"ჩვენთვის არ არსებობს ტაბუდადებული თემები" - კვირის პალიტრა

"ჩვენთვის არ არსებობს ტაბუდადებული თემები"

ალბათ, მკითხველს ძალიან გაახარებს მედია "პალიტრის" კიდევ ერთი ახალი გამოცემა, ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი", რომელიც სულ ახლახან დაიბადა და 2011 წელს უკვე უამრავ საინტერესო პუბლიკაციას  შესთავაზებს ისტორიის მოყვარულ საზოგადოებას. ჟურნალი დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით ისეთ თემებსაც გამოიტანს სააშკარაოზე, რომლებიც დღემდე ტაბუდადებულად  ითვლებოდა.

"მხოლოდ წარსულის გააზრებით და შეცდომების გაანალიზებით შეიძლება მომავლის სწორად განსაზღვრა", - მიაჩნია ისტორიკოს ჯაბა სამუშიას, რომელიც "ისტორიანის" მთავარი რედაქტორია და ჟურნალის "სიურპრიზებზე" თავად გვესაუბრება.

- "ისტორიანი" გამორჩეული იქნება თემების მრავალფეროვნებით; იგი განკუთვნილია ყველა ასაკის მკითხველისთვის. ჩვენ ფერად გვერდებსაც მოვამზადებთ ისტორიული ამბების ამსახველი კომიქსებით, რაც ბავშვებს ძალიან გაახალისებს. ბევრი ადამიანი ისტორიას მხოლოდ წარსულის პოლიტიკურ ამბებთან აიგივებს, რაც სწორი არ არის. ვეთანხმები ევროპელი მეცნიერების შეფასებას, რომ ისტორიულ მეცნიერებაში კრიზისი დაიწყო, ვინაიდან არაერთი ისტორიული თემა და მიმართულება სხვადასხვა მომიჯნავე დარგებმა მიიტაცეს.

მაგალითად, დავიწყებას მიეცა, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი სახელოვანი ან თუნდაც უსახელო წინაპრები, რა ხდებოდა მეფეების კარზე. ჟურნალში მკითხველი გაეცნობა სასიყვარულო ისტორიებს; აღვწერთ, როგორ მდიდრულად იყო მორთული სასახლეები, თუნდაც საპირფარეშოები მეფის სასახლეში, ესეც ხომ ისტორიაა.

- ე.ი. საზოგადოებას საკმაოდ თამამ თემებს შესთავაზებთ?

- რა თქმა უნდა, ჩვენთვის ტაბუდადებული თემა არ არსებობს.

უნდა გიამბოთ ადამიანთა სიცოცხლის, სიკვდილის, სიყვარულის, ერთგულების, ღალატის ისტორიები.

დავიწყებას მიეცა სხვადასხვა პერიოდის საქართველოში, იყო თუ არა დაცული ქალთა უფლებები და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელთა შორის ძალზე მნიშვნელოვანია ქორწინების საკითხი. ყველაფერს დავწერთ მხოლოდ ისტორიულ წყაროებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელთა ნაწილი ხშირად ან ნაკლებად ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, ან მიზეზთა გამო გასაიდუმლოებული.

ბოლოს და ბოლოს, წარსულში ვინმე თუ რამე უკადრებელს სჩადიოდა, თავისი საქციელისა თავად უნდა შერცხვენოდა და არა ჩვენ... ეს ისტორიკოსს ვერ გაათავისუფლებს მოვალეობისგან, აღწეროს ისტორიული სინამდვილე.

თუმცა, ისიც უნდა გითხრათ, რომ "ისტორიანი" სტატიების ავტორებს სამეცნიერო ღირებულებების დაცვას მოსთხოვს.

ჩვენთან ცენზურა მხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისით არის დაშვებული, რაც ნიშნავს, რომ არასოდეს დავბეჭდავთ ზღაპრებს ან არარეალურ ამბებს.

- რითია "ისტორიანის" პირველი ნომერი საინტერესო?

- სტატიები სხვადასხვა ეპოქას ეხება. ვფიქრობ, მკითხველს დააინტერესებს თბილისში ჩატარებული ყველაზე დიდი ექსპროპრიაციის ისტორია (სახელმწიფო ქონების დატაცება), რომელშიც სტალინიც მონაწილეობდა. ჰქონდა თუ არა ამ საქმესთან მას კავშირი და ამოღებული თანხა მოხმარდა თუ არა რევოლუციების დაფინანსებას, ჩვენი ჟურნალის მეშვეობით შეიტყობთ. ასევე გაიგებთ, რით გარდაიცვალა ალექსანდრე მაკედონელი და რას წერენ ამის თაობაზე თანამედროვე ევროპელი მკვლევრები.

დავიწყებთ საინტერესო რუბრიკას - "ისტორიული ტურიზმი საქართველოში". მოკლედ, ბევრი საინტერესო თემა გვაქვს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და თანაც, მირჩევნია, მკითხველისთვის ბევრი რამ სიურპრიზი აღმოჩნდეს.

- როდის ან ვის გაუჩნდა ამგვარი ჟურნალის შექმნის იდეა?

- ამ იდეაზე დიდხანს ვფიქრობდი; შემდეგ იგი მედია "პალიტრასთან" ერთად დამუშავდა და განხორციელდა. მძლავრი ჯგუფი შევქმენით, თუმცა დავძენ, რომ ჩვენი კარი ღიაა ყველა პროფესიონალისთვის. მაგალითად, ჩვენ ვთანამშრომლობთ ბათუმის, თელავის, ქუთაისის სამეცნიერო წრეებთან. ჩვენთან იბეჭდება სხვადასხვა ისტორიკოსის ნაშრომებიც. მართალია, ვწერთ ხალხისთვის პოპულარულ ენაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჟურნალში მხოლოდ და მხოლოდ კომპეტენტური ავტორების სტატიები დაიბეჭდება.