ხრუშჩოვის ესკორტს მექვაბიშვილის დედა გადაუდგა და შვილის შეწყალება სთხოვა - ვინ იყვნენ ქართველები, ვინც ხრუშჩოვზე თავდასხმას გეგმავდნენ?
28-10-2019
ხრუშჩოვის ესკორტს მექვაბიშვილის დედა გადაუდგა და შვილის შეწყალება სთხოვა - ვინ იყვნენ ქართველები, ვინც ხრუშჩოვზე თავდასხმას გეგმავდნენ?
ფოტო:ალბერტ მელაძე, ნიკიტა ხრუშჩოვი
1960 წლის 14 დეკემბერს საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა ნიკიტა ხრუშჩოვზე ტერაქტის მზადების ბრალდებით სამი პირი - შოთა (ოთარ) მექვაბიშვილი, ალბერტ (ალეკო) მელაძე, აბრამ (აბრეკ) ბათოშვილი და ოდნავ მოგვიანებით სამხატვრო აკადემიის სტუდენტი აკაკი მდინარაძე დააკავა. ხრუშჩოვი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 1961 წლის მაისში უნდა ჩამო­სულიყო, საქართველოს გასაბჭოების მე-40 წლისთავის მისალოცად. სწორედ ამ დღისთვის დაიგეგმა ქართველი შეთქმულების მიერ მისი ლიკვიდაცია.

დამოუკიდებელ საქართველოზე მეოცნებე


ალბერტ მელაძემ სიცოცხლის უკანასკნელი წლები უკიდურეს სიღარიბეში გაატარა. მისი მეუღლის
ჩანაწერებში ვკითხულობთ: "მე, მერი მალაქიას ასული ბაკურაძე-მელაძე, დავიბადე 1926 წელს ონის რაიონში. დავამთავრე პუშკინის სახელობის ინსტიტუტი... 1960 წელს გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე - ალბერტ მელაძე. პროფესიით ფილოსოფოსი. ის პუშკინის სახელობის ინსტიტუტში კითხულობდა ეთიკა-ესთეტიკას, პარალელურად მუშაობდა საქალაქო ბიბლიოთეკაში...

ჩვენს შეუღლებამდე ერთხელ უკვე დაპატიმრებული იყო ანტისაბჭოთა­ პროპაგანდისთვის,
25 წელი მიუსაჯეს...­ მეორედ დააპატიმრეს შეთქმულებაში მონაწილეობისთვის ნიკიტა ხრუშჩოვის­ აფეთქებასთან დაკავშირებით", - ასე იწყება დამოუკიდებელ საქართველოზე­ მეოცნებე ალბერტ მელაძის მეუღლის ჩანაწერები, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წევრებმა ექსკლუზიურად "კვირის პალიტრას" გადასცეს.

სისხლიანი 9 მარტი


"1956 წლის 9 მარტს განვითარებულმა მოვლენამ საბჭოთა რეჟიმის სახე საბოლოოდ გამოავლინა და საზოგადოება გამოაფხიზლა. პროტესტი საბჭოთა კავშირის კომპარტიის მე-20 ყრილობაზე კომპარტიის მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის გამოსვლას მოჰყვა; მან სტალინის კულტი გააკრიტიკა, ქართველებმა კი ეს ერის შეურაცხყოფად მიიჩნიეს. გამოსვლა 5 მარტს დაიწყო... ეს იყო ნამდვილი პატრიოტული გამოსვლა", - ასე იხსენებს იმ დღეებს ნოდარ ნათაძე.
ხელისუფლებამ პროტესტი 9 მარტის ღამეს ჩაახშო.

1956 წლის 9 მარტს განვითარებულმა მოვლენამ საბჭოთა რეჟიმის სახე საბოლოოდ გამოავლინა და საზოგადოება გამოაფხიზლა

ნოდარ ნათაძე: "იმ ღამეს 500-1200 კაცი დაიღუპა. კვარცხლბეკზე მდგომნი ხიშტებით ჩამოყარეს, ერთი ქუთაისელი გოგო ხიშტზე ააგეს. 1956 წლის 9 მარტს, ოფიციალური მონაცემებით, რუსთაველის გამზირსა და მტკვრის სანაპიროზე 23 კაცი დაიღუპა, ათობით მომიტინგე კი დაიჭრა და დასახიჩრდა".

"ხრუშჩოვი უნდა მოკვდეს!"


ნიკიტა ხრუშჩოვი რუსთაველის გამზირზე უნდა აეფეთქებინათ. ერთ-ერთს ჰაერში ტყვიის გასროლით სამთავრობო დაცვის ყურადღება თავისკენ უნდა გადაეტანა, მეორეს კი ხრუშჩოვის მანქანისთვის ნაღმი უნდა ესროლა. შეთქმულთა აზრით, პირველი პირის ლიკვიდაცია ქვეყანაში არეულობას გამოიწვევდა, ეს კი ხელს შეუწყობდა, რომ საქართველოს საბჭოთა კლანჭებისგან თავი დაეღწია.

ხრუშჩოვის ლიკვიდაციის იდეა ოთარ მექვაბიშვილს ეკუთვნოდა, რომელსაც მხარი აუბა ალეკო მელაძემ. ის 14 წლის იყო, როდესაც მამამისი დახვრიტეს, დედა კი 10 წლით ციმბირში გადაასახლეს, ალეკო მელაძე და მისი ბებია ბინიდან გამოასახლეს და სოლოლაკში დანგრეული ოთახი მიუჩინეს. რეჟიმის შიშით ბევრი ნათესავი ვერ ბედავდა მათთვის ხელის გამართვას. ამის მიუხედავად, ალეკომ სკოლა წარჩინებით დაამთავრა და უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც ის არალეგალური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი გახდა. 1948 წელს ამ ჯგუფის 9 წევრი დააპატიმრეს. ბედად, იმხანად დახვრეტის მუხლი გაუქმებული იყო, ამიტომ თითოეულს 25-25 წელი მიუსაჯეს და ციმბირში ოქროს საბადოებზე სამუშაოდ გაამწესეს. სტალინის სიკვდილის შემდეგ ალეკო მელაძე რეაბილიტირებულთა შორის აღმოჩნდა. თბილისში რომ დაბრუნდა, 9 მარტის ამბები დასრულებული იყო.

ალბერტ მელაძე ცოლ-შვილთან და დედასთან ერთად

კომუნისტების მოძულე იყო შეთქმულთა კიდევ ერთი წევრი აბრეკ ბათოშვილიც, რომელსაც დედ-მამა დაუპატიმრეს და თავადაც იდევნებოდა. შეთქმულებს მოგვიანებით მექვაბიშვილის ნათესავი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი აკაკი მდინარაძე შეუერთდა, რომელსაც თვითნაკეთი ბომბების დამზადება შეეძლო.

რა ბედი ეწიათ შეთქმულებს


1960 წლის თებერვალში ისინი დააკავეს. სასამართლომ ოთარ მექვაბიშვილს, როგორც ტერორისტული დაჯგუფების ორგანიზატორს, სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, ალეკო მელაძეს - 15 წლით, ხოლო აბრეკ ბათოშვილსა და აკაკი მდინარაძეს - 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით თბილისში ჩამოსულ ხრუშჩოვის ესკორტს წინ მექვაბიშვილის დედა გადაუდგა და შვილის შეწყალება სთხოვა. ამ ინციდენტის შემდეგ მექვაბიშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. სასჯელი შეუმსუბუქეს დაჯგუფების სხვა წევრებსაც.

ალეკო და მერი


ალბერტს სასწაულებრივად უყვარდა თავისი ქალაქი. სულ იხსენებდა, პატიმრობისას ყველაზე ხშირად სიონის ქუჩის სუნი მენატრებოდაო. მშვიდობის სადღეგრძელოს მაინცდამაინც არ აფასებდა. ერთხელ ჰკითხეს, თუ მშვიდობა არ იქნება, რად გვინდა ან ცხოვრება, ან ქონებაო. თავისუფლების გარეშე მშვიდობაც ისეთივე მომაკვდინებელია, როგორიც ომიო, - ასე უპასუხა.

მერი ბაკურაძე შვილთან ერთად

მერი ბაკურაძე: "ალეკომ ვორკუტაში, სასნოვკაში მოიხადა სასჯელი. იქ ჩავაკითხე, ხელიც მოვაწერეთ და ჯვარიც იქაურმა მღვდელმა დაგვწერა. მერეც არაერთხელ ჩავედი..."ერთხელ სასნოვკამდე მიმავალმა მატარებელმა გამასწრო, ჩამოიარა რაღაცამ, რომლის ერთადერთ ვაგონში 4 კაცი იჯდა და მეც შევუერთდი. გზად შიშმა ამიტანა, მაგრამ დანიშნულების ადგილზე მშვიდობით ჩავედი. ადგილზე მისულს დიასახლისმა მითხრა, დიდ რისკზე წასულხარ, გამორიცხული არ იყო, იმ მამაკაცებს გზაში გაექრეო. ახლა ამ ამბავს შიშით ვიხსენებ, მაშინ კი ისეთი შემართება მქონდა, ყველაფრისთვის მზად ვიყავი".

რეაბილიტაცია

ხრუშჩოვის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ქართველი შეთქმულები გაათავისუფლეს. ეს ამბავი მეუღლის პატიმრობის მე-4 წლისთავზე აცნობეს მერის. მან დეპეშა გაგზავნა სასნოვკაში: "არ წამოხვიდე, შენთან მოვდივარ". ალეკოს გაჰკვირვებია, სად უნდა წავიდეო. მერი რომ ჩასულა, არ უჯერებდა, რა ამნისტია, ეტყობა, გაგაშაყირესო. მასთან ერთად ბათოშვილიც იხდიდა სასჯელს. საქართველოში ყველა ერთად წამოვიდა. ყოფილი პატიმრები თურმე მთელი გზა იმაზე მსჯელობდნენ, ნეტავ ვინ დაგვასმინაო. ეს კითხვა მერეც დიდხანს აწუხებდათ.

ალეკოს გათავისუფლების შემდეგ მელაძეების ოჯახში ვაჟი შალვა დაიბადა. "პოლიტპატიმრობის გამო ალეკოსთვის ყველა კარი დაიხურა, ამიტომ "თბომეურნეობაში" დისპეტჩერად დაიწყო მუშაობა. დაგვიბრუნეს აგარაკი კიკეთში და ჩამორთმეული ოთახი. სამწუხაროდ, გაჭირვების გამო ყველაფერი გავყიდეთ", - წერს მერი მელაძე.
ყოფილი მსჯავრდადებულები სიცოცხლის ბოლომდე ურთიერთობდნენ. ეს არასდროს გამორჩენია უშიშროებას. ალეკოს ფეხზე მიღებული ტრავმა ახსენებდა თავს და დროდადრო საავადმყოფოში წვებოდა სამკურნალოდ. ერთხელ მოინახულეს აბრეკ ბათოშვილმა და ოთარ მექვაბიშვილმა. საუბარში მდინარაძეც ახსენეს, ნეტავ როგორ არისო. საავადმყოფოდან გაწერის მერე ალეკო ისევ უშიშროებაში დაიბარეს.

უკანასკნელი წლები


1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ალეკო მელაძე საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრად აირჩიეს. მისი ხელმოწერა ამშვენებს საქართველოს 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს."ის 1998 წელს გარდაიცვალა, მერი ბაკურაძე კი 2012 წელს.

პ.ს. ავადმყოფობისგან დაუძლურებულს ხშირად ნახავდით, როგორ შლიდა სახლის ფანჯრის რაფასთან მჯდომი პასიანსს. ერთხელ უკითხავთ, ალეკო ბიძია, რის ასრულებას ნატრობთო. "ჩავითქვი, რომ მალე საქართველო გაბრწყინდესო", - თქვა და უსასრულობას გაუსწორა მზერა ღიმილით.

ემიგრანტი ქართველი
31 ოქტომბერი 2019 02:30
"კომბლეს" ვთხოვ ძალიან: მაინტერესებს როგორ ახსნა ჭაბუამ, რატომ გაგზავნა წერილი უშიშროებაში ? - ძალიან გთხოვთ, რომ დეტალურად აღწეროთ.
წინასწარ დიდ მადლობას გიხდით
კ ო მ ბ ლ ე
28 ოქტომბერი 2019 16:43
ხო ჭაბუამ, თუმცა ისიც ახსნა, თუ რატომ გააკეთა ეს და საკმაოდ კარგადაც ახსნა...
danieli
28 ოქტომბერი 2019 13:59
ცნობილია ვინც გაყიდა ეს ჯგუფი, ზვიადი რომ მოვიდა სათავეში მელაძეს გადასცა უშიშროებაში დასმენის წერილი. ჭაბუა აწერდა ხელს

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?