მძიმე ეპოქის შვილები
მძიმე ეპოქის შვილები
ფოტო:კონსტანტინე ჩიქოვანი და ჩიქოვანი
"უნივერსიტეტში ჩაბარებისას უკვე მხცოვანმა, 86 წლის აკადემიკოსმა გიორგი ახვლედიანმა მკითხა, ნუთუ იმ კონსტანტინეს შვილთაშვილი ხარო? მერე მითხრა, აფხაზეთის აჯანყებისთვის ხალხს რომ აგროვებდა, კონსტანტინე ჩემს სოფელშიც მოსულა. ბაბუა მეუბნებოდა, გამთენიისას დამიძახა და გავეპასუხე, ცხენიდან ჩამობრძანდით და ოჯახში მობრძანდით, ბატონო-მეთქი! მან კი მიპასუხა, ჩამობრძანებული გახლავარ, ბატონო, ჩამობრძანებულიო! იმხელა კაცი იყო, გამთენიისას ვერ გავარჩიე და ცხენზე შემჯდარი მეგონა, არადა, თურმე ფეხზე იდგაო!"

საქართველოს ისტორიაში უამრავი გმირი დარჩენილა უსახელოდ, ყველაზე მეტი კი რუსული იმპერიის
ეპოქაში, სადაც ყოველი გმირობა შთამომავლობის აწიოკებასთან იყო დაკავშირებული. ალბათ, ამიტომაც ირჩია კონსტანტინე ჩიქოვანის შთამომავლობამ მარტვილის სოფელ ხუნწში მოკრძალებული ცხოვრება და დიდ წინაპარზე დუმილი. არადა, ამ მართლაც ბუმბერაზმა კაცმა რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთის აჯანყების (1866, 1877) მოსამზადებლად აფხაზეთ-სამეგრელო შემოიარა. მისი მეგობარი გიორგი შარვაშიძე, როგორც 1866 წლის აფხაზეთის
აჯანყების წინამძღოლი, რუსეთის იმპერიამ მწარედ დასაჯა ჯერ გადასახლებით, მერე კი მშობლიურ აფხაზეთისაგან სიშორით - მხოლოდ ქუთაისში ცხოვრების ნება მისცეს და აფხაზეთში სიბერემდე არ შეუშვეს. კონსტანტინე ჩიქოვანმა ორივეჯერ სამეგრელოში გაქცევით უშველა თავს...

კონსტანტინე ჩიქოვანის შთამომავალი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნათია ჩიქოვანი არა მხოლოდ ამ ამბებს, ჩიქოვანების იმ საოცარ სიყვარულზეც მოგვითხრობს, რომლის შესახებ საქართველოში დღესაც მღერიან.

- კონსტანტინე ჩიქოვანის მეხუთე თაობის წარმომადგენელი ვარ. ჩემი ბაბუა გრიგოლ ჩიქოვანი კონსტანტინეს შვილიშვილი გახლდათ. კარგად მახსოვს, როგორ მიყვებოდა ბავშვობაში ღრმად მოხუცი მეზობელი კონსტანტინე ჩიქოვანის ბრძოლებზე­ აფხაზეთში. მითხრა, 1866 წელს მეორე აჯანყების დროს, სანამ უკანასკნელ კაცამდე­ არ გავწყდით, შენს დიდ ბაბუას იარაღისთვის­ ხელი არ გაუშვია. ბოლოს აფხაზეთიდან სამეგრელომდე სიმინდის ყანებით ვიარეთ ცხენდაცხენ, რუსებს რომ არ დავენახეთო.
ისიც მახსოვს, უნივერსიტეტში ჩაბარებისას უკვე მხცოვანმა, 86 წლის აკადემიკოსმა გიორგი ახვლედიანმა როგორ მკითხა, ნუთუ იმ კონსტანტინეს შვილთაშვილი ხარო? მერე მითხრა, აფხაზეთის აჯანყებისთვის ხალხს რომ აგროვებდა, კონსტანტინე­ ჩემს სოფელშიც მოსულა. ბაბუა მეუბნებოდა, გამთენიისას დამიძახა და გავეპასუხე, ცხენიდან ჩამობრძანდით და ოჯახში მობ­რძანდით, ბატონო-მეთქი! მან კი მიპასუხა,­ ჩამობრძანებული გახლავარ, ბატონო, ჩამობ­რძანებულიო! იმხელა კაცი იყო, გამთენიისას ვერ გავარჩიე და ცხენზე შემჯდარი მეგონა, არადა, თურმე ფეხზე იდგაო!

- როგორც ცნობილია, აფხაზეთის აჯანყებებში 15-20 ათასი აჯანყებული მონაწილეობდა, ესე იგი, კონსტანტინე ჩიქოვანს ხალხი ენდობოდა და იმიტომაც გაჰყვა.
- კონსტანტინე ჩიქოვანი ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟის, ნიკო დადიანის მამულების გამგებელი იყო და აფხაზეთ-სამეგრელოში,­ როგორც მეურნესა და სიტყვის კაცს, ყველა იცნობდა. როგორც ჩემი ბებიისგან, ოლღა გუბელაძისგან ვიცი, მის სიტყვას წყალი არ გაუვიდოდა და ვერც ვერავინ შეეპასუხებოდა. ალბათ, ამის გამო იყო, რომ აფხაზეთის 1866 წლის აჯანყებისას ემხვარებმა­ დამოყვრება შესთავაზეს. ამ აჯანყებაში კონსტანტინესთან ერთად მისი მამა, გიორგი ჩიქოვანიც იბრძოდა. ემხვარები იმდენად დიდ გვარად ითვლებოდნენ, რომ მათი სიძეობა საოცნებო იყო და კონსტანტინე ჩიქოვანმაც წამოიყვანა ცეცხლივით წითელთმიანი ემხვარების ასული. მათ ერთადერთი ვაჟი გაზარდეს, ალექსანდრე, თუმცა ალექსანდრეს ექვსი შვილი ჰყავდა, რომელთა შორის იყო მამაჩემის მამა, გრიგოლ ჩიქოვანიც.
კონსტანტინე ჩიქოვანმა ექვსივე შვილ­იშვილის გზაზე დაყენებაც ითავა. მათ შორის უმცროსი ეკატერინე ჭავჭავაძეს მოანათვლინა და მისი სახელიც დაარქვა. სხვათა შორის, ეკატერინე ჩიქოვანს სამეგრელოს დედოფალმა სილამაზე მართლაც დაანათლა. ნიკო დადიანის სიკვდილის შემდეგ კონსტანტინე ჩიქოვანმა დატოვა დადიანების რეზიდენცია და მარტვილში, ხუნწში გადავიდა საცხოვრებლად.

- ხუნწში როგორ ცხოვრობდა კონსტანტინე ჩიქოვანი?
- შეძლებულად, რადგან გონიერი და განათლებული კაცი იყო, სამეგრელოს გზების გაყვანას უძღვებოდა. კონსტანტინე ყველაფერზე წინ განათლებას აყენებდა, ამიტომ ჯერ სოფელ ხუნწის სკოლის მშენებლობას ჩაუდგა სათავეში, მერე კი ცხენისწყალზე გადასასვლელი ბორანი მოაწყო. უნდოდა, რომ იმ ქვეყანას, რომლისთვის თავი ბევრჯერ გაწირა, რაც შეიძლება მეტი განათლებული ადამიანი ჰყოლოდა, რადგანაც ყველა უბედურებისგან ხსნას სწორედ განათლებაში ეძებდა. ეს აზრი იმდენად ჰქონდა გამჯდარი, რომ განათლებაზე წინ სიყვარულის დაყენება და ნაადრევად ოჯახის შექმნა საკუთარ შვილიშვილსაც კი არ აპატია.
ოლღა გუბელაძე შვილებით
- ეს ამბავი უნდა მომიყვეთ...
- როგორც გითხარით, კონსტანტინეს­ ექვსი შვილიშვილი ჰყავდა და თვითონ ითავა მათი გზაზე დაყენება. სამივე ვაჟი და სამივე ქალი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა. ქალები გათხოვდნენ­ და მშვენიერი ოჯახები შექმნეს, ვაჟები, გუძა და სიმონი, პეტერბურგში წავიდნენ­ სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში სასწავლებლად. სიმონი ქუთაისის პირველი ფიზიოთერაპიული საავადმყოფოს დამა­არსებელი გახლდათ, გუძა კი, უკვე 25 წლისა, მედიცინის დოქტორი (სამწუხაროდ,­ ის როსტოვში გარდაიცვალა 30 წლის ასაკში). ასე რომ, ძმების შემდეგ ბაბუაჩემი გრიგოლიც უნდა წასულიყო პეტ­ერბურგში სასწავლებლად, მაგრამ ზუსტად­ ამ დროს გამოაცხადა, ცოლი მომყავსო, თუმცა უკვე მოყვანილი ჰყოლია - ქუთაისელი მღვ­დლის, გუბელაძის ქალიშვილზე, ოლღა გუბელაძეზე საიდუმლოდ დაქორწინებულა.­ ჰოდა, კონსტანტინე ჩიქოვანმა შვილიშვილს­ შეუთვალა, თუ განათლებას დაქორწინება­ არჩიე, დაე, იყავი და ოჯახს მოუარე, მაგრამ პეტერბურგს და განათლებას დაემშვიდობე,­ ჩემგან კი არაფერს ელოდეო. მართლაც­, პეტერბურგს ვიღა ჩიოდა, ბაბუაჩემი გიმნა­ზიიდანაც გარიცხეს და ძლივსღა აღადგინეს.
მღვდელი გუბელაძე კონსტანტინეს როგორ გაუბედავდა, ახალდაქორწინებულებს რატომ არ იღებო, ამიტომ სიძე-ქალიშვილი ქუთაისში დაიტოვა საცხოვრებლად. კონსტანტინე ჩიქოვანმა მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ მიიღო ხუნწში შვილიშვილი და რძალი, ისიც იმიტომ, რომ მეორე შვილიშვილმა, გუძამ უთხრა, თუ არ მიიღებ, მეც დამკარგავ, ოქროსთმიანი 5 წლის ბიჭი ჰყავთ და ამ ბავშვზე უარის თქმა როგორ შეიძლებაო. კონსტანტინე გუძას სიტყვებმა მოალბო და შვილიშვილი და რძალი შინ მიიყვანა.

ბებიაჩემი ჰყვებოდა, როდესაც ხუნწში­ მივედით, კონსტანტინემ გიგლას ფეხებთან ოქროს ფული დაუყარა, ხუჭუჭა თავზე ხელი გადაუსვა და გვერდზე გაიხედა, რომ მისი გულჩვილობა არ დაგვენახაო. მერე კი სწორედ ამ გიგლამ გაზარდა ექვსი და-ძმა, რომლებიც "შერისხულ" ბაბუა-ბებიას ხუნწში გაუჩნდათ, თუმცა, როგორც ჩანს, ამ სიყვარულს ხანგრძლივად გაგრძელება მაინც არ ეწერა - ჩემი ბაბუა 40 წლისა­ გარდაიცვალა. მაშინ ბებიაც 40 წლის იყო. სწორედ მათ სიყვარულზე დაიწერა სიმღერა "გიმნაზისტი გიმნაზისტკას ეფიცება აძლევს სიტყვას"...

- ასეთი სიყვარულის შთამომავლები ბედნიერები უნდა ყოფილიყავით...
- ბედნიერება პირობითია. 40 წლის ქვრივად დარჩენილი ოლღას ბედნიერება­ ის იყო, რომ კარგი მამულიშვილები გაზა­რდა. მამაჩემის უფროსი ძმა გიგლა ხარაგაულ-აბასთუმან-ზეკარის მეტყევე გახლდათ. როდესაც საბჭოთა სახელმწიფოს მეტყევე მინისტრი ბონი საქართველოში­ ჩამოვიდოდა, მითითებებს გასცემდა თუ არა, მაშინვე გიგლასთან მიდიოდა ხარაგა­ულში. იქ მას ტყეში ქვევრი ედგა და ამ ქვევრის ღვინოზე საათობით საუბრობდნენ. არ ვიცი, რაზე, მაგრამ ვიცი, რომ ბონის დროს ტყისთვის ბევრი რამ გაკეთდა საქართველოში. ისიც ვიცი, რომ საუბარი არ გაუჭირდებოდათ, რადგან ბიძაჩემი უგანათლებულესი კაცი იყო და მის ბიბლიოთეკაში ისეთი წიგნები ეწყო, რომელთა შოვნაზე ჩვენ მხოლოდ ოცნება­ შეგვეძლო. დანარჩენი ბიძა-მამიდებიც ასეთები იყვნენ. მამაჩემს რაც შეეხება, ის განაგებდა მარტვილის სოფლის მეურნეობას. სხვათა შორის, მან შექმნა კერძო საკუთრების პრეცედენტი ქართულ სოფელში­ - გლეხებს დაუმუშავებელი მიწები იმ პირობით გადასცა, რომ სახელმწიფოსთვის მოსავალი თავიანთი სურვილისამებრ ჩაებარებინათ (როგორც წესი, მოსავლის უმეტესობა კოლმეურნეობას მიჰქონდა), დანარჩენი კი თავისთვის დაეტოვებინათ. ამ მეთოდით ხუნწში იმდენი მოსავალი მოვიდა, რომ მთელი საქართველო ამაზე ლაპარაკობდა.

- თქვენი ბედი როგორ წარიმართა?
- როდესაც მეუღლე გარდამეცვალა, მცირეწლოვანი შვილები დამრჩნენ და მძიმე წლებში მათი სათანადოდ აღზრდა როგორღაც შევძელი. წინა თაობებს იოლად­ არ გვიცხოვრია - ჩემი მეუღლე მერაბ ვეფხვაძეც 7 წლის იყო, როცა მამამისი, გიორგი, უკვე ცნობილი ექიმი, მეორე მსოფლიო ომში წაიყვანეს და ოჯახს აცნობეს, რომ ქერჩთან ბრძოლაში დაიღუპა, ომის დამთავრებიდან 22 წლის შემდეგ კი მის ოჯახში ზარი გაისმა, ჟორა ვარ და გერმანიაში ვარო. თურმე გადარჩენილა და გერმანიაში სახელგანთქმული ექიმიც გამხდარა. ჩემი დედამთილი დორა მონასელიძე მეუბნებოდა, მასზე შავი არც არასოდეს ჩამიცვამს, რადგანაც მის სიკვდილს გული არ მიგრძნობდაო.
მოკლედ, ჩემი მეუღლე მერაბი 30 წლის იყო, როდესაც მამას პირველად შეხვდა გერმანიაში. მამამისი ხელში ფუნთუშითა­ და მაწვნის ქილით მოვიდა. მერაბმა­ გაიოცა, ეს რად მინდოდა, მე ხომ უკვე დიდი ვარო, მაგრამ მამა ისეთ შვილთან მოვიდა, როგორიც ცნობიერებაში ჰყავდა ჩარჩენილი...

ასე რომ, ჩვენ, ყველანი, მძიმე ეპოქის შვილები ვიყავით. ვისურვებდი, ოდესმე ამ ეპოქის ექომ ჩაიაროს და სხვა თაობებისთვის მაინც დამყარდეს სიმშვიდე.
გიორგი ბერუჩაშვილი
18 აგვისტო 2019 04:48
"... რადგანაც ყველა უბედურებისგან ხსნას სწორედ განათლებაში ეძებდა. ეს აზრი იმდენად ჰქონდა გამჯდარი, რომ განათლებაზე წინ სიყვარულის დაყენება და ნაადრევად ოჯახის შექმნა საკუთარ შვილიშვილს არ აპატია"

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?