სად გადაიღეს ფილმის "ჯარისკაცის მამა" უმძიმესი სცენა და როგორ გამოიყურება დღეს ადგილი, სადაც გიორგი მახარაშვილმა ვენახი "იპოვა"?
სად გადაიღეს ფილმის "ჯარისკაცის მამა" უმძიმესი სცენა და როგორ გამოიყურება დღეს ადგილი, სადაც გიორგი მახარაშვილმა ვენახი "იპოვა"?
რუსული გაზეთის «Комсомольская правда»-ს რეგიონულ გამოცემა «КП – Калининград»-ში გამოქვეყნებულია სტატია, რომელიც კალინინგრადში, ანუ ყოფილ აღმოსავლეთ პრუსიულ კენინგსბერგში "კინოფილმ "ჯარისკაცის მამის" კადრების გადაღების დაწყების 55-ე წლისთავს ეძღვნება (ავტორი - ვლადისლავ რჟევსკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"ბოლო წლებში საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა, სამწუხაროდ, გართულდა. მაგრამ როგორმა პოლიტიკურმა ქარებმაც არ უნდა იქროლონ, ჩვენ მაინც სიამოვნებით ვუყურებთ ძველ, კეთილ ფილმებს, კინოსტუდია "ქართული ფილმის" მიერ გადაღებულს.

ფილმის კულმინაცია - ყოფილ კენიგსბერგში
ფილმის მთელი გადამღები
ჯგუფი კალინინგრადში 1964 წლის აგვისტოს შუახანებში ჩავიდა, მათზე ცოტა ადრე კი ქალაქს მთავარი მხატვარი ზურაბ მეძმარიაშვილი ეწვია - მას წინასწარ უნდა შეერჩია ადგილები გადაღებისათვის.

15 აგვისტოს კენიგსბერგში ფილმის ყველაზე ამაღელვებელი და პოპულარული კადრების გადაღება დაიწყო: უპირველესად, მამისა და შვილის დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა. სხვათა შორის,
როგორც მაყურებელს ახსოვს, ამ ეპიზოდს წინ უძღვის საბჭოთა მეომრების შეტევა შენობაზე, რომელიც 1945 წლამდე კენიგსბერგის ბირჟის ოფისს წარმოადგენდა, დღეს სახვითი ხელოვნების მუზეუმია განთავსებული (1964 წელს ეს ნაგებობა ჯერ ისევ ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში იყო).
ბრძოლის დასასრულს მეომრები თითქოსდა იმავე შენობის სახურავზე დროშას ჰკიდებენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი უკვე სხვა შენობის - სამეფო-ციხე-დარბაზის სახურავზე იმყოფებიან... ეს, როგორც კინემატოგრაფისტები ამბობენ ხოლმე, "კომბინირებული გადაღების" შედეგია. თუმცა ამ კინოხერხს თვით ის კალინინგრადელებიც ვერ ამჩნევენ, რომლებმაც თავიანთი ქალაქის ისტორია კარგად იციან.

რასაკვირველია, ამ დროს მაყურებლის ყურადღება ფინალური კადრებისკენაა მიპყრობილი: სამი წელი მამა ომში წასულ შვილს ეძებდა, თვითონაც ჯარისკაცი გახდა და ბოლომდე "შესვა" ფრონტული ცხოვრების მწარე ფიალა... ბოლოს შვილი კი ნახა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმა მოასწრო - სასიკვდილოდ დაჭრილი მამას ხელებში ჩააკვდა, მამამ დაუხუჭა თვალები და უცხო მიწას მიაბარა... ვერაფერს იტყვი, უძლიერესი კადრია.

"თვალებში ნაცრის შეყრა": პრუსიული ვენახი?
ჩვენი ქალაქის ახლოსაა გადაღებული "ჯარისკაცის მამის" კიდევ ერთი პოპულარული ეპიზოდი, რომელიც მაყურებელს ამახსოვრდება: მთავარი გმირი, ქართველი მევენახე კახეთიდან, "ფაშისტური მხეცის ბუნაგის" სიახლოვეს უცებ მშობლიურ პეიზაჟს - ვენახს დაინახავს. სერგო ზაქარიაძემ ეს კადრები - მევენახის შეხვედრა ვენახთან, ვაზთან - ძალიან მაგრად შეასრულა. უფრო სწორად, კი არ შეასრულა, არამედ მასში მთელი თავისი ცხოვრება განასახიერა: შეხედეთ, თვალებს არ უჯერებს და როგორ ეფერება ჭარმაგი მოხუცი ვაზს, ელაპარაკება, სიმღერას უმღერის... და უცებ იგი გაბრაზებული ტანკისტებს ეჩხუბება, რომლებიც რემონტის შემდეგ ძრავას ამოწმებენ და ტანკი პირდაპირ ვენახისაკენ დაძრეს, თუმცა იქვე გვერდით გზაც იყო.
ადგილი, სადაც ფილმში "ჯარისკაცის მამა" გიორგი მახარაშვილი ვენახს "პოულობს", ფილმის გადაღებისას და ახლა
ალბათ, ბევრმა ეს კადრები ამგვარადაც აღიქვა: თავდაპირველად თითქოს საბჭოთა ტანკისტების მხარეზე ხარ და ფიქრობ, - გამომივიდა ახლა ეს ქართველი პაპა და ვენახის დაცვა მომინდომა... დიდი ამბავი, გერმანელი ფაშისტების ვენახია! მიდი, ტანკით გადათელე! და იქვე ამ მოქმედების გამამართლებელი ფრაზაც ისმის:
- მოხუცო, განა ჩვენ გერმანელებმა იგივე არ გაგვიკეთეს?
მაგრამ მოხუცისათვის ეს არგუმენტი სწორი არგუმენტი არ არის:
- ამას ისინი სჩადიოდნენ. შენ რა, ფაშისტი ხარ?
ამ ყველაფერს თვალს გერმანელი ბავშვები ადევნებენ.
- აი, ამ პატარებს, - აჩვენებს მოხუცი ქართველი ჯარისკაცი ახალგაზრდა საბჭოთა ოფიცერ-ტანკისტს, - მიდი, ესროლე!
- კარგი ახლა, შენც ისეთ რაღაცას ამბობ, რომ... ვესროლო რა, ფაშისტი ხომ არ ვარ...
- და ვენახი არ გენანება, ხომ? ვაზი ხომ ცოცხალი არსებაა! გგონია, რომ მას არ სტკივა, ხომ? შენ ვენახი არ გაგიშენებია, ვაზი არ დაგირგავს, მიწა არ მოგიხნავს, შენ მხოლოდ ყურძნის ჭამა გიყვარს! ასეთი ახალგაზრდა ხარ და, ალბათ, ჯერ ერთი ხეც არ დაგირგავს, ვენახს კი ანადგურებ... მიდი, ტანკი უკან დასწიე!
და ტანკისტები ემორჩილებიან მოხუც მევენახეს, ქართველ ჯარისკაცს.

სხვათა შორის, ეს ეპიზოდი ბაგრატიონის რაიონის დაბა კორნევოსთან არის გადაღებული, ლუთერანულ ეკლესიასთან ახლოს. დღეს ამ ეკლესიისაგან მხოლოდ ნანგრევია დარჩენილი - 1970-იან წლებში შენობა აგურებად დაშალეს და მისგან მხოლოდ ერთი "კბილმოტეხილი" კედელი დატოვეს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ომის დასასრულს ცინტენი, ანუ ახლანდელი კორნევო თითქმის მთლიანად მიწასთან იყო გასწორებული, 1964 წელს ეკლესია საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. გარდა ამისა, კორნევოსთან კადრები იმიტომ გადაიღეს, რომ იქვე ახლოს სატანკო ნაწილი იყო დისლოცირებული და ტანკების გადმოტანა შორიდან აღარ დაჭირდათ.

კორნევოელებს დღესაც ახსოვთ ფილმის გადაღების პროცესი, რაც დაბის ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. მაგალითად, მათთვის განსაკუთრებით გასაოცარი იყო, რომ ერთ მშვენიერ დილით გაიღვიძეს და თვალს არ დაუჯერეს - დაბის გარეუბანში ქართული ვენახი გაჩნდა! "კინოშნიკებმა" ერთ დღე-ღამეში ვენახი "გააშენეს"! არადა, სინამდვილეში ის ადგილი, სადაც გიორგი მახარაშვილი ვაზს ეფერება, უდაბური ადგილი იყო (და ახლაც ასეა).
ის ბუტაფორიები, რომლებიც მაყურებელს ნამდვილი ჰგონია, ფილმის გადამღებთა ოსტატობას ასახავს, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ვენახის არსებობა აღმოსავლეთ პრუსიაში ფანტასტიკა არ არის - ამ სითბომოყვარულ სამხრეთულ მცენარეს ჩვენთან ენთუზიასტები ადრეც ჰყავდა და ახლაც ბევრნი არიან.

ფერადი "ჯარისკაცის მამა"
ბოლო წლებში ბევრი "შავ-თეთრი" ფილმი გააფერადეს - როგორც თვლიან, ასეთი ტექნოლოგიით სარგებლობა ძველ ფილმებს თანამედროვეს ხდის, ახალგაზრდა თაობასთან აახლოვებს. ზოგიერთ ფილმთან მიმართებით ასეთი მეთოდი ხშირად წარუმატებელია, მაგრამ "ჯარისკაცის მამას" ნამდვილად მოუხდა ("გადერადებული" ფილმის პრემიერა 2013 წელს 10 მაისს მოეწყო), მას ახალმა ფერებმა ახალი ასპექტები შესძინა. თუმცა, კაცმა რომ თქვას, როგორი ძლიერი ნებისყოფის მქონე მაყურებელი არ უნდა იყოს, მისი ნახვის დროს ცრემლები ყოველთვის წამოუვა, ფერების მიუხედავად. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამაში თავისი წვლილი კალინინგრადულმა ბუნებამაც შეიტანა. წყარო

მოამზადა  სიმონ კილაძემ
niko
19 სექტემბერი 2019 18:50
ფილმის კულმინაციას - "დედაშენს რა ვუთხრა ბიჭო!..." - არ მგონია ვინმემ გაუძლოს (ქართველმა, (ალბათ სხვამაც...)), რაცარუნდა ფოლადის ნერვი ჰქონდეს!
status quo
17 აგვისტო 2019 23:44
უმაგრესი ფილმია.რაც ხანში შევედი,უკვე ვერ ვუყურებ,იმდენად განვიცდი.
mariana
17 აგვისტო 2019 22:35
ეხლა კიდევ ვინც გაიხდის ის მსახიობია!!!ათი წუთის საკმარისია რომ ნახოს და მოისმინოს ადამიანმა ეს ფინალი,მას აუცილებლად ცრემლი წასკდება(თუ ნორმალურია).......
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები