"ისინი, ვინც 8000 წლის წინ ღვინო პირველად დაწურეს, სიმეტრიულად განლაგებულ, წრიულ ალიზის სახლები ცხოვრობდნენ" - გადაჭრილი გორის საიდუმლო - კვირის პალიტრა

"ისინი, ვინც 8000 წლის წინ ღვინო პირველად დაწურეს, სიმეტრიულად განლაგებულ, წრიულ ალიზის სახლები ცხოვრობდნენ" - გადაჭრილი გორის საიდუმლო

საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ქართველებისათვის საკამათო თემა არასოდეს ყოფილა, თუმცა ამის ოფიციალურად აღიარებას მეცნიერების დიდი შრომა და გამართლებაც დასჭირდა - ხომ შეიძლებოდა მარნეულში, გადაჭრილ გორაზე არქეოლოგ მინდია ჯალაბაძის ექსპედიციას სულაც ვერ ეპოვა იმ თიხის ჭურჭლის ნატეხი, რომელშიც 8000 წლის წინანდელი ღვინო იყო ჩასხმული და ამერიკაშიც ვერ გაეგზავნათ გამოსაკვლევად! სწორედ ამ კერამიკის ნატეხში ჩარჩენილმა ღვინის ნაშთმა დაადასტურა, რომ ჩვენში ღვინოს მთელ დედამიწაზე ყველაზე ადრე წურავდნენ! მაგრამ რადგანაც ეს უკვე მსოფლიომ იცის, ამიტომაც სულ სხვა თემაზე გვინდა ვისაუბროთ - ამ ექსპედიციის ხელმძღვანელსა და ეროვნული მუზეუმის მთავარ კურატორს მინდია ჯალაბაძეს ვთხოვეთ იმ "მარნეულელებზე" მოეთხრო, რომელთაც ამ მიწაზე 8000 წლის წინ ღვინო პირველად დაწურეს, რომლებიც შრომობდნენ, იბრძოდნენ და, რა თქმა უნდა, ღვინით ილხენდნენ!

- შულავრის თუ იმირის ნეოლითურ დასახლებებზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში იმუშავეს ქართველმა მეცნიერებმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა და ოთარ ჯაფარიძემ. ნეოლითური, ანუ ახალი ქვის ხანის ნაშთები ჯერ კიდევ იმ დროსაც ჩანდა შეუიარაღებელი თვალით - გადაჭრილი გორის ნასოფლარი. ამ ადგილს გადაჭრილი იმიტომაც ჰქვია, რომ მას შუაზე კვეთს მდინარე შულავრის ღელე, რომელიც ადიდებისას მრავალ ექსპონატს აშიშვლებდა. მინდია ჯალაბაძე

მოკლედ, ამ აზერბაიჯანულენოვან სოფელში მუშაობა 2006 წელს დავიწყეთ, თუმცა მაშინ მცირე მასშტაბით. მერე თანდათან ბევრი უცხოელი მეცნიერი შემოგვიერთდა და შედეგიც მივიღეთ!

- საოცარია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 8000 წლის წინ, ქვის ხანად წოდებულ ეპოქაში ცხოვრობდა ხალხი, რომელმაც ღვინო დაწურა და როცა დააჭაშნიკა, ვეღარც შეეშვა. 8 ათასწლეულია გასული, მათი შთამომავლები კი ისევ ვაზს ვუვლით. - ეს მართლაც ის პერიოდია, როდესაც ადამიანმა ის-ის იყო დატოვა თავისი ბუნებრივი საცხოვრისი - გამოქვაბული და მიწათმოქმედება და მესაქონლეობა დაიწყო. თუმცა იმ ხალხმა მხოლოდ მიწა, მასზე სიცოცხლის გახარება და მოვლა კი არ იცოდა, არამედ აშენებდა კიდეც. ჩვენ ერთადერთნი არა ვართ, სადაც ნეოლითური ცივილიზაცია იყო - მახლობელ აღმოსავლეთში მრავალი ნეოლითური დასახლებაა აღმოჩენილი, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ჩვენს ამ ცივილიზაციას მაღალი კულტურა აქვს.

სამწუხაროდ, ამ ხალხის გენეტიკური ანალიზი ჯერ არ გაგვაჩნია, რადგან სამარხები არა გვაქვს შესწავლილი, ჯერ მხოლოდ ამ დასახლების ცენტრალურ ნაწილებს ვიკვლევთ და არა გარეუბნებს, სადაც, სავარაუდოდ, მიცვალებულებს კრძალავდნენ, მაგრამ, ცხადია, ამ კვლევის დროც დადგება.

ის ხალხი მყარად, სიმეტრიულად და ლამაზად აშენებდა. ზოგან მშენებლობების ხუთი ფენაც კი არის აღმოჩენილი. გადაჭრილ გორაზე დასახლების ორი ფაზა გამოვლინდა.

ნეოლითელებს საოცრად სიმეტრიულად, წრიული და ლამაზი ალიზის (მზეზე გამომშრალი აგური) სახლები ედგათ, სათავსებიც კი წრიულად ჰქონდათ ამოშენებული.

- რატომ წრიულად? - წრიული ნაგებობები გაცილებით შეკრული და კონსტრუქციულად უფრო მყარია, ვიდრე ოთხკუთხედი. ამ დასახლებაში თითქმის ყველაფერი წრიული იყო, უბრალოდ, ზომაშია განსხვავება - საცხოვრებელი ნაგებობები უფრო დიდია.

- რა სამშენებლო მასალას იყენებდნენ 8 ათასი წლის წინ? - ადგილზევე მოპოვებული თიხისაგან დამზადებულ მზეზე გამომშრალ აგურს. მერე კედლები თიხით ილესებოდა. ამ ნაგებობებიდან მხოლოდ მცირე სიმაღლის კედლებია შემორჩენილი. მათი საშუალო სისქე 35-40 სანტიმეტრს შეადგენდა.

- სახურავი როგორი ჰქონდათ? ნაშთების მიხედვით თუ შეიძლება აღდგენა, როგორი იყო ნეოლითელების ჭერი? - პროფესორ ალექსანდრე ჯავახიშვილმა თავის დროზე ამ ნაგებობების მშვენიერი რეკონსტრუქცია გააკეთა და თუ მას დავეყრდნობით,

ამ სახლებს, სავარაუდოდ, თაღური სახურავები ჰქონდა, თუმცა იმირის გორაზე ბანიანი გადახურვის მქონე შენობაც იქნა აღმოჩენილი, რომელსაც სახურავში ღიობი უნდა ჰქონოდა დატანილი, საიდანაც სინათლე შედიოდა.

- გამოდის, ნეოლითის მარნეულელების სახლები ქართული ბანიანი სახლების წინაპარი ყოფილა. ესეც ადასტურებს, სადამდე მიდის გენეტიკური მეხსიერება. და კიდევ, თუ ეს ხალხი ასე თხელკედლებიან სახლებში ცხოვრობდა, ესე იგი, ამ დროს კლიმატი ზომიერი იყო, საქართველოში მაშინ არც ციოდა და არც ცხელოდა. - ჩვენს ექსპედიციაში მრავალი სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერი მუშაობდა როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნიდან და მათ იმდროინდელი კლიმატიც გამოიკვლიეს. იმ დროის კლიმატი ზომიერად ტენიანი გახლდათ. ირგვლივ ტყეები იყო, რომელთა ნაშთები დასახლებებში აღმოჩნდა. სათავსებში აღმოჩენილია მარცვლეული კულტურები: ხორბალი, ქერი, პარკოსნები. ასე განსაჯეთ, ნესვიც კი მოჰყავდათ. ეს ყველაფერი ინტერდისციპლინური კვლევით დადგინდა.

- შეიძლება ვიფიქროთ, რომ გემრიელ კერძებსაც ამზადებდნენ? - რა მოგახსენოთ, კერა, ძირითადად, შენობების გარე კედელთან იყო გამართული და მას კვერცხისებრი ფორმა ჰქონდა. თიხისგან დამზადებული ჭურჭელი კი ისე იყო გამომწვარი, რომ პროდუქტის შენახვის გარდა, მოსახარშადაც მოიხმარდნენ.

მოგვიანებით ეს ხალხი ამ ადგილებიდან აიყარა და სხვაგან გადავიდა. ეს ძალიან საინტერესო ამბავია, - უკვე ძველი წელთაღრიცხვის V ათასწლეულიდან, ისევ როგორც ამჟამად, დედამიწაზე გლობალური დათბობა დაიწყო და, როგორც ჩანს, ისინი უფრო გრილი და წყლიანი ტერიტორიების საძებნელად გაემართნენ. წყალს ხომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

სხვათა შორის, ამ ხალხმა მიწათმოქმედებაში წყლის გამოყენება სანიმუშოდ იცოდა. სწორედ ამ მიზნით შულავრის ღელისთვისაც შეუცვლიათ კალაპოტი. ის ამჟამად შუაზე კვეთს გადაჭრილ გორას, 8000 წლის წინ კი ეს პატარა მდინარე სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა.

- როგორ დადგინდა, რომ ამ ხალხს მდინარის კალაპოტის შეცვლაც კი შეეძლო? - ჩვენთან მუშაობდნენ ფრანგი გეომორფოლოგები, რომლებმაც ეს დაადგინეს. სავარაუდოდ, მათ მდინარე სარწყავად გადმოიყვანეს გადაჭრილი გორის ახლოს.

- ღვინო ხომ პირველებმა დაწურეს, თურმე მდინარის კალაპოტის შეცვლაც სცოდნიათ. საინტერესო ხალხი ყოფილა ეს ჩვენი "მარნეულელები". - მართლაც ბევრი რამ იცოდნენ. მოგვიანებით კი, დაახლოებით ქრისტემდე IV ათასწლეულიდან, ამ ტერიტორიებზე უკვე მტკვარ-არაქსელები გამოჩნდნენ, რომელთაც საცხოვრებლად ყველა ის ხეობა აითვისეს, სადაც ვაზი ხარობდა. არსებობს რამდენიმე მეცნიერის მოსაზრება, რომ მტკვარ-არაქსელებმა ვაზის კულტურა აქედან უკვე ძალიან შორს, მთელ მაშინდელ მსოფლიოში გაიტანეს.

იხილეთ ასევე: "დნმ-ის კვლევა სტოკჰოლმში ახლახან დასრულდა, ირკვევა, რომ მათ გენეტიკას ჩვენ ვინარჩუნებთ" - ვინ იყვნენ გოლიათი შირაქელები