საქართველო-სომხეთის ომი - კვირის პალიტრა

საქართველო-სომხეთის ომი

წინა ნომერში პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პირველი წლის ბოლოს ჩაბარებულ უმკაცრეს გამოცდაზე - სომხეთთან ომზე დავიწყეთ საუბარი და იმ სიტუაციის აღწერა ვცადეთ, რომელიც სუფევდა მაშინდელ თბილისსა და მთლიანად საქართველოში. 1918 წლის ბოლოს, სანამ მტერი თითქმის თბილისამდე არ მოვიდა, საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ (მენშევიკურ) ხელისუფლებას ჯიუტად არ სურდა იმის დაჯერება თუ აღიარება, რომ ეს ნამდვილი ომი იყო და არა "სამწუხარო გაუგებრობა"...

ამჯერად უშუალოდ ომის დღეებში განვითარებულ მოვლენებს შევეხებით, მაშინდელ ქართულ პრესასა და თანამედროვეთა მოგონებებზე დაყრდნობით გავიხსენებთ, რა ხდებოდა საქართველოში მას შემდეგ, რაც მთავრობამ, როგორც იქნა, გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია, როგორ მოქმედებდა საქართველოს პარლამენტი, მთავრობა თუ დიპლომატიური სამსახური; რა განწყობა იყო ხალხში; რა ცნობები მოდიოდა მტრის ბანაკიდან თუ ზურგიდან...

მაშ ასე, 1918 წლის 17 დეკემბერი. საქართველოში მობილიზაცია გამოცხადდა. იმავე საღამოს ჟორდანიამ სასახლეში დაიბარა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი და გააცნო ბრძანება მისი სომხეთის წინააღმდეგ მოქმედი ლაშქრის სარდლად დანიშვნის შესახებ. მაზნიაშვილმა, თავის მხრივ, შტაბის უფროსად თავისი ყოფილი მეთაური, გენერალი კვინიტაძე დანიშნა მისივე თხოვნით.

ეს ორი დანიშვნა უკვე იმის მაუწყებელი იყო, რომ ჟორდანიამ და საერთოდ, სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ  (ყოველ შემთხვევაში, იმ დღეებში) პარტიული ინტერესები უკან გადასწია, პირადი წყენა დაივიწყა, საშიშროება რეალურად შეაფასა და ერთადერთი გონივრული გადაწვეტილება მიიღო. არადა, ხუთიოდე დღით ადრე მენშევიკები იმდენად არხეინად იყვნენ, რომ 12 დეკემბერს "ეროვნული გვარდიის" (რომელიც სინამდვილეში "ეროვნული" კი არა, პარტიული იყო) შექმნის წლისთავის აღსანიშნავ აღლუმში მონაწილეობის მისაღებად ფრონტის ხაზიდან მოხსნეს გვარდიის 250 კავალერისტი და თბილისში დააბრუნეს.

ამაოდ იშლიდნენ პარლამენტში ნერვებს ეროვნულ-დემოკრატიული უმცირესობის წევრები სპირიდონ კედიას მეთაურობით - ოპოზიციის იგნორირება, ეტყობა, უკვე მაშინდელი ქართული პარლამენტის "დაავადება" იყო.

მაზნიაშვილისა და კვინიტაძის დანიშვნა ვახსენეთ და აქ ცოტა დაწვრილებით უნდა ითქვას: მაზნიაშვილს მუდმივი უთანხმოება ჰქონდა მთავრობასთან. იგი ნამდვილი მებრძოლი ოფიცერი იყო, საკუთარი საქმის ბრწყინვალე მცოდნე, სახელმწიფოსათვის (მით უმეტეს მაშინდელ პირობებში) შეიარაღებული ძალების მნიშვნელობაში დარწმუნებული და როდესაც ხედავდა ჯარისადმი მთავრობის უნდობლობასა და უყურადღებობას, როდესაც აღმოაჩენდა, რომ ჯარისთვის უსახსრობის საბაბით უარის თქმის შემდეგ, მის მიერ მოთხოვნილზე ორ-სამჯერ მეტი მარაგი სოციალ-დემოკრატების გვარდიას ეძლეოდა, უკმაყოფილებას დაუფარავად გამოხატავდა. ამის გამო ყველაზე დიდი შეხლა-შემოხლა ნოე რამიშვილთან ჰქონდა და ამ უკანასკნელის მონდომებით რამდენჯერმე დატოვა თანამდებობა.

იმ წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, როდესაც მაზნიაშვილი წარმატებული სამხედრო ოპერაციისა და შემდეგ დენიკინის მთავრობასთან ასევე წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ სოჭიდან დაბრუნდა (ესეც ცალკე და ძალზე საინტერესო თემაა), სახლები თბილისშიც და კახეთშიც გაჩხრეკილი დახვდა შს მინისტრის ბრძანებით - თითქოს იქ არმიის საწყობიდან წაღებული პროდუქტი ინახებოდა(?!). შეურაცხყოფილი გენერალი მაშინვე აპირებდა გადადგომას, მაგრამ ჟორდანიამ ბოდიშიც მოუხადა, გაზეთშიც დაიბეჭდა ცნობა "გაუგებრობის" შესახებ და მაზნიაშვილი თბილისისა და შემოგარენის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.

ასეთივე მოპყრობის მსხვერპლი იყო გენერალი კვინიტაძეც: როდესაც მან გვარდიის შესახებ კანონის მიღებისას მოითხოვა, მასში შეეტანათ პუნქტი საომარი მოქმედებების შემთხვევაში გვარდიელთა სხვადასხვა სამხედრო ნაწილში გადანაწილების შესახებ, წყობიდან მისთვის უჩვეულოდ გამოსულ ჟორდანიას უყვირია: შეუძლებელია გვარდიისადმი ასე მტრულად განწყობილი ადამიანი სამხედრო სამინისტროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყოსო და მინისტრის თანაშემწის თანამდებობიდან გადადგომამაც არ დააყოვნა.

KvirisPalitra.Geსომხეთთან ომის დაწყების წინ კვინიტაძე თავის სოფელში იჯდა, სამხედრო ჟურნალისთვის სტატიებს წერდა და თავისი მეგობრის, ცნობილი მოღვაწის, თედო სახოკიას ხელმძღვანელობით უკვე დავიწყებულ ქართულ ენას ხელახლა სწავლობდა. როდესაც მაზნიაშვილის დანიშვნის ამბავი გაიგო, ყველა წყენა გვერდზე გადადო, არც ის ითაკილა, რომ ყოფილი ხელქვეითის ხელქვეითი უნდა გამხდარიყო და თბილისში ჩამოვიდა...

მოგვიანებით გენერალ კვინიტაძის მოგონებები პარიზში გამოქვეყნდა, მაზნიაშვილისა - ბოლშევიკურ საქართველოში. ამიტომ, შესაძლოა, იმ დროისათვის უკვე "მოძმე საბჭოთა რესპუბლიკად" ქცეული სომხეთის წინააღმდეგ ბევრი ვერაფერი დაეწერა პატრიოტ გენერალს, მაგრამ რაც დაწერა და გამოაქვეყნა, ესეც საკმარისია, მით უმეტეს, რომ ასევე  არსებობს უშუალო მონაწილეთა არაერთი მოგონება და მაშინდელი პრესა.

რა ხდებოდა პარლამენტსა და საგარეო დიპლომატიურ კორპუსში? რას აკეთებდნენ პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები?

დღესაც, თუკი 1918 წლის დეკემბრის ბოლოს გაზეთებს გადავხედავთ, იმედი გაგვიჩნდება, რომ ქართველებს საერთო-ეროვნული უბედურების დროს შეგვიძლია პირადი და პარტიული წყენის გვერდზე გადადება და საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება.

მხოლოდ ერთ ამონარიდს მოვიყვან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ "საქართველოს" 1918 წლის 19 ქრისტეშობისთვის ნომერში (თავიანთ  გაზეთს, პრინციპულად, თვეების მხოლოდ ქართულ სახელწოდებას აწერდნენ) გამოქვეყნებული სტატიიდან, სადაც ზემოთ ხსენებული სპირიდონ კედია (რომელიც ჟორდანიასა და ზოგადად მენშევიკებს მანამდეც და მერეც "მარქსის ლეკვებს" ეძახდა) წერს:

"ჩვენ თქვენთან ვართ, მაგრამ დაუყონებლივ გასწმინდეთ ჩვენი ქვეყნის გული, ჩვენი თბილისი, იმ ბოროტ-განმზრახველ და სახელმწიფო დამნაშავე ელემენტებისაგან, რომელნიც აქ ბუდობენ და, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, მას აქეთ, დღე და ღამ საქართველოს დასამხობად ზრახვენ და მოქმედებენ! გასწმინდეთ თბილისი... ეს არის პირველი საწინდარი ბრძოლის ველზე საქართველოს ჯარის გამარჯვებისა!"

თუ როგორ სიტყვასიტყვით შეასრულა საქართველოს მთავრობამ და პირადად შს მინისტრმა ნოე რამიშვილმა პოლიტიკური ოპონენტის ეს მოწოდება, ამაზე წინა ნომერში ვისაუბრეთ.

შესაძლოა, ვინმეს სპირიდონ კედიას ეს მოწოდება ზედმეტად ნაციონალისტურადაც ეჩვენოს, მაგრამ მდგომარეობა იმდენად სერიოზული იყო, რომ მტკიცე ხელის გარეშე თბილისს შიგნიდან "აფეთქება" ელოდა და სომხურ გაზეთებსა და სომეხი ჯარისკაცებისთვის დარიგებულ სააგიტაციო ფურცლებში დაბეჭდილი მოწოდება - აეღოთ თბილისი - რეალობა გახდებოდა.

თანაც კედიას ნათქვამს რეალური საფუძველი ჰქონდა; როგორც ადრე ვთქვით, პირდაპირ რუსთაველის გამზირზე ეწერებოდნენ აქაური სომხები სომხურ ჯარში, მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა. საილუსტრაციოდ მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვანთ - იმ დროის პრესაში ვნახეთ პატარა ცნობა: "მთავრობის განკარგულებით დაიკეტა "კაფე- სოკოლნიკი" (ერევნის მოედანზე), რომელიც იყო ბუდე დაშნაკელებისა. მიზეზი დაკეტვისა იყო ის, რომ აქ ქართველ ოფიცრებმა მოითხოვეს ქართული ჰიმნის შესრულება და კაფეს პატრონმა ამის ნება არ მისცა. კაფეს პატრონი დააპატიმრეს."

აი, ასეთი ადამიანების დაპატიმრებას უწოდებს სომხური პრესა (მაშინდელიც და დღევანდელიც) და ისტორიოგრაფია "რეპრესიებს"!

თავხედობასა და უტიფრობას რომ თავი დავანებოთ,

წარმოიდგინეთ, რამდენად დარწმუნებული იყვნენ თავიანთ გამარჯვებაში, რომ დედაქალაქის ცენტრში, ერევნის (დღევანდელი თავისუფლების) მოედანზე, კაფეს მეპატრონე  ბედავს და ქვეყნის ჰიმნის შესრულებას უკრძალავს ომში წასასვლელად გამზადებულ ქართველ ოფიცრებს!!!

სხვათა შორის, ამ თავდაჯერებულობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ სანამ ჩვენები ქართულ-არხეინად იყვნენ მხარ-თეძოზე წამოწოლილები, სომხებს დეტალურად ჰქონდათ გაწერილი არა მხოლოდ საომარი მოქმედებების გეგმა, არამედ ზურგში - სომხებით დასახლებულ სოფლებსა და, რაც მთავარია, თბილისში ჩასატარებელი არა მარტო პროპაგანდა, არამედ დივერსიული აქტებიც.

ამის დასტურია ძეგვის სარკინიგზო ხიდის აფეთქება დეკემბრის დასაწყისში, რაც ომის დაწყებამდე მორიგ კრიმინალად მოინათლა. "სირაქლემის პოზიციაში" მყოფი მენშევიკები იმასაც ამბობდნენ, ალბათ რომელიმე ხიდის მშენებელმა ააფეთქებინა, რომ მერე აშენების შეკვეთა მიეღოო(?!), მაგრამ როდესაც სომხების შემოტევის ამბავი გამჟღავნდა და აგენტურული ქსელიდანაც ინფორმაცია მიიღეს, რომ ხიდის აფეთქების მიზანი სომხების მიერ თბილისის აღების შემთხვევაში დასავლეთ საქართველოდან წამოსული მაშველი ჯარის შეყოვნება იყო, განრისხებულმა რამიშვილმა დამნაშავეთა სასწრაფოდ მოძებნა ბრძანა! შეიპყრეს კიდეც რუსი პოლკოვნიკი შმაგაილოვი და სამი სომეხი, რომელთა სასამართლოს პირველი სხდომაც გაგანია ომის დროს - 21 დეკემბერს გაიმართა.

საქმეში 27 მოწმე მონაწილეობდა, ბრალი დაუმტკიცდათ, რაც მათმა ვექილებმა ზელენსკიმ და პაპოვიანმაც აღიარეს: საომარი მდგომარეობის კანონის მიხედვით სიკვდილით დასჯაც მიესაჯათ, მაგრამ როდესაც ომი დამთავრდა, "ზედემოკრატმა" ნოე ჟორდანიამ ისინი შეიწყალა (ნუ დაგვავიწყდება, რომ მოწინააღმდეგე სამხედრო ტყვეებსაც კი ხვრეტდა!)...

საინტერესოა, როგორი იყო სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა პოზიცია?  საქართველოში ხომ ქართველებისა და სომხების გარდა სხვებიც ცხოვრობდნენ და არა მარტო ცხოვრობდნენ, არამედ საკუთარი წარმომადგენლებიც ჰყავდათ პარლამენტში (გარდა ოსებისა, რომლებმაც ეს თავად არ ისურვეს).

პარლამენტის 17 დეკემბრის სხდომის ოქმის მიხედვით, საერთო აღტაცება გამოიწვია მაჰმადიანთა წარმომადგენლის, ახვერდოვის "დარბაისლურმა და გულწრფელმა სიტყვამ", რომელმაც გაიხსენა, თუ როგორ იბრძოდა ბორჩალოელი თათრების მხარეს ალექსანდრე ბატონიშვილი, როგორ გადაუხადეს მათ ეს პატივისცემა, როდესაც ქართველთა მხარდამხარ ებრძოდნენ ერთმორწმუნე სპარსელებს და რომ ახლაც ბორჩალოში ყალიბდება რაზმები სამშობლოს - საქართველოს დასაცავად;

ასეთივე პათოსით იყო გამსჭვალული ბერძენთა წარმომადგენლის სიტყვა და ეს მით უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომ ფრონტისპირა სოფლებში ბევრი ბერძენი ცხოვრობდა; მხურვალე სიტყვა წარმოთქვა ქართველ ებრაელთა წარმომადგენელმა მიხეილ დავარაშვილმაც...

საქართველოს ყველა რეგიონში სადღეღამისო რეჟიმით მუშაობდნენ გამწვევი პუნქტები, რომლებიც არათუ ბრძანებით მობილიზებულებს, არამედ მოხალისეებსაც ვერ აუდიოდნენ, არადა ხუთიოდე დღით ადრე, როგორც გენერალი ვაჩნაძე წერს თავის მოგონებებში, მას ქალაქის გასასვლელთან უნახავს თავიანთ ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილ ხევსურთა რაზმი, რომლებიც დაბნეულები მდგარან და გენერლის კითხვაზე უპასუხიათ:  "გავიგეთ, სომხებმა ჩხუბი დაგვიწყეს, იარაღი ავისხით და ჩამოვედით, აქ კიდე არავის ვჭირდებით, აი, მთაში დაბრუნებას ვაპირებთო!" ვაჩნაძეს მაშინვე სამხედრო ნაწილში მიუყვანია გულანთებული პატრიოტები. ომში მონაწილეობის შემდეგ ბევრი მათგანი არმიაში დარჩა...

არ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა მთავრობამ დიპლომატიური არხებით მუშაობა არ სცადა, მაგრამ სამწუხაროდ, ესეც მოგვიანებით მოიფიქრეს - ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა ვერაფერი გააწყო ევროპელ პარტნიორებთან, მით უმეტეს, რომ I მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიის არმიის ნაწილები, გერმანიისა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და აღიარების მთავარი გარანტი იყო, უკვე თბილისიდან გადიოდნენ და ადგილს ინგლისელებს უთმობდნენ, რომლებიც სრულიად ღიად მფარველობდნენ სომხებს - 25-26 დეკემბერს ინგლისელთა ნაწილები თბილისში შემოვიდნენ და მათი შტაბი დღევანდელ სასტუმრო "თბილისი-მერიოტში" განლაგდა.

არადა, ინგლისელებს ხუთიოდე დღით გვიან რომ შეეცვალათ გერმანელები, შესაძლოა, ომი, სულ მცირე, 50 კილომეტრით სამხრეთით დასრულებულიყო...

თუმცა, ამის შესახებ - უშუალოდ სამხედრო მოქმედებებსა და ომის დასასრულზე, მომავალ ნომერში გვექნება საუბარი.

P.S. ერთი ნიშანდობლივი ცნობა მაშინდელი პრესიდან: "საქართველოს სამხედრო მინისტრი ინახულა საფრანგეთის ვიცე-კონსულმა, რომელსაც მინისტრმა დაწვრილებით აუხსნა ვერაგული თავდასხმა... გარდა ამისა, გადასცა, რომ ჩვენი მოკლული მხედართა გვამები სომხების მიერ ისეა დასახიჩრებულნი, რომ ვერც კი იცნობიანო. კონსულმა გულდასმით მოუსმინა მინისტრს და მწუხარება გამოსთქვა ასეთ ველურ საქციელზე".

(დასასრული http://www.kvirispalitra.ge//history/5643-saqarthvelo-somkhethis-omi.html)