ვინ იყო პოლკოვნიკი ნიჟარაძე, რომელმაც რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II -ს თვალწინ მოუკლა გენერალი?! - კვირის პალიტრა

ვინ იყო პოლკოვნიკი ნიჟარაძე, რომელმაც რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II -ს თვალწინ მოუკლა გენერალი?!

მართალია, ბევრი ქართველი მამულიშვილის სახელი ისტორიაში უკვალოდ ჩაიკარგა, თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც უბრალო ადამიანების ხსოვნას ინახავენ, ეს კი ადამიანური მადლიერების ყველაზე დიდი სიმბოლოა.

"ძველ ფოტოს გიგზავნით, სადაც "ველური დივიზიის" შტაბის წევრები არიან აღბეჭდილი, მათ შორის არის პიროვნება, რომელმაც ასეულობით ქართველის, შესაბამისად კი მათი შთამომავლის სიცოცხლე შეინარჩუნა; არადა, დღეს მისი სახელი არავის ახსოვს, მე კი მინდა მის შესახებ მომავალმა იცოდეს", - გვითხრა გეოლოგმა მურმან კვინიკაძემ და ფოტოს ისტორია მოგვიყვა:

- ზესტაფონის სოფელ საღვინეში, ჩვენს სახლში ამ ფოტოს უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა. აქ მამაჩემის და პირველი მსოფლიო ომში მონაწილე კავკასიელთა "ველური დივიზიის" შტაბის წევრები არიან აღბეჭდილი ირანში წასვლის წინ. ეს დივიზია რუსეთის იმპერატორმა საგანგებოდ შექმნა კავკასიელებისაგან. მათ შორის იყვნენ მამაჩემი, სოლომონ კვინიკაძე, და "ველურ დივიზიის" ერთ-ერთი მეთაური და შტაბის უფროსი პოლკოვნიკი დიმიტრი ნიჟარაძე.

- სტატისტიკით, ამ ომში, საბედნიეროდ, ქართველთა ისეთი დიდი მსხვერპლი არ ყოფილა, როგორც მეორე მსოფლიო ომში. - პირველ მსოფლიო ომში მხოლოდ იმ ოჯახებიდან წაიყვანეს ხალხი, სადაც ორი ძმა მაინც იყო და ოჯახში ერთი მაინც რჩებოდა. თუმცა რამდენიმე ასეული ქართველი პირველ მსოფლიო ომსაც ემსხვერპლა. მამაჩემი გლეხი და ოჯახში უმცროსი ძმა გახლდათ, მას ერგო ომში გაწვევა. ზესტაფონში პოლიტიკურად "ჭრელი" ოჯახი დატოვა: მამაჩემი ფედერალისტი გახლდათ, ბიძაჩემი - ბოლშევიკი, მამიდაჩემი კი მენშევიკი.

- ჩვენს დროებაშიც არ გვაკლია მსგავსი ოჯახები. - ასეა. მამაჩემი ბრწყინვლედ წერდა, მათ შორის, რუსულადაც. სწორედ იმიტომ აიყვანა პოლკოვნიკმა ნიჟარაძემ შტაბში, შემდეგ კი ირანშიც წაიყვანა, სადაც კავკასიელთა "ველურ დივიზიას" მეთაურობდა. კავკასიელი ჯარისკაცების დივიზიები, რომლებიც ყველას შიშის ზარს სცემდნენ, რუსული იმპერიის "მიგნება" გახლდათ და ასევე გამოიყენეს მეორე მსოფლიო ომშიც, ისევ ირანში. "ველური დივიზია" ირანში 1916 წელს ჩააყენეს და იქ წელიწადზე მეტი დრო გაატარა, მერე კი დაიშალა - 1917 წელს რუსეთში იმპერატორი ჩამოაგდეს და ირანში მეფის ჯარისკაცებმა იარაღის დაყრა დაიწყეს. ასეულობით ჯარისკაცი დაადგა გზას შინისკენ და ბევრი ამას შეეწირა, - იარაღდაყრილ ჯარისკაცებს მძარცველები ხოცავდნენ. რომ არა დიმიტრი ნიჟარაძე, იგივე ბედი ეწეოდა ქართველ ჯარისკაცებსაც. ნიჟარაძემ ქართველებს მიმართა: "ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ არც მხდალები და არც დეზერტირები. ნუ დაყრით იარაღს, სანამ მე არ გიბრძანებთ, მერე კი მეც თქვენთან ერთად წამოვალ და სამშობლოში მშვიდობიანად ჩაგიყვანთ".

- დაუჯერეს?

- მამაჩემი ამბობდა, ნიჟარაძის დაუმორჩილებლობა შეუძლებელი იყო, ხმაში "რკინა" ჰქონდა, ხელში კი წარმოუდგენელი სისწრაფე, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II -ს თვალწინ მოუკლა გენერალიო. რუსეთის იმპერატორი ხშირად პატიჟებდა თავისი არმიის გენერლებს საქეიფოდ და გასართობად. ერთი ქეიფის დროს ნიჟარაძეს რუსი ოფიცერი ახირებია, ძაღლისშვილო ქართველო, ჩემ გვერდით ჯდომას როგორ ბედავო! როდესაც გაცეცხლებული ნიჟარაძე პასუხის გასაცემად წამოვარდნილა, რუსს ხანჯალი დაუძვრია და მისთვის ცალი ყური ჩამოუთლია. ასე არ უნდაო და, ნიჟარაძეს თავხედი რუსი დამბაჩით იქვე, სუფრასთან მოუკლავს.

- სამართლიანად მოქცეულია. - იგივე განაცხადა თურმე "ღირსების სასამართლო" პროცესზე რუსეთის იმპერიის მოსამართლემ, სადაც გენერალ ნიჟარაძეს მხოლოდ ის სასჯელი არგუნეს, რომ გენერლის ჩინი წაართვეს და პოლკოვნიკობამდე დააქვეითეს. თუმცა მოგვიანებით ირანში "ველური დივიზიის" შტაბი და მეთაურობა ჩააბარეს. ომის შემდგომ წარმოუდგენელი განუკითხაობა იყო, ნიჟარაძემ კი დივიზიის ქართული ნარჩენებით, 500-მდე კაცით, ისე იარა თვე-ნახევარი საქართველომდე, გზაში ერთი კაცი არ დაუკარგავს. მამაჩემი ამბობდა, გენერალი რომ არა, გზაში ჯოჯოხეთი ტრიალებდა და ყველანი დავიხოცებოდითო. იარაღი, რომელიც ქართველებს ნიჟარაძემ ირანში არ დააყრევინა, გადარჩენაში ძალიან დაეხმარათ და შიმშილსაც გაუმკლავდნენ. სხვათა შორის, გრიგოლ რობაქიძე აღწერს ამ გზას ირანიდან თავის "გველის პერანგში". მამაჩემს უკვირდა, რამდენად ნიჭიერია რობაქიძე, რომ ვიღაცის ნაამბობი ასე ზუსტად აღწერაო. მერე სად გაქრა ნიჟარაძე, მამაჩემმაც კი არ იცოდა, ალბათ, ბოლშევიკებმა მოუღეს ბოლო. გენერალი მაზნიაშვილიც ხომ მოკლეს - შინ მიწას ხნავდა, როდესაც გამოიყვანეს და დახვრიტეს.