საქართველო-სომხეთის ომი - კვირის პალიტრა

საქართველო-სომხეთის ომი

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #44-45)

ჩვენი გაზეთის წინა ორ ნომერში სომხეთ-საქართველოს ომის "გვერდით მოვლენებზე" ვისაუბრეთ - ანუ შეძლებისდაგვარად აღვწერეთ ჩვენში და სომხეთში არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობა ომის წინ, მთავრობის, ხალხისა თუ არმიის, ზურგისა თუ სამობილიზაციო სამსახურების მზადყოფნა ომისათვის, საქართველოს შიდა მტრების განწყობა და ძირგამომთხრელი საქმიანობა...

დღეს უშუალოდ ომის მიმდინარეობას გავიხსენებთ - მის დასაწყისსა და დასასრულს თვით ბრძოლის ველზე, სადაც, დიპლომატიური და პოლიტიკური ასპარეზისგან განსხვავებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველ ჯარისკაცთა და ოფიცერთა სიმამაცე, პატრიოტობა და პროფესიონალიზმი...

ცხადია, გაზეთის სპეციფიკა საშუალებას არ გვაძლევს, ყველაფერზე ვისაუბროთ, თუმცა შევეცდებით, მონაწილეთა მოგონებების მიხედვით მიმოვიხილოთ უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები მაინც.

ტრაფარეტულად ქცეული ფრაზის - ისტორია მეორდებაო, სრულ ჭეშმარიტებაში იმდროინდელი ამბებიც გვარწმუნებს: ერთი კვირის წინ სტატიის მეორე ნაწილი საფრანგეთის ვიცე-კონსულის მიერ ოფიციალურად გამოთქმული "მწუხარებით" დავასრულეთ, რაც ძალიან ჰგავს დღევანდელი ჩვენი დასავლელი პარტნიორების "შეშფოთებას";

ზუსტად ასევე არ შეიძლება ქართველ კაცს სიმწრის ღიმილი არ მოჰგვაროს და 90-იანი წლების აფხაზეთის ომი არ მოაგონოს 1918 წლის სომხეთთან ომის მონაწილე პატრიოტების მოგონებებმა, სადაც აღწერილია, როგორ მიატოვა მათ მიერვე ბრძოლით აღებული სტრატეგიული მაღლობი გვარდიის ნაწილმა და სოფელში ჩაის დასალევად ჩავიდა(?!)

მეორე დღეს ისევ აიღეს ის მაღლობი და არმიის მეთაურთა ბრძანების მიუხედავად, ისევ "ჩაი მოუნდათ" საღამოს(!!!) მომდევნო დილას ისევ დაიფრინეს მტერი მაღლობიდან და ტყვიამფრქვევებიც დაატოვებინეს მოკლულებსა და ტყვეებთან ერთად, მაგრამ ძვირფასი დრო დაიკარგა... გვარდია იყო სწორედ ის ძალა, რომელიც არ ემორჩილებოდა ჯარის სარდლობას და მიუხედავად უდავო სიმამაცისა და პატრიოტობისა, ისინი მმართველი ელიტის ინტერესების დამცველები უფრო იყვნენ, ამიტომ ომში მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი არც ისე მაღალი იყო...

მაშ ასე: როდესაც თურქები სომხეთის ტერიტორიებს ზედიზედ იპყრობდნენ, ჩრდილოეთისკენაც სცადეს ბედი, მაგრამ დასახლებულ პუნქტ სანაინთან ქართულმა ჯარმა, იქ დისლოცირებულ გერმანულ კორპუსთან ერთად შეძლო მათი შეჩერება. ქართველებმა იქ სასაზღვრო რაზმი ჩააყენეს და პატარ-პატარა უსიამოვნებები პირველი დღეებიდანვე დაიწყო - ადგილობრივი სომხები ჩვენს მესაზღვრე რაზმს ოსმალებისგან გადამრჩენად კი არა, დამპყრობად აღიქვამდნენ და როდესაც, ჯერ კიდევ ოქტომბერში, სომხების ორი ლეგიონი გაუფრთხილებლად გადმოვიდა საზღვარზე და სადგურ კობერთან სანაინის მიდამოები დაიკავა, სწორედ იქაური გლეხობა იყო მათი მთავარი დასაყრდენი...

თითქმის ორი თვის განმავლობაში - ოქტომბრიდან დეკემბრის დასაწყისამდე - არ წყდებოდა განუწყვეტელი თავდასხმები ქართველ ჯარისკაცებზე. ცხადია, სანაინში დისლოცირებული მცირერიცხოვანი რაზმის მეთაური - ბორჩალოს მაზრის გენერალ-გუბერნატორად დანიშნული გენერალი წულუკიძეც და ვორონცოვკაში მყოფი ნაწილის უფროსი გენერალი ციციშვილიც მუდმივად ატყობინებდნენ თბილისს ამის შესახებ, მაგრამ იქიდან ერთი და იგივე პასუხი მოდიოდა: ეგ გაუგებრობაა, ყაჩაღური ბრბოებია, სომხეთის მთავრობა თავად მიხედავს მაგათო... არადა, მსხვერპლი თანდათან მატულობდა და არაერთხელ  დადასტურდა ისიც, რომ თავდასხმებში სომხეთის რეგულარული ჯარის მზვერავები და ჯარისკაცები მონაწილეობდნენ; ქართველებმა ტყვეებიც აიყვანეს, მაგრამ თბილისის ბრძანებით გაათავისუფლეს და... იარაღიც დაუბრუნეს(!)

საქართველოს მთავრობა ამ დროს "ცივილიზებულ, დიპლომატიურ ბრძოლას" აწარმოებდა, მაგალითად, ასეთს: 6 დეკემბერს სომხეთის მთავრობას საპროტესტო ნოტის პასუხად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისწერა: - ჩვენ მიერ ახალქალაქის მაზრის დაკავება იმით არის გამოწვეული, რომ თურქების გასვლის შემდეგ იქაურობა უპატრონოდ დარჩა და უწესრიგობები დაიწყო. დალაგდეს სიტუაცია და ტერიტორიულ საკითხებზე მერე ვისაუბროთო (?!).

ამ დიპლომატიური "პინგ-პონგის" პარალელურად სომხები "სომხურად", ანუ ჭკვიანურად მოქმედებდნენ - თავგამოდებით ემზადებოდნენ ომისათვის: თხრიდნენ სანგრებს,  აწყობდნენ საველე ლაზარეთებს, ამზადებდნენ რეზერვს...

გენერალი მაზნიაშვილი თავის მოგონებებში ახსენებს ტყვე სომხისთვის ჩამორთმეულ დოკუმენტს, რომელშიც პოლკოვნიკი ტერ-ნიკოღოსოვი უბრძანებს პრაპორშიკ ტერ-პეტროსიანს, რომ წავიდეს ერთ-ერთ სოფელში, სასწრაფოდ შეკრიბოს 20-დან 32 წლამდე ახალგაზრდები, შეადგინოს ასეულები და ხვალვე გამოგზავნოს სია. იქვე უთითებს დაუყოვნებლივ დასაწყები ვარჯიშების ყოველდღიურ განრიგს: "1/2 საათი ტანისვარჯიშობა, 1/2 საათი სიტყვიერი სწავლა და 1 საათი სასროლი და საველე წესდებანი..." ასევე უბრძანებს: დაჰყავით გუნდებად, დანიშნეთ უნტეროფიცრები და ა.შ. რაც მთავარია, ეს დოკუმენტი 1-ელ ნოემბრით თარიღდება, ანუ საქართველოს მიერ ომის ოფიციალურად აღიარებამდე თვე-ნახევრით ადრე"...

სომხების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ყველაზე ახლომდებარე პუნქტი სანაინი იყო. პირველად სწორედ სანაინის სასაზღვრო საგუშაგოს დაესხნენ თავს სომხური ნაწილები, უკვე ღიად, ყოველგვარი დივერსიებისა და იარაღიანი გლეხების გარეშე. გენერალ-გუბერნატორი წულუკიძე უშუალოდ მეთაურობდა მათ წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა ამაოდ - ოცჯერ მეტი მტრისგან უკუქცეული, ვერსად გამაგრდა და რაზმის მცირე ნაწილითღა გამოაღწია სანაინის ვიწრო ხეობიდან... სანაინში შეჭრილმა მტერმა არც ერთი ტყვე არ აიყვანა, ხოლო გვამები ადგილობრივმა მოსახლეობამ გაძარცვა და შეურაცხყო!

თბილისი კი ჯიუტად არ აღიარებდა ომის დაწყებას, თუმცა სანაინის ხეობაში ჩარჩენილი წულუკიძის დასახმარებლად ჯავშნოსანი მატარებლით მაინც გაგზავნეს ორი ასეული პოლკოვნიკ ვაჩნაძის მეთაურობით და ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო: საერთო მეთაურობის არარსებობის პირობებში, ჯავშნოსანი მატარებლით მიმავალნი, სადახლოში არავინ გააფრთხილა სანაინში არსებული მდგომარეობის შესახებ და 250 კაცი 3500 მოწინააღმდეგის პირისპირ აღმოჩნდა ვიწრო ხეობაში! ვინც გადარჩა, თითქმის ყველა ტყვედ ჩავარდა, მხოლოდ მტრისთვის შეტოვებული ჯავშნოსანი მატარებლის მწყობრიდან გამოყვანა მოასწრეს ქართველებმა.

სომხები წინ მოიწევდნენ - 13 დეკემბერს გენერალ ციციშვილის შენაერთის გმირული წინააღმდეგობაც ამაო გამოდგა (ეს სწორედ ის შენაერთია, რომლის 150 კავალერისტი თბილისში გაიწვიეს, 12 დეკემბერს გვარდიის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მონაწილეობის მისაღებად). წარმოიდგინეთ ძალთა ბალანსი: ციციშვილს ჰყავდა საგუბერნიო ათასეულის ერთი ასეული და სანაპირო რაზმი, სულ 200 კაცი და 4 ტყვიამფრქვევი. მტრის შემადგენლობა კი ასეთი იყო:

ქვეითი ლეგიონის ექვსი ასეული, 2 ზარბაზანი, მეტყვიამფრქვევეთა რაზმი 8 "მაქსიმის" და 6 "კოლტის" ტყვიამფრქვევით, ცხენოსან მზვერავთა რაზმი (20 კაცი); სულ 6 ასეული, 2 ზარბაზანი, 14 ტყვიამფრქვევი და 20 ცხენოსანი მზვერავი...

ამ დროს კი თბილისში მთვრალი გვარდიელები ქეიფობენ, საწყობები სურსათითა და იარაღითაა სავსე, მთავრობა კი ისევ "იმედს გამოთქვამს", რომ მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელობა დამნაშავეებს დასჯის!

...როგორც იქნა, 17 დეკემბერს მობილიზაცია გამოცხადდა. შულავერი-სადახლოს ფრონტის სარდლად გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა,  მისი შტაბის უფროსად კი - გენერალი კვინიტაძე და თუ მანამდე საქართველოს ეს ომი არ აღელვებდა, ახლა საოცარი ერთიანობა გამოავლინა ჯარმაც, გვარდიამაც, მთელმა ერმაც და 17 დეკემბრის შემდეგ თვით სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამაც!

ახლა შეუძლებელია ყველა ლოკალური შეტაკების აღწერა, მაგრამ უმთავრესი მომენტები ამ ბრძოლისა მაინც უნდა გავიხსენოთ (საბედნიეროდ, უამრავი მასალაა მაშინდელ ქართულ პრესაში, თანამედროვეთა საზღვარგარეთ თუ საქართველოში დაბეჭდილ მოგონებებში, არქივებში; 2007 წელს ბ-ნი არჩილ ჩაჩხიანის შესანიშნავი წიგნიც გამოვიდა, სადაც დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით ყველაფერი დაწვრილებით და მართლადაა აღწერილი):

სანაინის აღების შემდეგ სომხებმა ჩრდილო-დასავლეთით, ვორონცოვკისკენ მიიტანეს იერიში, საიდანაც ბოგდანოვკა-ახალქალაქის ფრონტისკენაც ეხსნებოდათ გზა და ეკატერინფელდისკენაც (ასე ერქვა მაშინ ბოლნისს). სომხური ჯარის მთავარსარდლის, გენერალ დრასტამატ კანაიანის (მეტსახელად დროს) ბრძანებაში, რომელიც ჩვენებს მოგვიანებით ჩაუვარდათ ხელთ, განსაკუთრებით არის აღნიშნული ვორონცოვკის მნიშვნელობა და ნაბრძანებია, ჯარმა სვლა განაგრძოს მდინარე ხრამამდე!

ბრძანება შესრულდა - ხრამამდეც მივიდნენ და ვორონცოვკისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გორელოვკა-პრივოლნოეს გარდა, აღმოსავლეთით შულავერი და სადახლოც დაიკავეს! რუკას თუ დახედავთ, მიხვდებით, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო ფრონტზე, სანამ საქართველო ოფიციალურად დაიწყებდა წინააღმდეგობის გაწევას: დასავლეთით ბოგდანოვკის გავლით ახალქალაქის აღებამდე, აქეთ კი მდინარის გადალახვისა და ბორჩალოს (მარნეულის) დაკავებამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა, ეს კი სომხების მთავარი ოცნების - თბილისის აღების წინა პირობა იყო.

აქ არ შეიძლება ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ გენერალ დრასტამატ კანაიანის შესახებ. დრო მისი პარტიული ფსევდონიმია (როგორც კამო - სიმონ ტერ-პეტროსიანისა). ისევე, როგორც კამო, დროც პროფესიონალი ექსპროპრიატორი და ტერორისტი იყო, მან ააფეთქა 1905 წლის 11 მაისს ბაქოს გუბერნატორი ნაკაშიძე და მასთან მყოფი გ. თაყაიშვილი, რომლებიც სომხებისა და აზერბაიჯანელების შერიგებას ცდილობდნენ. ამასთან, ეს დრასტამატ-დრო იყო 1905 წლის 21 ნოემბერს თბილისის გარეუბნებში "დაშნაკების" სამხედრო ფრთის მიერ სომხებისათვის "ადგილების გასათავისუფლებლად" ორგანიზებული ქართველთა ხოცვა-ჟლეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი... და ყველაზე მთავარი: გენერალი დრო სომხეთში ეროვნულ გმირადაა აღიარებული!

ისევ მდინარე ხრამის ნაპირებზე განვითარებულ მოვლენებს დავუბრუნდეთ:

17 დეკემბერს სარდლად დანიშნული მაზნიაშვილი კვინიტაძესთან ერთად სასწრაფოდ გაემგზავრა ბრძოლის ველისკენ; მობილიზაცია ახალი გამოცხადებული იყო და მისი სამეთაურო მატარებელი ფაქტობრივად ცარიელი - ერთი ესკადრონისა და შტაბის ამარა გაემგზავრა. დილის 4 საათზე უკვე სადგურ სანდარაში იყვნენ, სადაც მას ჯავშნიანი მატარებელი და მისი მეთაური, ვალოდია გოგუაძე დახვდა (ეს კაცი პირველი იყო, ვისაც მთავრობამ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა;

მის საოცარ სიმამაცეზე, შევეცდებით, მომავალში მოგითხროთ) და შექმნილი მძიმე მდგომარეობა გააცნო. ახლა მთავარი იყო, მობილიზებული ნაწილების ჩამოსვლამდე მტერს მდინარე არ გადმოეკვეთა.

გენერალი კვინიტაძე წერს თავის მემუარებში: როდესაც გენერალ წულუკიძის დეპეშის მიხედვით რუკაზე ჩვენი დარჩენილი ნაწილების განლაგება აღვნიშნეთ, გვეგონა დეპეშაში შეცდომა იყო, იმდენად უიმედო სიტუაცია იხატებოდაო.

19-ში, დილის 4 საათზე, მაზნიაშვილის თანაშემწე, გენერალი სუმბათაშვილი ერთადერთი ესკადრონითა და გოგუაძის ჯავშნოსნით მიეჭრა მტერს და უკან დაახევინა, სუმბათაშვილი არ შეჩერდა და რკინიგზის ხაზზეც მიიტანა იერიში. შეშინებულმა სომხებმა რკინიგზაც დატოვეს და შულავერის ირგვლივ მდებარე სტრატეგიული სიმაღლეებიც.

კვინიტაძე დარწმუნებით ამბობს, რომ ამ ბორცვებიდან უკვე შეიძლებოდა გადამწყვეტი შეტევის წამოწყება, მით უმეტეს, რომ ამასობაში რეზერვიც ჩამოვიდა: "ახლა გადამწყვეტ როლს ითამაშებდა ენერგიული ქმედება და წულუკიძის სწრაფი სვლა სადახლოსკენ. ამას თუ მოვახერხებდით, ერევნამდე ისე გავიდოდით, რომ აღარავინ გაგვიწევდა წინააღმდეგობას," - წერს გენერალი. მაგრამ ფლანგის გასამაგრებლად გაგზავნილმა წულუკიძემ ისევ დააგვიანა.

დაახლოებით 26 დეკემბრის შემდეგ, როდესაც სომხებმა შეტევებს ვერ გაუძლეს და შულავერიდან გაიქცნენ, ქართული ჯარის ერთადერთი ფუნქცია მხოლოდ მტრის დევნა და მათ მიერ აღებული სოფლების გათავისუფლება იყო.

31 დეკემბერს, საღამოს, კიდევ ექვსი ეშელონი უნდა გადმოტვირთულიყო; მაზნიაშვილმა და კვინიტაძემ ჯარს შესაბამისი დავალებები მისცეს, 1-ელ იანვარს, გათენებისას ერთდროულად უნდა აეღოთ სხვადასხვა ნაწილებს სანაინი და ალავერდი, ხოლო ამის შემდეგ დაიწყებოდა ძალაგამოლეული მტრის იქამდე დევნა, სანამ სამუდამოდ არ გაუქრებოდათ აქეთ გამოხედვის სურვილი...

მაგრამ, სწორედ იმ დროს, დღის 4 საათზე აცნობეს მაზნიაშვილს: ინგლისელების მოთხოვნით, ჟორდანიამ ბრძანა, რომ ბრძოლა უნდა შეწყდეს და ჯარი შეჩერდეს იმ ადგილას, სადამდეც ღამის 12 საათზე მიაღწევს! დარჩენილ დროში მხოლოდ  რამდენიმე კილომეტრი მოვიგეთ... ერთი ოფიცერი იგონებს, სომხები ისე გარბოდნენ, რომ არავითარ წინააღმდეგობას არ გვიწევდნენ, ცხენები არ გვეყო, თორემ ზუსტად იმდენად შორს ვიქნებოდით, რამდენადაც ცხენს ჯარისკაცზე სწრაფად სირბილი შეუძლიაო...

P.S. ექნებოდა კი აზრი უფრო შორს წასვლას? - სამცხე-ჯავახეთი ჩვენ დაგვრჩა, ლორეს ოლქი, სომეხთა მოკავშირე ინგლისელთა და ფრანგთა მოთხოვნით, "ნეიტრალურად" გამოცხადდა (ჩვენი მოკავშირე, მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანელები, უკვე სახლის გზას ადგნენ), ხოლო საქართველოს "გაწითლების" შემდეგ ორჯონიკიძემ ლორეც სომხებს აჩუქა და სხვა მიწებიც მიაყოლა...

KvirisPalitra.Geუკანასკნელი ფოტო

ეს ქართველი ჯარისკაცი იოსებ ბერელაშვილია. გიმნაზიის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ერთ-ერთი პირველი ჩადგა მოხალისეთა რიგებში - სამხედრო ფორმის მიღების შემდეგ, ჯერ სურათი გადაუღია და პირდაპირ ფრონტზე გამგზავრებულა... ფოტო უკანასკნელი აღმოჩნდა - რიგითი ბერელაშვილი მტრის ტყვიამ იმსხვერპლა...

ეს ამბავიც და სურათიც ისტორიკოსმა,  ქ-ნმა ლეილა წითლანაძე-ბერელაშვილმა მოგვაწოდა, რომელიც ამ სტატიის პირველი ნაწილის წაკითხვის შემდეგ დაგვიკავშირდა.

დიდ მადლობას ვუხდით ქ-ნ ლეილას.

(დასასრული http://www.kvirispalitra.ge//history/5878-saqarthvelo-somkhethis-omi.html)