"პატრიარქს 1 მანეთის ჩარიცხვა ვთხოვე, მან კი 150 ათასი ჩარიცხა" - ნოდარ ახალკაცის ინტერვიუ, რომელიც გარდაცვალებამდე 24 საათით ადრე ჩაიწერა
28-11-2019
"პატრიარქს 1 მანეთის ჩარიცხვა ვთხოვე, მან კი 150 ათასი ჩარიცხა" - ნოდარ ახალკაცის ინტერვიუ, რომელიც გარდაცვალებამდე 24 საათით ადრე ჩაიწერა
ნოდარ ახალკაცთან ეს ინტერვიუ უნიკალური აუდიოჩანაწერის სახით ჩვენს მეგობარსა და კოლეგას აღმოაჩნდა, რომელიც თავადაც ესწრებოდა ამ საუბარს ადამიანთან, ვინც დიდი კვალი დაატყო არამარტო ქართულ ფეხბურთს, ასე განსაჯეთ ჩვენს ქვეყანასაც - სწორედ ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო ის აქტი, წინ რომ უძღვოდა საქართველოს გათავისუფლებას იმპერიის მარწუხებისგან...

ეს ინტერვიუ 1998 წლის იანვრის ბოლოს, მოსკოვში გამგზავრების წინ არის ჩაწერილი. 24 საათის შემდეგ ახალკაცი რუსეთის დედაქალაქში გულის შეტევით გარდაიცვალა...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის
ამ ინტერვიუს (რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა) ორიგინალური ვერსია 1998 წელს, პოპულარულ საფეხბურთო გაზეთ "11X11-ში" გამოქვეყნდა...

ინტერვიუ საკმაოდ მოცულობითია და Lelo.ge მას რამდენიმე ნაწილად შემოგთავაზებთ. ნოდარ ახალკაცი საუბარს იწყებს იმ დაპირისპირებით, რომელიც მაშინ ფეხბურთის ფედერაციასა და სახელმწიფოს შორის წარმოიშვა. მაშინდელი ხელისუფლების ქმედებები შეფასდა მის ჩარევად
საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში, რასაც ოდითგანვე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ფიფა და უეფა...

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:
საქმე რაშია იცით? ყველას კარგად მოეხსენება რომ 8 წლის განმავლობაში ჩვენთან ქართულ ფულს არ უტრიალია. პირველ წელს რამდენიმე ორგანიზაციამ გადმოგვირიცხა თანხები. ძირითადად, ეს მშენებლები იყვნენ და, რა თქმა უნდა, კათოლიკოსი. როცა ანგარიში გავხსენით, მივედი პატრიარქთან, რომელთანაც დიდი მეგობრობა მაკავშირებს, ვუთხარი - ფედერაცია დაფუძნდა, დღეს ანგარიში გავხსენით და გთხოვთ, სიმბოლურად 1 მანეთი მაინც გადმოგვირიცხოთ-მეთქი. გაეღიმა, თანამშრომელს დაუძახა და უთხრა: ქაშუეთს დაუკავშირდი და ფეხბურთის ფედერაციას 150 ათასი რუბლი ჩაურიცხეთო.

ეს იმხელა ფული იყო, შეგვეძლო სამი თვე გაგვეტანა თავი. თვე-ნახევარში ჩემპიონატიც დავიწყეთ, შემდეგ ფინანსური მდგომარეობა შედარებით გაგვიუმჯობესდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კათოლიკოსის თანადგომას დიდი ძალა აქვს. ამიტომაცაა ძნელია ჩვენი წაქცევა.

დიუსელდორფში გუნდი სტადიონზე საათ-ნახევრით ადრე მივიყვანე. თამაშის დაწყებამდე გასახდელში ვიღაცამ დააკაკუნა. გავაღებინე კარი, ვხედავ შემოვიდა "ჰამბურგის" ყოფილი მენეჯერი, რომელთანაც კარგი დამოკიდებულება გვქონდა და სიამაყით გადმოგვცა დეპეშა.

გერმანულ ენაზე გამოგზავნილი ჩვენი კათოლიკოსის დეპეშა იყო. ამან თავისი დადებითი როლი ითამაშა იმ დიდ გამარჯვებაში, ისევე როგორც უწმინდესის მიერ ჩარიცხულმა თანხამ. აგერ, უკვე 8 წელია ფედერაცია ცოცხლობს, იქიდან დაწყებული თანხით. ღმერთი გვეხმარება. მინდა, ეს თქვენი გაზეთის საშუალებით ცნობილი გახდეს საზოგადოებისთვის...

...შეიცვალა დრო, ძმებო, დაკარგა თავისი დანიშნულება ზოგიერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ. ხომ ხედავთ, რომ არსებობს ძალიან დიდი ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც მართვას უშლის ხელს. ბევრ ასეთ დაწესებულებაში საერთოდ არ არის ამდენი ხალხი საჭირო. მაგალითად მოგიყვანთ, რომ იქმნება კომისია, რომელმაც უნდა გამოიმუშაოს პროგრამა და წარუდგინოს პრეზიდენტს. პრეზიდენტი ხომ ვერ მოითხოვს ყოველ წუთში მისი შემადგენლობის დაკომპლექტების ანგარიშს. ესე იგი, უნდა შეიყვანონ იქ ისეთი ხალხი, ვისაც მუშაობა შეუძლია. შეიძლება, ასკაციანმა კომისიამ ნაყოფიერად იმუშაოს?!.

როგორ გგონიათ, ჩვენ გეგმის გარეშე ვმუშაობთ? პირველივე ყრილობაზე ვთქვი, რომ თავიდან გაგვიჭირდებოდა, ფიფა და უეფა იმ დღესვე არ მიგვიღებდნენ თავიანთ რიგებში. არსებობს გარკვეული პროცედურა, რასაც დრო სჭირდება, ორი წლის შემდეგ მიგვიღებენ-მეთქი, ვთქვი. ზუსტად ორი წლის მერე გავხდით ამ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. მერე კიდევ უნდა რაღაც ეტაპები, რომ სათამაშოდ დაგიშვან. ჩამოვა კომისია, ნახავს სასტუმროს, აეროპორტს, სტადიონს, შეხვდება იმ ხალხს, რომელმაც უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს... კიდევ მილიონი წვრილმანია...

ჩვენს ნაკრებს 1991 წლის 21 ივლისამდე ოფიციალური თამაშების ჩატარების უფლება არ ჰქონდა. სპეციალური ტესტმატჩი მოეწყო მაშინ მალტის ნაკრებთან, რომლის ხარჯი - 800 ათასი შვეიცარული ფრანკი - უეფამ თავის თავზე აიღო, თხოვნით მიმართა მალტის ფეხბურთის ფედერაციას, დაუქირავა ჩარტერული რეისი, ჩამოიყვანა აქ და ჩაატარებინა თამაში, გამოგზავნა სპეციალისტები, გაკეთდა დასკვნა ტასკ-ფორსის კომიტეტის სხდომაზე და მისცეს ჩვენს ნაკრებს შინ მატჩების ჩატარების უფლება... გაგრძელება

ქართლოსი
30 ნოემბერი 2019 18:55
აცხონოს უფალმა. თავისი საქმის პროფესიონალი იყო. მის სახელს უკავშირდება ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი მიღწევები.
სანდრო
29 ნოემბერი 2019 14:54
ეს სტატია დღევანდელ სიტუაციებთან რეალურად ახლოს დგას, ანუ ძაანაც არ შეცვლილა მდგომარეობა და ზოგადად ქვეყნის ყველა სფეროში იგივე ვათხანალიაა,რაზეც ეს კაცი სწუხდა და რასაც გადმოგვცემს
სან დრო©
29 ნოემბერი 2019 13:29
საპატრიარქოს რომ იმ დროს ამხელა ფული ექნებოდა, ესე გასასროლი, წარმომიდგენია რა თანხა ექნებოდა საერთოდ... კითხვა იბადება ლოგიკური. საიდან იმ დროს ასეთი ფული?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?