გურჯი ხათუნის უცნობი ფრესკა და ახლახან ნაპოვნი სავარაუდო საფლავი - რას გაარკვევს დნმ-ს ანალიზი? - კვირის პალიტრა

გურჯი ხათუნის უცნობი ფრესკა და ახლახან ნაპოვნი სავარაუდო საფლავი - რას გაარკვევს დნმ-ს ანალიზი?

თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" პირად გვერდზე გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახლად აღმოჩენილი საფლავის ქვების ფოტოები გამოაქვეყნა. გახსოვთ, ალბათ, ამ ზაფხულს რომ ვწერდით, თურქეთის ქალაქ ერზურუმის პასინლერის რაიონში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებზე, სადაც სულთან ალაედინ ქეიყუბად II-ის სარკოფაგი და, სავარაუდოდ, მისი დედის - გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგიც აღმოაჩინეს. სარკოფაგები გთხრის შემდეგ თამარ დედოფალი ჩვენი დიდი მეფეთ მეფის - წმინდა თამარის შვილიშვილი გახლდათ. შესაბამისად, სელჯუკთა ახალგაზრდა სულთან ქეიხუსრევს 13 წლის ასაკში მითხოვებული უმცროსი თამარისადმი ინტერესი განსაკუთრებით დიდია, და არა მარტო ქართველებში, არამედ - თურქეთშიც. თავისი სილამაზისა და გონიერების გამო იგი გამორჩეულად შეიყვარეს და გურჯი ხათუნი უწოდეს.

როგორც ამბობენ, მას წმინდანივით სცემდნენ თაყვანს მუსლიმანურ სამეფოში და ორი სამყაროს - მუსლიმანურისა და ქრისტიანულის დედოფალს უწოდებდნენ. სილამაზისა და გონიერების წყალობით სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. გიორგი ჯანჯღავა

უახლესი ინფორმაციის დასაზუსტებლად თურქეთში საქართველოს ელჩს გიორგი ჯანჯღავას დავუკავშირდი.

- ბატონო გიორგი, თურქმა არქეოლოგებმა დაადასტურეს უკვე, რომ სწორედ მათ ეკუთვნით ეს სარკოფაგები?

- მიდის მუშაობა. დიდი ალბათობით, სარკოფაგებში დედა და შვილია. ნაპოვნი მასალა - ძვლები ექსპერტიზაზე უკვე გადაგზავნეს.

- წარწერები გაშიფრულია? - სულთნის - კი, მეორის დაზიანებული ჩანს ან წაშლილი.

- თავდაპირველად რამ გააჩინა ვარაუდი, რომ სწორედ ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის სარკოფაგები შეიძლება ყოფილიყო? სულთნის წარწერაზე არის რაიმე დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ სწორედ გურჯი ხათუნის ვაჟია? - დანამდვილებით ცნობილია, რომ სულთანი ქეიყუბად მეორეა, გურჯი ხათუნის შვილი. მე-13 საუკუნის სელჩუკური წყაროების მიხედვით ცნობილია, რომ დედა ანუ გურჯი ხათუნი შვილთან დაასაფლავეს. სამარხშიც ქალის ძვლებია ნაპოვნი და დიდი ალბათობით იგი თამარისაა. თუკი დნმ-ის ანალიზიც იმავეს დაადასტურებს, მტკიცება ამით დასრულდება.

ოთხი წლის წინ, თურქეთში მოგზაურობისას, მეგობრებთან ერთად იჰლარას ხეობასაც ვესტუმრე. ჩვენი მთავარი მიზანი გურჯი ხათუნის ფრესკის ნახვა იყო - ვიცოდით, იქ, კლდეში ნაკვეთ ერთ-ერთ ეკლესიაში უნდა ყოფილიყო. საკმაოდ შეგვაგვიანდა ხეობაში მისვლა და გვითხრეს, ეკლესიებს მალე ვკეტავთ, გურჯი ხათუნის ფრესკა ხეობის ბოლოს, წმინდა გიორგის ეკლესიაშია და გვეეჭვება, მისი ნახვა მოასწროთო. არ მავიწყდება, როგორ მივრბოდით ამ ულამაზეს და საკმაოდ ვრცელ ხეობაში და ვლოცულობდით, ოღონდაც ღია ეკლესიისთვის მიგვესწრო.

სირბილისას სწორედ იმ ახალგაზრდა ჟანდარმს გადავუსწარით, გასაღებებით ხელში აჩქარებული ნაბიჯით რომ მიემართებოდა ბოლოსკენ შემორჩენილი ეკლესიების დასაკეტად. ლამის ხოხვით ავიარეთ უკანასკნელი ბარიკადი - კლდეზე ლამის დაკიდებული მრავალსაფეხურიანი კიბე, თან უკან ვიყურებოდით, ჟანდარმი ხომ არ გვეწევაო - გონებაში სავარცხელიც კი გადავუგდე, ჩვენ შორის უღრანი ტყე რომ აღმართულიყო და... მაინც მივასწარით. კლდეში ნაკვეთ ამ ერთი ციდა ეკლესიის დათვალიერებას რაღა უნდოდა, მაგრამ ფრესკას, სადაც მარცხნივ სულთანი დგას, მარჯვნივ გურჯი ხათუნი და შუაში კი - წმინდა გიორგი, თვალს ვერ ვწყვეტდით... ამ დროს კი ჟანდარმიც წაგვადგა თავზე. სანთლები მოვიმარჯვეთ და ასანთი არ აღმოგვაჩნდა, ისე გავთავხედდით, მახსოვს, სწორედ ჟანდარმს გამოვართვით სანთებელა და იმით დავანთეთ. ახალგაზრდა კაცი კარგი ადამიანი აღმოჩნდა და ლოცვაც გვადროვა, ფოტოების გადაღებაც და არც ჩვენ დავზარდით გულითად მადლობას.

საუბრის ბოლოს ბატონ გიორგი ჯანჯღავას მაინც ვკითხე, იჰლარას წმ. გიორგის ქვის პატარა ეკლესიაში ნანახი ფრესკა ხომ გურჯი ხათუნისაა-მეთქი. მან დამიდასტურა, ფრესკას თამარი კი აწერია, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, რომელი თამარია, აქაც დიდი ალბათობით, სწორედ გურჯი ხათუნი იგულისხმებაო.

ამგვარი საიდუმლოებებითა და მისტიკით მართლაც გამოირჩევა ამბები, რომელიც დიდ თამარსა და მის შვილიშვილ გურჯ ხათუნს ახლავს, და გარდა მათი სილამაზე-გონიერებისა და ღვაწლისა, ამიტომაც იქცნენ ალბათ ბევრის მუზად!

იხილეთ ასევე: "ასე გახდა ქალი საყვარელი ქმრის მკვლელის მეუღლე" - ვინ იყო გურჯი ხათუნი, ვისი საფლავიც თურქეთში, სავარაუდოდ, ახლახან იპოვეს