"სტალინმა რიჰარდ შულცე ადღეგრძელა და უთხრა, გიხდება ეს-ეს-ის ფორმა ვერცხლისფერი ნაკერებითო" - დოკუმენტი, რომელმაც ფაშისტები და კომუნისტები დაამეგობრა - კვირის პალიტრა

"სტალინმა რიჰარდ შულცე ადღეგრძელა და უთხრა, გიხდება ეს-ეს-ის ფორმა ვერცხლისფერი ნაკერებითო" - დოკუმენტი, რომელმაც ფაშისტები და კომუნისტები დაამეგობრა

80 წელი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე ხელმოწერიდან: დიპლომატიური კურიოზები ფაშისტებისა და ბოლშევიკების მეგობრობის შესახებ

ბრიტანულმა სამაუწყებლო ტელერადიოკომპანია ბი-ბი-სი-ს რუსულმა სამსახურმა, გერმანია - საბჭოთა კავშირის შორის 1939 წლის 23 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების (ე.წ. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის) 80 წლისთავთან დაკავშირებით, საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე და დიპლომატიურ კურიოზებზეა ლაპარაკი (ავტორი - არტემ კრეცეტნიკოვი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

"საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში ძალიან იშვიათია შემთხვევები, როცა ერთმანეთის მოსისხლე და დაუძინებელი მტრები უეცრად მეგობრებად გადაიქცევიან ხოლმე. ასე მოხდა გერმანიის ("მესამე რეიხის") საგარეო საქმეთა მინისტრს იოაჰიმ ფონ-რიბენტროპსა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის ვიაჩესლავ მოლოტოვის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით, რომელიც ისტორიაში "რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის" სახელით შევიდა. როგორც ცნობილია, ამ დოკუმენტის საიდუმლო მუხლებით ადოლფ ჰიტლერმა და იოსებ სტალინმა აღმოსავლეთ ევროპაში ტერიტორიები გადაინაწილეს - ისე, რომ რეგიონში მდებარე სახელმწიფოებმა არაფერი იცოდნენ.

რადგანაც შეთანხმების დადებამდე საბჭოთა მოქალაქეებს, ბოლშევიკური აგიტაცია-პროპაგანდის მიხედვით მიაჩნდათ, რომ ფაშისტური გერმანია საბჭოთა კავშირის პირსისხლიანი მტერი იყო, მათთვის, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო გერმანელი ფაშისტებისა და საბჭოთა კომუნისტების უეცარი დამეგობრება ("მეგობრობა" - ეს სიტყვა იყო ჩაწერილი ორმხრივ დოკუმენტში). ასეთი მოულოდნელი ფაქტი გონებისათვის ძნელად აღსაქმელი იყო. უფრო მეტიც - შეთანხმების დადების შემდეგ ისეთი უცნაური ფაქტები ხდებოდა, რომ დღევანდელი გადასახედიდან არ იცი, იტირო თუ იცინო.

ფიურერს ხელი არ ახლო!

1940 წლის ივლისში საბჭოთა კავშირმა, შეთანხმების თანმხლები საიდუმლო ოქმების ძალით, რუმინეთის ტერიტორიის - ბესარაბიის (დღევანდელი მოლდოვას) ანექსია მოახდინა ან თუ გნებავთ, "რუსეთის იმპერიის ტერიტორია დაიბრუნა". აქ მცხოვრებ ეთნიკურ გერმანელებს წინადადება მიეცათ ან მესამე რეიხში (ისტორიულ სამშობლოში - ფატერლანდში) დაბრუნებულიყვნენ, ან საბჭოთა მოქალაქეები გამხდარიყვნენ. პრაქტიკულად, ყველამ პირველი ვარიანტი არჩია.

გერმანელი რეპატრიანტებისათვის გაიხსნა სარეგისტრაციო პუნქტები, მათ შორის სოფელ ჩობანოვკაში, კიშინიოვიდან 40 კილომეტრზე, სადაც 342 ფოლკსდოიჩე ცხოვრობდა, ანუ ძველი გერმანელი კოლონისტების შთამომავლები, რომლებიც რუსეთის კუთვნილ ამ ადგილებში ჯერ კიდევ გრიგორი პოტიომკინის მმართველობის დროს ჩამოსახლდნენ (გრ.პოტიონკინი სამხრეთ რუსეთისა და შავიზღვისპირეთის - ყირიმისა და თავრიდის - მმართველი იყო მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში).

1940 წლის 25 სექტემბერს გერმანელებმა თავიანთი მისია დაასრულეს და ნელ--ნელა ბარგის შეკვრა დაიწყეს. ცოტა ხნის შემდეგ ადგილობრივმა საბჭოთა ჩეკისტებმა ლავრენტი ბერიას მოადგილეს - ვსევოლოდ მერკულოვს და უკრაინის სსრ-ის შინსახკომს ივანე სეროვს, რომელსაც დროებით ექვემდებარებოდა ახლადშექმნილი მოლდავეთის სსრ-ის ტერიტორია, საგანგებო შემთხვევის შესახებ მოახსენეს: თურმე რეპატრიაციის პუნქტში ყარაულად მომუშავე გლეხს ივანე ნაგორნიაკს გერმანული დროშა ფეხით გაუთელავს და ადოლფ ჰიტლერის სურათი დაუხევია! გერმანელებმა საჩივარი დაწერეს და რა ვქნათო.

ვსევოლოდ მერკულოვმა იმ წუთშივე გასცა ბრძანება - ივანე ნაგორნიაკი ვინაა, კარგად შეისწავლეთ, პროვოკატორი ხომ არ არისო. კიშინიოვიდან ჩობანოვკაში სპეციალური ოპერჯგუფი ჩავიდა. როგორც გაირკვა, ივანეს მთელი თავისი ცხოვრება რუმინეთში ჰქონდა გატარებული, საბჭოთა მოქალაქე არ ყოფილა, მაგრამ ადოლფ ჰიტლერი და გერმანელები არ მოსწონდა. არავინ იცის, რა ამოძრავებდა საბჭოთა ჩეკისტებს, მაგრამ მათ საქმეში ჩაწერეს, რომ ნაგორნიაკი გაუნათლებელი გლეხია, არ იცოდა რას აკეთებდაო. ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. როგორც ჩანს, დაკითხვის ოქმში რომ ჩეკისტებს გლეხი განათლებულად შეერაცხათ, მას თავს აუცილებლად "გულაგში" უკრავდნენ - როგორც ინგლისელ ჯაშუშს, რომელსაც საბჭოთა კავშირ-გერმანიის ურთიერთობის გაფუჭება სურდა.

ვერ შეეწყო გერმანელებს კიდევ ერთი ისტორია გადახდა ადამიანს, რომელსაც სულ სხვა სტატუსი ჰქონდა. ნიკოლაი ივანოვის შესახებ თავის დროზე ცნობილი მწერალი ილია ერენბურგი და მეცნიერი იოსებ შკლოვსკი ჰყვებოდნენ, რომლებიც პირადად იცნობდნენ.

1939 წლის ზაფხულში ნკოლაი ივანოვი პარიზში არსებული საბჭოთა საელჩოში პირველი მდივნის თანამდებობაზე დანიშნეს. 1940 წლის მარტში (ანუ იმ დროს, როცა საფრანგეთ-გერმანიის ომი ჯერ არ იყო დაწყებული) საელჩოში გამართულ კრებაზე "მხურვალედ მოიწონეს საბჭოთა საგარეო პოლიტიკა, რომელიც ფრანგულ-ინგლისური იმპერიალიზმის ხრიკების წინააღმდეგ არის მიმართული. ელჩმა იაკობ სურიცმა იოსებ სტალინთან და ვიაჩესლავ მოლოტოვთან დეპეშები აფრინა. ტექნიკური მუშაკის დაუდევრობით, როგორღაც მოხდა, რომ დეპეშები შიფრის გარეშე გაიგზავნა. რასაკვირველია, მეორე დღეს დეპეშების ტექსტში პარიზის გაზეთებმა გამოაქვეყნეს. ფრანგებმა საბჭოთა ელჩი "პერსონა ნონ-გრატად" გამოაცხადეს. ელჩის მოვალეობის შესრულება ნიკოლაი ივანოვს დაევალა.

ცოტა ხანში გერმანია თავს დაესხა საფრანგეთს და მოკლე დროში დაამარცხა. ნიკოლაი ივანოვი ადგილობრივ ფრანგ კომუნისტებს დაეხმარა და გერმანელებისაგან დევნის გამო თავშეფარი მისცა. საელჩოში იმალებოდნენ აგრეთვე ფრანკოსაგან გამოქცეული ესპანელი რესპუბლიკელებიც, რომლებსაც ივანოვი შვეიცარიაში გადასასვლელად ეხმარებოდა.

ჰოდა, როგორც ყოველთვის ხდებოდა იმ დროს, საელჩოში დიპლომატის სახელს ამოფარებულმა შინსახკომის აგენტმა მოსკოვს აცნობა, რომ "ნიკოლაი ივანოვს ცუდად ესმის მიმდინარე მომენტი და თავისი მოქმედებით კომუნისტებსა და ფაშისტებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს ზიანს აყენებსო"!

1941 წლის დასაწყისში ნიკოლაი ივანოვი მოსკოვში გამოიძახეს. იგი პარიზ-მოსკოვის მატარებლიდან პირდაპირ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ ვიაჩესლავ მოლოტოვთან წავიდა. კაბინეტში შესვლისას მოლოტოვი მიესალმა ივანოვს და გულთბილად მოიკითხა: როგორ იმგზავრეთ? თქვენზე მითხრეს, რომ გერმანელებს ვერ ეწყობაო... არა უშავს, დაისვენეთ და ხვალ მოდით, ყველაფერზე ვისაუბროთ".

მაგრამ... იმ ღამით ნიკოლაი ივანოვის სახლთან შინსახკომის შავი მანქანა გაჩერდა...

გამომძიებლები არ ჩქარობდნენ. ამასობაში გერმანელები თავს დაესხნენ საბჭოთა კავშირს, ვერმახტი მოსკოვს მიუახლოვდა... ნიკოლაი ივანოვი კი ციხეში იჯდა და ბედს ელოდებოდა. ბოლოს, 1941 წლის სექტემბერში კი შინსახკომის "ტროიკამ" იგი ხუთი წლით "გულაგში" გაგზავნა... ანტიფაშისტური პროპაგანდის გამო. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია!

ნიკოლაი ივანოვმა პატიმრობა ბოლომდე მოიხადა, მაგრამ დიპლომატიურ სამსახურში აღარ დაბრუნებულა.

ლამაზი ფორმა მესამე დიპლომატიური კაზუსი ხელისუფლების უმაღლესი მწვერვალზე მოხდა, კრემლში. იოახიმ ფონ რიბენტროპი და რიჰარდ შულცე

1939 წლის 27-28 სექტემბერს იოაჰიმ ფონ-რიბენტროპი მოსკოვში ისევ ჩაფრინდა, რაა პოლონეთის გაყოფის დასაბოლოვებლად და "მეგობრული საზღვრების შესახებ" შეთანხმებაზე ხელმოსაწერად. კრემლში გამართულ ბანკეტზე, როგორც გერმანიის საელჩოს მაშინდელი მდივანი გუსტავ ჰილგერი წერს მემუარებში, 22 სადღეგრძელო წარმოითქვა, თუმცა შემდეგ ავტორს ანგარიში აერია, რადგან თვითონაც დათვრა.

მოკლედ, კავკასიური ტრადიციის თანახმად, იოსებ სტალინი ყველას მიესალმა და პირადად მიაწოდა ქართული ღვინით სავსე ბოკალები. მათგან ერთ-ერთი იყო იოაჰიმ ფონ-რიბენტროპისაგან ცოტა მოშორებით მდგარი ადიუტანტი, 25 წლის რიჰარდ შულცე. რასაკვირველია, მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სასმელი ეკრძალებოდა, მაგრამ როცა თვით სტალინმა გამოგიწოდა ბოკალი, უარს როგორ იტყვი? სტალინმა იგი ადღეგრძელა, როგორც "ყველაზე ახალგაზრდა ჩვენს შორის" და შენიშნა - "ძალიან გიხდება ეს-ეს-ის ფორმა ვერცხლისფერი ნაკერებითო". საბჭოთა ბელადმა ისიც უთხრა, რომ "კიდევ ჩამოდი საბჭოთა კავშირში, თან აუცილებლად სამხედრო მუნდირშიო".

კაცმა რომ თქვას, რიჰარდ შულცემ პირნათლად შეასრულა იოსებ სტალინის თხოვნა: იგი საბჭოთა კავშირში 1941 წლის ივლისში ჩამოვიდა, სამხედრო ფორმაში, მაგრამ არა სამეგობროდ, არამედ საბრძოლო მიზნით. ობერშტურბანფიურერმა შულცემ ომი "ნიბელუნგების" დივიზიის მეთაურის რანგში დაასრულა, შემდეგ მოკავშირეთა მხარეზე გადავიდა, გფრ-ში ცხოვრობდა და რამდენიმე წიგნიც დაწერა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ