მთამ იცის, ვინ ვინაა და თავის სტუმრებსაც გაშლილ ხელისგულზე უჩვენებს სიმართლეს - კვირის პალიტრა

მთამ იცის, ვინ ვინაა და თავის სტუმრებსაც გაშლილ ხელისგულზე უჩვენებს სიმართლეს

სასიკვდილოდ არავინ მიდის მთაში, პირიქით, სიცოცხლის სადიდებლად ზემოდან უნდათ გადახედონ ყველაფერს. ეს იმხელა  ძალას აძლევს კაცს, რომ უფსკრულზე დაკიდებული კლდეების საფრთხე აღარაფრად უღირს. ამიტომ მიდიან უცნაურად შეფუთულები, მძიმე ზურგჩანთებით, საკუთარი თავისა და უფრო მეტად - გვერდით მდგომი მეგობრების იმედად...

მთას ხომ ვერაფერს დაუმალავ, მთამ იცის, ვინ ვინაა და თავის სტუმრებსაც გაშლილ ხელისგულზე უჩვენებს სიმართლეს.

1927 წელია. ნოემბრის სუსხიან დღეებში მყინვარწვერზე ასვლით სიმონ ჯაფარიძემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ალპინიზმის განვითარებაში. ნებისმიერი რთული გზის გადალახვა დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ვერც ერთი მშრალი ჩანაწერი ვერ გადმოსცემს იმას, რასაც მთა განაცდევინებს მთამსვლელს. ამას სრულად ვერც კინოკადრები გადმოგვცემენ, ვერც ფოტოები...

სოსო ასლანიშვილის ჩანაწერიდან:

"მეოთხე საათი იყო, ჩვენი მანქანა სტეფანწმინდაში, სასტუმრო "საქართველოსთან" რომ გაჩერდა. აქ ჩვენი მასპინძელია იაგორა ხახლიშვილი, რომელიც მუდამ ჩვენს მთამსვლელთ უფასოდ უთმობს ბინას. იქვე იყვნენ საქართველოს კინომრეწველობის მუშაკნი რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას მეთაურობით. ალექსანდრე ყაზბეგის "ელისოს" იღებდნენ იმ ხანებში... ნიკოლოზ შენგელაიამ გამოთქვა სურვილი ჩვენი ასვლის  ზოგიერთი მომენტის გადაღების შესახებ.

ჩვენც მოხარული ვართ. ყველანი მზადა ვართ სამგზავროდ. კინოექსპედიციამ დაიწყო ჩვენი გადაღება. ოპერატორია კერესელიძე. გადაღებას ხელმძღვანელობს თვით ნიკოლოზ შენგელაია"...

სამწუხაროდ, მთამსვლელობის ისტორიის მკვლევარმა ივანე ჯაფარიძემ ვერსად მიაკვლია ამ უნიკალურ კინოკადრებს, რომელზეც სოსო ასლანიშვილი მოგვითხრობს, მაგრამ რაც მოაგროვა და გადაარჩინა, რაც წიგნად შეკრა, ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ დავინახოთ ადამიანები, რომლებსაც მთა სიცოცხლესავით უყვარდათ, რომელთაგან არაერთმა სწორედ სიცოცხლე დატოვა მიუვალ კლდეებში...

მაინც მიდიოდნენ მთაში...

ამ ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე წლის მერე სიმონ ჯაფარიძე თეთნულდის დასაპყრობად წავა და ტრაგიკულად, მაგრამ ვაჟკაცურად დაასრულებს სიცოცხლეს. გიორგი ნიკოლაძე, რომელიც მისი დაღუპვის ერთადერთი თვითმხილველი გახდება, ჩაწერს: "2-3 საჟენიღაა დარჩენილი კლდემდე, სადაც საშიშროება უკვე გავლილი იქნებოდა, როდესაც შედრკა პიმენი. ის ორი ფეხით ერთ საფეხურში იდგა და ორივე ფეხით დაიწყო დაცურება. თავდაპირველად ნელა, სულ ნელა, თითქოსდა შეუმჩნევლად... ცდილობდა, დამაგრებულიყო ჯოხით, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მასზე დაყრდნობით ფეხებით შემაგრება, მაგრამ ფუჭი იყო მისი ცდა.

მე შეშინებით დავუყვირე სიმონს, რომელიც ჩემზე უფრო ახლოს იდგა ზურგით პიმენისგან და სჭრიდა ახალ საფეხურს. "პიმენ, პიმენ" - დაიყვირა სიმონმა და სწრაფად დაარჭო წერაყინის წვერი პიმენის მუხლებთან, რადგან პიმენი წაქცეულიყო უკვე ცალი ფეხით. წერაყინმა ვერ დააკავა. მაშინ სიმონმა სტაცა ხელი ბეჭებში, მაგრამ აღარაფერს შეეძლო პიმენის შეკავება. მისი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და მასთან ერთად - სიმონისიც.

დაცურება თავდაპირველად იყო ნელი... მერე უეცრად თითქოს მიწას მოსწყდნენო, გაქანდნენ ქვევით საშინელი სისწრაფით. მე დავინახე მხოლოდ, როგორ გაუვარდა ორივეს ხელიდან წერაყინები. არც ერთ ჩვენგანს არ ამოუღია ხმა, სამივე დავმუნჯდით, პიმენი, სიმონი, ორი წერაყინი, დროშა - ყველაფერი ჩაცვივდა მყინვარის ძირში, გადაუხვია მარჯვნივ და გაქრა ჩემი მხედველობის არიდან. დადუმდა ყველაფერი და მხოლოდ მე დავრჩი ამ ყინულისა და სიკვდილის სამყაროში..."

ფოტოზე ჩვეულებრივი ადამიანები დგანან. ისეთივენი არიან, როგორებიც სხვები - ბარში მოსიარულენი, იგივე სამოსი აცვიათ, იგივე გამოხედვა აქვთ... მაგრამ ეს ადამიანები მთაში იცვლებიან. როგორც კი ყინულოვანი სივრცე ქვემოდან გაუნათებთ ნავარჯიშებ სხეულებსა და მთის უმოწყალო მზით დამწვარ სახეებს, მითური პერსონაჟები ხდებიან. თუ ერთს სიკვდილი ბრჭყალებს ჩასჭიდებს, გვერდით მდგომი მთამსვლელი ჩნდება სიცოცხლის გაწვდილ ხელად და იწყება ბრძოლა... ზოგჯერ უფსკრულში უხმო ფრენით დასრულებისათვის განწირული...

სიმონ ჯაფარიძისა და პიმენ დვალის დაღუპვა დიდი ტკივილი იყო ყველა ამ ადამიანისათვის, ფოტოზე რომ დგანან... დიდი ტკივილი იყო მთელი საქართველოსათვის.

მაგრამ მთას მაინც ვერ მოსწყდნენ მთით "მოწამლული" ვაჟკაცები... ამ დღიდან ლამის ათეული წლის მერე იტყვის მთამსვლელი და სახალხო მთქმელი იაგორ კაზალიკაშვილი:

"რვასა მთასა ვარ გასული,

რვასა მთაზედა რებული:

მარუხ, ლაკობა, ერწახვი,

იალბუზ  სახელდებული;

ოსეთჩი ადაი-ხოხი,

შიგ შუა მთებჩი დებული;

ყინვარწვერი და თეთნულდი,

ესეც უშბაი ქებული.

ას ოცი ჯიხვი მამიკლავს

და ოცი მგელი - ხელითა.

საწყალის გლეხის შვილი ვარ,

მთაჩი გაზრდილი ქერითა.

მაინც ვერ გავძეღ, უშბაო,

შენის ჩონჩხების ცქერითა,

გათავდა უბის წიგნაკი,

შენის ლექსების წერითა".

უნიკალური განცდაა "მთით ვერგაძღომის" განცდა...

მიდიოდნენ, მიდიან და კიდევაც წავლენ ლომგული ბიჭები მწვერვალების დასაპყრობად - ცისგასაყარზე.