"ბერიამ ტიციანი დაიბარა, - პაოლო მაინც მკვდარია, აღარაფერი დაუშავდება, შენ კი ცოლ-შვილი გყავს, დაწერე, რომ გერმანიის აგენტი იყოო" - კვირის პალიტრა

"ბერიამ ტიციანი დაიბარა, - პაოლო მაინც მკვდარია, აღარაფერი დაუშავდება, შენ კი ცოლ-შვილი გყავს, დაწერე, რომ გერმანიის აგენტი იყოო"

თბილისი. გრიბოედოვის ქუჩის 18. ხის კიბე და ბინა, რომლის კედლებს უამრავი ამბავი შემოუნახავს. სასტუმრო ოთახის მრგვალი მაგიდა ძველი სკამებით, სადაც ვინ აღარ მჯდარა - უამრავი სახელგანთქმული ადამიანი. ეს ბინა სავსეა მოგონებებით და ამას თითოეულ ნივთში, ნახატში, გაცრეცილ ფოტოში გრძნობ - ლადო გუდიაშვილისა და კირილ ზდანევიჩის ნახატები; "პიერო და კოლომბინას" ფიგურები - პაოლო იაშვილის საქორწინო საჩუქარი; საათი, რომელიც სწორედ იმ დროს - ღამის 3 საათზე გაჩერდა, როდესაც "ის" წაიყვანეს და მას შემდეგ აღარც გაუკეთებიათ... თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ და ვცდილობ, როგორმე გავაცოცხლო მისი ძველი ბინადრების მხიარულებითა და სევდით, სიყვარულითა და სიმწარით სავსე წუთები, დღეები, წლები. ორი სათნო ქალბატონი მეხმარება - ერთი იმ ოჯახის შვილიშვილი ნინო ანდრიაძე და მეორე იმ ოჯახის ერთგული და, შეიძლება ითქვას, სულიერი ნათესავიც - ნინო ვადაჭკორია. სტატიის მთავარი გმირი კი უბრალოდ პერსონაჟი არ გახლავთ, არამედ ნამდვილი გმირია - "ცისფერყანწელი" მწერალი ტიციან ტაბიძე, პოეტი, ვინც საკუთარმა ლექსმა მართლაც მოვარდნილი მეწყერივით ცოცხლად დამარხა და... მარადისობად აქცია!

"პოეზიის საღამოებში" ნათენები ღამეები

ტიციან ტაბიძე ამ ბინაში 1921 წლიდან ცხოვრობდა, ანუ მას შემდეგ, რაც მან და ნინო მაყაშვილმა ხელი მოაწერეს. პატარა ქორწილიც აქ გადაუხადა პაოლო იაშვილმა. მერე კი ეს სახლი ნინოს ბიძამ - ალექსანდრე ჭავჭავაძემ ნინოს აჩუქა. აქ რომ გადმოვიდნენ, მხოლოდ მრგვალი მაგიდა ჰქონდათ. მერე და მერე შეიძინეს დანარჩენი ნივთები. ირგვლივ რაც არის, ყველაფერი ტიციანის ნაქონია. თუკი თბილისში ვინმე ჩამოდიოდა რუსეთიდან ან უცხოეთიდან, თურმე, ყველა ტიციანთან და ნინოსთან იკრიბებოდა. ადგილიც მოსახერხებელი იყო. მანამდეც, ვიდრე აქ გადმოვიდოდნენ საცხოვრებლად, ტიციანსა და მის მეგობრებს თავშეყრის ადგილად გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების გასაყარი ჰქონდათ. ქუჩაშივე შლიდნენ სუფრას და მთელი ღამის განმავლობაში კითხულობდნენ ლექსებს. საწყალი მცხოვრებლები ეხვეწებოდნენ, გაგვანებეთ თავი, დაგვაძინეთო, საპასუხოდ კი პაოლო იაშვილი კიდევ უფრო ომახიანად განაგრძობდა კითხვას...

პაოლო და ტიციანი

როდესაც პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირში თავი მოიკლა, ლავრენტი ბერიამ ტიციანი დაიბარა და უთხრა: პაოლო მაინც მკვდარია, აღარაფერი დაუშავდება, შენ კი ცოლ-შვილი გყავს, რა მოხდება, დაწერე, რომ გერმანიის აგენტი იყოო. ტიციანმა სასტიკი უარი უთხრა. ბერია გაოცდა: როგორ, ცოლს თუ არა, შენს შვილს - ნიტას მაინც არ იბრალებ და ასე უპატრონოდ ტოვებ? ან კიდევ, რამდენი რამე გაქვს დასაწერ-გასაკეთებელიო? ტიციანმა უპასუხა: რა აზრი ექნება ან ჩემს პოეზიას, ან შემოქმედებას, ახლა თუ ამას ხელი მოვაწერეო. შინ დაბრუნებულმა კი 16 წლის ნიტას უთხრა: შეიძლება მე აღარ ვიყო, მაგრამ ერთი რამ იცოდე - არასდროს შეგრცხვება და არასდროს და არსად გაწითლდები, როდესაც ჩემს სახელს ახსენებენო. ტიციანი და ნინო ორ თვეს ატარეს ტიციანი დაკითხვებზე, 1937 წლის 8 ოქტომბერს კი დაიჭირეს და 10 წლით, მიმოწერის უფლების გარეშე, გადასახლება მიუსაჯეს. კარგა ხანს სჯეროდათ ნინოს და ნიტას, რომ ტიციანი ცოცხალი იყო. ნინომ რუსულ ფილოლოგიურზეც კი ჩააბარა, რუსული კარგად რომ შეესწავლა და გადასახლებაში ქმრის ახლოს ყოფილიყო, მაგრამ წლების შემდეგ, 1958 წელს გაირკვა, რომ ტიციანი დაჭერიდან მესამე დღესვე დახვრიტეს. რეაბილიტაცია კი მხოლოდ წლების შემდეგ, 1954 წელს გამართულ მწერალთა კავშირის ყრილობაზე მოხდა...

"ის" ღამე

ორთვიანი გაუთავებელი დაკითხვებით გადაქანცულ-განერვიულებულ და ღამენათევ ტიციანსა და მის მეუღლეს სწორედ იმ ღამეს ჩაეძინათ მშვიდად. ნიტა კი მანქანის დამუხრუჭების ძლიერმა ხმამ შეაშფოთა ღამის 2 საათზე. საძინებლის ფანჯრიდან გადაიხედა ქუჩაში და... მიხვდა, რომ მამას მოაკითხეს. მაშინვე შევარდა საძინებელში და გააღვიძა. მერე მეზობლებიც შეიკრიბნენ - ყველანი ბინის ჩხრეკას დაასწრეს. ნიტამ შენიშნა, მამას ფეხები რომ უკანკალებდა - ცხადია, ტიციანი ხვდებოდა, წაიყვანდნენ და უკან ვერასდროს დაბრუნდებოდა.

იმ ღამით ნინო ერთბაშად გაჭაღარავდა... ტიციანი და ნიტა გასაოცარი კი ის იყო, რომ ოჯახს ბინა და ნივთები არ ჩამოართვეს. ნინოს და ნიტას ერთი ოთახი - ნიტას საძინებელი დაუტოვეს, დანარჩენ ოთახებში კი სხვა ხალხი შეუსახლეს...

დაბრუნება

1988 წლის 9 აპრილს, ტიციანის სახლში მუზეუმი რომ გაკეთდა, ყველა ნივთმა ძველი ადგილი დაიკავა - თუკი ვინმეს რაიმე ჰქონდა წაღებული, ყველამ დააბრუნა. შემოქმედებითი არქივი კი ლიტერატურის მუზეუმში ინახება. ბინის დაბრუნება და მასში მუზეუმის დაარსება ტიციანისა და ნინოს შვილიშვილის - გივი ანდრიაძის დიდი ძალისხმევის შედეგია. ამ სახლში დღეს სწორედ მისი ოჯახი ცხოვრობს, მუზეუმს კი ორი ოთახი - ნიტას ყოფილი საძინებელი და სასტუმრო ოთახი უკავია. ამ ბინაშიც და საერთოდაც, ტიციან ტაბიძის ოჯახში სიცოცხლე და ტრადიციები დღემდე გრძელდება. ნიტა ტაბიძის სიცოცხლეში, ჯერ კიდევ გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრებისას, უამრავი ადამიანი იკრიბებოდა იმ სახლში. ჩამოდიოდა თბილისში, ჯერ მათთან მიდიოდა და ცხოვრობდა. ხშირად უცხოებიც აკითხავდნენ. დააკაკუნებდნენ და იტყოდნენ, ლექსებს ვწერთ და თუ შეიძლება შემოგვიშვითო და მერე უმეგობრდებოდნენ.

ტიციანი, ნინო და პასტერნაკი

ტიციანი რომ დაიჭირეს, ქართველ მწერლებს ერიდებოდათ და ეშინოდათ მათთან მისვლის, რადგან "ქვეყნის მტრის" ოჯახი იყო და თუკი მივიდოდნენ, შეიძლება ისინიც დაეჭირათ. და ასეთ პერიოდში ბორის პასტერნაკმა ნინოს მოსკოვიდან დეპეშა გამოუგზავნა: "გული ამომგლიჯეს და ვერც ვიცოცხლებდი, მაგრამ უკვე ორი ოჯახი მყავს - შენი და ჩემი". ეს დიდი ვაჟკაცობა იყო. მას შემდეგ ძალიან ეხმარებოდა მატერიალურად ნინოს და ნიტას. ნინო ხშირად ჩადიოდა რუსეთში, პასტერნაკთან, ეს უკანასკნელი კი 1937 წლის შემდეგ, პირველად, 1945 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის იუბილეზე ჩამოვიდა თბილისში. სადგურზევე გამოაცხადა, ჯერ ტიციანის ოჯახში მიმიყვანთო. იმხანად ტიციანი რეაბილიტირებული არ იყო. სახლთან რომ მივიდა, დაბლიდანვე დაუძახა ნინოს: მე მოვედიო. სწორედ მაშინ გამოუცხადა, უშენოდ არ წავალ მწერალთა კავშირშიო და ამდენი ხნის შემდეგ, პირველად მიიყვანა იქ. სცენიდან ეკითხებოდა, თურმე, რომელი ლექსი გინდა, რომ წავიკითხო, რომელი თარგმანი გესიამოვნებაო და, თითქოს, ამით მოახდინა ტიციანის პირველი რეაბილიტაცია. სხვათა შორის, მერე, რომან "ექიმი ჟივაგოს" საზღვარგარეთ გამოქვეყნებისა და ნობელის პრემიის გამო პასტერნაკის დევნა რომ დაიწყეს, როგორც ერთ დროს პასტერნაკს არ შეეშინდა და ტიციანის ოჯახს დეპეშა გამოუგზავნა, არც ნინო შეშინდა, ჩააკითხა რუსეთში და ურთულესი პერიოდი მასთან დაჰყო. მერე მდგომარეობა გართულდა, პასტერნაკს ახლობლებმა საზღვარგარეთ წასვლა ურჩიეს, ის კი საქართველოში ჩამოვიდა და ნინო და მედეა ჯაფარიძე დაატარებდნენ ყველგან. მოგვიანებით, ბაქანზე რომ გააცილეს, მატარებლის კიბეზე ასულმა პოეტმა მოიხედა და ნინოს დაუძახა: "კარგად მომძებნე შენთან, სახლში, მე იქ დავრჩი!" ძალიან ცუდად რომ იყო, ნინომ შინ, პერედელკინოში ჩააკითხა და პასტერნაკმა მის ხელში დალია სული...

"როცა მერცხალი მონახავს ბუდეს"

ვიდრე ტიციანის ოჯახი გრიბოედოვზე ცხოვრობდა, აივანზე მერცხლებს ბუდე ჰქონდათ და ყოველ გაზაფხულზე მიფრინავდნენ ხოლმე. გოგებაშვილზე რომ გადავიდნენ, მერცხლები იმ სახლში აღარ გამოჩენილან. როცა დაბრუნდნენ და მუზეუმიც გააკეთეს, ნიტამ ითხოვა, პირველ ღამეს მარტო დავრჩები აქო. დილით, თურმე, მერცხალი შეფრინდა ოთახში, წრე დაარტყა და გაფრინდა. კადრები ტიციანის მუზეუმიდან - ფოტოები ჟურნალ მალევე აივანზე კვლავ გამოჩნდნენ მერცხლები და ბუდეც დაიდეს. ამას კიდევ საოცარი რამ მოჰყვა: თურმე, ტიციანი ლექსის წერას რომ იწყებდა, ბოლთას სცემდა და პატარა ნიტაც ბოლთის ცემით დაჰყვებოდა ოთახში. ლექსის წერისას ნინო გვერდით უნდა ყოფილიყო. ღამეც კი უნდა გაეთენებინა მასთან ერთად. რომ დაწერდა, ჩვევად ჰქონდა - ჯერ ნინოს წააკითხებდა და მერე წიგნში ინახავდა. ამის შემდეგ, ირიჟრაჟებდა თუ არა, დუქანში მიდიოდნენ ხაშის საჭმელად. ცოტა ხანში იმავე დუქანში აუცილებლად შევიდოდნენ პოეტები, მსახიობები, დიდი სუფრა იშლებოდა და ყველა ერთად ილხენდა. წიგნში ჩადებული ხელნაწერები ნინომ და ნიტამ ლიტერატურის მუზეუმს ჩააბარეს. როდესაც ძველ სახლში დაბრუნდნენ, ბიბლიოთეკაც გადმოიტანეს და ერთ-ერთი წიგნიდან გადმოვარდა ტიციანის ლექსის ხელნაწერი - "როცა მერცხალი მონახავს ბუდეს", სადაც ნათქვამია: მე აუცილებლად აპრილში მოვალ, მერცხლად მოგევლინებით და ვიმღერებ საქართველოს სიყვარულზეო. ტიციანი 2 აპრილს დაიბადა, მუზეუმი 9 აპრილს გაიხსნა, 1989 წლის საშინელი 9 აპრილის ღამეს კი ტიციანის უსაყვარლესი დის - სონია ტაბიძის ქალიშვილი დაიღუპა მთავრობის სახლთან. როდესაც შინ მოასვენეს, მერცხალი შეფრინდა და მის სასთუმალთან გაატარა მთელი ღამე...

(სპეციალურად საიტისთვის)