ბუმბერაზი სულითა და ხორცით - კვირის პალიტრა

ბუმბერაზი სულითა და ხორცით

13 დეკემბერს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

V საუკუნეში ქართლის მეფეს მირდატს, რანის ერისთავის ასულის, დედოფალ საგდუხტისგან ვაჟი შეეძინა, ვახტანგი, მოგვიანებით გორგასლად წოდებული. შვიდი წლის ასაკში დაობლებულმა, 15 წლის გახდა თუ არა, ერის წინამძღოლობა იტვირთა. სამეფოს აღშენებასა და განმტკიცებაზე ზრუნვაში, 45 წლის შემდეგ ეწვია სიკვდილი ბუმბერაზ მეფეს, ბუმბერაზს გარეგნობითაც და საქმითაც. სიმაღლით 2 მეტრი და 40 სანტიმეტრი ყოფილა.

გაქცეულ ირემს რქებით იჭერდაო. გონიერებით ბადალი არ ჰყოლია, განსაკუთრებით - საომარ საქმეში. თხუთმეტი წლისამ ქართველთა ამწიოკებელი ოსები დალაშქრა, ტყვედ წარტაცებული პატარა და მირანდუხტი და ათიათასობით ქართველი გამოიხსნა და  კავკასიაში ოვსეთის მხრიდან გადასული, ყივჩაღთა, პაჭანიკების და ჯიქეთის დალაშქვრის შემდეგ სამეფოში, აფხაზეთის მხრიდან გამარჯვებული შემოსულა. დიდ მეფეს ხალხმაც ამიტომ სიყვარულით გაულექსა:

"ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან შემოესმა რეკა, იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა".

მეფობის 45 წელი საქართველოს დამპყრობელ ირანელებთან გამარჯვებით დასრულებულ ბრძოლებს, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას და ქრისტიანული ეკლესიის გაძლიერებას შესწირა. უჯარმის ციხეში აღესრულა. თითქოს მისი უძლეველობის გამო ბრძოლაში სიკვდილი არ ეწერა, თუ მტერს მისი "აქილევსის ქუსლი" არ ეცოდინებოდა. იღლიაში, გარღვეულ ჯაჭვის პერანგში მოღალატე მსახურის მითითებით მტრისგან ნაძგერები ისარი მომაკვდინებელი აღმოჩნდა.

თუმცა, სხეულში ჩარჩენილი ისრის ნამსხვრევით დაჭრილმა მეფემ უჯარმის, ერთ-ერთი ყველაზე უთანასწორო და სისხლისმღვრელი ომი მოიგო. ძალას, ალბათ, უფალი აძლევდა. გადმოცემით, მუხლმოუხრელად გამოსულა ბრძოლის ველიდან მეფე, რათა სპარსელებს მისი სიკვდილი არ შეეტყოთ და ბოლომდე გაელეწათ ქართველებს მტრის ჯარი.

მას შემდეგ, რაც ვახტანგმა კავკასიის ზეკარები გაამაგრა, - "აღაშენნა მას ზედა გოდოლნი მაღალნი და დაადგინნა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი", ქართლის სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთით შემოიერთა ჰერეთი და  საერისთავოდ აქცია, ხოლო კამბეჩოვანი - საუფლისწულო მამულად, ააშენა უჯარმა. ქართლის საზღვრებში მოუქცევია წუქეთიც. ქვეყანა ცხრა საერისთავოდ და ერთ სასპასპეტოდ დაყო. გააძლიერა მთისა და ბარის კავშირი, ახალი დედაქალაქის, თბილისის მშენებლობასაც ჩაუყარა საფუძველი.

სწორედ ამ აღმშენებლობის დროს მოუვიდა სპარსეთის შაჰისგან შეტყობინება, ბიზანტიის დასალაშქრავად მივდივარ და გვერდით უნდა დამიდგეო, მეტიც, ლაშქრის სარდლობა ქართველთა მეფისთვის უთხოვია შაჰს.

ქრისტიანთა დასარბევად გვერდით როგორ დაგიდგები, სანამ მათ შეებმები, მე უნდა დამამარცხოო.„გადაეცით შაჰს, ჯერ ჩვენთან საბრძოლველად გაემზადოსო! "აწ ცხოვრება ჩვენი იყავნ სასოებითა ჯვარცმულისათა", - შეუთვლია ვახტანგს. უზარმაზარი, თითქმის 8 ასეულათასობით (მტერი დედაწულიან-მსახურიანად მოდიოდა) კაცისგან შემდგარი ლაშქარი საქართველოსკენ მოუბრუნებია სპარსეთის მბრძანებელს. ვახტანგ გორგასალს მალემსრბოლნი უფრენია მთელ ქვეყანაში და დაუწყია საბრძოლველად მზადება, თან კეისრისთვისაც უთხოვია დახმარება.

"მოვიდა ხვასრო მეფე და შემუსრა ქალაქი კამბეჩოვანი, ჭერმის ციხე და ველისციხე. იორთან შეიბნენ სპარსელები და ქართველები და გაჩაღდა ფიცხელი ბრძოლა". ისტორიკოსთა ვარაუდით, ბრძოლა 491 ან 502 წელს უნდა მომხდარიყო.

მეფეს კათალიკოსისთვის უთქვამს: იცოდე, რომ ხარკისათვის კი არა, ქრისტეს უარსაყოფად გვებრძვიან სპარსელები, "რომელმან წარიწყმიდოს თავი თვისი ჩემთვის, მან პოოს იგი".

ვახტანგის ლაშქარი ორას ორმოცი ათასი კაცისგან შედგებოდა, ხოლო სპარსელთა - შვიდას ოთხმოცი ათასისგან. თავგანწირულად იბრძოდნენ ქართველები, მაგრამ მტრის სიმრავლეს ვერაფერს უხერხებდნენ.

სამი დღის განმავლობაში ღვარად დიოდა სისხლის მდინარეები უჯარმის მიდამოებში. ივრის ვიწროებში შეუმწყვდევია ქართველთა ჯარი მტერს. იქ მათი დამარცხება საქართველოს განადგურებას ნიშნავდა. სანამ მტერი ქართველთა მონობაზე ოცნებობდა, ვახტანგი მათ დამარცხებაზე ბჭობდა.

ცხენოსანი ლაშქარი ცენტრში დააყენა, ქვეითი ლაშქარი კი ფერდებზე შეჰფინა. სამდღიანი ბრძოლის მერე, მტერს რიჟრაჟზე დაესხა თავს მეფე მხედრებითურთ. უძლიერესი და მოულოდნელი დარტყმით გაანადგურა მტრის დაცვა და პირდაპირ შუაგულ ბანაკში შეიჭრა. შაჰმა ცხენით გაასწრო მგლისმუზარადიანს.

ვახტანგმა ძე მოუკლა. ლეგენდის თანახმად, სპარსელმა სწორედ მაშინ ესროლა ისარი იღლიაში, როდესაც თავს ჰკვეთდა სპარსეთის ტახტის მემკვიდრეს. დაჭრილმა მეფემ ბრძოლა განაგრძო. დასუსტებული სპარსული ლაშქარი მცხეთისკენ  წასვლას შეეცადა, მაგრამ უძველეს დედაქალაქთან დატოვებულმა ქართული ლაშქრის  ნაწილმა უკუაქცია. გამოქცეული სპარსელები ჯერ დღევანდელი რუსთავის მიდამოებში შეჩერებულან, მერე კი ბიზანტიასთან საბრძოლველად წასულან, თუმც, ვეღარ მოახერხეს მისი დამარცხება.

ბრძოლის მიწურულს ვახტანგს ჭრილობა დაუწყლულდა, ისარი ფილტვამდე იყო შესული. უჯარმაში წასულა, სპასალართათვის კი უბრძანებია, არ მიეტოვებინათ ბრძოლის ველი.

მეფეს სიკვდილის წინ კათალიკოსის, ცოლ-შვილისა და წარჩინებულთათვის უთქვამს, მივდივარ ჩემს ღმერთთან. ვმადლობ სახელს მისას, რომ არ დამაკლო გამორჩეულად წყალობაო. ვახტანგი დაუსაფლავებიათ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.

ქვეყნის ცენტრალიზაციის და მისი მთლიანობის განსამტკიცებლად ვახტანგმა უმთავრეს პირობად ეკლესიის ორგანიზაციული სრულყოფა დასახა. ქართული საისტორიო ტრადიცია მის სახელს უკავშირებს ქართლის ეკლესიის მეთაურად კათალიკოსის თანამდებობის შემოღებას და ახალი 12 ეპარქიის დაარსებას. ჯუანშერის მიხედვით, ქართლში კათალიკოსობის დაწესებას თან ახლდა კონფლიქტი ვახტანგ გორგასალსა და მიქელ მთავარეპისკოპოსს შორის.

ვახტანგმა კათალიკოსად მოიწვია პონტოელი ბერძენი პეტრე, რამაც ქართლის მთავარეპისკოპოსი მიქელი (ასევე ბერძენი) ისე გაანაწყენა, რომ ამხედრებულმა მთავარეპისკოპოსმა მასთან ქვეითად მიახლოებულ მეფეს წიხლი ჩასცხო და კბილი ჩაუმტვრია. მეფეს მიქელი ბიზანტიაში გაუგზავნია, სადაც ის დასჯის მიზნით მღვიძარეთა მონასტერში გაუმწესებიათ.

ისტორიკოსების აზრით, კათალიკოსობის შემოღებით ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭა. ეკლესიის ფართომასშტაბიანი რეორგანიზაციის მიზნით, ვახტანგ გორგასალმა ახლად აღაშენა სვეტიცხოველი თორმეტი მოციქულის სახელზე.

ვახტანგის მემატიანის ჯუანშერის ცნობით, გორგასალმა დედასა და დასთან ერთად იმოგზაურა იერუსალიმში, სადაც მოილოცა წმინდა ადგილები და უხვი შეწირულობები გაიღო, რაზმიც კი დატოვაო ჯვრის მონასტრის დასაცავად. ამიტომაც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მახლობლად მცხოვრებ მალქიტებს გვიანობამდე ჰქონიათ შემორჩენილი ცოდნა იმის შესახებ, რომ მათი წინაპრები მალხაში დაასახლა ვახტანგ გორგასალმა ჯვრის მონასტრის მტერთაგან დასაცავად.

საბჭოთა ეპოქაში მოსწავლეებს თითქმის არაფერს გვასწავლიდნენ გარდა იმისა, რომ სანადიროდ წასულმა მეფემ გოგირდის წყლის მიდამოებში ახალი დედაქალაქი დააარსა.

ნუკრი მჭედლიშვილი, ისტორიკოსი: - "თუ უჯარმისა და დიდგორის ომებს იგებდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო დიდი შესაძლებლობების ქვეყანა იყო დიდებული სარდლებითა და მხედართმთავრებით. ამით კი კნინდებოდა რუსების გამარჯვებები. ამისთვის საჭირო იყო არა მარტო საქართველოს, სხვა საბჭოთა ქვეყნების: სომხეთის, აზერბაიჯანის, შუა აზიის ქვეყნების ისტორიაშიც კი შეეტანათ "კორექტივი" და რუსი მხედართმთავრები და მეფეეები შედარებით დიდებულად წარმოეჩინათ, როგორც საბჭოეთის ვითომ ძმური კავშირის უფროსი ძმები.

მიმაჩნია, რომ ქართული ისტორია დღესაც  არასწორად ისწავლება სკოლებში. მაგალითად, ასწავლიან, რომ ერთიანი საქართველოს პირველი მეფე იყო ბაგრატი. ე.ი. XI საუკუნემდე საქართველო ერთიანი არ ყოფილა. არადა, პირველი გამაერთიანებელი მეფე ფარნავაზი იყო. მასთან ერთად - ვახტანგ გორგასალიც. ბაგრატის დროს თბილისი ჩვენი არ იყო, სამშვილდე სომხური სამეფოს დედაქალაქი გახლდათ, ანუ ქვემო ქართლი ტაშირი-წორაკერტის სამეფოში შედიოდა.

ფარნავაზისა და გორგასლის დროს კი სრულიად საქართველო ერთ სამეფოში იყო მოქცეული. რუსები ცდილობდნენ "დაეფიქსირებინათ", რომ ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნა ახლოს იყო რუსეთის სახელმწიფოს შექმნის პერიოდთან. ამიტომაც ისტორიკოსებს "დაავიწყეს", რომ ფარნავაზის დროს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-IV საუკუნეებში კი არ გვქონდა ერთიანი ქართული სახელმწიფო, არამედ ეს მხოლოდ ათი საუკუნის წინ შევძელით.

საქართველოს ისტორიის დამახინჯება დაიწყო რუსეთის იმპერიის გაბატონებიდან და გავლენა  იქონია საბჭოთა ისტორიკოსებზეც. მათ ყულფში ჰქონდათ გაყოფილი თავი და იძულებული იყვნენ, მოსკოვის მითითებებისთვის გაეწიათ ანგარიში".