"როცა კარზე საჭვრიტინოების დაყენება დაიწყეს, ავთო ვარაზის მეუღლემაც მოინდომა თურმე მისი გაკეთება..." - თბილისური ამბები გიზო ნიშნიანიძისგან - კვირის პალიტრა

"როცა კარზე საჭვრიტინოების დაყენება დაიწყეს, ავთო ვარაზის მეუღლემაც მოინდომა თურმე მისი გაკეთება..." - თბილისური ამბები გიზო ნიშნიანიძისგან

ინტერვიუ არქივიდან

მწერალსა და ჟურნალისტს გიზო ნიშნიანიძეს უსაზღვროდ უყვარდა თბილისი... მისი ბოლო წიგნის სახელწოდებაც ბევრს გეტყვით - "მიგულე". თბილისს ნამდვილად ეგულებოდა მისი სახით კარგი თბილისელი - კაცი, რომელმაც დავიწყებას გამოსტაცა ვერის უბნისა და მთაწმინდის ხიბლი და კიდევ ერთხელ გვითხრა სათქმელი: თბილისელობა ფულით არა, გულით იზომება. ბატონმა გიზომ წლების წინ ინტერვიუ მისცა გაზეთ "კვირის პალიტრას", რომელშიც საყვარელ თბილისზე საუბრობდა და სახალისო ამბებსაც იხსენებდა. გთავაზობთ ამონარიდს საარქივო ინტერვიუდან:

- მოწყენილ კაცს ქუჩაში როგორ გავატარებდით! აუცილებლად ვკითხავდით, - ხომ მშვიდობააო. ახლა რომელ ერთს ვკითხოთ, ყველა მოწყენილია და...

- ყველა თავის ნაჭუჭში იკეტება?

- ეგრე გამოდის. ხომ გაჩნდა მობილური ტელეფონი და ყოველ წუთს ხომ შეგვიძლია სიახლოვე ერთმანეთთან... და მაინც ტექნიკის მიღწევებმა ვერ დაგვაახლოვა, პირიქით, სულ დაგვაშორა ერთმანეთს... დრო იყო, კარი არ იკეტებოდა. როცა კარის დაკეტვა და საჭვრიტინოების დაყენება დაიწყეს თბილისელებმა, ავთო ვარაზის მეუღლემაც მოინდომა თურმე მისი გაკეთება. ეგ რა არისო, - უკითხავს ავთოს. ამაში გავიხედავთ და ვნახავთ, ვინ მოვიდა, მერეღა გავუღებთ კარსო... ეგ საჭვრიტინო უკუღმა დააყენე, რომ იმათ გვნახონ, შინ ვართ თუ არაო... მაგას ვინ წარმოიდგენდა, კართან მისული კაცისთვის კარი არ გაეღოთ! ახლა დასჩერებიან მობილურს - ვინ რეკავს. უნდათ აიღებენ, უნდათ - არა...

- გამოდის, ძალიან შევიცვალეთ, არა?

- "რამ გაგვხადა ერთმანეთზე დანის მლესავი, გვეჯავრება ერთმანეთი ჭირის დღესავით"... ზოგჯერ და ხშირადაც, ასეა.

- უცხოეთში თუ გიამბიათ რამე თქვენი დროის თბილისზე?

- 1983 წელს ამერიკაში ვიყავი. გადამეკიდა სი-ენ-ენი - შეადარეთ ამერიკა და საქართველოო. რაც შემეძლო, თავი ავარიდე პასუხს. თქვენი ჯორჯია და ჩვენი ჯორჯია მაინც შეადარეთ ერთმანეთსო. ვუპასუხე: თქვენს ჯორჯიაში ღმერთი ისვენებს და კაცი მუშაობს, ჩვენს ჯორჯიაში ღმერთი მუშაობს და კაცი ისვენებს-მეთქი... იმ დღეს სულ ამ პასუხს ატრიალებდნენ. რომ ჩამოვედი, აქ უკვე ყველამ იცოდა ეს ამბავი... ეს ანეკდოტი იცით? აზერი გაუშვეს ამერიკაში. ჩამოვიდა. ეკითხება რუსი, - რა მოგეწონაო. პასუხობს: ტამ ტაკ ხარაშო ჟივუთ... რუსმა გაუბათილა: ვეზდე ხარაშო, გდე ნას ნეტო! ნუ, პრავილნა! ვეზდე ხარაშო, გდე ვას ნეთო - აზერმა... ეს ხუმრობით, თუმცა არც ისე ხუმრობით... იხილეთ სრუალდ

იხილეთ ფოტოგალერეა ლეგენდად ქცეული თბილისი და თბილისელები