ესთერი თედოს გადაეფარა და სასიკვდილოდ დაიჭრა - ძველი გურული სიმღერა "ურიელა", რომელშიც ქართულ-ებრაული სიყვარულის ანარეკლი ილანდება - კვირის პალიტრა

ესთერი თედოს გადაეფარა და სასიკვდილოდ დაიჭრა - ძველი გურული სიმღერა "ურიელა", რომელშიც ქართულ-ებრაული სიყვარულის ანარეკლი ილანდება

ძველი გურული სიმღერა "ურიელა", რომელშიც ქართულ-ებრაული სიყვარულის ანარეკლი ილანდება

აგვისტოს ბოლო დღეები ოსმალეთის ყოფილ სატახტო ქალაქში, სადაც კარგა ხანი დავყავი, უჩვეულოდ მზიანი იყო. იმდენად მზიანი, რომ არქივში მუშაობაც გამიძნელდა - სიცხის გამო, იქ კონდიციონერები ჩართეს და აცივდა. ერთი სიტყვით, გარეთ თუ მზე მწვავდა, შიგნით სიცივე მყინავდა, მაგრამ მაინც ვიქექებოდი იმ ძველ დოკუმენტებში, იქნებ რამე სახეიროს გადავაწყდე-მეთქი. არქივის ერთი თანამშრომელი გოგონა ისე გულთბილად მიღიმოდა ხოლმე, რომ სიცხეც მავიწყდებოდა და სიცივეც. წამოსვლის წინადღეს, დოკუმენტებში ქექვას აღარ ვაპირებდი - ისე მივედი მასთან და ის-ის იყო, უნდა მეკითხა: ნუთუ ამ სიცივეში ჯდომას, თაქსიმზე პლომბირის ჭამა და შარლ დე კოსტერზე საუბარი არ ჯობია-მეთქი, რომ თავად დამასწრო და მითხრა: თქვენ რომ გაინტერესებთ, ზუსტად ისეთი რამ ვიპოვეო და მომცრო საქაღალდე მომაწოდა.

თაქსიმზე, არცთუ ისე საყოველთაოდ ცნობილ "პლომბირ-ბარში" იმ საღამოს მაინც კი დავსხედით, მაგრამ შარლ დე კოსტერი და მისი ტილ ულენშპიგელი სულაც აღარ გაგვხსენებია: ავდექი და ის ამბავი მოვუყევი, რაც იმ მომცრო საქაღალდეში მოთავსებულ ფარატინა ფურცლებზე ძველი, არაბულ-ოსმალური ანბანით ეწერა. ამ ანბანის წაკითხვა შარლ დე კოსტერის შემოქმედების მოყვარულ ლამაზ გოგონას არ შეეძლო და არც ის იცოდა, რომ ჩვენთან - საქართველოში არსებობს ერთი ძველი გურული დარდიმანდული სიმღერა "ურიელა", რომელშიც სწორედ იმ ამბის ანარეკლი ილანდება, დღეს თქვენც რომ უნდა მოგიყვეთ.

1908 წელს, ტრაპიზონი მთლიანად თუ არა, სანახევროდ მაინც, ქართული ქალაქი იყო - იქ ბლომად იყვნენ ადგილობრივი ლაზებიც და რუსეთის იმპერიიდან წასული გურულები, მეგრელები, იმერლები თუ აფხაზებიც. ქართველების მთავარი შეკრების ადგილი სოლომონ II-ის საფლავი გახლდათ: იქ ადგილობრივი მღვდელმსახურები თვეში ერთხელ მაინც იხდიდნენ ქართველი გვირგვინოსნის სულის მოსახსენიებელ პარაკლისს, რომელსაც ყველა ქართველი ესწრებოდა ხოლმე. იმ დღეს, როდესაც ოზურგეთის მაზრის მკვიდრი თევდორე კალანდარიშვილი რომელიღაც რუსული თუ ოსმალური ხომალდიდან, რომელზეც ცეცხლფარეშად იყო, ტრაპიზონის ნავსადგურში ძალით გადმოსვეს (კაპიტნისთვის შემოურტყამს და ეს არ აპატიეს), სწორედაც რომ საპარაკლისე დღე იყო. თევდორემ ნაცნობ თერძს მიაკითხა, მაგრამ მასთან არავინ დაუხვდა და მეზობლებმა სოლომონ II-ის საფლავის გზა მიასწავლეს.

გიორგი ნიკოლაძე, სევარიონ მირცხულავა და თედო კალანდარიშვილი, რიზეში. ფოტოგრაფი მორის დ’ევრე

თევდორე კალანდარიშვილი პარაკლისს დაესწრო და იმ თერძის გარდა, სხვა ნაცნობებიც ბლომად ნახა. "მეზღვაური ვიყავი, გემზე ვმსახურობდი, მაგრამ კაპიტანთან ჩხუბი მომივიდა და შემომელახა... ახლა უსაქმოდ ვარ და ნებისმიერ სამუშაოს, რაც ჩემთვის იქნება შესაფერისი, შევასრულებ!" - ამცნო თედომ ერთ ტრაპიზონელ ლაზს, რომელსაც სამუშაოს შოვნა ყველასთვის მუდამ შეეძლო. "სამუშაო აქ ბევრია... შენ ის მითხარი, მებაღეობა შეგიძლია?" - ჰკითხა თედოს ლაზმა და დადებითი პასუხის შემდგომ, უთხრა: აქ ერთი ებრაელი ცხოვრობს და პროფესიონალ მებაღეს ეძებსო. ერთი სიტყვით, მეორე დღეს, დილით ადრე თედო და ის ლაზი იმ ებრაელს მიადგნენ.

შიმუელ დე მერკადო ესპანეთიდან ლტოლვილი იმ ებრაელების შთამომავალი იყო, რომლებიც ხმელ-თაშუა ზღვისპირეთში ხეტიალის შემდეგ, ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქში დაფუძნდნენ, ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში კი სტამბოლიდან უკვე ტრაპიზონში გადავიდნენ - იქ, ქართულ გარემოცვაში, მუსლიმანები ებრაელებს ვერ ერჩოდნენ. შიმუელის ბაბუამაც, ტრაპიზონის ებრაულ უბანში უზარმაზა-რი სასახლე შეიძინა, უზარმაზარივე ადგილ-მამულით. სწორედ ამ ადგილ-მამულის მოსავლელად სჭირ-დებოდა მის შვილიშვილს - შიმუელს პროფესიონალი მებაღე.

მოხუც ებრაელს გაცნობისთანავე თვალში მოუვიდა ტანადი ქართველი ჭაბუკი, რომელსაც ეტყობოდა, რომ ყველა საქმეს გაართმევდა თავს და კმაყოფილება ვეღარ დამალა. შუამავალს დიდი მადლობა გადაუხადა, თედოს კი იმავე დღეს აუხსნა, რა და რა უნდა გაეკეთებინა. თან, რასაკვირველია, თავისი ბაღიც დაათვალიერებინა და ჯამაგირზეც მოურიგდა. გარდა მებაღეობისა, თედომ მამულის დაცვაც იკისრა და შიმუელ ეფენდისგან მეტად ძვირფასი საჩუქარი - ნამდვილი ამერიკული "ბერდენკა" და ბედაური მიიღო.

შიმუელ დე მერკადოს ერთადერთი ასული ჰყავდა, სახელად ესთერი. სწორედ იმ დროს, როდესაც თედომ ებრაელის მამულში მებაღედ დაიწყო მუშაობა, ესთერი მამამისმა ერთ სტამბოლელ ებრაელზე დანიშნა. სასიძო ვაჭარი იყო და ძირითადად, იტალიის ქალაქებში ვაჭრობდა. გოგონას დანიშნული არ უყვარდა და არც შეეძლო ჰყვარებოდა, რადგანაც პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა ქართველი მეზღვაური, რომელიც ბედს მებაღე გაეხადა. ესთერი თედოს მეუღლე ვერასოდეს გახდებოდა, რადგანაც აღმსარებლობა სხვადასხვა ჰქონდათ, მაგრამ გოგონას მაინც მგზნებარედ უყვარდა მებაღე, თან წარმოდგენაც არ სურდა იმისი, რომ ოდესმე სხვისი ცოლი უნდა გამხდარიყო.

იმხანად, ოსმალეთის იმპერიაში "ახალგაზრდა თურქთა" გამოსვლები იწყებოდა - წარმოშობით ალ-ბანელმა პოდპოლკოვნიკმა აჰმედ ნიაზი-ბეიმ მაკედონიაში, თავის მშობლიურ ქალაქ რესენში 1908 წლის 3 ივლისს, მთელი თავისი ქვედანაყოფი ააჯანყა და სულთან აბდულ-ჰამიდ II-ს კონსტიტუციის აღდგენა მოსთხოვა. აჯანყება მალევე მოედო ოსმალეთის იმჟამინდელ ევროპულ ვილაიეთებს და დედაქალაქ სტამბოლსაც. "ახალგაზრდა თურქები" ტრაპიზონშიც ამოძრავდნენ - ისინი ადგილობრივ ქართველ და ბერძენ აქტივისტებს დაუკავშირდნენ და სულთნის წინააღმდეგ, კონსტიტუციის აღსადგენად ერთობლივად ბრძოლა შესთავაზეს.

1908 წლის დეკემბერში, ტრაპიზონში "ახალგაზრდა თურქებმა" შეიარაღებული აჯანყების შედეგად, ხელთ იგდეს მთელი ხელისუფლება. პარალელურად კი, სატახტო ქალაქ სტამბოლშიც იგივე მოხდა, რამდენადაც აბდულ-ჰამიდ II იძულებული გახდა, კონსტიტუციაც აღედგინა და მთავრობის ფორმირება მთლიანად აჯანყებულებისთვის მიენდო. აღსანიშნავია ისიც, რომ "ახალგაზრდა თურქები" ებრაელებს ოსმალეთის იმპერიის მთავარ მტრებად მიიჩნევდნენ და, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იწყეს მათი დაშანტაჟება და დარბევა. ოსმალეთის ყველა ქალაქში - მათ შორის, ტრაპიზონშიც, ებრაელებს აეკრ-ძალათ მაღალი თანამდებობების დაკავება. ამგვარად, მათ ფაქტობრივად, ჩამოერთვათ ცალკე "მილეთის", ანუ ეროვნული უმცირესობის წოდება, რაც 1453 წლიდან ჰქონდათ მინიჭებული.

"ახალგაზრდა თურქების" ამგვარი ანტისემიტიზმი იმით იყო განპირობებული, რომ იმხანად ოსმალეთის ეკონომიკაში ებრაელებს წამყვანი პოზიციები ეჭირათ და ვაჭრობა მათ ხელში იყო. შესაბამი-სად, სულთნის კართან კარგი ურთიერთობებიც ჰქონდათ და აბდულ-ჰამიდ II ერთპიროვნული მმართველობის პერიოდში სწორედ ამ ხალხს ეყრდნობოდა. ებრაელები იძულებულნი იყვნენ, სულთანთან ურთიერთობა არ გაეფუჭებინათ - წინააღმდეგ შემთხვევაში, ოსმალეთის დატოვებაც მოუწევდათ. გარდა ამისა, იმხანად ოსმალეთის ხელში იყო ებრაელების მშობლიური მიწა - პალესტინა. "ახალგაზრდა თურქებმა" იქ არაბებზე დადეს ფსონი და ამ მიზეზის გამო, ებრაელები მათდამი საბოლოოდ, ცივად განეწყვნენ.

შიმუელ დე მერკადოს ყოფა-ცხოვრებაზე ოსმალეთის შიდაპოლიტიკური ამბები ნაკლებად აისახებოდა მანამდე, სანამ აბდულ-ჰამიდ II-ის მომხრეებმა, სტამბოლში 1909 წლის 12 აპრილის ღამეს კონტრრევოლუციური გადატრიალება არ მოაწყვეს. მათმა მეთაურმა - ოსმალური რეგულარული არმიის უნ-ტერ-ოფიცერმა ჰამდი-ბეი იაშარმა პარლამენტი აიღო და "ახალგაზრდა თურქებით" დაკომპლექტებუ-ლი მთავრობაც ერთიანად დაატუსაღა. მეორე და მესამე დღეს, სულთნის მომხრეებმა ოსმალეთის ყველა დიდ ქალაქში დაიბრუნეს ძალაუფლება. აბდულ-ჰამიდ II-მ ისევ ძველებურად, ერთპიროვნულად დაიწყო მმართველობა.

ტრაპიზონში, სულთნის კარის მიერ მოვლენილმა ჩინოვნიკმა, აჰმეთ ყიზილლი ფაშამ, რომელსაც ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე დაკვირვება და სულთნის მტრების გამოვლენა ევალებოდა, იმთავითვე ებრაელებს მიმართა და, "ახალგაზრდა თურქებთან" ეფექტიანად საბრძოლველად, სოლიდური თანხა შეაწერა. შიმუელ დე მერკადო ქალაქში ყველაზე მდიდარი და მოწყალე კაცი გახლდათ და შეწერილი თანხა მთლიანად მან გადაიხადა - სხვანაირად რომ მოქცეულიყო, აჰმეთ ყიზილლი ფაშა არაფერს დაერიდებოდა და თავის ჯარისკაცებს მაშინვე ებრაელთა დარბევას უბრძანებდა. გარდა ამისა, აბდულ-ჰამიდ II განსაკუთრებული სისასტიკით "ახალგაზრდა თურქების" მხარეზე მრავლად მყოფ ქართველებს უსწორდებოდა და ფულის გადახდით, შიმუელ დე მერკადომ თავისი მებაღეც გადაარჩინა - თევდორე კალანდარიშვილი ოსმალეთის ტერიტორიაზე არაკანონიერი გზით იყო შემოსული და გაძევებას ექვემდებარებოდა.

სანამ გარშემო მთელი ეს ამბები ხდებოდა, თედო წყნარად ცხოვრობდა მოხუც ებრაელთან და მის ბაღს მშვენივრად უვლიდა. ყველა ქართველივით, იარაღი მასაც უყვარდა, მაგრამ რევოლუციაში არ ჩარეულა - ცოტა ფულს მოვაგროვებ და უკან, ჩემს ოზურგეთში გავბრუნდებიო, ფიქრობდა. "შე კაცო, ფულის შოვნა თუკი გინდა, მოგვბაძე ჩვენ და ვებრძოლოთ ხონთქარს!.. თურქები კარგად გვიხდიან!" - ურჩევდა თანამემამულეთა უმრავლესობა, მაგრამ თედოს მათთვის არ დაუჯერებია, რაც მერე ძვირად დაუჯდა: "ახალგაზრდა თურქებმა" ხელისუფლება დაიბრუნეს და სულთანი აბდულ-ჰამიდ II ტახტიდან ჩამოაგდეს. შიმუელ დე მერკადოს შეეშინდა, რეპრესიები მასაც არ შეხებოდა, მაგრამ მისთ-ვის ხელიც აღარავის უხლია. სწორედ ამ დროს კი ოსმალეთში ესთერის საქმრო - დანიელიც დაბრუნდა. მას "ახალგაზრდა თურქები" შედარებით მოწყალე თვალით უყურებდნენ, რადგან ჯერ ერთი, ევროპაში ვაჭრობდა და მეორეც - ყველა ებრაულ ადათს ზედმიწევნით არ იცავდა.

სასიძოს დაბრუნებისთანავე, შიმუელ დე მერკადომ გადაწყვიტა, ქორწილი აღარ გადაედოთ და დღეც დანიშნეს, როცა დანიელს ესთერი უნდა წაეყვანა. გოგონას არ სურდა მასზე გათხოვება, მაგრამ მამამისს ვეღარც იმის თქმას უბედავდა, რომ სხვა უყვარდა და თანაც - ქრისტიანი. თედოს იმ დროისათვის სოლიდური დანაზოგი კი ჰქონდა მოგროვილი და გადაწყვიტა, ესთერი გაეტაცებინა, მშობლიურ ოზურგეთში გადაეყვანა და იქ ბედნიერად ეცხოვრათ. ჩანაფიქრის აღსრულებას გაბედულებისა და ქალის თანხმობის გარდა, თანამეინახენიც სჭირდებოდა და მებაღემ თავის ორ მეგობარს - ქუთაისელ გიორგი ნიკოლაძეს და მარტვილელ სევარიონ მირცხულავას სთხოვა დახმარება. პირველი ტრა-პიზონში მუშაობდა მჭედლად, მეორე კი რიზეში - დურგლად. ესთერი, რასაკვირველია, თანახმა იყო გაყოლაზე: "თუ საჭირო გახდა, თვით ჯოჯოხეთშიაც წამოგყვები!" - არწმუნებდა შეყვარებულს.

სასტუმრო რიზეში, სადაც ესთერი და თედო ცხოვრობდნენ

სამმა ქართველმა ყველაფერი კარგად აწონ-დაწონა, მოქმედების გეგმაც სულ დეტალურად დაამუშავეს და ზუსტად ქორწილის წინადღეს გაიტაცეს მშვენიერი ესთერი. ქალი რიზეში ჩაიყვანეს, სადაც სევარიონ მირცხულავამ გამონახა ნაცნობი ლაზები - მათ თედო და მისი საბედო უჩუმრად უნდა გადაეყვანათ საზღვარზე და ამაში გასამრჯელოდ 50 ოსმალურ ოქროს ლირას ითხოვდნენ. თედოს ფული სულაც არ დანანებია, მაშინვე გადაუხადა და ყველაფერი მოგვარებულად ჩათვალა: "დილით უკვე ბათუმში ვიქნებით... მამაშენი და დანიელი იქ ვეღარ მოგვწვდებიან. მერე ჩემს ოზურგეთში გადავალთ და სიკვდილამდე ბედნიერად ვიცხოვრებთ!" - ამშვიდებდა ის ესთერს, რომელსაც მაინც ეშინოდა: მამამ და საქმრომ არ მომაგნონ და ერთმანეთს არ დაგვაშორონო.

ბედის ირონიით, შეყვარებულების საუბარს სრულიად შემთხვევით, ერთმა ქალმა მოჰკრა ყური - საქმე ის იყო, რომ თედო და ესთერი თურქულად ლაპარაკობდნენ, რადგანაც არც ბიჭმა იცოდა ესპანური და არც გოგომ ქართული. ქალი სწორედ იმ სასტუმროს მოსამსახურე იყო, სადაც შეყვარებულები გიორგი ნიკოლაძემ მიიყვანა - სასტუმროს მეპატრონე ამ უკანასკნელის ძმადნაფიცი ყოფილიყო და დახმარების გაწევა შეეძლო. სასტუმროს მოსამსახურე ქალმა შეყვარებულების საუბრის შინაარსი საყვარელთან დაფქვა, ის კი პოლიციელი იყო და ფულის შოვნის წყურვილმა არ მოასვენა. მით უმეტეს, რომ ებრაელის სიმდიდრის შესახებ ბევრი სმენოდა.

შიმუელ დე მერკადო, ცხადია, იმთავითვე მიხვდა, რომ ქალიშვილი ქართველმა მებაღემ მოსტაცა და პოლიციაშიც განაცხადა: "ვინც ჩემს ქალიშვილს მომგვრის და მის გამტაცებლებს კი დახოცავს, 10 ათას ოქროს ლირას გადავუხდი!" ამიტომაც, პოლიციამ გაასმაგებული მონდომებით დაიწყო ქართველთა ძებნა. ეს ყველაფერი იმ ქალის საყვარელმა პოლიციელმაც ხომ იცოდა და დიდად გაიხარა, როცა უეცრად, 10 ათასი ოქროს ლირის შოვნის შანსი მიეცა.

მოკლედ, მეორე დილითვე, შეყვარებულების ოთახის კარი პოლიციელებმა შეანგრიეს და მათგან ერთმა შუბლში ტყვიაც მიიღო. საპასუხო სროლისას კი, ესთერი თედოს გადაეფარა და სასიკვდილოდ დაიჭრა. თედომ კიდევ ერთხელ გაისროლა და პოლიციელებმა ის ხმლებით აჩეხეს. სამართალდამცველებმა გიორგი ნიკოლაძე და სევარიონ მირცხულავა დააკავეს და ოსმალეთის იმპერიის არქივში სწორედ მათი დაკითხვის ოქმი შემორჩა, სათანადო ფოტომასალითურთ.

სიმღერა "ურიელა" კი... მაგალითად, მე მჯერა, რომ ის თედო კალანდარიშვილის რომელიმე ნაცნობმა შეთხზა იმ ამბის მუდამ სამახსოვროდ, ახლა რომ მოგიყევით.

მიხეილ ლაბაძე

ჟურნალი "გზა", 2013 წელი