"ძვ.წ. მე-13 სა­უ­კუ­ნის სამარხში ნანახი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი დიდი ზო­მის ხალ­ხია" - მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა დედოფლისწყაროში - კვირის პალიტრა

"ძვ.წ. მე-13 სა­უ­კუ­ნის სამარხში ნანახი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი დიდი ზო­მის ხალ­ხია" - მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა დედოფლისწყაროში

დიდნაურის ნაქალაქარი

რამდენიმე წლის წინ არქეოლოგებმა დედოფლისწყაროდან აღმოსავლეთით, 9 კილომეტრში, ნაქალაქარი აღმოაჩინეს, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში „დიდნაურის“ სახელწოდებით შევიდა. ნაქალაქარში არქეოლოგიური სამუშაოები 4 წლის წინ დაიწყო (ექსპედიციის ხელმძღვანელი კონსტანტინე (კიაზო) ფიცხელაური).

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განგვიმარტეს, რომ ნაქალაქარი ძვ.წ. მე-13 საუკუნით თარიღდება და 15 ჰექტარზეა გაშენებული. მისი მასშტაბების გამო სპეციალისტებს დიდნაური სრულად არ შეუსწავლიათ, თუმცა წლიდან წლამდე ახალ აღმოჩენებამდე მიდიან.

ნაქალაქარი შირაქის ველზე ანუ დაბლობზე იყო გაშენებული. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დიდნაურის გარშემო, მთის წვერსა და ბორცვებზე პატარ-პატარა ნაქალაქარებია შემორჩენილი. სწორედ ამიტომ, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა დიდნაური ცენტრალური ქალაქი იყო, რომელსაც გარშემო თავდაცვითი ნაგებობები ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ თავდაცვითი კედლის სიგანე 4,5 მეტრია, გარს კი 22 მეტრის სიგანის თავდაცვითი თხრილი აქვს შემორტყმული.

ამავე ქალაქის ჩრდილოეთით, არქეოლოგებმა ძვ.წ მე-13 საუკუნის სამაროვანი ანუ სასაფლაო გათხარეს. ყველაზე საინტერესო მოვლენები სწორედ აქედან დაიწყო.

„სამაროვანში დაახლოებით, 50-მდე სამარხია შესწავლილი, სადაც ბრინჯაოს უამრავი ნივთი აღმოვაჩინეთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩენა არის რომ, ამ პერიოდის სამარხებსა და ძეგლებში საბრძოლო მახვილი მიცვალებულს წელის არეში აქვს, დიდნაურის სამაროვანში აღმოჩენილი მიცვალებულების უმეტესობას კი ზურგის არეში. შესაძლოა, მახვილის ტარების წესზე მიუთითებდეს“, - აღნიშნა კონსტანტინე ფიცხელაურმა.

გარდა ამისა, დიდნაურის სამაროვანის ერთ-ერთ სამარხში, რომელიც სავარაუდოდ, დიდგვაროვანს ეკუთვნის, არქეოლოგებმა საინტერესო ბრინჯაოს მასალა და სავარაუდოდ, აღმოსავლური წარმოშობის ოთხწახნაგა ისრის პირი იპოვნეს, რომელიც ბრძოლასა და ომზე მიუთითებს.

„გარდაცვლილს თავზე ბრინჯაოს დიადემა ჰქონდა, რომელიც ალბათ, მისი დიდგვაროვნების დამადასტურებელი ნიშანია; მუცლის არეში აღმოაჩნდა ოთხწახნაგა ისრის პირი, რომლითაც სავარაუდოდ, გარდაიცვალა. ეს ისარი კავკასიურს არ ჰგავს, უფრო აღმოსავლურია. შეგვიძლია ვივარაუდოთ ის, რომ ეს დიდგვაროვანი ბრძოლაში დაიღუპა მომხვდურთან, რომელიც ადგილობრივი არ არის. შესაბამისად, ბრძოლა მოხდა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მეორე ისრის პირი თავდაცვითი გალავნის გარეთა კედელში შერჭობილი ვიპოვნეთ. შეიძლება ვარაუდის გამოთქმა, რომ ბრძოლაში დიდნაურის მცხოვრებლებმა გაიმარჯვეს. ასე რომ არ მომხდარიყო, დიდგვაროვანი მსგავსი პატივით არ დაიკრძალებოდა, მაგრამ ვინ იყო და რა მოხდა, ამაზე საუბარი რთულია“ - აღნიშნა მან.

„სამაროვანში“ აღმოჩენილი გარდაცვლილების დნმ-ს ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დიდნაურის მცხოვრებლები კავკასიურ რასას ეკუთვნიან.

„ეს მიცვალებულები ძალიან დიდი ზომის ხალხი იყო. რამდენი სამარხიც გაგვითხრია, ძირითადად, მომცრო ტანის ხალხი აღმოგვიჩენია. ამ სამარხში აღმოჩენილი მიცვალებულები კი 180 სანტიმეტრამდე სიმაღლის არიან“, - განმარტა სპეციალისტმა.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ დიდნაურში მცხოვრებლები განვითარების მაღალ საფეხურზე იყვნენ, რადგან გათხრების დროს კენჭებით მოკირწყლული ქუჩა აღმოაჩინეს.

„ძვ.წ მე-13 საუკუნეში ასეთ ნაქალაქარს ფაქტობრივად, ანალოგი არ გააჩნია. წარმოიდგინეთ, რა დონეზე უნდა იყვნენ ადამიანები განვითარებულები, რომ თავიანთ კომფორტზე იფიქრონ. აქ სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშნები ჩანს, ეს ქალაქ-სახელმწიფოა და არა ნამოსახლარი“, - აღნიშნავს კონსტანტინე ფიცხელაური.

ნაქალაქარში არქეოლოგებმა ე.წ. „შესაწირი მაგიდაც“ იპოვეს, რომლის ანალოგიც ხეთებთან ფიქსირდება. ამასთან, დიდნაურის ცოტა მოშორებით აღმოჩენილია ბრინჯაოს ცხენებშებმული საბრძოლო ეტლი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს სახელმწიფოს რეგულარული არმიის დამადასტურებელი ნიშანია.

რამ გაანადგურა ასეთი განვითარებული, 15 ჰექტარ ფართობზე გაშენებული სახელმწიფო? - სეისმოლოგებმა დაადგინეს, რომ მიზეზი მიწისძვრა უნდა ყოფილიყო. ამასთან, გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ პირვანდელი სახე ქალაქს ფაქტობრივად, შენარჩუნებული აქვს. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: შირაქის ველის საიდუმლო - ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია თავდაყირა დააყენოს