ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის სათავეებთან - კვირის პალიტრა

ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის სათავეებთან

"ჩვენ პირდაპირ 1800 წლიდან შეგვიძლია დავიწყოთ ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის მოთხრობა", - ვახტანგ კოტეტიშვილის სიტყვები, პოლიტიკურად და კულტურულად შეცვლილ საქართველოს რეალობას ეხმიანება. რუსეთის გუბერნიად გარდაქმნამ ახალი გამოწვევები და დაბრკოლებები გამოკვეთა. მათ შორის, ქართული ჟურნალისტიკის განვითარების კუთხითაც.

რეგიონში ზეპირსიტყვიერი ცნობის გამავრცელებელი სალაყბოსა და საფიხვნოს შემდეგ, ზეპირი გაზეთი ხელნაწერმა პრესამ შეცვალა. 1833 წელს თბილისის გიმნაზიის მოსწავლეებმა: ნიკოლოზ ბარათაშვილმა, მიხეილ თუმანიშვილმა და დავით მაჩაბელმა შეადგინეს ალმანახი (ერთადერთ ეგზემპლარს თავფურცელი აკლია, ამიტომ ხელნაწერი გაზეთის სახელწოდება უცნობია). პარალელურად ვითარდებოდა ნაბეჭდი პრესაც: 1820 წელს ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური გამოცემა "საქართველოს გაზეთი" (მოგვიანებით კი - "ქართული გაზეთი") ინფორმაციული ხასიათის ნაბეჭდ მასალას აერთიანებდა. თუმცა, პერიოდულად იბეჭდებოდა კორესპონდენციები, სტატიები და მიმოხილვებიც. "საქართველოს გაზეთი" იყო პირველი ქართული, ყოველკვირეული გაზეთი, რომელიც, ძირითადად, რეგიონში რუსულ პროპაგანდას ეწეოდა. კულტურული და პოლიტიკური ასიმილაციის გზაზე, რუსეთთან ახალშეერთებულ, ქართულ სამთავროებზე ინტენსიური იდეოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. ნათელი მაგალითი იყო სასკოლო რეფორმები, რუსულ ენაზე წარმართული სასამართლო პროცესები. ცხადი გახდა, მოსახლეობა ჯერჯერობით ვერ ფლობდა სათანადოდ რუსულ ენას, ამიტომ საქართველოს გაზეთის იდეის ავტორები შეთანხმდნენ, ტირაჟი ქართულ ენაზე გამოეცათ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რუსული ხელისუფლებისადმი ლოიალურობით არ გამოირჩეოდნენ (ვინაიდან რუსული ენის მცოდნე ქართველები ძირითადად სახელმწიფო სამსახურში, ისედაც დადებითად იყვნენ განწყობილი არსებული რეჟიმისადმი). გაზეთი 1821 წელს დაიხურა ხელმომწერთა სიმცირის გამო, ხელახალი გამოცემის მცდელობა კრახით დასრულდა მას შემდეგ, რაც 1822 წლის მარტის მონაცემებით, გაზეთს თბილისში მხოლოდ 19 ხელმომწერი შემორჩა. იდეოლოგიური თვალსაზრისით, გაზეთმა ღირებული ვერაფერი დაუტოვა ქართულ ჟურნალისტიკას. თუმცა უდაოდ თავის წვლილი შეიტანა შემდგომ დარგის განვითარებაში. "ქართული გაზეთი" ერთგვარი მოთელვა იყო საზოგადოებისთვის - გაცნობოდნენ და დაახლოებოდნენ ბეჭდურ პრესას, რაც ოდნავ მოგვიანებით, წარმატებით გამოიყენა სოლომონ დოდაშვილმა გაზეთ "ტფილისის უწყებანის" გამოცემისას.

თავდაპირველად "ტფილისის უწყებანიც" მსგავსად "ქართული გაზეთისა", რუსულ პროპაგანდაზე მუშაობდა. წარმოადგენდა რუსული გამოცემა - "тифлисские ведомости" -ის ქართულ თარგმანს. პირველი ნომერი 1828 წლის 4 ივლისს გამოიცა. დედანისგან განსხვავებით ქართულად ნათარგმნი, წინამორბედის მსგავსად, ხელმომწერთა სიმცირეს განიცდიდა (ამავე მიზეზით 1831 წელს გაზეთი არ გამოცემულა). საბოლოოდ, არსებობა 1832 წელს შეწყვიტა. გაზეთმა ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად, ცენზურის პირობებში, სოლომონ დოდაშვილის ხელმძღვანელობით წარმოუდგენლად დიდი ეროვნული საქმის გაკეთება მოახერხა.

გაზეთის ქართულ ვერსიას 1829 წლამდე რედაქტორი არ ჰყავდა და ვერც მის საჭიროებას ხედავდნენ, თუმცა დოდაშვილის დანიშვნამ რედაქტორის ახლადშექმნილ პოსტზე, ამავე წლის თებერვლიდან გაზეთი სხვა კუთხით განავითარა და თანდათან ჩამოაშორა ორიგინალს.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა საქართველოში მრეწველობის განვითარებაზე, სასარგებლო წიაღისეულის ათვისებასა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენებაზე. გაზეთის ფურცლები ეთმობოდა ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც, დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის თარგმანი ა. პუშკინის ლექსისა "ძილი" შეცვლილი სათაურით "განღვიძება".

სოლომონ დოდაშვილის სიცოცხლეც გაზეთი "ტფილისის უწყებანის" მსგავსად ხანმოკლე აღმოჩნდა. გადასახლებაში მძიმედ დასნეულებული მალევე გარდაიცვალა ვიატკის საპყრობილეში. თუმცა ქართულ ჟურნალისტიკას გაცილებით მეტი შეჰმატა, ვიდრე გაზეთის რედაქტორობა იყო: დააარსა ლოგიკის ქართული მეცნიერული სკოლა. განუსაზღვრელად დიდია დოდაშვილის წვლილი ნიკოლოზ ბარათაშვილის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების პროცესშიც.

ინტელიგენციის მასიურმა გადასახლებამ/დაპატიმრებამ მე-19 საუკუნეში უდიდესი გავლენა იქონია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 1832 წლის შეთქმულების გაცემის შედეგები, რასაც მოჰყვა პროგრესულად მოაზროვნეთა დიდი ნაწილის გადასახლება. ხანგრძლივი პაუზა აიღო საქართველოში ეროვნული ინტერესების გამტარებელი გაზეთის გამოცემებმაც.

"ტფილისის უწყებანიდან" ჟურნალ "ცისკარის" გამოცემამდე საქართველოში ერთადერთი ქართული პერიოდული გამოცემა 1838 წელს დაარესებული "კავკაზსკი ვესტნიკის" დუბლიკატი , "კავკასიის მხარეთა უწყებანი" იყო. გაზეთი ახმოვანებდა მთავრობის განკარგულებებსა და დადგენილებებს, ოფიციალურ ცნობებს, რომელიც მთლიანად ემსახურებოდა რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს. ქართული თარგმანი 1845 წელს გამოიცა გენერალ ალექსანდრე ნეიდგარტის განკარგულებით. მისივე გადაწყვეტილებით "უწყებანის" არაოფიციალური ნაწილი არ ჰქონდა (ქართველ ერს არასაკმარისად განვითარებულად აღიქვამდა საიმისოდ, რომ კულტურულ-საგანმანათლებლო და სალიტერატურო მასალის გაცნობის მოთხოვნილება გაჩენოდა). გაზეთის ქართულმა გამოცემამ იდეოლოგიური კვალი ვერ დატოვა საზოგადოების ცნობიერებაზე, მიუხედავად ზაქარია ფალავანდიშვილის მცდელობებისა გაზეთის არაოფიციალური ნაწილი დაეარსებინა.

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ქართული მიწების თანდათანობით რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანება გახდა საფუძველი რუსეთისთვის დაეწყო საქართველოს მოსახლეობის ასიმილიზაციაზე ზრუნვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართულმა ჟურნალისტიკამ განვითარების მიმართულება საწყისებშივე პოლიტიკური ინტერესების გატარებას დაუკავშირა.

პროგრესულად მოაზროვნე ეროვნული მოღვაწეები აცნობიერებდნენ, რომ ეროვნული ჟურნალისტიკის ჩამოყალიბება ერთ-ერთი საშური საქმე იყო, ამიტომაც მარწუხებში მოქცეული ეროვნული ჟურნალისტიკა მართალია ნელი ტემპით, მაგრამ საინტერესოდ ვითარდებოდა.

მოამზადა გოჩა პაპიძემ