"ამბობდნენ, იჩხუბეს და პეტრემ სტალინის ვაჟს წამოაძახა, შენ ის გერჩივნა, ქართული გესწავლაო" - ვინ იყო ქართველი გოლიათი პეტრე მშვენიერაძე? - კვირის პალიტრა

"ამბობდნენ, იჩხუბეს და პეტრემ სტალინის ვაჟს წამოაძახა, შენ ის გერჩივნა, ქართული გესწავლაო" - ვინ იყო ქართველი გოლიათი პეტრე მშვენიერაძე?

ზოგჯერ მივიწყებული ამბების ამოტივტივება სენსაციად იქცევა. მაგალითად, ქართველი გოლიათის, პეტრე მშვენიერაძის შესახებ თუ გსმენიათ რაიმე? არადა, გოლიათი ნამდვილად არსებობდა და მის ძალოვნებაზე ნაძლევები იდებოდა საბჭოთა ფულის "წვიმებით"! ამასთანავე, გოლიათი წყალბურთელიც იყო, რისი წყალობითაც მთელ მსოფლიოში დადიოდა და ყველას ეუბნებოდა, ყველა ქართველი ჩემნაირი გოლიათიაო!

დღევანდელი ცირკის მიმდებარედ მღვრიე და გაყინული საცურაო აუზის შესახებ თუ გსმენიათ რაიმე? 12 წლის იყო პეტრე, საცურაო აუზს რომ მიაკითხა, მაგრამ კარისკაცმა არ შეუშვა, შენნაირმა გაწრიპულმა აქ რა უნდა აკეთოსო. ბიჭმა უკან არ დაიხია, ღობეზე გადაძვრა და წყალში გადაეშვა. უცხო ბიჭის საოცარი მხარული ცურვა არ გამოეპარათ, ვინაობა გამოჰკითხეს და ცურვაზე სიარული შესთავაზეს.

მას შემდეგ საცურაო აუზი ლამის საკუთარ სახლად აქცია. თავდაუზოგავმა შრომამ და მონდომებამ ნაყოფი გამოიღო. ერთ წელიწადში ზედიზედ ორჯერ (1944-45 წლებში) პეტრემ თანატოლებს შორის ბრასით 100 და 200 მეტრზე ცურვაში სსრკ-ის ჩემპიონობა მოიპოვა.

16 წლისას კი ახალი გატაცება გაუჩნდა - წყალბურთი!

ამ გოლიათის შესახებ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ჩვენ მაინც ვიპოვეთ ადამიანი, რომელიც მის ამბებს მოგვითხრობდა:

შალვა ლორია: - საკმაოდ ხანდაზმული გახლავართ, ესე იგი, იმ თაობის, ვისაც პეტრე მშვენიერაძე და მისი ცურვა უნახავს. შიშის ზარს სცემდა წყალბურთელებს, ზურგზე მოკიდებული მოწინააღმდეგეებით ბუმბულივით ამოვარდებოდა წყლიდან, "დაიფერთხავდა" და მაშინვე ბურთს შეაგდებდა! იმიტომაც იყო, თბილისს მისი თავი მოსკოვმა წაართვა - 1949 წელს მშობლიური თბილისის "დინამოს" დატოვებამ მოუწია. ის მოსკოვის "დინამოში" მიიწვიეს და სსრკ-ის ნაკრებშიც ჩარიცხეს. ამავე წელს გახდა სსრკ-ის თასის მფლობელი.

1951 წელს მოსკოვის ВВС-ში (სამხედრო-საჰაერო ძალების გუნდი) მიიწვიეს, რომელიც გენერალ ვასილი სტალინს ეკუთვნოდა, მაგრამ პეტრემ მოსკოვის "დინამოში" დაბრუნება გადაწყვიტა, რამაც გენერალი ძალიან გააბრაზა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სახელოვან წყალბურთელს ბრალი წაუყენეს, მაგრამ მოსამართლემ საქმე მის სასარგებლოდ გადაწყვიტა. პროცესის დასრულების შემდეგ გენერალმა სასაუბროდ აგარაკზე დაპატიჟა. იქ რა მოხდა, ძნელი სათქმელია, მაშინ ამ ამბავზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა, ამბობდნენ, იჩხუბეს, პეტრემ სტალინის ვაჟს წამოაძახა, შენ ის გერჩივნა, ქართული გესწავლაო.

1952-63 წლებში პეტრე მოსკოვის "დინამოს" დაუბრუნდა. ამ გუნდმა სწორედ მისი წყალობით მოიგო 3 ოლიმპიადა და ამიტომაც შეარქვეს "წყლის პელე". როგორც პელე გახდა ფეხბურთის მეფე მსოფლიოში, ისე პეტრე იყო მაშინ წყალბურთის მეფე! მაგ ამბავზე ამერიკელებმა ფილმიც გადაიღეს 60-იან წლებში. მინახავს წყალში ჩასვლა-ამოსვლისას რანაირად უყურებდნენ - თვალებგადმოვარდნილები. მისი მხარ-ბეჭი მართლა სასწაული იყო!

- მართლაც საამაყოა ეგ ყველაფერი, სამწუხარო კი, დამპყრობი იმპერიის სახელით რომ თამაშობდა.

- ყველა ეპოქას თავისი ტვირთი აქვს. პეტრე თავის ქართველობას ყველგან ახსენებდა და გულიც საქართველოსკენ უწევდა, განსაკუთრებით, აფხაზეთისკენ. სწორედ იქ მოუგო ვიღაც ინკოგნიტო საბჭოთა მილიონერს 5000-რუბლიანი სანაძლეო რიწის ტბის გადაცურვისთვის (რიწის ტბა საცურაოდ ძალიან ძნელი და ცივია). ამ ფულით მაშინ სამ სახლ-კარსაც იყიდდი და მთელ ჩემოდანსაც გაავსებდი! იმ კაცმა პეტრეს ცურვის ნახვა არჩია. თურმე პეტრემ ჩაიცინა, წყალში გადახტა და უკანვე ამოვიდა, აქაოდა, შემეშინდა და გადავიფიქრეო! და როდესაც იქ შეკრებილმა ხალხმა ამოიგმინა, პეტრემ კვლავ წყალში გაადინა დგაფანი, გაუჩინარდა და ტბის მეორე მხარეზე ამოცურა.

- რაში დაიხარჯა მოგებული ფული? - მთელი სანაპირო რესტორანში დაპატიჟა და საქართველოს სადღეგრძელოც დალია. ყველაფერი გოლიათური იცოდა!

2003 წელს მსოფლიო წყალბურთის ლეგენდა, "წყლის პელედ" მონათლული პეტრე მშვენიერაძე, ლეიკოზით გარდაიცვალა - თურმე მისი მომრევი ძალაც ყოფილა.…