"დნმ-ის კვლევა სტოკჰოლმში ახლახან დასრულდა, ირკვევა, რომ მათ გენეტიკას ჩვენ ვინარჩუნებთ" - ვინ იყვნენ გოლიათი შირაქელები
19-09-2019
"დნმ-ის კვლევა სტოკჰოლმში ახლახან დასრულდა, ირკვევა, რომ მათ გენეტიკას ჩვენ ვინარჩუნებთ" - ვინ იყვნენ გოლიათი შირაქელები
"ეს მდიდარი ქალაქი იყო, რასაც მისი კულტურა, აქ აღმოჩენილი ნატიფი კერამიკა თუ ბრინჯაოს ნაკეთობები გვაფიქრებინებს. ჰყავდათ ბევრი ცხვარ-ძროხა, ჰქონდათ ბევრი წყალი..."

რამდენიმე წლის წინ შირაქის ველზე სატელიტმა უცნაური კადრები გადაიღო - იქ, სადაც დღეს მხოლოდ საძოვრებია, უცნაური კონტურები ჩანდა. არქეოლოგები სურათების დახედვისთანავე მიხვდნენ, რომ ეს მათ რაღაც ძალიან საინტერესოს ჰპირდებოდა, შირაქში გაემგზავრნენ და პატარ-პატარა კერამიკის ნამტვრევებიც აღმოაჩინეს. ასე გაითხარა დიდნაური - ქართული პომპეი, რომელიც არა ვულკანით, არამედ დამანგრეველი მიწისძვრით აღმოჩნდა
მიწაში "ჩაძირული" ქრისტემდე 13 საუკუნით ადრე.

სწორედ დიდნაურის სამარხებში აღმოჩნდა 1მ და 80 სმ სიმაღლის ადამიანთა­ ნაშთები, რომლის მსგავსი აქამდე არც ერთი გათხრის დროს არ უპოვიათ.

უფრო საინტერესო აღმოჩნდა ამ "გოლიათების" დნმ-ის კვლევა, რომელიც სტოკჰოლმში ახლახან დასრულდა და თითქმის უკვე დადგინდა, რომ ისინი კავკასიურ რასას
განეკუთვნებიან. მათი დნმ-ის ბოლოდროინდელ კვლევებსა და დიდნაურის უცნობ დეტალებზე არქეოლოგ კონსტანტინე ფიცხელაურს ვესაუბრეთ. ბატონ კოტეს 33 საუკუნის შემდეგ დიდნაურელთა ხმლის ხელში აღება და მათი ძლიერების შეგრძნება პირველს ხვდა წილად:

"ამ პერიოდის სამარხებში ამ სიმაღლის ნაშთები აღმოჩენილი არ არის"



- შირაქის ველი რომ არქეოლოგიური ნაშთებით არის სავსე, დიდი ხანია, ცნობილია და ეს არც არის გასაკვირი - საქართველო ისეთ გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს, რომელიც გზაჯვარედინია და ათასწლეულების მანძილზე აქ აღმოსავლეთ-დასავლეთ მსოფლიოს ვნებები თუ პროგრესი კვეთდა ერთმანეთს. შირაქის ამ "ქალაქ-სახელმწიფოს" არსებობაც ლოგიკურია. მთავარი ის არის, რომ ეს გათხრები გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, ვინ იყო, როგორ შრომობდა და იბრძოდა ის ხალხი, რომელიც, როგორც უკვე დასტურდება, ჩვენი პირდაპირი წინაპარი იყო. მათი აშენებული ქალაქი­ დაახლოებით 15 ჰექტარზეა გაშლილი. ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ მისი მცირე ფრაგმენტები შევისწავლეთ, ძირითადად, სამარხებზე ვმუშაობდით, მაგრამ ინფორმაციას ესეც გვაწვდის. ქალაქის სამარხები დაახლოებით 3 ჰექტარზეა გაშლილი.

- ასეთი დიდი სამარხი ადასტურებს,­ რომ ხალხი აქ საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა.
- ცხოვრობდა და ომობდა. ამას ის ადასტურებს, რომ მათი აშენებული ქალაქი საოცრად არის გამაგრებული - 15 ჰექტარზე გაშლილ ტერიტორიას გარშემო ჯერ 4-5 მეტრი სიგანის გალავანი აქვს შემოვლებული, რომელიც, ალბათ, 10-12 მეტრი სიმაღლის უნდა ყოფილიყო, ქვის გალავანს გარეთ კი 22 მეტრი სიგანის თხრილია, რომლის სიღრმე დაახლოებით 2-3 მეტრია. სანამ მტერი ქალაქის კედლამდე მოვიდოდა, მანამდე ამ თხრილის გადმოლახვა დიდ ძალისხმევად დაუჯდებოდა. ეს თხრილი თიხით არის ამოლესილი. ნალესის ფრაგმენტები რამდენიმე ადგილას შევნიშნეთ. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ თავდამსხმელს ფეხი მყარად ვეღარ მოეკიდებინა და ადვილი გასამკლავებელი ყოფილიყო.
სავარაუდოდ, ეს ძალზე მდიდარი ქალაქი იყო. ამას მისი კულტურა, აქ აღმოჩენილი ნატიფი კერამიკა თუ ბრინჯაოს ნაკეთობები გვაფიქრებინებს. ჰყავდათ ბევრი ცხვარ-ძროხა, რომელთა ნაშთები ასევეა სამარხებში და, რაც მთავარია, ჰქონდათ ბევრი წყალი...

- წყალი დღეს უწყლო შირაქში?!
- დიახ. ეს პალინოლოგიური ანალიზით უკვე შესწავლილია. იქ ნაირგვარი მცენარეული საფარი ხარობდა, ტყის ჩათვლით. თუმცა ეს ამ ანალიზის გარეშეც სავარაუდო იყო - ამხელა ქალაქი უწყლოდ როგორ აშენდებოდა! - მაგრამ წყალი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიკარგა, რომელმაც ქალაქიც მიწასთან გაასწორა და რომლის ნაშთიც, სავარაუდოდ, დიდნაურის მიწაში საუკუნეობით ხელუხლებლად ინახება. დღეს ეს საკითხი­ ეჭვს აღარ იწვევს, რადგან სეისმოლოგებმა აქაურობა გულდასმით შეისწავლეს. მიწისძვრა ქალაქში ცხოვრებას გააძნელებდა. სეისმოლოგების დასკვნით, წყლის ეს მარაგი აქვე, შირაქის ველზე, 60-100 მეტრ სიღრმეზე უნდა მდებარეობდეს. სახელმწიფოს ნების შემთხვევაში მისი საშუალებით მთელი შირაქის მორწყვა შეიძლება. სხვათა შორის, ერთ-ორ ადგილზე მწყემსებმა წყალი ბურღით ამოქაჩეს.

- ეს ძალიან საინტერესოა... დიდნაურელებზეც მითხარით - როგორც ცნობილია, მათი ნაშთები ძალიან დიდია, რამაც არქეოლოგები განაცვიფრა.
- ისინი სიმაღლით დაახლოებით 1 მეტრი და 80 სანტიმეტრი ყოფილან. განცვიფრება იმან გამოიწვია, რომ ამ პერიოდის სამარხებში ამ სიმაღლის ნაშთები აღმოჩენილი არ არის - რაც გვაქვს, დიდი-დიდი 1მ და 55-60 სმ სიმაღლის ნაშთებია, დიდნაურელებს წვივის ძვლებზეც კი შეატყობ, როგორი მაღლები ყოფილან. იმიტომაც გაჩნდა ასეთი ინტერესი ამ ნაშთების მოლეკულურ-გენეტიკური ანალიზის მიმართ, რაც სტოკჰოლმის ლაბორატორიაში მიმდინარეობდა და დიდი დროც დასჭირდა. ამ სფეროს სპეციალისტი არ გახლავართ, მაგრამ ვიცი, რომ კვლევების თანახმად, ეს ხალხი ქართული, კავკასიური გენეტიკისაა, იმ გენეტიკის, რომელიც, როგორც ვხედავთ, ჩვენს მიწაზე უხსოვარი დროიდან სახლობდა.



- და იბრძოდა...
- დიახ. ჩვენს აღმოჩენილ მდიდრულ სამარხში მხედართმთავარი მუცლის არეში მტრის ისრითა და ზურგზე "დაკიდებული" ხმლით არის დაკრძალული. ის, სავარაუდოდ, გამარჯვებული მხედართმთავარი იყო, რადგან დამარცხებული ხალხი მხედართმთავარს ამგვარი პატივით ვერ დაკრძალავდა, ამის საშუალება არ ექნებოდა. რაც შეეხება ისარს, რომლითაც ის სასიკვდილოდ დაჭრეს, რომბისებურია, რომლის მსგავსს ამ პერიოდის თურქეთის ტერიტორიაზე ვხვდებით, ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინ იყო მტერი... სხვათა შორის, ისეთივე ისარი ქალაქის გალავანთანაც არის აღმოჩენილი, რაც მეტყველებს, რომ აქ დიდი ბრძოლა გამართულა.

- მხედართმთავრის ხმალი სადაურია?
- ადგილობრივი, ე.წ. კახური ტიპის. ეს არა საძგერებელი, არამედ საჩეხი ხმალია, რომელსაც მტერთან ბრძოლაში გამუდმებით იქნევდნენ. ხმლის ვადა ჩამოსხმულია და იმხელაა, რომ პატარა ტანის კაცი ხელში ძნელად დაიჭერს, ასე რომ, ამ ხალხს იარაღიც თავისი სიმაღლის შესაფერისი ჰქონია. მეომარს საფლავში შუბისპირიც აქვს ჩაყოლებული, ისიც დიდი ზომის.

"დიდნაურელები" კავკასიური მოდგმის ხალხია


ჩვენ დავუკავშირდით პროფესორ რამაზ­ შენგელიას, რომელიც დიდნაურის გენეტიკური მასალის კვლევებს ხელმძღვანელობს:
- დიდი ხანია, რაც სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, პენსილვანიელ მეცნიერებთან ერთად ვიკვლევთ არა მხოლოდ დიდნაურის, არამედ მთელი საქართველოს სამარხების მოლეკულურ-გენეტიკურ მასალას და ძალზე საინტერესო დასკვნები ჩამოგვდის. დიდნაურის მასალას ხანგრძლივი, დაახლოებით ერთწლიანი კვლევა დასჭირდა, რადგან ძალიან ძველი იყო და მხოლოდ დნმ-ის ფრაგმენტები იყო შემორჩენილი. ამ ეტაპზე კვლევა შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს. მართალია, დასკვნა ჯერ არ არის, მაგრამ ლაბორატორიის მეცნიერებთან პირად საუბარში უკვე გაირკვა, რომ "დიდნაურელები" კავკასიური მოდგმის ხალხია, რომელთა გენეტიკას ჩვენ ვინარჩუნებთ. ერთ-ერთმა შვედმა მეცნიერმა მითხრა კიდეც, თქვენი გენეტიკური მასალების კვლევისას მრჩება შთაბეჭდილება, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველოდან გენეტიკა გადიოდა, მაგრამ უცხო არ შემოდიოდა, ასე ვთქვათ, გენეტიკას თითქმის უცვლელად ინარჩუნებდითო!
03 ოქტომბერი 2019 17:23
გარეჯი უმნიშვნელოვანესი ადგილია, - გარ ეაჯ! (აჯა ვედრებას ნიშნავს).
შირ აქ!
კახაბერი
03 ოქტომბერი 2019 16:41
ხელისუფლება ამ საკითხს უფრო გულითადად უნდა მოეკიდოს! და კიდევ უამრავი სენსაციური აღმოჩენა გველოდება..... ლუხუმ ხოლუაშვილი - მშვენიერია
თეკლა
21 სექტემბერი 2019 14:49
ეს დნმ-ს ანალიზები ძალიან ბევრ რამეს გამოავლენს ჩვენი წარმოშობის და ნათესაობის შესახებ. სხვა რამეებსაც. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინონ სხვადასხვა დარგის მეცნიერებმაც, რადგან კომპლექსური დასკვნები უნდა გაკეთდეს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?