"ბელგიის პრესა წერდა, რომელიღაც გიჟმა კავკასიელმა მესამე სართულიდან ცხენით მოიტაცა საცოლეო"
20-12-2019
"ბელგიის პრესა წერდა, რომელიღაც გიჟმა კავკასიელმა მესამე სართულიდან ცხენით მოიტაცა საცოლეო"
"ბაბუა ამბობდა, ჩემი ორივე ბებია, დედის მხრიდან ელისაბედიც და მამის მხრიდან მარიამ მირიანაშვილიც მიხაი ზიჩს "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟებად ჰყავს დახატულიო"

საკუთარ თავზე გაბრაზებული ქართველები ჩვენს ტრადიციებს ზოგჯერ მავნეს და სულელურსაც ვუწოდებთ, თუმცა, როგორც ჩანს, არც ასეა საქმე: ბევრ ტრადიციას თავად გენეტიკა ქმნის და მართავს, მათ შორის ნათესაობაზე "გადაკვდომის" ტრადიციასაც. სწორედ ამ თემაზე მინდა მოგითხროთ.

2011 წელს ფრანგული ენის სპეციალისტი და ყოფილი დიპლომატი მარინა კურატაშვილი ერთმა თანამდებობის პირმა თბილისში სტუმრად მყოფ ბელგიის
სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ჟაკ სერვესა და მის მეუღლეს, ჟაკლინს შეახვედრა. ქალბატონი მარინა ბელგიელი ქალის მიერ სათუთად შენახულმა ჩოხიანი კაცისა და ჩიხტიკოპიანი­ ქალის ფოტოებმა გააოცა. ერთ-ერთზე ბაბუაჩემი, გიორგი მოდებაძეა გამოსახული, მეორეზე - დედამისი, ელისაბედ აგიაშვილი, რომელსაც გოგონა­ უზის კალთაში. აი, ამ გოგონას შთამომავლები უნდა მომაძებნინოთ, რადგან
ისინი ჩემი ნათესავები არიანო, - უთხრა ჟაკლინ სერვემ. როდესაც გაოცებულმა მასპინძელმა­ ჰკითხა, როგორ მოხვდა ბელგიაში ბაბუათქვენიო, ჟაკლინმა უპასუხა: "შემთხვევით. მას საქართველოს სამუდამოდ დატოვება­ მიუსაჯეს და მამამ გემით საფრანგეთში გამოაპარა. მერე ბაბუაჩემი საფრანგეთიდან ბელგიაში ჩავიდა, ბებიაჩემი, ემა გუტალასი გაიცნო, შეუყვარდა და 1907 წელს დაქორწინდნენ. ასე გაჩნდა დედაჩემი, თამარ მოდებაძე. მერე, ბაბუა და ბებია დაშორდნენ, მაგრამ დედაჩემი მამის გვარს, ფოტოებსა და წერილებს სიკვდილამდე ინახავდა".­ ჟაკლინმა ბაბუის ძველი მისამართიც კი დაასახელა, დედამ გადმოცემით იცოდა, რომ ჩვენები ქუთაისში კვარიაკოვსკის ქუჩაზე ცხოვრობდნენო!


მარინა კურატაშვილმა ბელგიელებთან ერთად მთელი ქუთაისი და სახელმწიფო არქივებიც გადაქექა, მაგრამ მოდებაძეების კვალს ვერსად მიაგნო, დაღონებული ცოლ-ქმარი ბელგიაში გაემგზავრა. ქალბატონი მარინა ამ ამბავზე ფიქრმა იმდენად არ მოასვენა, რომ მოგვწერა და 2010 წლის 13 იანვრის ნომერში წერილიც დაიბეჭდა. ბელგიელების ქართველი ნათესავები კი არა და არ ჩანდნენ. გამოხდა ხანი და თბილისელი დავით­ ბუიღლიშვილი­ შეგვეხმიანა.

- ინტერნეტში "კვირის პალიტრის" ძველ სტატიას წავაწყდი, სადაც დაბეჭდ­ილი იყო ჩიხტიკოპიანი ქალის ფოტო, რომლის დანახვამ გამაოგნა. ზუსტად ეს ფოტო მქონდა ნანახი ჩვენი ქუთაისის სახლის ძველ ალბომში. ჩიხტიკოპიანი მანდი­ლოსანი ჩემი ქუთაისელი ბაბუის, ვალერიან გაფრინდაშვილის ბებია, ელისა­ბედ აგიაშვილი გახლდათ, მის კალთაზე დასკუპებული გოგონა კი ბაბუაჩემის­ დედა, მარიამი. ბაბუაჩემი ქუთაისის გიმნაზიის დირექტორი გახლდათ და ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა სიფრთხილით მალავდა თავადაზნაური წინაპრების ფოტოებს. კარს მივხურავდით და ისე მიყვებ­ოდა ამ ალბომის "პერსონაჟების" ამბებს. მე განსაკუთრებით ამ ჩიხტიკოპიანი­ ქალის ფოტოს ვათვალიერებდი, ალბათ, იმიტომ, რომ მომხიბლავად მეჩვენებოდა, რაც არც იყო გასაკვირი - ბაბუა ამბობდა, ჩემი ორივე ბებია, დედის მხრიდან ელისაბედიც და მამის მხრიდან მარიამ მირიანაშვილიც მიხაი ზიჩს "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟებად ჰყავს დახატულიო. მერე სინანულით დასძენდა, ბებიაჩემი ელისაბედი დედაჩემის ძმის, ბიძაჩემ გიგიშას დარდით მოკვდა, შვილი კატორღას გადაარჩინეს, უცხოეთში გაგზავნეს, ის კი სამუდამოდ დაიკარგაო.

- როგორც მივხვდი, ჟაკლინ სერვეს ბაბუა, გიორგი მოდებაძე, იგივე გიგიშა, ბაბუათქვენის ბიძა ყოფილა.
- სწორად მიხვდით, ღვიძლი ბიძა. მე და ჩემი და მაია იმ პატარა გოგონას, მარიამ მოდებაძის შვილიშვილები ვართ, რომელიც ფოტოზე ელისაბედ აგიაშვილს უზის კალთაში - ანუ ჩვენ ჟაკლინის ის ნათესავები გახლავართ, რომელთაც ქუთაისში ეძებდა და ვერ იპოვა.
ჟაკლინმა მკითხა, 1911 წელს, როდესაც ბებიაჩემი ემა და ბაბუაჩემი გიორგი მოდებაძე განქორწინებას აფორმებდნენ, ბაბუა არ გამოცხადდა და გაქრა, ხომ არ იცით, რატომო?

- ჟაკლინს, ალბათ, ეგონა, რომ ბაბუ­ამისი საქართველოში დაბრუნდა და მისი გაქრობის საიდუმლოს მისი ნათესავები აუხსნიდით.
- შესაძლოა. გიორგისა და ემას თავდავიწყებით უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი. მათ ქალიშვილს, თამარს, ჟაკლინის დედას, ალბათ, ამიტომაც უკვირდა, რატომ უნდა გაშორებოდნენ მისი მშობლები ერთმანეთს. ჟაკლინმა გვითხრა, ბებიაჩემ ემას ამ თემაზე საუბარი არ უყვარდაო. ემა მოგვიანებით გათხოვდა, თამარს ღირსეული მამინაცვალი ჰყავდა, მაგრამ ემა გიორგის სამახსოვრო ნივთებს მთელი სიცოცხლე ინახავდა.


როგორც ჩანს, გიორგი დიდი რომანტიკოსი და ბოჰემური კაცი იყო. გიგიშა სამშობლოში არასოდეს დაბრუნებულა, ბაბუამ მითხრა, გიგიშამ საფრანგეთში შექმნა­ მეორე ოჯახიო. ის რომ რომანტიკოსი კაცი იყო, უცხოეთში მისი გადახვეწის მიზეზიც ადასტურებს. იცით, რის გამო დააპა­ტიმრეს? 1905 წელს ქუთაისში ვიღაც ანარქისტს მისდევდნენ, ის მოდებაძეების სახლში შევარდა, გიორგიმ თავისი ჩოხა ჩააცვა და გააქცია, რის გამოც დაიჭირეს. მამამისი, სოლომონ მოდებაძე, მარგანეცის მაგნატი იყო და გავლენიანი ნაცნობების დახმარებით შვილისთვის სამუდამო კატორღა სამუდამო გადასახლებით შეაცვლევინა და მარგანეცით დატვირთულ გემს გააყოლა პარიზში. პარიზიდან გიგიშა ბრიუსელში ჩავიდა, იქ კათოლიკურ ეკლესიაში ემა გაიცნო - გოგონა ეკლესიის გუნდში მღეროდა. მისმა სიმღერამ გიგიშა ისე მოხიბლა, გუნდის წინ დაიჩოქა და ემას შესძახა, ცოლად გამომყევიო. ამ შეძახილს მთელი ეკლესია აჰყვა, გაჰყევიო, რაზეც ემამ უარი თქვა. თუმცა, როდესაც გიორგი უკვე მესამე სართულზე მიეჭრა ცხენით, რაღა უარს იტყოდა, ცხენზე შემოუჯდა და გაჰყვა. ეს ისეთი ამბავი იყო, ბელგიის გაზეთები წერდნენ. წარმოგიდგენიათ, ჟაკლინს ის გაზეთიც კი აქვს შენახული, სადაც ბელგიის პრესა­ წერს, რომელიღაც გიჟმა კავკასიელმა მესამე სართულიდან ცხენით მოიტაცა საცოლეო. თურმე ემას ქართული სიმღერებიც ასწავლა და მერე ეხუმრებოდა, შენი ხმის გულისთვის მოგიყვანე ცოლად, თორემ შენ რა გაგათხოვებდაო.



- ჟაკლინი საქართველოში ჩამოიყვანეთ?
- როგორც კი ეს ამბავი წავიკითხე, მოვძებნე ქალბატონი მარინა კურატაშვილი, რომელსაც სერვეების ტელეფონის ნომერი ისევ ჰქონდა. დავურეკეთ, დაველაპარაკეთ და იმავე დღეს გადმოფრინდნენ თბილისში.

- წარმომიდგენია, რა განცდა გექნებოდათ.
- ოცდაათამდე კაცი შევკრიბეთ. ბიძაჩემი, მიხეილ თუმანიშვილიც დავახვედრეთ, ვეფერეთ ერთმანეთს. ჟაკლინის მამა ბელგიის ელჩი გახლდათ კონგოში და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი განათლებით აღზრდიდნენ ერთადერთ შვილს. ემოციების გამოხატვას ერიდებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რაც ტრიალებდა მის სულში. მისი მეუღლის­ სადღეგრძელო არასოდეს დამავიწყდება: ბევრი რამ მინახავს, მაგრამ რაც დღეს ჩვენს ცხოვრებაში ხდება, მწვერვალია. ღმერთს მადლობა, რომ ჟაკლინი ასეთი საოცარი ხალხის ნაწილი ყოფილაო. მერე რა, რომ ჟაკლინს ცხოვრებაში ყველაფერი ჰქონდა, ყველა ადამიანს აქვს სულში საიდუმლო ნაწილი და თუ იქ სინათლე არ არის, ის კარგად ვერ იქნება. ფესვების ნახვით ჟაკლინის სულის ეს ნაწილი განათდა­. მან თავის შთამომავლობას დაუმტკიცა, რომ ემიგრანტი შესაძლოა კულტურით ბევრ ადგილობრივზე­ მაღლა იდგესო. ახლა მას ჩემი და ჩემი დის ფოტოები ბრიუსელში თავისი შვილების ფოტოების გვერდით უდევს. მას ორი ვაჟი და მშვენიერი შვილიშვილები ჰყავს. ერთ-ერთი, მაგალი სერვე, ცნობილი ცხენოსანია. დიდი ბაბუის სისხლმა უყივლა. გენეტიკა იმდენად ძლიერია, მაინც შეგვახვედრა ერთმანეთს, - ჩვენი ურთიერთობა თითქოს არც არასოდეს შეწყვეტილა.
ვახო
20 დეკემბერი 2019 15:37
ძალიან კარგი ისტორიაა.

რედაქტორის რჩევით
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?