"საშა ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც ბერიას ცოლს - ნინა გეგეჭკორს ახლოს აკარებდნენ" - კვირის პალიტრა

"საშა ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც ბერიას ცოლს - ნინა გეგეჭკორს ახლოს აკარებდნენ"

თბილისში ტანსაცმლის ერთ-ერთი პირველი აღიარებული მოდის დიზაინერი ალექსანდრე ახვლედიანი გახლდათ, რომელსაც ყველა "საშა პარტნოის" სახელით იცნობდა. ის წარმოშობით ქუთაისელი იყო და საკმაოდ პატარა ასაკში, გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩამოსულა თბილისში.

დედაქალაქში იმხანად ცნობილი იყო ვოლკოვების ატელიე, რომელიც რუსთაველის #14-ში მდებარეობდა. ვოლკოვები საქართველოში რევოლუციამდე მოღვაწეობდნენ. როგორც კი არეულობა დაიწყო და მასობრივად დაიწყეს უცხოეთში გასვლა, ისინიც ამ ტალღას გაჰყვნენ. ატელიე დატოვეს, მაგრამ უპატრონოდ მაინც არ მიაგდეს. როგორც ირკვევა, მათ ჰყავდათ მოსამსახურე, მათივე სახლში გაზრდილი ქალბატონი ალექსანდრა რომანოვა. სწორედ იგი დატოვეს ამ ატელიეს მეპატრონედ. როგორც "საშა პარტნოის" შთამომავლები იხსენებენ, ვოლკოვებმა ახალგაზრდა ქალს უთხრეს, - თუ ჩამოვალთ, დაგვიბრუნებ ქონებას, თუ ვერ ჩამოვედით, ეს საქმე შენია და რაც გინდა, ის ქენიო. ასე დარჩა ალექსანდრას ატელიე. ახალგაზრდა ქალი თვითონ ვერსად წავიდოდა, რადგან ლოგინად ჩავარდნილი დედა ჰყავდა.

თბილისში ჩამოსული ალექსანდრე ახვლედიანი როგორღაც ამ ქალთან მოხვდა და ის ალექსანდრამ შეგირდად აიყვანა. სწორედ აქედან დაიწყო მისი სამკერვალო კარიერა. ამასობაში ქალ-ვაჟს ერთმანეთი შეუყვარდა და დაქორწინდნენ. ქალი ვაჟზე ათი წლით უფროსი იყო, მაგრამ ამას მათი თანაცხოვრებისთვის ხელი არ შეუშლია, საბოლოოდ კი, მოვლენები ისე განვითარდა, რომ საშა თბილისის ნომერ პირველ ტანსაცმლის მოდელიორად იქცა.

თუმცა მანამდე მან პარიზის მოვლაც მოასწრო.

"იმ პერიოდში პარიზში იყვნენ ძმები კაკაბაძეები, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ქიქოძე. ბაბუას მათი ნახატები ჰქონდა. ახვლედიანთან და გუდიაშვილთან ურთიერთობა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა, ძალიან მეგობრობდნენ. პარიზში, დაახლოებით, შვიდი წელი დაყო, იქ შეგირდად იყო და ხელფასიც ჰქონდა, პარალელურად, სწავლობდა კიდეც. რომ მოდიოდა, უფროსს უთქვამს, დარჩი და ერთ წელიწადში მილიონერი იქნებიო. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ცნობილი ოპერეტა "ღამურა". ამ სპექტაკლისთვის კოსტიუმები თავიდან ბოლომდე ბაბუამ შეკერა. ფაქტობრივად, თეატრალურ კოსტიუმერად ითვლებოდა. მერე ძალიან დიდხანს მუშაობდა აქ, ოპერაში. ოპერა რომ დაიწვა, მასთან ერთად დაიწვა მთელი მისი კოსტიუმები, არც ერთი არ გადარჩა. კინაღამ გაგიჟდა", - იხსენებს მისი ძმის შვილიშვილი ია ახვლედიანი. წყარო

ნატა ვაჩნაძე

როგორც უკვე ითქვა, იგი არა მარტო ყოველდღიურ სამოსს, არამედ - სასცენო კოსტიუმებსაც ქმნიდა.

მასთან ქართული ელიტის წარმომადგენელი ქალბატონები იცვამდნენ. ამბობენ, რომ საშა ესკიზების შექმნის გარეშე ქმნიდა სამოსს.

ქსოვილს მაგიდაზე გაშლიდა და ზედ საპნით ხატავდა თარგს, შემდეგ ჭრიდა, კერავდა და საოცარი სიზუსტით არგებდა ტანზე კლიენტებს. მას დაქირავებული ჰყავდა დამხმარეები, რომლებიც კაბებს ბისერებით რთავდნენ ან ლამაზად ქარგავდნენ. მასთან ცნობილი ქართველი მსახიობებიც იცვამდნენ, მათ შორის, ულამაზესი ნატო ვაჩნაძეც.

მის კლიენტებზე ია ახვლედიანი ჟურნალ "თბილისელებთან" ჰყვება:

"ძალიან უყვარდა ჭუტა წერეთელთან მუშაობა, ნატო ვაჩნაძეს უკერავდა დიდი ხალისითა და სიყვარულით, ასევე - ნინო რამიშვილს...

- მასთან ჩინოვნიკების ცოლებიც მოდიოდნენ?

- ნინა გეგეჭკორს უკერავდა. ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც ნინა გეგეჭკორს ახლოს აკარებდნენ, არადა, ეს ქალბატონი მუდამ ქმრის დაცვით იყო გარემოცული. როცა ბერია დაიჭირეს, ბაბუამ გუდა-ნაბადი შეკრა და დაჯდა. შეეშინდა, რომ დააპატიმრებდნენ, მაგრამ, დაპატიმრებას გადაურჩა".

საინტერესოა, რომ ნინა გეგეჭკორი "მიშა პარტნოის" თავის მოგონებებშიც იხსენებს. მოგეხსენებათ, ქმრის დაპატიმრების შემდეგ ის შვილთან ერთად დააკავეს. როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ბერიას ცოლს ბრალად რუსეთის არაშავმიწიანი ზონიდან მოსკოვში ერთი კასრი წითელი მიწის ჩატანა წაუყენეს.

ნინა გეგეჭკორი:

"ყოველდღე მოდიოდა გამომძიებელი, რომელიც მოითხოვდა ჩვენებებს ჩემი ქმრის წინააღმდეგ. მეუბნებოდა, რომ "ხალხი აღშფოთებული იყო ლავრენტის საქციელით". წელიწადზე მეტხანს ვიყავი ციხეში. ბრალდებები? როგორ არა, წამომიყენეს, მაგრამ ნუ გაიცინებთ, ეს სავსებით სერიოზულად იყო ნათქვამი - ბრალი მედებოდა ერთი კასრი წითელი მიწის ჩატანაში რუსეთის არაშავმიწიანი ზონიდან მოსკოვში. საქმე ის გახლავთ, რომ მე ვმუშაობდი სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში, ვიკვლევდი ნიადაგის შემადგენლობას. ჩემი თხოვნით, ოდესღაც მართლა ჩამომიტანეს ერთი კასრი წითელი მიწა. იგი, თურმე, ჩამოუტანიათ თვითმფრინავით. ესე იგი, სახელმწიფოს ტრანსპორტი გამოიყენეს კერძო მიზნებისთვის. მეორე ბრალდება გახლდათ დაქირავებული შრომის გამოყენება - თბილისში ცხოვრობდა ცნობილი მკერავი "საშა პარტნოი". მათი ბრალდებით, სწორედ ეს "საშა პარტნოი" ჩამოსულა ჩემთან მოსკოვში, შეუკერავს კაბა და მე მისთვის გადამიხდია შესაბამისი გასამრჯელო. ალბათ, ასეც იყო. ახლა ზუსტად არ მახსოვს, როდის იყო ჩემთან თბილისელი მკერავი, მაგრამ ნამდვილად იქნებოდა. ოღონდ, თუ ეს დანაშაულია, ახლაც არ ვიცი".

"საშა პარტნოიმ" თავისი კარიერა ვაკეში, კინოთეატრ "ყაზბეგის" გვერდით არსებულ ატელიეში დაასრულა. იქ ბოლოს კონსულტანტად მუშაობდა. მანამდე თავისი პატარა კომპანიაც ჰქონდა, სახელად, "კომუნა".