"უსასთუმლო კაცის" ტკივილიანი ცხოვრება - კვირის პალიტრა

"უსასთუმლო კაცის" ტკივილიანი ცხოვრება

მთელი საქართველო ფეხზე წამომდგარი ხვდებოდა დიდ მგოსანს

აკაკის დაბადებიდან 170 წელი გავიდა. ამხელა დროს ბევრი ვერ უძლებს, მაგრამ აკაკისთან დრო რა მოსატანია.  აკაკიზე იმდენი რამ ვიცით, რამდენიც, მგონი, მისი დროის არც ერთ სხვა მწერალზე. რაჭა-ლეჩხუმში მისი მოგზაურობის ამსახველი კინოკადრებიც კი შემორჩენილა. ძალიან გაგიჭირდება, დაიჯერო, რომ ეს დოკუმენტური კადრებია.  აკაკი უყვარდათ; მას ფეხზე წამომდგარი ხვდებოდა მთელი საქართველო... და მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ არსებობს არაერთი საინტერესო მოგონება,  ვიცით მისი ლამის ყველა მოსწრებული ნათქვამი და თვითონაც აღწერა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები, მაინც ბევრი რამ რჩება  იდუმალებით მოცული.

მეფური გარეგნობის პოეტი, რომელსაც ეტრფოდა ბევრი მანდილოსანი, უიღბლო ქორწინების მსხვერპლი გახლდათ... თავისი გარეგნობის, ნიჭიერებისა და სულიერების მიუხედავად, თავი ისე ვერ შეაყვარა ერთ რუს ქალბატონს, რომ ის საქართველოში ჩამოჰყოლოდა და ოჯახური მყუდროება შეექმნა ქმრისათვის, ან თუნდაც მეუღლის სიყვარულით ვაჟისათვის ესწავლებინა ქართული.

მთელი სიცოცხლე ენატრებოდა ნატალია ბაზილევსკაია და საკუთარი ვაჟი - ალექსი. ისინი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდნენ, აკაკი კი უგზავნიდა და უგზავნიდა წერილებს და ფულს ხან მილანში, ხანაც პარიზსა თუ პეტერბურგში.

"ბაზილევსკები ყველანი შექმნილნი არიან ავი სულისაგან, იმ მიზნით, რომ სტანჯონ ადამიანები და გააუბედურონ თავისი ახლობლები... მათ შორის მხოლოდ ნატაშაა გამონაკლისი", - წერდა ერთ წერილში. ნატაშა მაინც არ ემეტებოდა... პირიქით, "მკვდრეთით აღვდგები ხოლმე, როცა შენს წერილს ვღებულობო", - უგზავნიდა მეუღლეს სიყვარულით სავსე ბარათს. და რა ეწერა ნატაშას წერილებში? - ფული გამომიგზავნეო, ეს იყო და ეს!... ზოგჯერ  აკაკისაც უმტყუნებდა ხოლმე ნერვები: "მე დასაყრდენის მაგიერ მხოლოდ ნერვიული ადამიანები მყავს. დიახ, ასეა! თქვენ გინდათ ფული, თუნდაც შუაზე გასკდი, ოღონდ იშოვე!"

ნატალიას გამო ოჯახშიც უსიამოვნება ჰქონდა. დები საყვედურობდნენ, წუხდნენ, სათაყვანო ძმას მიტოვებულსა და მარტოსულს რომ ხედავდნენ...  იმასაც ნატალიას აბრალებდნენ, აკაკის გული რომ  აღარ უდგებოდა თავის მამულში, ხან სად იყო, ხან - სად, მამული კი უპატრონოდ იყო მიტოვებული. ფული არასოდეს ჰქონდა და ვალებში იხრჩობოდა... ბანქოს თამაშობდა...

აკაკიმ თავადაც იცოდა, შეცდომა ბევრი ჰქონდა დაშვებული და ამ შეცდომებისას იმკიდა...

"რისთვის მიყვარს არსება, რომელსაც ჩემთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანია? - ალბათ სწორედ იმისთვის, რისთვისაც პირადად მე ჩემი თავი მძულს. ე.ი. ჩემი ჭაბუკური შეცდომებისა და შეცოდებებისათვის... მაგრამ ეს შეცდომები ხომ ჩემი ეგოიზმისა და ცუდკაცობის შედეგი არ ყოფილა. ეს იყო შედეგი ჩემი საუკეთესო ადამიანური მისწრაფებებისა... ახლა მე შენ გიყურებ როგორც ავადმყოფს, მაინც მიყვარხარ, კიდევ უფრო მეტად"...

ერთ უიღბლობას მეორე მოჰყვა. აკაკის საშინელი რამ დააბრალა ზოგიერთმა და ამ თემაზე ჩუმ-ჩუმი საუბარი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. საქმე ვანო მაჩაბლის გაუჩინარებას ეხებოდა... ეს ის დრო იყო, როცა ქვეყანა მაჩაბლისა და ჭავჭავაძის მომხრეებად იყო დაყოფილი. ივანე მაჩაბლის გაქრობა ჯერ ჭავჭავაძისტებს დააბრალეს... მერე აკაკის მიადგნენ...  ეს ისეთი უბედურება იყო აკაკის ცხოვრებაში, რომელმაც მართლაც სულიერად შეძრა.

ამ ამბავთან დაკავშირებით დავით ფაღავას ქალიშვილის მოგონება მაქვს მოსმენილი.

გიმნაზიელი დავით ფაღავა სოსიკო მერკვილაძესთან, ცნობილ ბუკინისტთან ცხოვრობდა. სოსიკო მერკვილაძე  ყველაზე საინტერესო ადამიანებს მასპინძლობდა ხოლმე, მათ შორის - აკაკი წერეთელსაც.  როცა აკაკის დუქანში რამე სჭირდებოდა, გიმნაზისტ დავითს ავალებდა თურმე. ისიც ყველგან ეგზავნებოდა, ამასობაში ძალიან დაუახლოვდა. დავითს ისიც კი უთხოვია, თქვენ რომ გადასაგდებად გაიმეტებთ ნაწერს, მე მომეცითო. მართლაც აძლევდა მგოსანი ყმაწვილს ხელნაწერებს. დავით ფაღავას ყდაში ჩაუსვამს ყველა ნაგლეჯი, იოსებ გრიშაშვილს კი წაუწერია: "დათიკო ფაღავას საკუთრება". ეს წიგნი, როგორც ამ ისტორიის უტყვი მოწმე, დღესაც არსებობს და ინახება ფაღავების ოჯახში.

KvirisPalitra.Geსოსიკო მერკვილაძის მეზობლად ვანო მაჩაბელი ცხოვრობდა, იქვე ახლოს - ვასო აბაშიძე და მაკო საფაროვა. საღამოობით ხშირად იკრიბებოდნენ ერთად მეზობლები, სხვა მწერლებიც იყრიდნენ თავს... აკაკი ისეთი ლაღი იყო, ყველა თამამად მიდიოდ+ა მასთან და ათას რამეს სთხოვდა. ილიას ვერ უბედავდნენ.

ერთ საღამოს ილია ამდგარა ლექსის წასაკითხად, აკაკიც იქვე ყოფილა. ილია ზეპირად ვერ იმახსოვრებდა ლექსებს, ამიტომ ნაწერის კითხვა დაუწყია:

"ერთ ბედ ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ, წილად გვარგუნეს"...

მეორე გვერდზე გადავიდა და სიტყვა გაუწყდა, ეძებს მომდევნო სტრიქონებს და ვერ პოულობს... ბოლოს უთქვამს, ის "ცუღლუტი" აკაკი ამომიხევდა ფურცლებსო. ღიმილით წამომდგარა აკაკი და ფურცლები მიუტანია. ეს ისეთი სანახავი იყო, ვერ მოვითმინეთ და ყველამ ტაში დავუკარითო, - იხსენებდა დავით ფაღავა...

ივანე მაჩაბლის გაქრობის ამბავი რომ გაიგო, აკაკი საშინლად აღელვებულა. უთხოვია ფაღავასთვის, ფაეტონი დამიჭირეო. ჩამსხდარან და თბილისის ქუჩები დაუვლიათ. უბედურებით გაოგნებული აკაკი: ვანოო, - იძახდა თურმე. უცებ მოპირდაპირედ მოძრავ ფაეტონში ვიღაც შეუნიშნავს. აი, მაჩაბელიო, - წამოუყვირია, - დაეწიე იმ ეტლსო! მისდიეს კიდეც, მაგრამ საით წავიდა, ვერ იპოვეს. ბოლოს უთქვამს,  ალბათ, ვანო არ იყოო.

იმ ღამით სოსიკო მერკვილაძე და აკაკი შინ არც მისულან... ვანო მაჩაბელს დაეძებდნენ...

"უსასთუმლო კაცი", - ასე დაარქვა ოთარ ჭილაძემ. მართლაც უსასთუმლო იყო, არა მარტო იმიტომ, რომ საკუთარ სასთუმალზე თავი დიდი ხანი იყო, არ დაედო... იმიტომაც, რომ ძალიან ბევრი ტკივილი ჰქონდა გადატანილი და, ეს ტკივილი სასთუმალზეც არ ასვენებდა...

"თითქოს გასაკვირიცაა, რატომ არ დაკრძალეს ქუთაისში იქ შობილი და იქვე გარდაცვლილი. მისი მეფური ლანდისათვის არც იქაურობა იქნებოდა ნაკლებად შთამბეჭდავი ფონი: ბაგრატისა და გელათის ტაძრები, მოწამეთა და გეგუთის ნანგრევები... მაგრამ აკაკი თანაბრად ეკუთვნოდა მთელ საქართველოს, ზარის ხმასავით განუყოფელი, და ვერც ერთი კუთხე საქართველოსი, თუნდაც მისი მშობელი, მთლიანად ვერ მიითვისებდა მის ღვთაებრივ მადლსა და სინათლეს".

აკაკიმ ყველაფერს გაუძლო და ერის მეხსიერებაში დარჩა, როგორც ლაღი, მომღერალი და მომლხენი, ენამოსწრებული და ტკბილხმოვანი, სიმღერებად ქცეული ლექსების ავტორი... ეს პირველი გამარჯვება იყო... მეორე გამარჯვება უკვე უკვდავების ჭრილში შეიძლება დაინახო: 170-მა წელმაც ვერ დააშორა თავის ერს - მეხოტბესა და მოსიყვარულეს. ეს უკვე უკვდავებაა.