1918 წელი, ჩოლოქის ბრძოლა - კვირის პალიტრა

1918 წელი, ჩოლოქის ბრძოლა

"მე სამშობლოსთვის უეჭველ სიკვდილზე გეპატიჟებით"

გასული თვის განმავლობაში, "კვირის პალიტრაში" გაგრძელებებით დაბეჭდილმა სტატიამ საქართველო-სომხეთის 1918 წლის ომის შესახებ, მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია: გვწერდნენ, გვირეკავდნენ, სოციალურ ქსელებსა თუ ინტერნეტფორუმებზეც სვამდნენ კითხვებს და გამოთქვამდნენ მოსაზრებებს.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დავბრუნებოდით იმდროინდელ ამბებს.

ის მოვლენები, რომელთა შესახებაც დღეს ვისაუბრებთ, დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადებამდე ერთი-ორი თვით ადრე მოხდა, მაგრამ რომ არა მაშინდელი გამარჯვებები, იქნებ აღარც არაფერი გვქონოდა დამოუკიდებლად გამოსაცხადებელი. თურქები "თავისას" ითხოვდნენ და თითქმის უბრძოლველად იღებდნენ კიდეც: ბათუმი და ქობულეთი დაიპყრეს, ოზურგეთიც დატოვეს ქართულმა ნაწილებმა და თურქების საბოლოო გეგმა - "ბრესტ-ლიტოვსკის ზავით" ბოლშევიკების მიერ "ნაჩუქარი" (ვის ქონებას ჩუქნიდნენ?!) ტერიტორიების შემოერთება, გადაჭარბებით სრულდებოდა... თუმცა, ყველაფერს თავიდან მივყვეთ:

1917 წლის შემოდგომაზე რუსეთის სათავეში ლენინი და ბოლშევიკები მოექცნენ და ბრესტ-ლიტოვსკში გამართულ საზავო კონფერენციაზე მთავარი მოწინააღმდეგის - გერმანიის მიერ ნაკარნახევ ყველა სამარცხვინო პირობაზე მოაწერეს ხელი (ლენინს, არცთუ უსაფუძვლოდ, სწორედ ამის გამო მიიჩნევს ბევრი ისტორიკოსი გერმანიის აგენტად).

ეს ამბები 1918 წლის თებერვალში ხდებოდა, როდესაც საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობდა ხელისუფლება - ამიერკავკასიის კომისარიატი მხოლოდ პარტიათა გაერთიანება იყო და გაურკვეველი ფუნქციები ჰქონდა.

აბსურდულია ევგენი გეგეჭკორის დეპეშა, რომლითაც მან ბრესტ-ლიტოვსკის კონფერენციის მეთაურებს მათი მიწვევის  (ჩამოდით და თქვენი ტერიტორიების საკითხს მიხედეთო) პასუხად მიმართა: "კავკასია (და საქართველოც) რუსეთის ნაწილია, ზავის საკითხიც რუსეთის კომპეტენციას შეადგენს"(?!).

თურქებმა მალევე მოითხოვეს "კუთვნილი" ტერიტორიების დაცლა - იქ ხომ რუსული ჯარის ნარჩენები იდგნენ, რომლებიც ფორმალურად ამიერკავკასიის კომისარიატს ემორჩილებოდნენ.

მხოლოდ მაშინღა შემოირტყეს მენშევიკებმა თავში ხელი და 1918 წლის აპრილში სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკა გამოაცხადეს, რის საფუძველზეც თურქებს უთხრეს - თქვენ ტერიტორიები რუსეთმა დაგითმოთ, ჩვენ კი სხვა სახელმწიფო ვართ და თქვენი არაფერი გვმართებსო. მაგრამ ამას წინ სწორედ ის ბრძოლა უსწრებდა, რომელიც მდინარე ჩოლოქთან - გურია-აჭარის დღევანდელ ადმინისტრაციულ საზღვართან გაიმართა და რომლის საოცარმა შედეგმა მისცა საშუალება საქართველოს (ოფიციალურად - ამიერკავკასიის) ხელმძღვანელებს, ასე თავდაჯერებით ესაუბრათ თურქებთან.

როდესაც თურქები საქართველოსაკენ დაიძრნენ, შეიკრიბა ე.წ. ეროვნული საბჭო, რომელშიც ეროვნული ძალები კვლავ უმცირესობაში იყვნენ (9 ეროვნულ-დემოკრატი 36 სოციალისტისა და 20 მათი მხარდამჭერის წინააღმდეგ) და გენერალ ვასო გაბაშვილის პასუხად, რომელმაც საბჭოს განუცხადა - კარგად ვიცნობ ბათუმის ციხეს, სამი ათასი ჯარისკაცითა და არტილერიით 6 თვე გავაძლებინებ ქალაქს, სანამ პოლიტიკოსები რამეს მოაგვარებთო, ევგენი გეგეჭკორმა "დასჭექა": "როგორ გეკადრებათ?! რაღა დროს ზარბაზნებია?! რომელი საუკუნეა?! ჩვენ ჯარისკაცები კი არა, ხალხი უნდა ჩავიყვანოთ ბათუმში, რომელიც მიტინგს ჩაატარებს და ასე დემოკრატიულად ვამცნობთ ოსმალეთს ჩვენს სურვილს, იქაც ნელ-ნელა დემოკრატია იკიდებს ფეხსო"(!!!).

ამის შემდეგ ხუთი ათასმა თურქმა ასკერმა ბათუმი აიღო - "ჯარი" თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, წინააღმდეგობა მხოლოდ ზოგიერთმა პატრიოტმა ოფიცერმა და ჯარისკაცმა გაუწია და შეაკვდა კიდეც მტერს.

KvirisPalitra.Geარაერთი თვითმხილველი აღწერს იმ გულისამრევ სიტუაციას, რაც რკინიგზაზე სუფევდა: ბოლშევიკი აგიტატორების მიერ გაგიჟებული ნაჯარისკაცალები ყველაფერს ეზიდებოდნენ ბათუმიდან - მდიდარი საპორტო ქალაქის ყველა დაწესებულება და საწყობი გაიძარცვა;

ნაძარცვით დატვირთული დეზერტირ-მაროდიორები ბათუმის დეპოდან წამოყვანილი მატარებლებით სამტრედიაში იყრიდნენ თავს და იქ ნამდვილი ბაზრობა ჰქონდათ გამართული. თურქები კი კვლავ წინ მოიწევდნენ - მათ მოითხოვეს, რომ ქართველებს ბაქომდე მიეცათ თავისუფლად მოძრაობის საშუალება, არადა, ძალით გავივლითო. ჩვენები უარზე იდგნენ - როგორც ყოველთვის, სომხებს უფრთხილდებოდნენ, "გზად მიმავალმა" თურქებმა ჩვენს მეზობლებს არ "აწყენინონო".

როგორც იქნა, გადაწყდა ომი... არ შეიძლება აქ პარალელი არ გავავლოთ საქართველო-სომხეთის ჩვენთვის უკვე ცნობილ ომთან: მაშინაც ლამის თბილისამდე იყო მტერი მოსული, როდესაც მთავრობა "გონზე მოვიდა", ომი კი გამოაცხადა, მაგრამ გენერალი მაზნიაშვილი მაშინაც მცირე ძალებით გაუშვა ფრონტზე და რეზერვს მოგახმარო, - დაჰპირდა. ახლაც ზუსტად ასე იყო - როდესაც თურქები ქართველებისგან მიტოვებულ ბათუმს არბევდნენ, ზუსტად იმ დღეს, 1-ელ აპრილს, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი სამტრედიიდან ჩოლოქისაკენ დაიძრა მხოლოდ ერთი ეშელონით:

მას პოლკოვნიკ ფურცელაძის პარტიზანთა რაზმი, კაპიტან კარგარეთელის მსროლელთა ბატარეა და ინჟინერ ხუნდაძის მიერ ძირითადად შორაპნის მაზრასა და ჭიათურაში შეგროვილი მოხალისეები ახლდნენ. ქაოსით მოცული სამტრედია ყველაზე მოხერხებული ადგილი იყო რეზერვის შესაკრებად, მაგრამ როგორც მაზნიაშვილი იგონებს, "ბათუმიდან გამოქცეული დეზერტირები ისე იყვნენ გახრწნილები, მეშინოდა ახალწვეულებიც არ გაეხრწნათო." ამას ისიც დაუმატეთ, რომ ბოლშევიკები, როგორც ყოველთვის, "ლეშის სუნზე" შეგროვდნენ და იქვე, სამტრედიის საკვანძო სადგურთან მოაწყვეს სააგიტაციო პუნქტები. ასეთ სიტუაციაში ისიც საკვირველი იყო, რაც გაკეთდა.

ბათუმში კი თურქები დათარეშობდნენ და ქობულეთისკენ მოიწევდნენ. ერთადერთი, ვინც კუდამოძუებული არ გამოქცეულა ბათუმიდან, ქართული ჯავშნოსანი მატარებლის მეთაური ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძე იყო. მას თავიდან კი გადაუწყვეტია, რამდენიმე მოღალატის სამაგალითო დახვრეტით აელაგმა დეზერტირობა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ამას აზრი არ ჰქონდა და უფრო სასარგებლო საქმე გააკეთა:

ყველა ორთქლმავლისა და ვაგონის ევაკუაცია მოახდინა, ბათუმის დეპო მთლიანად დაცალა (სწორედ ამ მატარებლებს გამოჰყვნენ ნაძარცვით დატვირთული დეზერტირები, მაგრამ თურქებისთვის დატოვებას მაინც ეს ჯობდა), სამშვიდობოს გამოიყვანა ქალები და ბავშვები, ორი-სამი დღით შეაყოვნა თურქების წინსვლა რკინიგზაზე, ლოკალური ბრძოლები მოუგო შემომხვდარ ასკერთა რაზმებს და არც მოღალატე ადგილობრივებს აყარა კარგი დღე, რომლებიც, "ერთმორწმუნე ოსმალებისგან" მოტყუებულები, ათას საძაგლობას სჩადიოდნენ.

როგორც ჩანს, გოგუაძეს მოხერხებულობა და ეშმაკობაც იმდენივე ჰქონდა, რამდენიც გულადობა - ადრე ვწერდით, თუ როგორ მოატყუა სომხები მათივე ტყვეების გაშვებითა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით. ქობულეთთანაც დაახლოებით იგივე "ფინტი" გაუკეთებია: 2 აპრილს გენერალ გაბაშვილისგან ბრძანება მოსვლია - პოლკოვნიკი ყარალაშვილი მთელი შტაბითა და თავისი ჯარისკაცებით ჩაქვში ალყაში ჩარჩა და უეჭველი სიკვდილი მოელითო (ეს იმ იშვიათ შენაერთთაგანი იყო, რომელიც მტერს არ გამოექცა).

გოგუაძე ქობულეთში დაბრუნდა ჯავშნოსნით და იქაურ მეგობრებს თურქებისთვის ათქმევინა (ოსმალები უკვე ქალაქის გარშემო გორაკებზე იყვნენ), ხალხი საზეიმო შეხვედრას გიმზადებთ, ცოტა გვაცალეთ, სათანადოდ მოვემზადებით და მერე შემოდით, უიარაღოდ, როგორც "ურჯულო ქრისტიანებისგან" ჩვენი განმათავისუფლებლებიო. ამასობაში გოგუაძეც წავა და ხალხი არ დაზიანდებაო. თურქებმაც სიამოვნებით "გადაყლაპეს" ეს სატყუარა.

ჯავშნოსანი კი დილის 9 საათზე ჩაქვში ჩავიდა, სადგურის საგუშაგო ასეული თითქმის მთლიანად გაანადგურა, ტყვედ აყვანილი ყარალაშვილი და მისი შტაბიც გამოიხსნა და ჩაქვის თავზე მიჩიხული ჯარისკაცებიც გამოიყვანა ალყიდან.

3 და 4 აპრილსაც მოუხდა ორი საბრძოლო გასვლა გოგუაძის ჯავშნოსანს - ქობულეთსა და ოჩხამურში, აქ თვით გენერალი მაზნიაშვილიც გაჰყვა მას და კინაღამ დაიღუპნენ კიდეც: გენერლის ბრძანებით იმაზე სწრაფად წაუყვანიათ მატარებელი, ვიდრე უსაფრთხოების ნორმებით იყო გათვალისწინებული და ორთქლმავალი ხრამზე გადაეკიდა, ხოლო "ტენდერად" წოდებული სპეციალური ვაგონი, რომელიც ორთქლმავლის წინ იყო ჩაბმული, ხრამში ჩავარდა.

თანაც, ცხელი წყლის მილი გახეთქილა და დაჯავშნული კარი ჩაკეტილა. გოგუაძე და მაზნიაშვილი იგონებენ, - მემანქანეს რომ არ ეყოჩაღა და კარი ხელსაწყოებით მალევე არ გაეღო, მოხარშვა არ აგვცდებოდაო. დაზიანებული ვაგონი ხრამშივე ჩაუტოვებიათ, იქიდან ყველაფერი უკანა ვაგონებში გადაიტანეს, ორთქლმავლის ლიანდაგზე შეყენებაც შეძლეს, ჯარისკაცები პოზიციებზე განალაგეს და უკან დაბრუნდნენ.

როდესაც სომხეთ-საქართველოს ომზე ვწერდით, აღვნიშნეთ, რომ ფრონტისა და ზურგის მაშინდელმა  ერთიანობამ მნიშვნელოვნად განაპირობა წარმატება, მაგრამ აქ, ჩოლოქის ნაპირზე, მხოლოდ იქაურებმა - გურიის მცხოვრებლებმა აღიქვეს ის რეალური საფრთხე, რომელიც ქვეყანას ემუქრებოდა... ამიტომ ხალხში პატრიოტული გრძნობების გასაღვიძებლად ცოტათი გონს მოსული სოციალ-დემოკრატიული ლიდერები რიგითებად ჩაეწერნენ გოგუაძის ჯავშნოსანზე: ნოე ჟორდანია, ირაკლი წერეთელი, ვლასა მგელაძე და კიდევ რამდენიმე პარტიული ლიდერი კარაბინგადაკიდებული გამოცხადებულან ჩოლოქთან.

მაზნიაშვილმა შემოსწრებული რეზერვი საომარ პოზიციებზე განალაგა - ზღვიდან გურია-აჭარის ქედამდე მტერს მხოლოდ ორი გზით შეეძლო წამოსვლა: რკინიგზით (ზღვის პირას) და გზატკეცილით (მთის გასწვრივ, სოფელ ლიხაურისკენ), ამ ორ მიმართულებას შორის გაუვალი ჭაობები იყო და იქ ჯარი, მით უმეტეს - აღალითა და არტილერიით ვერ გაივლიდა. მთავარი საფრთხე კი მაინც ჩამოუყალიბებელი და უდისციპლინო ჯარი იყო - რაოდენობა თითქოს გაიზარდა, მაგრამ გენერალი შიშობდა, რადგან ზოგი მათგანი ბოლშევიკების აგიტაციას იყო აყოლილი, ზოგი კი ბათუმიდან გამოქცეულ ნაწილებში მსახურობდა;

ამიტომ როდესაც მზვერავებმა (ადგილობრივმა მოხუცებმა იტვირთეს ეს მძიმე მისია, რომლებმაც კარგად იცოდნენ ჭაობის ყველა ბილიკი) ამბავი მოიტანეს, თურქების შვიდი ათას- კაციანი გალიპოლის დივიზია ჩოლოქის ხიდთან დაბანაკდა და ხვალ შეტევისთვის ემზადებიანო, მაზნიაშვილმა გოგუაძე გამოიძახა და უბრძანა - რადგან ძალები არასაკმარისი გვყავს, მდინარე სუფსის იქით უნდა დავიხიოთ, შენი ჯავშნოსანით არიერგარდში (ანუ, სულ უკან) უნდა ჩადგე, რომ მოულოდნელი თავდასხმებისგან დაგვიცვა, ხოლო როდესაც სუფსას გადავლახავთ, ყველა ხიდი უნდა ააფეთქო და შემოგვიერთდეო.

პასუხად გოგუაძემ ფანტასტიკური გეგმა შესთავაზა, - მტრის პოზიციაში შევიჭრები მატარებლით და გავანადგურებო, რაზეც ცხადია, თავიდან უარი მიიღო, მაგრამ მერე დაარწმუნა  გენერალი, არიერგარდში ჩამდგარს უფრო ადვილად გამანადგურებს მტრის არტილერიაო. გადაწყდა: გოგუაძე თავისი 90 კაცით 7000 თურქის წინააღმდეგ!!!

გოგუაძე ჯავშნოსანზე დაბრუნდა და თავის "მხედრებს" (ასე ეძახდა) მიმართა: - მტერი ერთი ოთხმოცზე იქნება, ვისაც ბრძოლა არ უნდა, ახლავე ჩავიდეს და გენერალთან დაბრუნდეს პოზიციებზე, არავის ვუსაყვედურებ, მე სამშობლოსთვის უეჭველ სიკვდილზე გეპატიჟებითო! ისიც უნდა ითქვას, რომ გოგუაძის რაზმში ძირითადად მისი მეგობრები და ნათესავები, ახლო-მახლო სოფლების მკვიდრი ხალხი იყო (მათ შორის მისი სამი ძმა) და მათთვის სუფსის იქით პოზიციების დაკავება მხოლოდ "სტრატეგიული უკან დახევა" არ იყო.

ყველა "მხედარი" დარჩა "რკინის მერანზე",  დილის ბრძოლისათვის იარაღი მოამზადეს, მატარებლის მექანიზმები დაზეთეს; გიორგის ჯვრის კავალერი გობრონიძე თავისი ჯგუFფით დასაზვერად გავიდა და მალე მტრის ზუსტი განლაგების ამბავი მოიტანა.

დილის ხუთ საათზე ტყიდან გაშლილ ადგილზე ურჩხულივით "გამობობღდა" ჯავშნოსანი და გაჩერდა. გოგუაძემ ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნა მოწინააღმდეგეს, თითქოს შეცდომით მოხვდა მტრის ბანაკში და ნებდებოდა.

ჯერ რამდენიმე თურქი გამოძვრა საფრიდან და მიუახლოვდა ამ ახალ "ტროას ცხენს", მერე დანარჩენებიც გამოეფინენ და ატეხეს ყარყაში; ჩარაზულ კარში ვერ შედიოდნენ, ამიტომ  ზოგი საფეხურებზე აცოცდა და ტყვიამფრქვევების ლულებს ჩამოეკიდა; თან ყვიროდნენ: "თაალიმ, გოგვაძე" (დაგვნებდი, გოგუაძე)! და სწორედ ამ დროს ყველა ტყვიამფრქვევმა ერთად "ამოიდგა ენა"! ასკერებში თავიდან დაიბნენ და ტყისკენ გაქცევაც ვერ მოახერხეს, მაგრამ მალევე მოეგნენ გონს, საფრებს მიაშურეს და გააფთრებით შემოუტიეს, მაგრამ ყველგან მისწვდათ გოგუაძის რაზმელების ტყვია.

საარაკო გმირობა გამოიჩინა ობერკონდუქტორმა სიმონ სკამკოჩაიშვილმა - იგი გარეთ იყო და იქიდან აძლევდა ნიშანს მემანქანეს, რომელი პოზიცია დაეკავებინა. ეს კაცი ერთადერთი იყო, ვისაც გამხეცებული თურქები ხედავდნენ; სულ მალე სასიკვდილოდ დაჭრილ-დაცხრილული ობერკონდუქტორი თანამებრძოლებმა ვაგონში აიყვანეს. მტერმა არტილერია ჩართო საქმეში, მაგრამ ჯავშნოსანს კარგა ხანს ვერაფერი დააკლო - მხოლოდ 11 საათზე (ანუ ბრძოლის დაწყებიდან 6 საათის შემდეგ!) გადავიდა რელსებიდან წინა ვაგონი. Aამბის გასაგებად ხოხვით წასული სამი ჯარისკაცი დაიჭრა და იქით თავად გოგუაძე წავიდა;

ისიც დაჭრეს, მაგრამ მიაღწია დაზიანებულ ვაგონამდე - 25 კაციდან მხოლოდ თავისი ძმა, ნოე დახვდა საღ-სალამათი და მას უბრძანა,  უკანა ვაგონისთვის ხმა მიეწვდინა, ცეცხლი წინ მოემართათ, რათა დაჭრილთა გამოყვანა შესძლებოდათ. ნოე მაშინვე დაიჭრა, როგორც კი მიწაზე დადგა ფეხი, მაგრამ უკანა ვაგონამდე მაინც მიაღწია, თუმცა რაღა აზრი ჰქონდა - იქ ტყვიამფრქვევები უკვე გადახურებული და უფუნქციო იყო...

მტერმა დასავლეთიდან წამოსული ახალი ათასეულით საბოლოო იერიში მოიტანა; ჯავშნოსნის მეთაურს ბოლო იმედიც გადაეწურა - ალბათ, მაზნიაშვილთან დახმარების სათხოვნელად გაგზავნილი აკაკი ურუშაძეც დაიღუპაო და ერთადერთი, ყველა თანამებრძოლთან წინასწარ შეთანხმებული გამოსავალი დარჩა: 150 კილოგრამი პიროქსილისაგან დამზადებული ბომბის აფეთქებას ღილაკზე ("ფოლაქზე" - როგორც თვითონ გოგუაძე წერს) თითის ერთი დაჭერა უნდოდა და ჯავშნოსნისა და მისი "მხედრებისაგან" მტერს მხოლოდ რკინის ნამსხვრევებიღა შერჩებოდა. - მაინც მენანებოდა სიცოცხლე, უკანასკნელად მოვავლე თვალი მშობლიური ბუნების სილამაზეს და "ფოლაქს" ხელი დავაჭირეო, - იგონებს გოგუაძე...

უფალმა არ გაიმეტა სამშობლოსათვის თავგანწირული გმირები: მტრის ტყვიას პულტიდან ნაღმამდე მიმავალი მავთული გაეწყვიტა და, რაც მთავარია, ურუშაძეს მაზნიაშვილამდე მიეღწია - გენერალი გორის გვარდიის ოთხასკაციანი რაზმით და კახელი მოხალისეებით გამოჩნდა ბრძოლის ველზე მეორე ჯავშნოსნით და დამფრთხალმა თურქებმა ქობულეთისკენ მოუსვეს...

გახსოვთ, სომხეთთან ომის ერთ-ერთი შეტაკების საოცარი შედეგი, როდესაც ასზე მეტი მტრის ჯარისკაცის წილ მხოლოდ ერთი ქართველი დაიღუპა? აქ უფრო გამაოგნებელი "ანგარიში დაფიქსირდა": მხოლოდ იმ აფეთქებულ ვაგონში დაიღუპა სამი მებრძოლი და ერთიც შემდეგ - ჭრილობებისგან, თურქებმა კი ათასი (!!!) კაცი მხოლოდ მოკლული დატოვეს და ერთი ამდენი დაჭრილი ქობულეთში ჩაიყვანეს!

...ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა გამოცხადდა და ვალოდია გოგუაძეს საზეიმო ვითარებაში მიანიჭეს გმირის წოდება, მაგრამ ამ და სხვა ამბებზე მომავალ ნომრებში ვისაუბროთ...

(გაგრძელება იქნება)