"თურქებმა უკვე წარწერებიც დადეს ტაძრებში, რომ ისინი ქართულია" - უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ტაო-კლარჯეთში - კვირის პალიტრა

"თურქებმა უკვე წარწერებიც დადეს ტაძრებში, რომ ისინი ქართულია" - უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა ტაო-კლარჯეთში

რამდენიმე დღის წინ, ტაო-კლარჯეთში ექსპედიციის დროს, შატბერდის მონასტრის ტერიტორიაზე უძველეს წარწერებიანი ქვა აღმოაჩინეს. ეს არის ერთადერთი შემორჩენილი წარწერიანი არტეფაქტი შატბერდის მონასტრიდან და ამრიგად, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. შატბერდის მონასტრის ექსპედიციაში სამი მკვლევარი - ბებურ გოზალიშვილი, შალვა კოღუაშვილი და ანა იმედაშვილი მონაწილეობდა.

ექსპედიცია საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ჩატარდა. ექსპედიციის წევრი ანა იმედაშვილი AMBEBI.GE-ს აღმოჩენის შესახებ უყვება:

"ჩვენი ჯგუფი უკვე წლებია სოფელ-სოფელ დავდივართ ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. ვიკვლევთ ყველა სოფელს, მიუხედავად იმისა, გვაქვს ინფორმაცია თუ არა იქ რაიმე მნიშვნელოვანი ძეგლის არსებობის შესახებ. 2014 წლიდან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსება გვაქვს.

მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლამდე 400-მდე ძეგლი იყო ცნობილი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, ხოლო 2014 წლიდან, ინტენსიური ექსპედიციების შედეგად 700-მდე ახლადმიკვლეული ძეგლი შემოვიდა სამეცნიერო სივრცეში. ამათგან ზოგიერთი არის ნაფხვენის სახით, მაგალითად, საძირკვლამდე დანგრეული ეკლესიები თუ ციხეები, ხოლო ზოგიერთი კარგადაა შემორჩენილი.

ამ მხარეში ქართული კულტურის ძეგლების თუ არტეფაქტების მიკვლევა თითქოს დაუსრულებელი და მუდმივი პროცესია.

რაც შეეხება ახლანდელ აღმოჩენას, ეს წარწერა უმნიშვნელოვანესია, რადგან შატბერდის მონასტრიდან არ გვქონდა არცერთი არტეფაქტი, გარდა მოჩუქურთმებული ქვის კვადრისა - მონასტრის მორთულობის ერთადერთი ფრაგმენტი, რომელიც იქვე, სოფელში, ადგილობრივი მცხოვრების სახლის კედელშია ჩაშენებული და 2015 წელს მივაკვლიეთ.

მეორე და უმნიშვნელოვანესი არტეფაქტი არის სწორედ ეს უახლესი აღმოჩენა. ჩვენი ექსპედიციის შატბერდის მონასტერში ყოფნისას, ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა ბებურ გოზალიშვილმა შემთხვევით მიაკვლია მონასტრის ტერიტორიაზე ლაპიდარული წარწერის ორ ფრაგმენტს" - გვეუბნება მკვლევარი.

წარწერას სწავლობს პალეოგრაფი თემო ჯოჯუა. მეცნიერმა AMBEBI.GE-ს უთხრა, რომ წარწერა მეთერთმეტე საუკუნით თარიღდება და მისი საფუძვლიანი შესწავლა, მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის მკვლევარებს შატბერდის მონასტერთან დაკავშირებით.

"წარწერის გაბმული ტექსტის წაკითხვა ჯერჯერობით შეუძლებებლია, რადგან აკლია ფრაგმენტები და სავარაუდოდ, ეხება რაღაცის აშენებას. ასომთავრულით არის დაწერილი. ეს არის შატბერდის მონასტრის ერთადერთი წერილობითი არტეფაქტი. ვიცით, რომ შატბერდი იყო უმნიშვნელოვანესი სამწიგნობრე ცენტრი და დღემდე არ იყო არცერთი წარწერა ცნობილი და აღმოჩენილი.

არსებობდა კიდევ ერთი წარწერა შატბერდის მონასტრიდან, რომელზეც ექვთიმე თაყაიშვილს ჰქონდა ინფორმაცია. მეცხრამეტე საუკუნეში ნახეს ეს წარწერა, გადმოწერეს, თუმცა არტეფაქტი დაკარგულია. ამ ახალ აღმოჩენაზე მიმდინარეობს მუშაობა და იგი მოგვცემს საინტერესო ინფორმაციას, გარკვეულ ამბავს შატბერდის შესახებ და ეს ამბავი იქნება მეთერთმეტე საუკუნის ფარგლებში" - ამბობს პალეოგრაფი.

კვლევითი ჯგუფის სამეცნიერო ხელმძღვანელი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ხუციშვილი იხსენებს ამბავს, თუ როგორ მიაკვლია მან, პირველმა ქართველმა მეცნიერმა ქართული მწიგნობრობის უდიდეს ისტორიულ კერას - შატბერდის მონასტერს. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "ხახულში რომ მივდივართ, მოლა გასაღებს გვაძლევს და შევდივართ..."

თინათინ ზვიადაძე