სუპერჯაშუში კიმ ფილბი - კაცი, რომელმაც ქართველი ემიგრანტები სასიკვდილოდ გაწირა - კვირის პალიტრა

სუპერჯაშუში კიმ ფილბი - კაცი, რომელმაც ქართველი ემიგრანტები სასიკვდილოდ გაწირა

ფილბი მოსკოვში 1988 წლის მაისში გარდაიცვალა. ინფარქტი - ასეთია ოფიციალური ვერსია, თუმცა არაოფიციალური ცნობის თანახმად, ფილბიმ თავი მოიკლა

"სუპერჯაშუში ფილბი, კაცი, რომელმაც უღალატა თაობას," - ასე უწოდა მას ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა ჯონ ლე კარემ. ფილბი სუპერმზვერავი და ინგლისის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოღალატეა. ამ კაცმა ზიანი არა მხოლოდ თავის სამშობლოს, არამედ ქართულ ეროვნულ მოძრაობასაც მიაყენა.

ფლეიბოი და მარქსისტი

კენეტ რასელ ფილბი (1912-1988) არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მამამისი ჯონ ფილბი ინდოეთში კოლონიურ ადმინისტრაციაში მსახურობდა.

"სერ ჯონი ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე, მექალთანე და საოცრად ახირებული კაცი იყო," - წერს საბჭოთა მწერალი და ყოფილი მზვერავი მიხეილ ლიუბიმოვი.

სერ ჯონის სასიყვარულო თავგადასავლებზე მთელი ლონდონი ლაპარაკობდა. ბოლოს მან ისლამი მიიღო, ცოლ-შვილი მიატოვა და 16 წლის არაბ გოგონაზე დაქორწინდა. ამის შემდეგ ბედუინებს შორის ცხოვრობდა, ჟურნალისტებთან კი აცხადებდა: "დასავლურმა ცივილიზაციამ თავისი მოჭამა! მე მძულს ინგლისი!"

"კიმ ფილბს, მამის მსგავსად, უყვარდა ქეიფი და ქალები. ის გატაცებული იყო აღმოსავლური ფილოსოფიით, შემდეგ კი მარქსიზმით," - წერს ლე კარე.

ნორჩი ფილბი კოქტეილსაღამოების სისტემატური მონაწილეა. ამავე დროს, ის უახლოვდება კომუნისტებს, ხდება რევოლუციონერთა დახმარების საერთაშორისო კავშირის წევრი.

"დემოკრატიულმა იდეალებმა თავისი მოჭამა! არსებობს ორი გზა: ფაშიზმი ან კომუნიზმი! მე კომუნიზმს ვირჩევ!" - აცხადებს ფილბი.

ფლეიბოი ჯაშუში ხდება

საბჭოთა დაზვერვა ახალგაზრდა ფილბის უთვალთვალებდა და ბოლოს საბჭოთა მზვერავმა დეიჩმა ის გადაიბირა. მას შემდეგ, რაც კიმმა საკონტროლო დავალებებს წარმატებით გაართვა თავი, დეიჩმა უფრო სერიოზული რამ დაავალა:

- თქვენ ინგლისის დაზვერვის თანამშრომელი უნდა გახდეთ!

- ეს როგორ? მე ხომ მარქსისტი, ანტიფაშისტური მოძრაობის აქტივისტი ვარ. - საბჭოთა სუკში თქვენ, რასაკვირველია, არ მიგიღებენ, - გაიცინა დეიჩმა, - ინგლისის დაზვერვაში კი შეიძლება მიგიღონ!

ფილბიმ ეს მოახერხა. მან თავი გაასაღა მემარჯვენე ანტიკომუნისტად, აქაოდა, მარქსიზმი ჩემი სიყრმის დაავადებაა და მისგან განვიკურნეო. იგი მიემგზავრება ესპანეთში, სადაც იმხანად სამოქალაქო ომი მძვინვარებს და გენერალ ფრანკოს დაუჭირა მხარი. რითაც მან დაამტკიცა, რომ მარქსიზმისაგან მართლაც განიკურნა. მალე ფილბი ინგლისის დაზვერვაშიც მიიღეს.

ნელ-ნელა კიმ ფილბის გარშემო ჯაშუშების გუნდი შემოიკრიბა. კიმის მსგავსად, მათაც კემბრიჯი დაამთავრეს. ასე შეიქმნა კემბრიჯის ხუთეული: ფილბი, მაკლინი, ბარჯესი, კერნკროსი, ბლანტი. ყველა მათგანი რუსებისთვის მუშაობდა.

კონტაქტი ქართულ ემიგრაციასთან

1945 წელს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. ბევრს ეგონა, რომ დედამიწაზე სამუდამო სიმშვიდე დაისადგურებდა, მაგრამ იმედი არ გამართლდა.

თეირანში, შემდეგ კი - იალტასა და პოტსდამში სტალინი და დასავლელი მოკავშირეები ომის შემდგომ წესრიგზე შეთანხმდნენ. აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ხალხს უნდა გადაეწყვიტა, კომუნისტებისათვის დაეჭირა მხარი თუ არა.

"ამერიკელები ზეიმობდნენ. ომის შემდეგ აშშ ზესახელმწიფოდ გადაიქცა. ი.ბ. სტალინთან შეთანხმებებიც საუკეთესო პირობებს ქმნიდა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დროთა განმავლობაში პროამერიკული ხელისუფლება მოსულიყო," - წერს იულიან სემიონოვი. მაგრამ სტალინი შეთანხმების შესრულებას არ აპირებდა. რუსული არმიისა და სუკ-ის დახმარებით მან გაანადგურა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული ოპოზიცია, ხელისუფლების სათავეში კი პრორუსული კომუნისტური ძალები მოიყვანა. ევროპაში მოისპო პლურალიზმი, კერძო საკუთრება, შეიქმნა საიდუმლო პოლიციები, დაიწყო ეკლესიების რბევა და ა.შ. პასუხად ხალხმა იარაღს მოჰკიდა ხელი. პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, ალბანეთში პარტიზანული ბრძოლები გაჩაღდა. იუგოსლავიაში ტიტოს დიქტატურა დამყარდა და ამ ქვეყანამ საბჭოთა გავლენას თავი დააღწია, თუმცა იქ კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმი დარჩა.

"თავდაპირველად დასავლეთი პარტიზანებს ხალისით ეხმარებოდა, აწვდიდა იარაღს, მედიკამენტებს და ა.შ., მაგრამ სტალინმა განაცხადა, რომ ე.წ. ბანდიტებს და მათ ბაზებს მთელ მსოფლიოში გაანადგურებდა," - წერს თრევორ როუპერი.

დღეს, როცა საბჭოთა უშიშროების არქივების ნაწილი გაიხსნა, შეიძლება განვაცხადოთ, რომ იგეგმებოდა დივერსიები ამერიკულ სამხედრო ბაზებზე, მზადდებოდა ტერაქტები პოლიტიკური მოღვაწეებისა თუ სპეცსამსახურების წარმომადგენელთა წინააღმდეგ. ჰაერში დენთის სუნი დატრიალდა. ამან ბევრ პატრიოტს გაუჩინა იმედი, რომ ახალი ომი გარდაუვალია, რომლის შედეგად რუსეთის საბჭოთა იმპერიის დანგრევა და ნანატრი დამოუკიდებლობის აღდგენა მოხერხდება. ასე ფიქრობდნენ უკრაინელი, ბალტიისპირელი, შუააზიელი, ქართველი ემიგრანტები.

1947 წელს თურქეთში ინგლისის დაზვერვის რეზიდენტად კიმ ფილბი ინიშნება. მისი ამოცანა ამიერკავკასიაში ფართო სადაზვერვო მუშაობა გახლდათ.

ფილბი კონტაქტს ამყარებს ქართულ ემიგრაციასთან, კერძოდ - ნოე ჟორდანიასთან, რომელიც იმ დროს პარიზში ცხოვრობდა. ფილბი მასთან საუბრისათვის საგანგებოდ მოემზადა. შეისწავლა ცოტაოდენი ქართული, ჩვენი ქვეყნის ისტორია, განსაკუთრებით - 1918-24 წლების ტრაგიკული მოვლენები. შეხვედრისას ჟორდანიას ქართულად მიესალმა:

- გამარჯობა, მეგობარო!

ჟორდანია კმაყოფილებისგან გაიბადრა, საუბარი კი სუფრასთან გაგრძელდა.

სამზადისი

ჟორდანიასთან საუბრის შემდეგ ფილბიმ ქართველი ემიგრანტების ჯგუფი ლონდონში ჩაიყვანა. აქ ქართველებს სათანადო სპეცმომზადება უნდა გაევლოთ, რის შემდეგაც ფილბი მათ თურქეთიდან საქართველოში გაუშვებდა.

თავის მემუარებში ფილბი წერს, რომ ქართველები ფიზიკურად მომზადებულები და ამავე დროს, თავდაჯერებული პატრიოტები იყვნენ: "ქართველებს სჯეროდათ იმ ზღაპრების, რომლებითაც ემიგრანტებს ლიდერები კვებავდნენ!"

საბჭოთა აგენტსა და კომუნისტ ფილბის სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა საუბრები ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველებთან კამათი არ დაუწყია.

სპეცმომზადების შემდეგ ქართველები თურქეთში ჩადიან. ფილბი მათ დიდხანს ესაუბრება. კიმი ამ საუბრებისათვის საგანგებოდ მოემზადა. თუმცა უმნიშვნელო შეკამათება მაინც მოხდა... ქართველებმა უსაყვედურეს, 1918-20 წლებში, როცა ინგლისელები საქართველოში იყვნენ, საქართველოს მთავრობასთან საერთო ენის გამოძებნა ვერ შეძლესო. აღშფოთებული ფილბი წამოხტა.

- თქვენ ვერ გამოძებნეთ ჩვენთან საერთო ენა! საბჭოთა რუსეთთან შეთანხმება დადეთ, აიძულეთ ინგლისის ხელისუფლება, რომ საქართველოდან ჯარი გაეყვანა! - სამაგიეროდ, რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა!

- მერე ლენინს ენდეთ? ფილბიმ აღშფოთება მართლაც უნაკლოდ გაითამაშა და ქართველებიც მის მიმართ პატივისცემით განიმსჭვალნენ. ფილბი ცდილობდა, ქართველებისთვის დაენახებინა, რომ საქართველოს ისტორია და ლიტერატურა შესანიშნავად იცოდა.

- რუსთაველი და ვაჟა-ფშაველა მსოფლიო რანგის მოაზროვნეები არიან! თავისუფლად შეიძლება ისინი გოეთესა და შილერის გვერდით დააყენო!

- გალაკტიონი? - კარგი პოეტია! - კვერს უკრავდა ფილბი, - ევროპული დონის.

- მაგრამ გენიოსი არაა? - იცით რა, სიტყვა "გენიოსი" ცოტა ფრთხილად უნდა ვიხმაროთ.

- ილია? - ილია ჭავჭავაძე საქართველოსათვის ყველაფერია, მაგრამ როგორც მწერალი, ვერც რუსთაველთან მოვა, ვერც - ვაჟა- ფშაველასთან.

- ჩვენთვის ილია საქართველოს მამაა, - თქვა ერთ-ერთმა ქართველმა, - სულიერი მამა! - ილია იგივეა თქვენთვის, რაც ივან ვაზოვი ბულგარელებისათვის, ტარას შევჩენკო - უკრაინელთათვის, იან რაინისი - ლატვიელთათვის. სხვათა შორის, რაინისის ცოლი ასპაზია ქმარზე დიდი პოეტია!

- მართლა? - ალექსანდრე ჩაკი კი უფრო დიდია, ვიდრე რაინისი ან ასპაზია! ასე ვფიქრობთ ჩვენ, ევროპელები, ლატვიელთათვის კი რაინისია ყველაფერი. რატომ? იმიტომ, რომ ის მათი ეროვნული ხერხემალია!

- ანუ გინდათ თქვათ, რომ ილიათი მსოფლიო ასპარეზზე ვერ გავალთ, რუსთაველით ან ვაჟათი კი გავალთ? - რასაკვირველია! - გაიცინა ფილბიმ.

კიმი არც რუსების ლანძღვა-გინებას ერიდებოდა: "როცა ტიტლიკანა რუსები ტყეებში დარბოდნენ, ქართველები სახარებას თარგმნიდნენ! განა სამართალია, რომ უკვე 200 წელია, რუსეთი საქართველოს კისერზე აზის?!"

ქართველები მას დაუფარავი აღტაცებით შესცქეროდნენ.

მუხანათობა

კიმ ფილბიმ აცნობა რუსებს, სად და როდის გადაკვეთდნენ ქართველები თურქეთ-სსრკ-ის საზღვარს.

ამის შემდეგ კიმი თავის ქართველ მეგობრებს გულთბილად გამოემშვიდობა: თითოეულ ქართველთან მივიდა, გადაეხვია და პირჯვარი გადასწერა.

რუსი მესაზღვრეები დაუპატიჟებელ სტუმრებს ელოდნენ. მალე ფილბის მოახსენეს, რომ საზღვარზე სროლა ატყდა და ერთ-ერთი ქართველი, რომელიც უკვე საბჭოთა ტერიტორიაზე იყო, დაეცა.

- მოკლეს? - ალბათ.

- მეორეს რა დაემართა? - საბჭოთა ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

- რას ნიშნავს გაუჩინარდა? მოკლეს, დაიჭირეს თუ გაიქცა? - არ ვიცით.

ქართველთა მეორე ჯგუფმა საზღვარი სხვა მონაკვეთზე გადაკვეთა. მათ თითქოს უფრო გაუმართლათ. ფილბის მოახსენეს, რომ მათ საზღვარი მშვიდობიანად გადაკვეთეს. ფილბიმ არაფერი უპასუხა. მან იცოდა, რომ რუსები ქვეყნის სიღრმეში შეიტყუებდნენ და იქ დააპატიმრებდნენ. ზოგს დახვრეტდნენ, ზოგს აიძულებდნენ, ჩეკისტების კონტროლით ემუშავა.

საზღაური

ფილბი 1949 წელს ვაშინგტონში მიავლინეს და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და გფბ-სთან (გამოძიების ფედერალური ბიურო) ერთობლივი მუშაობის კოორდინირება დაავალეს. ადვილი წარმოსადგენია, როგორი აღტაცებული იქნებოდნენ მისი შეფები მოსკოვში.

მაგრამ ამის შემდეგ აღმასვლა დაღმასვლამ შეცვალა. ფილბიზე კონტრდაზვერვამ ეჭვი მიიტანა. დაიწყო გამოძიება. ფილბი სამსახურიდან გადადგა. მართალია, ცოტა ხნის შემდეგ ბრალდება მოუხსნეს და სამსახურშიც აღადგინეს, მაგრამ მისადმი ნდობა შეირყა. ამის შემდეგ ფილბის გზავნიან ბეირუთში, საიდანაც ის მოსკოვში გაიქცა.

საბჭოთა კავშირი სულაც არ გამოდგა ისეთი, როგორიც ფილბის წარმოედგინა. სულით ხორცამდე ინგლისელი აქ თავს უცხოდ გრძნობდა. სუკ-ი ფილბის თვალს არ აშორებდა. სუკ-ის აგენტი იყო ფილბის რუსი ცოლი რუფა. მან კიმს ცხოვრება მართლაც ჯოჯოხეთად უქცია.

აღსასრული

"ღალატი არავის შერჩება! ადრე თუ გვიან მოღალატეს პასუხი აუცილებლად მოეთხოვება! მას ღმერთი დასჯის!" - წერდა დიდი ბელორუსი მწერალი ვლადიმერ კოროტკევიჩი.

ჯორჯ ბლეიკთან საუბარში ფილბიმ დაიჩივლა, რუსეთში ცხოვრება საშინელებაა, ნელი სიკვდილით ვკვდები და ეს ჩემი ჯვარიაო.

- მე ღმერთმა დამსაჯა, - უთხრა ბლეიკს ფილბიმ.

სუპერჯაშუში მოსკოვში 1988 წლის მაისში გარდაიცვალა. ინფარქტი - ასეთია ოფიციალური ვერსია, თუმცა არაოფიციალური ცნობის თანახმად, ფილბიმ თავი მოიკლა.

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი