"თამარაის ხიდების" უმეტესობა დანგრეულია ან თურქული ჰესების ქვეშ იძირება" - კვირის პალიტრა

"თამარაის ხიდების" უმეტესობა დანგრეულია ან თურქული ჰესების ქვეშ იძირება"

იცით თუ არა, რა ასაკის არიან უნიკალური ქართული თაღოვანი ხიდები? ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორის შოთა მამულაძის თქმით, ეს უძველესი ქვის ხიდების ნაწილი თამარ მეფემდე დაახლოებით 300 წლით ადრე აშენდა. ეს ის დროა, როდესაც ისტორიულ საქართველოში, ტაო-კლარჯეთში, ყვაოდა უძლეველი ქართული ქალაქი არტანუჯი, ანუ მეორე რომი, როგორც მას ბიზანტიის იმპერატორები უწოდებდნენ!

- ყველა ის ადგილი მაქვს მოვლილი, სადაც ეს ხიდებია, მათ შორის ტაო-კლარჯეთი, და მართლაც საოცარ შეგრძნებას გიჩენს - ვინც იმ ხიდებზე ფეხს შედგამს, იმ ისტორიის ნაწილი ხდება, რომელსაც ამ ხიდებზე გაუვლია. მართლაც საოცარი ნაგებობებია, არა მარტო მძიმე ჟამს, არამედ ისეთ უძლიერეს სტიქიასაც კი გაუძლო, როგორიც აბობოქრებული წყალია. მართალია, ზოგან მხოლოდ ბურჯებია შემორჩენილი, მაგრამ ისინიც დიდებულია.

- ანუ ეს ის დროა, როდესაც საქართველოს ისე ვერავინ დაჩაგრავდა, როგორც დღეს.

- ასეთი ძლიერი მხოლოდ თამარის ეპოქა როდი იყო. საქართველოს გაძლიერება გაცილებით ადრე, სამხრეთ საქართველოდან, ტაო-კლარჯეთიდან დაიწყო, როდესაც იქ გრიგოლ ხანძთელმა აღმშენებლობა დაიწყო. ქართლის სამეფოს აღდგენაც აქედან იწყება. იმიტომაც აშენდა იქ ქალაქი არტანუჯი. ქალაქი, სადაც სავაჭრო თუ პოლიტიკური ურთიერთობისთვის არაერთი სახელმწიფო და ხალხი მიისწრაფოდა - იმდენად ძლევამოსილი იყო, რომ მის ქება-დიდებას ბიზანტიელი იმპერატორებიც წერდნენ. თაღოვანი ხიდებიც მთელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე - აფხაზეთიდან მესხეთის, მერე კი აჭარის გავლით სწორედ არტანუჯში, ტაო-კლარჯეთში გადასასვლელად შენდებოდა.

ქალაქს უდიდესი თავდაცვის ფუნქცია ჰქონდა, იმიტომაც გაშენდა ისეთი მიუვალი ციხის გარშემო, როგორიც არტანუჯის ციხეა. შავი ზღვის ნავსადგურებიდან ჩამოსული მგზავრები არტანუჯის გავლით არტაანში, იქიდან კი ყარსში გადადიოდნენ, სხვა გზებით კი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიას უკავშირდებოდნენ. გზები ხეობებზე გადიოდა და ამიტომაც აგებდნენ ხიდებს. არტანუჯის საბაჟოზე აკრეფილი გადასახადი ქართულ სახელმწიფოს აძლიერებდა.

ბიზანტიელი იმპერატორი კონსტანტინე პორფიროგენეტი არტანუჯზე წერდა, ამ ქალაქში მოდის საქონელი ტრაპეზუნტისა, იბერიისა, აფხაზეთის, არმენიისა და სირიის ყველა ქვეყნიდან. და ამ საქონლიდან მას უამრავი ბაჟი შემოსდისო... ასე რომ, არტანუჯისკენ მიმავალი თაღოვანი ხიდები ამ "გონივრული" წარსულის მემკვიდრეა.

- საქართველოს ფოსტამ კარგი საქმე გააკეთა აფხაზეთის ბესლეთის თაღოვანი ხიდის ქართულ მარკაზე დატანით. სხვათა შორის, სწორედ ამ ხიდზე შემორჩა ბაგრატ მეფის სახელი, მაგრამ ბესლეთის ხიდს მაინც თამარის ხიდს უწოდებდნენ. - ქართველ ხალხს თამარი უყვარდა და ყველაფერს მას მიაწერდა. დღეს აჭარაში 15 უძველესი თაღოვანი ხიდია შემორჩენილი. ხიდი ბევრი იყო ტაო-კლარჯეთშიც, მათ "თამარაის ხიდებს" ეძახდნენ. მურღულისა და ჭოროხის ხეობაში თურქული ჰესების მშენებლობის გამო ხიდების უმეტესობა წყლის ფსკერზე მოექცა.

- თურქეთი რა გასაკვირია, როცა ხულოში ბეღლეთის თაღოვან ხიდს ვითომ გასაფართოებლად ბეტონის კონსტრუქცია დააშენეს და თაღოვანი აღარაფერი ჩანს. - ბეღლეთის ხიდი ზღვის დონიდან ერთ-ერთ მაღალ ადგილზე მდებარე ხიდად ითვლება - სოფელი დაახლოებით 1200 მეტრზეა. დასანანია, რომ ბეღლეთის თაღოვან ხიდს ასე საშინლად მოექცნენ.

კაცი ასეთ ისტორიულ და თანაც ულამაზეს ქმნილებას რომ აფუჭებ, ამაზე უკეთესი რაღა უნდა გააკეთო, რა შეგიქმნია! სხვათა შორის, აჭარის ზოგიერთ სოფლებში ამ ხიდებს დღესაც იყენებენ საფეხმავლოდ.

- როგორ აშენებდნენ ასე მყარად ჩვენი წინაპრები? - საუკეთესოდ იცოდნენ წყლის ბუნებაც და არქიტექტურაც - თაღოვანი ხიდების ქვეშ გამავალი მდინარეების ადიდებისას წყლის დარტყმის სიმძიმე თაღოვანი ხიდების ბურჯებზე მოდიოდა, ამიტომაც ბურჯები აუცილებლად კლდეებს ეყრდნობოდა. სწორედ ამიტომაც არის აშენებული თაღოვანი ხიდები მდინარეების კლდოვან ნაპირებზე, ქვების ლამაზ თაღოვან რკალს კი კირისა და ქვიშის ტრადიციული, უკვდავი დუღაბით ადუღაბებდნენ, რომელიც დღემდე არ დაშლილა.

შემორჩენილ ისტორიულ ხიდებს მიხედვა სჭირდება და არა დამახინჯება - მათი ხელის ხლება როგორ უნდა მოიფიქროს ადამიანმა?!