლზე გამოიყენოს, თუმცა ჩვენ ოთხნი და ლორთქია - გურამ ლორთქიფანიძე ყოველგვარი სინჯის გარეშე აგვიყვანა. სასინჯ ტურებს მე ვატარებდი. მაგალითად, ვაჟა ზაზაევიჩის როლისთვის დაახლოებით 22 კაცი გაისინჯა. ბოლოს მხოლოდ ორი კანდიდატი დარჩა - ბატონი ედიშერ მაღალაშვილი და თემიკო ჩირგაძე. სხვათა შორის, ედიშერი ძალიან კარგი იყო დაწესებულების დირექტორის როლში, მაგრამ დიდი ფიქრის შემდეგ, ელდარი თემიკოზე შეჩერდა. პროფესიონალი ედიშერი ძალიან კარგად, მაგრამ მაინც ვიღაცას თამაშობდა, თემიკო კი არაპროფესიონალი იყო და საკუთარ თავს თამაშობდა...

სოსოს როლის შემსრულებლის მოსაძებნადაც ბევრი გავსინჯეთ, მათ შორის - დათო გომართელიც. რამაზ გიორგობიანი კი ბოლოს შემოუერთდა სინჯებს და ყველა გაგვაკვირვა - ის იყო გასაოცარი, არაჩვეულებრივი, პროფესიონალი კინომსახიობი. არადა, კინოსარეჟისორო ჰქონდა დამთავრებული. ერთადერთი იყო სესილია თაყაიშვილი, რომელიც სინჯების გარეშე აიყვანეს როლზე.

გადაღება 3 საათზე იყო დანიშნული, ის კი უშუალოდ გადაღებაზე მოვიდა, ოღონდ დილაადრიანად და დაიწყო ტექსტით (იცინის): იცოდეთ, ჩუსტი უნდა მეცვას - ეს ულტიმატუმია: არ იქნება ჩუსტი, არ ვითამაშებო. იმწამს დაეთანხმნენ. კოსტიუმების მხატვარმა მედიკო ბაქრაძემ, რომელმაც ყველა პესონაჟის კოსტიუმი შექმნა, სესილიას ათასნაირი ჩუსტი მოუტანა და მანაც ხან ერთით იარა, ხან მეორით, ბოლოს რომელიღაც შეარჩია. მერე საგრიმიოროში შევიდა და ელდარმაც შეაკითხა გასასაუბრებლად. უცებ ელდარს გამოუცხადა: ჩუსტი ჩუსტად, მაგრამ ნაწნავიც უნდა მქონდესო და ელდარი ღიმილით რომ დასთანხმდა, დასძინა: აუცილებლად უნდა მქონდეს, სერიოზულად გეუბნებიო. ელდარი ისევ დაეთანხმა და სესილიამ უცებ მოუჭრა: ახლა შენ წადი, სხვა საქმეებს მიხედე, მე აქ ნაწნავს ვიპოვი, გავიკეთებ და მერე შემომაკითხე სალაპარაკოდო. საოცარი ქალი იყო მუშაობისას: ვიზუალურად ყოველთვის სესილია იყო, მაგრამ როლებში - აბსოლუტურად განსხვავებული.

მაგალითად, ერთ-ერთ გადაღებაზე მითხრა: წადი, იმ კარს უკან დადექი და მიკარნახე "დეპონენტი", თორემ იცოდეთ, "იმპოტენტს" ვიტყვიო. რაღას ვიზამდი, ყველა დუბლში ვკარნახობდი "დეპონენტს". აშკარად გამეხუმრა, რადგან კარნახი არასდროს სჭირდებოდა - შესანიშნავად იცოდა ტექსტები, რომელიც ყოველთვის თავისებურად ჰქონდა გადაკეთებული... სესილია თაყაიშვილი, თემიკო ჩირგაძე

მაგარი იყო თემიკო ჩირგაძისა და მისი შეხვედრა. თემიკო იმხანად ხელმძღვანელობდა პარაზიტოლოგიის ინსტიტუტს, სადაც აბარებდნენ შარდს, განავალს და ა.შ. სესილია კი ერთხანს ვასო გოძიაშვილის მეუღლე იყო, თუმცა იმ პერიოდში - კარგა ხნის გაშორებული. მოკლედ, თემიკო და სესილია გადაღებაზე რომ შეხვდნენ, თემიკომ სიამაყით გამოაცხადა: იცით, საიდან ვიცნობ ქალბატონ სესილიას? ერთხელ შვილიშვილის განავალი მოიტანა ჩვენთან ასანთის კოლოფით. მე დიდი პატივით და ოვაციით შევიპატიჟე კაბინეტში, ლექსებიც წავუკითხე და ბოლოს ვკითხე: ქალბატონო სესილია, კოლოფს რა დავაწერო, თაყაიშვილის შვილიშვილი-მეთქი? - "ნეტ (რუსულად მომიგო)! კოგდა ია პრინოშუ კალ, პიშიწე გოძიაშვილიო!" (არა! როდესაც განავალს მოვიტან, გოძიაშვილი დააწერეთო! - ავტ.) - ბავშვი გოძიაშვილი იყო. - არა, მომიგონა, მომიგონაო! - გააპროტესტა სესილიამ. ფილმის გადაღებისას

მოკლედ, გადასაღებ მოედანზე ხომ გადასარევი ამბები ხდებოდა, აქეთაც - არანაკლები. უამრავი რამ შესძინა ფილმს თემიკო ჩირგაძემ. მაგალითად, სცენარის ავტორს, მწერალ რეზო ჭეიშვილს არ დაუწერია ფრაზა: ერთი-ორი მარკშეიდერი ხომ უნდა გვყავდესო! - ეს თემიკომ ექსპრომტად თქვა გადაღებაზე და კინაღამ ჩაგვეშალა ყველაფერი. ასევე მოულოდნელად ჰკითხა სოსოს: რად გინდა ეს ორი სათაურიო? - კარგია, დატოვეო, - მოეწონა ელდარსაც და შემდეგ დუბლში უკვე გაიმეორა, მერე კი ტვინი წაიღო ამ "ორი სათაურით" (იცინის).

იხილეთ ასევე: "ცხოვრებაშიც ვაჟა ზაზაევიჩი იყო..." - ვინ არის და როგორ გამოიყურება დღეს აბსურდული დირექტორის მდივანი თინიკო ფილმიდან "ცისფერი მთები"?