"სინამდვილეში, მამა იყო სულიერი და მენტალური ურჩხული, რაც გაცილებით უფრო შემაძრწუნებელია" - რას იხსენებდა სტალინის ქალიშვილი მამაზე? - კვირის პალიტრა

"სინამდვილეში, მამა იყო სულიერი და მენტალური ურჩხული, რაც გაცილებით უფრო შემაძრწუნებელია" - რას იხსენებდა სტალინის ქალიშვილი მამაზე?

ფოტოგალერეა

ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ იოსებ სტალინის ქალიშვილის, სვეტლანას ისტორია გამოაქვეყნა, რომელშიც ბელადის ქალიშვილი მამას იხსენებდა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, იოსებ სტალინის შვილმა სვეტლანამ, სიცოცხლის ბოლო წლებში, უარი თქვა მატერიალიზმზე და კათოლიკე გახდა. ერთხელ სვეტლანას National Review-ს რედაქტორისთვის ისიც კი უთქვამს, ამისთვის მამაჩემი დამხვრეტდაო.

თავად სტალინი, როგორც ყველასთვის ცნობილია, მართლმადიდებლური ეკლესიის წესების მიხედვით იზრდებოდა. მომავალი ბელადის მშობლებს სურდათ, რომ მათი ვაჟი მღვდელი გამხდარიყო. სტალინს ერთხელ თავადვე უთქვამს საკუთარი ბავშვობის შესახებ, რომ "იზრდებოდა ღარიბი მორწმუნეების ოჯახში". მეტიც, ის განათლების მისაღებად გორის სასულიერო სემინარიაში შევიდა, რომელიც 1894 წელს დაამთავრა და სწავლა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. თუმცა ერთხელაც ის მივიდა დასკვნამდე: "იცით, ისინი ჩვენ გვატყუებენ... სინამდვილეში, ღმერთი არ არსებობს. ყველა ეს საუბარი ღმერთის შესახებ სისულელეა" .

უცხოური გამოცემის თანახმად, სტალინი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაემხო ქრისტიანობა. ის ხურავდა ეკლესიებს, ქრისტიანებს კი სხვადასხვა ხერხით სჯიდა, ზოგს ასახლებდა, ზოგს მისი ბრძანებით კლავდნენ კიდეც. ეს იყო მმართველი, რომელმაც თქვა: "ერთის სიკვდილი - ტრაგედიაა, მილიონის სიკვდილი - სტატისტიკა".

სვეტლანამ ერთხელ მამაზე დაწერა: "დღეს ბევრისთვის უფრო მარტივია, სტალინზე იფიქროს, როგორც ფიზიკურად მოძალადე ურჩხულზე, მაგრამ სინამდვილეში, ის იყო სულიერი და მენტალური ურჩხული, რაც გაცილებით უფრო შემაძრწუნებელია".

როგორც ცნობილია, სტალინმა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაისახა "ათეიზმის 5-წლიანი გეგმა". სწორედ ამ გეგმის განხორციელებისას, 1937-38 წლებში 168 300 საბჭოთა მართლმადიდებელი სასულიერო პირი დააკავეს, რომელთა უმეტესი ნაწილი დახვრიტეს.

მიუხედავად მკაცრი ხასიათისა, სტალინს სვეტლანა ძალიან უყვარდა და ქალიშვილისთვის ძალიან მოსიყვარულე მამაც იყო. თავის მხრივ გოგონაც აღმერთებდა მამას და როგორც პატარა გოგონების უმეტესობას, მასაც მამა გმირი ეგონა. როცა სვეტლანა დაიბადა, 1926 წელს, სტალინი უკვე იყო კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, შესაბამისად, მის ირგვლივ, სტალინზე ყველა დიდი პატივისცემით ლაპარაკობდა. მოგვიანებით სვეტლანამ გაანალიზა, რომ სტალინის შესახებ უარყოფით საუბარს ჩურჩულითაც კი ვერ გაბედავდნენ.

სვეტლანა დედაზე საუბრისას, იხსენებდა, რომ ნადეჟდა ალილუევა, მამისგან განსხვავებით, მის მიმართ ძალიან ცივი იყო. ამბობდა, რომ არ შეუძლია გაიხსენოს მომენტი, როცა დედა ეფერებოდა ან თბილად ექცეოდა, რაც პატარა გოგონას ძალიან აკვირვებდა. 1932 წელს, როცა სვეტლანა 6 წლის იყო, ნადეჟდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა ოფიციალურად ამბობდნენ, რომ ის ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარდაიცვალა. ეს ყველაფერი პატარა გოგონასთვის სრულიად გაუგებარი იყო, მაგრამ მამასთან ურთიერთობა ამის გამო არ გაფუჭებია.

რამდენიმე წლის შემდეგ გოგონას ეჭვები გაუჩნდა, რომ ყველაფერი ისე იდეალურად არ იყო, როგორც მას ეჩვენებოდა. სკოლაში მისულს კლასელები ხშირად სთხოვდნენ წერილი მამისთვის გადაეცა, რადგან მათი მშობლები სახელმწიფოს გადაწყვეტილებით გადაასახლეს ან დააკავეს. რატომღაც, საზოგადოების უმეტესი ნაწილი ფიქრობდა, რომ სტალინმა ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიების შესახებ არაფერი იცოდა და თუ ბელადი ამას გაიგებდა, ყველაფერი მოგვარდებოდა. ბავშვები, რომელთა მშობლები რეპრესიის შედეგად გადაასახლეს, სვეტლანას დახმარებით ცდილობდნენ ხმა მიეწვდინათ სტალინისთვის და ასე გაეგოთ მშობლების ბედი. ერთხელ სტალინმა მკაცრად გააფრთხილა გოგონა, რომ ნუ იქნებოდა სხვების "ფოსტალიონი". გარკვეული დროის შემდეგ, როცა გოგონას ახლო ნათესავებიც უგზო-უკვლოდ გაქრნენ, სვეტლანას ბელადმა უპასუხა, ისინი დახვრიტეს, რადგან: "მათ ზედმეტად ბევრი ინფორმაცია ჰქონდათ და ბევრს ყბედობდნენ".

როგორც ბელადის შვილი იხსენებდა, მაშინ, როცა სვეტლანას პირველად მოეწონა ბიჭი, მამამ ის სვეტლანასთვის შეუფერებლად ჩათვალა და გულაგში გაგზავნა. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, როცა გოგონამ გადაწყვიტა ებრაელ ბიჭზე გათხოვება, სტალინმა განუცხადა, რომ "რაც უნდოდა, ის გაეკეთებინა", მაგრამ მის სახლში ფეხს ვერ შედგამდა. სვეტლანას პირველი მეუღლისგან ვაჟი გაუჩნდა, მათი ქორწინება მალე დასრულდა. მეორედ სვეტლანა კრემლის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ვაჟს მისთხოვდა, რაც სტალინს მოეწონა, თუმცა მათი ქორწინებაც მალევე დასრულდა.

1953 წლის მარტში დიდი ბელადი გარდაიცვალა და ეს იყო ტრაგედია მთელი საბჭოთა კავშირისთვის, "მამა მძიმე და საშინელი სიკვდილით გარდაიცვალა",- იხსენებდა სვეტლანა, რომელიც ბელადის ავადმყოფობისას, მუდმივად მის გვერდით იყო.

"სასიკვდილო აგონია შემზარავი სანახავი იყო. ჩვენი თვალით ვხედავდით, როგორც იხრჩობოდა. ბოლო წუთებში მან უეცრად გაახილა თვალები და ყველას გადმოგვხედა. მისი შემზარავი გამოხედვა სავსე იყო სიბრაზით და სიკვდილის შიშით, შემდეგ უეცრად მარცხენა ხელი აწია, ჟესტი გაუგებარი იყო, თუმცა მუქარა მაინც ჩანდა", - იხსენებს ბელადის სიცოცხლის ბოლო წუთებს სვეტლანა.

მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, სვეტლანამ გვარი შეიცვალა და დედის გვარზე გადავიდა, ის სვეტლანა ალილუევა გახდა. მან მოახერხა და მიიღო კრემლის ნებართვა დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ კი ამერიკაში დასახლდა.

ამერიკაში სვეტლანამ რამდენიმე წიგნი გამოსცა, რომელიც ბესტსელერიც გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ბელადის შვილი ღრმად გაეცნო კათოლიციზმს ამერიკაში მცხოვრები მისიონერის დახმარებით და კათოლიკე გახდა. როგორც სვეტლანა ამბობდა, მის ქმედებას სტალინი არ მოიწონებდა და ამის გამო შეიძლება დაეხვრიტა კიდეც. (წყარო)

იხილეთ ასევე: "მეც ხომ საქართველოში სწორედ იმიტომ ჩამოვედი, რომ "აქ მოვკვდე" - სტალინის ქალიშვილის აქამდე უცნობი წერილები

თარგმნა ეკა გადახაბაძემ