"არავინ იცის, რას გვპირდება ამ "იდუმალი" ადგილების გახსნა" - ციკლოპური ციხეებისა და მიწისქვეშა მონოლითების საიდუმლო
"არავინ იცის, რას გვპირდება ამ "იდუმალი" ადგილების გახსნა" - ციკლოპური ციხეებისა და მიწისქვეშა მონოლითების საიდუმლო
სისხლის მდინარეები, ჯოჯოხეთური ყოფა და წარმოუდგენელი ბრძოლა არსებობისთვის! ამ ხვედრით ცხოვრობდა და ცხოვრობს მესხეთი მუდამ, მათ შორის ჩვენს ეპოქაშიც. ამის მიუხედავად, ძირძველმა მესხებმა მაინც შეძლეს თავიანთი­ კულტურის შენარჩუნება, მათ შორის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლად აღიარებული მესხური ბანიან-დარბაზოვანი სახლები. საუკუნე-ნახევრის წინანდელი საქორწინო კანონმდებლობაც მესხური კულტურის ერთ-ერთი შემადგენელია - ამ კანონით ძირძველმა მესხობამ არა მხოლოდ ქორწინების, არამედ იდენტიფიკაციის გადარჩენაც მოახერხა. ახალციხელი ისტორიკოსი რეზო ანდღულაძე მესხურ არქიტექტურაზე, მიწაში დღემდე ჩარჩენილ მონოლითურ დარბაზებზე, ბანიან
სახლებსა და პირველ ქართულ საქორწინო კონტრაქტებზე მოგვითხრობს.

- ბატონო რეზო, განადგურების პირას მყოფი მესხური ბანიანი სახლებისთვის,­ ალბათ­, გადამრჩენია მატერიალური კულტურის ძეგლად აღიარება. თუმცა ზოგიერთი მესხურ ერდობანიან სახლებს თურქების არქიტექტურას მიაკუთვნებს.
- თურქები და ირანელები არაფერ შუაში არიან. მესხეთში ასეთი არქიტექ­ტ­ურა თავდაცვის საჭიროებისა თუ ბუნებრივი პირობების
გამო განვითარდა. ბან­იანი მესხური სახლები იმ არქიტექტურისა­ და ჩვენი წინაპრების ოსტატობის ორგან­ული გაგრძელებაა, რომლითაც ციკლოპურ ციხეებს ან მიწისქვეშა მონოლითებს აგებდნენ
. მოგეხსენებათ, ჩვენი ციკლოპური ციხეები­ უდუღაბო ქვით ქრისტემდე 6-7 ათასი წლით ადრეა აშენებული. უხსოვარ დროში ხალხი იმ მიწისქვეშა ქვის მონოლითურ ნაგებობებში ცხოვრობდა, რომლებიც ახლა თითქმის­ მთელ მესხეთში მიწით არის ამოვსებული.­ შემდეგ ბანიან სახლებში "ამოვიდნენ"... ჩვენი წინაპრები ტონიან ქვებს იმგვარად თლიდნენ,­ რომ ნგრევა კილომეტრიან კედელსაც არ დამუქრებოდა. ნაგებობაში სიცივისა თუ სიცხის შეღწევაზე ლაპარაკი ზედმეტია. მათმა აშენებულმა ათასწლეულებს გაუძლო. ასე შენდებოდა ჩვენი ბანიანი სახლების "წინაპარი" მესხური მიწისქვეშა მონოლითებიც.



- გამოკვლევები, ძირითადად, ციხე-ციკლოპებს ეძღვნება, მიწისქვეშა მონოლითებს კი თითქმის არავინ ახსენებს.
- იმიტომ, რომ შეუსწავლელია. მხოლოდ რამდენიმე მათგანია გახსნილი, რომელთა ზომები გაგაოცებს. სხვები მთელ მესხეთშია გაბნეული და მიწით ამოვსებული, მათ შორის იმ რამდენიმე ათეულ სოფელშიც, საიდანაც ე.წ. თურქი-მესხები­ გაასახლეს და გაუკაცრიელებულია. ასე რომ, არავინ იცის, რას გვპირდება ამ "საიდუ­მლო" ადგილების გახსნა. რაც დღეს არის ცნობილი, თითქმის ყოველ მათგანში ცხენზე ამხედრებული თავისუფლად გაივლით. ჩვენს ხალხს ამ მონოლითებში ცხოვრებას ბუნებრივი თუ გარემო პირობები კარნახობდა - ერთი მხრივ, კლიმატი, მეორე მხრივ კი მტერი. მიწისქვეშა მონოლითებს­ თუ ძველ ბანიან სახლებს ერთმანეთს საიდუმლო გასასვლელებით აკავშირებდნენ. გარდა ამისა, ეს საცხოვრებლები პაპანაქებას და ძლიერ ყინვას უძლებდა. რამდენჯერაც მესხეთში წმინდა ანდრია მოციქულის შემობრძანების ლეგენდა ჩამიწერია, იმდენჯერ უთქვამთ, მისი შემობრძანებისას აუტანელი სიცხის გამო მტკვარი და ფოცხოვი რუსავით მიედინებოდაო. თუ კლიმატის ქრონოლოგიას გადავხედავთ, სავარაუდოდ, ევროპა-აზიის ტერიტორიაზე მცირე გლობალური დათბობა იმ პერიოდში მართლაც ფიქსირდებოდა და, რაღა თქმა უნდა, მესხეთსაც შეეხო. თუმცა ძველი მესხეთი მხოლოდ დღევანდელი მესხეთი როდი იყო, მასში ნაწილობრივ შედიოდა თურქეთის დაპყრობილი ტაო-კლარჯეთი.

- რომელიც ასევე მიუვალი და კლდოვანია.
- ამ მიუვალობამაც ითამაშა დიდი როლი ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლების გადარჩენაში. გარდა იმისა, რომ ამ ტერიტორიებზე ქართველობა ცხოვრობდა და წინაპრების ნაშენებს ინარჩუნებდა, იმდენად მიუდგომელი იყო, რომ ზოგიერთი სულთანი ისე კვდებოდა, ტაო-კლარჯეთში არც გადავიდოდა. მით უფრო, რომ მოსათარეშებლად ქართველები საბაბს არ აძლევდნენ, გადასახადებს კარგად იხდიდნენ.

ანდრია მოციქული პირველად სოფელ­ ზადენში მივიდა და კერპის ადგილას, გორაზე, ქვის ჯვარი აღმართა. არსებობს მესხური ლეგენდა, თუ როგორ შეხვდნენ იმ გორაზე ერთმანეთს ანდრია მოციქული­ და წარმართი ხუცესი, რომელიც ქვის 5-მეტრიან კერპს ემსახურებოდა. ხუცესი მოციქულს კერპის ძლიერებაში არწმუნებდა, მაგრამ მოციქულმა ილოცა, კერპს ხელი შეახო და ის ხუცესის თვალწინ ჩამოიქცაო. შემდგომში ქრისტიანობისთვის ბრძოლაში მესხეთი სისხლიან კალოდ იქცა - 1578 წელს ოსმალმა ლალა-ფაშამ რომ დაიპყრო, მას შემდეგ ირანი და თურქეთი ერთმანეთს ეცილებოდნენ მესხეთს - ხან ერთი შემოვარდებოდა და მოაოხრებდა, ხან მეორე. საბოლოოდ, შაჰ-აბასმა მესხეთიც ისევე გაასწორა მიწასთან, როგორც მთელი საქართველო.

- ზოგი ისტორიკოსი უარყოფს, ზოგი კი ამტკიცებს, რომ შაჰ-აბასის ბებია მესხი იყო.
- გადმოცემით, შაჰ-აბასის ბებია სოფელ სლესიდან იყო. ამ სოფლის კლდეების­ ქვა სალესად გამოიყენება და სლესაც იმიტომ ჰქვია. აქ დღეს ნასოფლარია. ან ბებიის ქართველობას რა მნიშვნელობა აქვს ბოროტებისთვის, მკვლევრები ამბობენ, შაჰ-აბასი ისეთ სისასტიკეს სჩადიოდა, ფსიქიკურად ნორმალური არც იქნებოდაო.



- მის ცოლებსა თუ ხარჭებში ოთხი ქართველი დიდებული ქალიც იყო, სამი ბაგრატიონი და ერთიც ამილახვარი.
- მათ საქართველოს დაურბევლობას სწირავდნენ მსხვერპლად, თუმცა შაჰ-აბასი მაინც არბევდა. ისე კი ჩვენთვის ყველა მტერი "შაჰ-აბასი" იყო - მურვან ყრუმ მესხეთში გამოქვაბულებში შეხიზნული ხალხი გამოწვა ცეცხლიანი ისრებით...

როდესაც კლიმატი დათბა, მესხების წინაპრები მონოლითებიდან ბანიან სახლებში "ამოვიდნენ". მართალია, "პირველი სართულები" კვლავ მიწაში დარჩა ან ცალი კედელი მთლიანად მიწისა ჰქონდა, მაგრამ მიწისზედა ნაწილში ერდოზე დატანებული ფანჯრიდან სინათლეც შედიოდა. ამ სახლებიდან ზოგიერთის მხოლოდ დარბაზის ფართობი 100 კვ/მეტრი მაინც იყო, დანარჩენი სათავსებიც, ბოსელი­ იყო თუ საბძელი, დარბაზს გვერდით უშენდებოდა. ზოგიერთი ამ სახლის დარბაზი უმშვენიერესად არის შემკული. ძველი მესხი ოსტატების ხელოვნება ამ სახლების სახურავების­ ამოყვანაშიც ვლინდებოდა. ზოგიერთისა რვაკუთხაა და საოცრად ლამაზი.

ჩემმა ბავშვობამაც ასეთ სახლში გაიარა. ერდოს ფანჯრიდან ჩამოსული მზის სხივი­ საათის მაგივრობას გვიწევდა, როგორც კი მზე დაეცემოდა, ესე იგი, სკოლაში უნდა გავქცეულიყავი. მაშინ დიდ ოჯახებად ვცხოვრობდით, ერთ ოჯახში 70 წევრიც არის აღრიცხული. დღეს ბანიან სახლებში­ მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ჯერჯერობით დანარჩენების აღდგენა ვერ ხერხდება. საბედნიეროდ, ახალგაზრდობას ვამჩნევ ამ სახლებით დაინტერესებას და ეს მახარებს.

დიდ ოჯახებად ცხოვრების წესი საქართველოში მუდამ იყო - ერთობლივად უფრო უმკლავდებოდნენ სიძნელეებს. მონგოლებმა ქართველების მხედრული ნიჭი სწრაფად შეაფასეს და თავიანთ ჯარში ქართული ოჯახებიდან თითო მეომრის გაწვევა დაიწყეს. ქართველებს არ სურდათ, რომ მათი შვილები მონგოლებისთვის დახოცილიყვნენ და რაც შეიძლება დიდ ოჯახებად ცხოვრობდნენ. აი, ასეთ ისტორიას ინახავდა­ ეს სახლები. მათ შორის ჩემიც. გული მწყდება, რომ აღარ მაქვს.

ფეხით მაქვს დავლილი მესხეთის ის 32 სოფელი, სადაც ასეთი სახლები იყო, და ბევრგან აღარ არის.

- ალბათ, უფრო მეტი სიფხიზლე იყო საჭირო ამ მემკვიდრეობის დასაცავად.
- როდესაც საბჭოთა სახელმწიფომ ხალხის "მიწიდან" ამოყვანა განიზრახა და თანამედროვე ნაგებობებში შეასახლა, ძველი­ უპატრონობით დაიქცა. დღეს ყველამ­ იცის, რომ სიძველე სიმდიდრეა, ადრე კი ასე არ იყო. თუმცა არის ისეთი რამ, რასაც მართლაც იმიტომ ინარჩუნებ, რომ გენეტიკა გკარნახობს. მაგალითად, ასეთად მიმაჩნია 1882 წლის მესხური საქორწინო ხელშეკრულება, რომლის მსგავსი, როგორც ვიცი, საქართველოში არც ყოფილა. ეს კონტრაქტი მხოლოდ ქორწინების გადარჩენის მიზნით არ შექმნილა, ის რთულ პოლიტიკურ გარემოში მესხებში ქართული იდენტობის შესანარჩუნებლად შეიქმნა. ეს საქორწინო ხელშეკრულება სულ სამი სოფლის: არალის, უდესა და ვალეს ეკლესიამ გააფორმა. ­სწორედ ამ სოფლებში ცხოვრობდნენ ის მესხები, რომლებიც კათოლიკობის მიღებით ძირძველ ტრადიციებს ინარჩუნებდნენ და ძალიან ეშინოდათ, ეს წეს-ჩვეულ­ებები თურქეთიდან პასკევიჩის წყალობით ჩამოსახლებული სომხების ან მუსლ­იმანურ ადათებში არ არეულიყო. ამისგან თავი ამ კონტრაქტით დაიცვეს. კონტრაქტში ბევრი სხვა რამეც იყო გაწერილი. მაგალითად, მამაკაცებისთვის მემთვრალეობის აკრძალვა და ქალის უფლებების დაცვა. ქმრის ოჯახში ქალის მზითევი ხელშეუხებელი იყო, მის სკივრზე მიკარების უფლება კი არათუ ქმარს ან დედამთილს, შვილსაც არ ჰქონდა. აქ ისიც იგულისხმება, რომ ტრადიციების შენარჩუნების ღერძი ქალია. მესხეთში დღეს ის ტრადიციებიც არის შენარჩუნებული, რომელიც უძველესი ქართული ტომების კულტურიდან მოდის, ქრისტემდე 5 საუკუნით ადრინდელი ხათებიდან, ურარტუელებიდან... მაგალითად, არალში ერთი საინტერესო რიტუალი აქვთ - აქ ისევ დგას სვეტი ირმისა, რომელზეც ჯვარია დაბრძანებული და არალელები მას შვილიანობას ევედრებიან. ამ სოფელშივე გაზაფხულზე, დიდმარხვის პირველ ხუთშაბათს, ტარდება ნაყოფიერების ღვთაება ჰარალესადმი მიძღვნილი "ბერობის" დღესასწაული. არალელები ამ დროს უძველეს ქართულ ფერხულს ცეკვავენ და ხეზე ასულ "16 წლის მონადირეს" სიმღერით ეხვეწებიან, ჩამოდი, უნდა დაგაქორწინოთო. რატომ მაინცდამაინც 16 წლისა? იმიტომ, რომ მტრისგან გაწყვეტილ საქართველოში ეკლესიამ მამაკაცის ქორწინება 16 წლის ასაკში ოფიციალურად დააკანონა. ბევრი ისეთი ფაქტია ჩვენს ისტორიაში, ჭრილობაზე დაყრილ მარილზე მეტად რომ გაგამწარებს­ - დღევანდელი ახალციხის საზღვრიდან სულ 20 კილომეტრშია ტაო-კლარჯეთი, ასევე სოფლები, რომლებიც 1875 წელს დაგვიბრუნდა, ლენინმა კი უკან აჩუქა თურქეთს. სტალინი ირწმუნებოდა, სიცხიანი რომ არ ვყოფილ­იყავი, ეს ამბავი არ მოხდებოდა, ლენინი ათა-თურქმა მოატყუა, რომ ვითომ­ ისიც ბოლშევიკი იყო, თორემ ქართული მიწა თურქეთში არ აღმოჩნდებოდაო. ის ბანიანი სახლები ისევეა თურქეთისგან მიტაცებულ მესხეთში. იმ სოფლებში დღეს ქართველები­ აღარ ცხოვრობენ. ძალიან მწარეა ეს ისტორია, თუმცა მესხების საგმირო მაგალითები აცოცხლებს და ეჭვიც არ მეპარება, კვლავაც იცოცხლებს.

mმზია
10 დეკემბერი 2019 07:20
ომარ, ისტორიიდან არფერი იცი? თურქეთიც რს ნიშნავს?
პ.ს. რაც შეეხება სტატიას, მადლობა, ძალიან სინტერესოა!
ლექსო
05 დეკემბერი 2019 16:23
ულამაზესი მხარეა, კაი იქნება თუ სკოლებიდან მოეწყობა ექსკურსიები და ბავშვებს გააცნობენ და შეაყვარებენ ამ უმდიდრეს და უისტორიულეს კუთხეს საქართველოსას
ომარი
05 დეკემბერი 2019 15:10
ეგ როგორ, თურქეთიც ოკუპანტია?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?