"კოსტამ დაამარცხა თბილისში ცნობილი მოჭიდავეები: ყასაბი მიტუა, ისაკა­ მთიელი, თვით საკუთ­არი მასწავლებელი - თედო ლილოელი" - კვირის პალიტრა

"კოსტამ დაამარცხა თბილისში ცნობილი მოჭიდავეები: ყასაბი მიტუა, ისაკა­ მთიელი, თვით საკუთ­არი მასწავლებელი - თედო ლილოელი"

"სახელგანთქმულ კულა გლდანელს შეუსწავლებია კოსტასთვის ფრანგული და ოსმალური ჭიდაობის ილეთები"

"ფიქრის გორაზე ჭიდაობაზე დასასწრებად მთელი ქალაქი შეკრებილა, შერკინება ახალგაზრდა კოსტა მაისურაძის გამარჯვებით დასრულებულა. ამ გამარჯვებას თბილისელებმა სიმღერაც კი მიუძღვნეს: "უბედურო ცერაძეო, რა გინდოდა ვერაზეო, არ იცოდი, წაგაქცევდა კოსტა მაისურაძეო?"

რაჭას კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შეემატა - წელს ონში ჩასულებს გიგა ჯაფარიძის სახელობის სკვერში დახვდებათ ლეგენდარული ფალავნის, კოსტა მაისურაძის ბიუსტი, რომელიც სრულიად საქართველოს მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის ინიციატივითა და სახსრებით შეიქმნა და დაიდგა უძლეველი რაჭველი ფალავნის გარდაცვალებიდან 101 წლის შემდეგ. მაისურაძეთა საგვარეულოს ხელმძღვანელი თენგიზ მაისურაძე დიდი ფალავნის ცხოვრების შესახებ გვიამბობს.

- კოსტა მაისურაძე პირველი ქართველი ფალავანი იყო, რომელმაც მსოფლიო საჭიდაო (და ძალოსნობის) ასპარეზზე გაიტანა ქართველი კაცის სახელი. ტრიუმფით იმარჯვებდა ევროპასა და აზიაში, აღიარებული იყო მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონად.

რაჭველი ფალავანი სოფელ ცხმორში 1881 წელს წელს დაბადებულა. ამბობენ, ძალ-ღონით მამას ჰგავდაო. თანასოფლელებს დავა თუ მოუვიდოდათ გარეშეებთან, კოსტას მამის გარეშე არ მიდიოდნენ საქმის გასარჩევად. ის ცნობილი ყოფილა სიტყვა-პასუხითაც. ოჯახს ძალიან უჭირდა, ამიტომაც ცხრა წლის კოსტა უკვე თბილისში ჩამოსულა და რესტორან "პურ-ღვინოში" დაუწყია მუშაობა. სწორედ აქ შეამჩნიეს მისი არაბუნებრივი ძალ-ღონე და სახელგანთქმულ ფალავანს, თედო ლილოელს აცნობეს, კოსტამ იმხელა ჯორკო ასწია, ბარე ათი კაციც ვერ დაძრავდაო.

- ამის შემდეგ იწყებს თედო ლილოელი კოსტა მაისურაძის წვრთნას...

- ფიქრის გორაზე ჩატარებულ ყველა შეჯიბრებაზე კოსტა თედოს ფალავანი გახლდათ, რომელმაც დაამარცხა იმდროინდელ თბილისში ცნობილი მოჭიდავეები: ყასაბი მიტუა, ისაკა მთიელი, თვით საკუთარი მასწავლებელი - თედო ლილოელი და აღიარებული იოსებ ცერაძეც კი. ამ ორთაბრძოლაზე მაშინდელი პრესაც წერდა... ჭიდაობაზე დასასწრებად მთელი ქალაქი შეკრებილა, კახელი თავადებიც ჩამოსულან და არბიტრი გაუფრთხილებიათ, თუ ვინმეს მხარი დაიჭირე,"ვაი შენი ბრალიო. თბილისში მცხოვრებ ყველა რაჭველს მიუტოვებია საქმე და ფიქრის გორაზე შეკრებილან თავიანთი კუთხის შვილის მხარდასაჭერად. შერკინება ახალგაზრდა კოსტა მაისურაძის გამარჯვებით დასრულებულა. ამ გამარჯვებას თბილისელებმა სიმღერაც კი მიუძღვნეს: "უბედურო ცერაძეო/ რა გინდოდა ვერაზეო,/ არ იცოდი, წაგაქცევდა/ კოსტა მაისურაძეო?" სახელგანთქმულ კულა გლდანელს შეუსწავლებია კოსტასთვის ფრანგული და ოსმალური ჭიდაობის ილეთები. მალე კოსტამ კარიერა თბილისის ცირკის არენაზე განაგრძო - 32-კილოგრამიან საპირწონეებს ჰაერში ათამაშებდა და მკერდსა და კისერზე აჩერებდა.

- ამბობენ, მის მკლავზე შემოხვეული რკინა ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახებაო. - დიახ, ასეა. 1911 წელს ქუთაისში ძალოსანთა შეჯიბრება ჩატარებულა. ბენეფისის დროს მკლავზე გადანაგრეხი რკინა რომ უნახავს გუბერნატორს, უთქვამს, ცრუობთ, კაცი ამის დაგრეხას როგორ შეძლებდაო. ამიტომ კოსტას ახალი რკინა მოუთხოვია და გუბერნატორის თვალწინ დაუგრეხია 32-მილიმეტრიანი სისქის რკინა, რომელიც დღეს ონის მუზეუმში ინახება. პირველ რიგში მარცხნიდან: თედო ავალიშვილი (ლილოელი), კულა გლდანელი, გიორგი ოდიშვილი (ჯიბგირი). მეორე რიგში დგანან: კოსტა მაისურაძე და რუსი მოჭიდავე ლიტვინოვი.

კოსტა ცირკის მაშინდელი მფლობელის, ნიკიტინის დახმარებით, საერთაშორისო არენებზე მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად მოსკოვში გაემგზავრა, დიდ ტურნირზე ჭიდაობაში აბსოლუტური გამარჯვების შემდეგ რუსეთის იმპერატორის მეუღლემ პირადად გადასცა 15-18 კილოგრამიანი ვერცხლის ქამარი, რომელსაც კოსტა არასოდეს იხსნიდა. ის წარმატებით ასპარეზობდა კიევში, პეტერბურგში, გროზნოსა და კისლოვოდსკში, შემდგომ კი გერმანიის, საფრანგეთის, რუმინეთის, ირანისა და სხვა ქვეყნების საჭიდაო მოედნებზე.

კოსტას წაქცევა ვერავინ შეძლო, გარდა სიკვდილისა - ბაქოში ტიფი შეეყარა და 37 წლისა გარდაიცვალა. დაკრძალეს ბაქოს ქართველთა და ებრაელთა სასაფლაოზე.

- ოჯახი თუ ჰყავდა?

- მეუღლე ადრე გარდაეცვალა, შვილები არ ჰყოლიათ.