"მე, მეფეთ-მეფე ბაგრატის ასულმან, ათაბაგთა სახლის რძალმან, დედისიმედმან ავაშენე გუმბათი ესე" - აწყურში გაცოცხლებული ერთი ქართველი ქალის ისტორია
"მე, მეფეთ-მეფე ბაგრატის ასულმან, ათაბაგთა სახლის რძალმან, დედისიმედმან ავაშენე გუმბათი ესე" - აწყურში გაცოცხლებული ერთი ქართველი ქალის ისტორია
ჟამთა სიავეს ჩვენში შესაძლოა ისე მწარედ ვერაფერი აცოცხლებდეს, როგორც სოფელი აწყური და მისი ტაძარი. ოდესღაც აქ მთელ საქრისტიანოში ცნობილი მწიგნობრები მოღვაწეობდნენ. სწორედ აქ იდგა "მეორე სვეტიცხოველი" - საქართველოს სამხრეთის სულიერი კარიბჭე - აწყურის ტაძარი. აღზევების შემდეგ კი მოვიდა სასჯელი - საქართველო თურქეთ-ირანმა გაიყო და აწყურიც ჩამოიქცა თავის ტაძრიანად, თანაც, განა მცირე ხნით, მისი ნანგრევების ნაშთები საუკუნეების განმავლობაში განისვენებდა მიწაში.
აწყურის ტაძრის რესტავრაციისას დაწყებულ გათხრებს სამზეოზე საქართველოს ისტორიის ფრაგმენტებიც ამოაქვს. მათ
შორის ამბავი ქართველი ქალებისა, რომლებიც სამშობლოს ციხე-ტაძრებს უვლიდნენ. აწყურში მოპოვებული ბოლო არტეფაქტი, გუმბათის ნახევარტონიანი საჯვარე ქვა, ბაგრატ მუხრანბატონის ასულის, დედისიმედის შეკვეთით არის გამოთლილი. მას მისივე შეკვეთითვე შესრულებული მოკრძალებული, მაგრამ ულამაზესი ასომთავრული წარწერა ამშვენებს: "მე, მეფეთ-მეფე ბაგრატის ასულმან, ათაბაგთა სახლის რძალმან, დედისიმედმან ავაშენე გუმბათი ესე" -
აი, სულ ეს არის, მის მიღმა კი იმალება ტკივილიანი ცხოვრება მუხრანბატონის ასულისა, რომელსაც დედისიმედი ერქვა. თუ გინდა, დაინახო, რა ქარტეხილებში უხდებოდა მას გავლა, საუკუნეებს უნდა მიჰყვე. ასეც მოვიქეცი და ამ თემაზე საუბარს აწყურის ტაძრის რესტავრატორ ედიშერ ჯანჯულიასთან ერთად გავყევი.


- აწყურის ტაძრის რესტავრაციისას თანდათან ჩნდება ის ნაშთები, რომლებიც საქართველოს ამ კუთხის თუ ტაძრის ისტორიას თვალწინ გვიშლის. თუმცა ახლახან აღმოჩენილი ტაძრის საგუმბათე ქვა, რომელშიც ჯვარი ბრძანდებოდა, სულ სხვაა: ქვა ტაძრიდან დაახლოებით 6-7 მეტრზე იპოვეს და თითქმის 2-მეტრიანი მიწის სქელი ფენა ფარავდა.

- სწორედ ეს სიღრმე მიუთითებს,­ რამდენად ძლიერი უნდა ყოფილიყო ნგრევა, რომელმაც ტაძრის საგუმბათე ქვა ტაძარს მოჰგლიჯა.
- აწყურის ტაძარი 42 მეტრი სიმაღლის იყო, მისი საგუმბათე ქვა კი დაახლოებით ნახევარი ტონა. ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, როგორც მკვლევრები ვარაუდობენ, XVII საუკუნეში საქართველოში ძლიერი მიწისძვრა უნდა ყოფილიყო. სწორედ ის გახდა აწყურის ტაძრის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი. მანამდე ტაძრის გავერანება თურქებმა მოასწრეს. ასე რომ არ ყოფილიყო, იქნებ ტაძარს მიწისძვრა ვერც მორეოდა.
აწყურის ტაძარი თავის დროზე ალავერდისა და სვეტიცხოვლის სწორ ნაგებობად ითვლებოდა. ის X-XI საუკუნეებშია აგებული.

- თურქების ბატონობაში მესხეთი ორი საუკუნე იყო. მათ ტაძრის სამარხები მრავალჯერ ექნებოდათ გათხრილი განძის მოძიების მიზნით. კიდევ კარგი, ეს ქვა არაფერში დასჭირდათ.
- ქვა არაფერში დასჭირდებოდათ. ეს მესხეთის ადგილობრივი ქვაა და გარშემოც უამრავია. ტაძრის რესტავრაციაც ამავე ქვით კეთდება.
ბაგრატ მუხრანბატონის ასული დედისიმედი ქართლიდან მესხეთში გამოთხოვილი გახლდათ (ბერი ეგნატაშვილის თქმით, "ათაბაგი ქაიხოსრო დაემოყურა მპყრობელსა მუხრანისასა ბაგრატს, მოიყვანა ცოლად ასული ბაგრატისი დედისიმედი და იქორწინა"). ბაგრატ მუხრანბატონი ბაგრატიონთა შთამომავალი იყო და იმიტომაც მოიხსენიება წარწერაში მეფედ. როგორც ჩანს, დედისიმედმა ხუროთმოძღვრებს გუმბათზე დაბრძანებული საჯვარე ქვა გააახლებინა, დედისიმედი ამ კუთხის სხვა ტაძრების პატრონიც იყო. ვალეს ტაძარიც მისი აღდგენილია.

- მეცნიერებისთვის იქნებ ეს არტეფაქტი გუმბათის აღმდგენლის იდენტიფიკაციაა, მაგრამ ჩემი ემოცია სხვა­გვარია: ჩემთვის ეს კიდევ ერთი დიდი ქართველი ქალია, მეუღლის გარდაცვალების შემდგომ საათაბაგოს პატრონი და სულიერებისთვის მოღვაწე.
- დიახ, და ეს ქვა, როგორც ნიმუში მისი სულის ძახილისა, ჩვენ დაგვრჩა, - მითხრა ბატონმა ედიშერმა და ჩვენც საუბარი დავასრულეთ.
მკითხველის კომენტარი (1)
19 აგვისტო 2019 19:21
ვიტირე

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები