"ტფი­ლის­ში ხო­ლე­რა გაჩ­ნ­და... ა­ვად გახ­დ­ნენ სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს ექი­მე­ბი" - ერთი საუკუნის წინაც, 1919-1920 წლე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­დი ეპი­დე­მი­ე­ბის ხა­ნა იდგა - კვირის პალიტრა

"ტფი­ლის­ში ხო­ლე­რა გაჩ­ნ­და... ა­ვად გახ­დ­ნენ სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს ექი­მე­ბი" - ერთი საუკუნის წინაც, 1919-1920 წლე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­დი ეპი­დე­მი­ე­ბის ხა­ნა იდგა

ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1919-1920 წლები მსოფლიოშიც და საქართველოში დიდი ეპიდემიების ხანა იყო. ყველაზე მეტად ეს ქვეყნის დედაქალაქ ტფილისში იგრძნობოდა, რომელიც სასიკვდილო დაავადებების გავრცელების ბუდეს წარმოადგენდა. ანტისანიტარიის, მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის, მედიკამენტების დეფიციტის, მოუწესრიგებელი საყოფაცხოვრებო პირობებისა და დევნილთა უწყვეტი ნაკადის გამო, ტფილისი მუდმივად ეპიდემიის საფრთხეს განიცდიდა. 1919 წლის ზამთარში, დედაქალაქში ტიფმა იფეთქა, რომელიც ორი თვის განმავლობაში მძვინვარებდა. დაიღუპა რამდენიმე ასეული ადამიანი. აპრილისთვის პარტახტიანი ტიფის ეპიდემია ჩაცხრა, მაგრამ იგი მაშინვე მეორე სასიკვდილო სენმა ჩაანაცვლა - საქართველოს ქოლერის ეპიდემია დაატყდა თავს. ამას თან დაერთო შავი ჭირიც ანუ, როგორც მოსახლეობაში ეძახდნენ - შავი სახადი.

ქოლერის პირველი ნიშნები ტფილისში 1919 წლის იანვარში დაფიქსირდა, მაგრამ მაშინ ავადმყოფობა მასშტაბური არ იყო და მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა აღინიშნა. ამავე პერიოდში გამოვლინდა შავი ჭირის დაავადებაც. შავი ჭირით სნეულ ადამიანებს არამიანცის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, მაგრამ ელემენტარული პირობების არ არსებობის გამო, ავადმყოფობა ხშირად მედპერსონალზეც გადადიოდა.

გაზეთი "ერთობა", 1919 წლის 25 იანვარი:

"ავად გახდნენ საავადმყოფოს ექიმები: უფროსი ორდინატორი ექიმი ციციშვილი, ექიმი სლუცკაია და კიდევ რამდენიმე მოსამსახურე. ტფილისში ხოლერა გაჩნდა. რას აკეთებს ქალაქის სანიტარული ორგანიზაცია ამ საშინელი ეპიდემიის ხანაში? კანონის ძალით, ავადმყოფი იმ წამსვე უნდა იქნას წაყვანილი საავადმყოფოში, როგორც კი აცნობებენ ქალაქის სანიტარულ ორგანიზაციას. ნამდვილად კი 4-5 დღე გადის შეტყობინების შემდეგ ავადმყოფის წაყვანამდის, რაც ხელს უწყობს სენის გავრცელებას.

თუ კერძო ეტლით მიიყვანეთ სახადიანი საავადმყოფოში, ამ ეტლს დეზინფექციას არ უშვებიან და სენი გადადის მათზეც, ვინც ეტლში ჯდება.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახალი საბჭო დღიდან თავისი არსებობისა დიდ ყურადღებას მიაქცევს დანგრეული და მივიწყებული სანიტარული ორგანიზაციის შექმნას. მაგრამ საბჭო მომავლის საკითხია. დაყოვნება კი შეუძლებელია, როდესაც საშინელი სენი მუსრს ავლებს ხალხს. ამიტომ, თუ ქალაქის გამგეობა უძლურია რაიმე გააკეთოს, მთავრობა უნდა ჩაერიოს ამ საქმეში".

რამდენიმე დღეში, იგივე გაზეთი კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს ქოლერის შესახებ, საიდანაც ვიგებთ, რომ მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა და სასიკვდილო დაავადება მოსახლეობას უკვე სერიოზულ საფრთხეს უქმნის. წერილში გადმოცემულია, რომ ქალაქის თვითმმართველობა უძლურია სენის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომები მიიღოს და თუ მდგომარეობა კვლავ თვითდინებაზე იქნება მიშვებული, ტფილისში ქოლერის მასშტაბური ეპიდემია დაიწყება. პრობლემები კვლავ უცვლელი იყო - გადატვირთული ქალაქი და საშინელი ანტისანიტარია.

გაზეთი "ერთობა", 1919 წლის 28 იანვარი:

"ე.წ. "ისპანკას" მოჰყვა ხოლერა, რომელიც საშინელის სისწრაფით ვრცელდება. ქალაქის ლაზარეთები სავსეა ავადმყოფებით, ხოლო ბევრი იძულებულია სახლში იწვეს უადგილობის გამო, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც შეგნებულად გაურბიან ავადმყოფის ლაზარეთში მოთავსებას, რადგან იმედი არა აქვთ, რომ იქ სათანადო მოვლას არ მოაკლებენ მას.

ექიმები ვრცელ წერილებს ბეჭდავენ და მცხოვრებთ აცნობენ სენის გამომწვევ მიზეზებსა და მის მომსპობ საშუალებებს. მთავრობა საგანგებო უფლებებით აღჭურვილ პირებს ნიშნავს და ზომების შემუშავებას ანდობს, მაგრამ სენი თავისას შვრება, კიდევ უფრო ვრცელდება და როგორც ქალაქს, ასევე სოფელს საფრთხეში აგდებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქმეს ვერ უშველის ვერც ექიმების აკადემიური მსჯელობა და ვერც, ამა თუ იმ პირის საგანგებო უფლებებით აღჭურვა. საჭიროა, მთელი რიგი პრაქტიკულ ზომებისა, რომელთაც წინასწარი გამაფრთხილებელი მნიშვნელობა ექნებათ. ამ მხრით, თითქმის არაფერი კეთდება. არის ბევრი ისეთი ეზო, სადაც მთელი თვეობით გროვდება ნაგავი, სადაც ათასგვარ სიბინძურეს ასხამენ.

ტრამვაის ვაგონები საშინლად ივსება ხალხით. იგივე მდგომარეობაა რკინის გზაზე. და რაც ყველაზე უფრო შეუწყნარებელია, ქალაქის სანიტარული გამგეობა ვერ ახერხებს სახადიანი ავადმყოფების დროზე გადაზიდვას და დეზინფექციის მოხდენას. მაცხოვრებლებს თითონ უხდებათ სანიტარული განყოფილებისთვის ხვეწნა-მუდარა, რომ მათ ეს მოვალეობა მოაგონონ. და მიუხედავად ამისა, ეს საქმე სრულდება ძალიან დაგვიანებით ან სრულიად არ სრულდება.

სხვათა შორის, გადასაზიდ საშუალებათა უქონლობას ასახელებენ მიზეზად, რაც პირდაპირ გაუგებარია, რადგან ქალაქში აუარებელი ავტომობილი და ცხენია ისეთი პირების ხელში, რომელთაც კარგად შეეძლოთ უავტომობილოთ და უეტლოდ მსახური".

ზამთარში ქოლერის ეპიდემია შენელდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ საფრთხემ გადაიარა. დაავადების ახალი კერების შესახებ საგანგაშო ინფორმაცია გაზაფხულზე გაჩნდა. საქართველოს საფრთხე მეზობელი ქვეყნებიდან ემუქრებოდა. ქალაქის სამედიცინო-სანიტარული ბიუროს ცნობით, სომხეთში ქოლერის სამი, ხოლო აზერბაიჯანის ქალაქ ელიზავეტოპოლში ერთი შემთხვევა აღინიშნა. სპეციალისტები ვარაუდს გამოთქვამდნენ, რომ ამ ინფორმაციის მიხედვით, უახლოეს მომავალში ქოლერა საქართველოშიც შემოაღწევდა.

29 აპრილს ტფილისის თვითმმართველობაში ქოლერის შესაძლო ეპიდემიასთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი ჩატარდა, სადაც მოხსენებით სამედიცინო-სანიტარული ბიუროს ინსპექტორი, ვინმე მიქელაძე გამოვიდა. მიქელაძის თქმით, საჭირო იყო ქალაქის ლტოლვილებისგან სასწრაფოდ გათავისუფლება და აგრეთვე, ქალაქის მაქსიმალურად გაწმენდა ნაგვისგან, ფეკალური მასებისა და ნარჩენებისგან.

გარდა ამისა, მიქელაძემ ქალაქის თვითმმართველობას წარუდგინა ხარჯთაღრიცხვა ქოლერის საწინააღმდეგო აცრებისთვის საჭირო ღონისძიების ჩასატარებლად. მისი აზრით, მოსახლეობაში დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო ვაქცინაცია და ქოლერის საწინააღმდეგო აცრები. პირველ რიგში, ეს ქვეყანაში შემოსულ ახალ ლტოლვილებს ეხებოდა, რომლებიც დაავადების საშიშ წყაროს წარმოადგენდნენ.

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა სასმელი წყალი, რადგან ქოლერის ეპიდემიის დროს, დაავადება ყველაზე ხშირად სწორედ წყლის საშუალებით ვრცელდებოდა. თათბირზე ტფილისის თვითმმართველობამ დაადგინა, თხოვნით მიემართა ქვეყნის დამფუძნებელი კრებისთვის, რათა მას ბიუჯეტიდან 100 ათასი რუბლი გამოეყო, სუფთა სასმელი წყლის შესაძენად. ამავე თათბირზე გადაწყდა, რომ მიიღონ დამატებითი ზომები, რათა ქალაქის სასმელი წყლის სისტემაში ქოლერის ემბრიონები არ მოხვედრილიყო. აიკრძალა ავჭალის წყალსაცავზე ქალაქისთვის სასმელი წყლის აღება სანაპირო ზოლიდან, სადაც ათასგვარი სიბინძურე იყო და სადაც მოსახლეობა ტანსაცმელს რეცხავდა. დაადგინეს, რომ წყალსაცავიდან ტფილისისთვის საჭირო წყალი, მხოლოდ მდინარის შუა ნაწილიდან შეეგროვებინათ.

ტფილისის თვითმმართველობამ თხოვნა გაუგზავნა სამხედრო-სამედიცინო ლაბორატორიას, რათა ამ უკანასკნელს ქოლერის საწინააღმდეგო სპეციალური ვაქცინები დაემზადებინა. ამის საპასუხოდ, სამხედრო-სამედიცინო ლაბორატორიამ განაცხადა, რომ მზადაა, უსასყიდლოდ დაარიგოს 10 ათასი აცრისთვის სამყოფი ვაქცინა და დაიწყოს მუშაობა ახალი ვაქცინების შესაქმნელად. როგორც მომავალში გაირკვა, სწორედ სამხედრო-სამედიცინო ლაბორატორიის მიერ დამზადებული ვაქცინების წყალობით მოხერხდა ტფილისში ქოლერის ეპიდემიის შეჩერება.

ზაფხულში ქოლერამ საქართველოში შემოაღწია. გაზეთში ქალაქის თავის, ბენია ჩხიკვიშვილის საგანგებო განცხადებაც დაიბეჭდა.

გაზეთი "გრუზია", 1919 წლის 1-ლი ივლისი:

"ქალაქში უკვე დაფიქსირდა ქოლერით დაავადების შემთხვევა, რომელიც სიკვდილით დასრულდა. იწყება ცხელი დღეები და შესაძლოა ქალაქში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქოს.

მოქალაქეებო! დროულად გაიკეთეთ აცრები, რათა თავი დაიზღვიოთ საშინელი ავადმყოფობისაგან და დაიცვათ როგორც საკუთარი თავი, ასევე ახლობლები".

ტფილისის მილიციის უფროსის ბრძანებით, ქოლერის ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აიკრძალა ქუჩებში ცივი წყლით ვაჭრობა. 10 ივლისს გამოქვეყნდა შრომის კომისრის ელბაქიანის დადგენილება, რომელიც ქალაქ ტფილისსა და გუბერნიაში არსებული ფაბრიკა-ქარხნების, სახელოსნოების, სავაჭრო დაწესებულებების ხელმძღვანელებს ავალდებულებდა: საწარმოებში გადადუღებული სასმელი წყლის მომარაგებას, სამუშაო ადგილებისა და მუშათა საერთო საცხოვრებლების გასუფთავებას და დეზინფექციას.

მიუხედავად მიღებული ზომებისა, 1919 წლის შემოდგომაზე ქოლერა ტფილისში მაინც გავრცელდა, მაგრამ მისი მასშტაბი უმნიშვნელო იყო.

სამხედრო-სამედიცინო ლაბორატორიის მიერ დამზადებული ვაქცინებისა და ქალაქის თვითმმართველობის მიერ მიღებული პრევენციული ზომების შედეგად, 1919 წელს, ტფილისში ქოლერის ფართო ეპიდემიის თავიდან აცილება მოხერხდა. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კატაკლიზმებისა და ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საქართველო მუდმივად სხვადასხვა ეპიდემიის გავრცელების საფრთხის წინაშე იდგა. დაავადებების მორიგი გამწვავება 1920 წლის ივლისში დაიწყო. საფრთხე კვლავ მეზობელი ქვეყნებიდან მომდინარეობდა. 28 ივლისს ტფილისის თვითმმართველობაში ქალაქის სანიტარული ინსპექტორის მეუნარგიას მოხსენება მოისმინეს, რომელმაც სხდომაზე მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ისაუბრა.

გაზეთი "ბორბა", 1920 წლის ივლისი:

"მიღებული ცნობების მიხედვით, ყირიმში ხოლერის ეპიდემია გავრცელდა, კონსტანტინეპოლში კი შავი ჭირი მძვინვარებს. არსებობს დიდი საშიშროება, რომ ეს გადამდები დაავადებები სულ მალე ბათუმში, შემდეგ კი ტფილისშიც გავრცელდეს. ტფილისის დღევანდელი ფრიად სავალალო ანტისანიტარული მდგომარეობიდან გამომდინარე კი, ეს დაავადებები ძალიან სწრაფად გავრცელდება და ეპიდემიის სახეს მიიღებს.

ამ ცნობებიდან გამომდინარე, სანიტარულმა უწყებამ ქალაქის გაწმენდისა და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილია ქალაქიდან დიდი რაოდენობით დაგროვილი ნაგავი და ფეკალური მასები გაიტანონ. მაგრამ ამ ღონისძიების ჩასატარებლად ქალაქს შესაბამისი სახსრები არ გააჩნია. საქმე გადადებას ვერ მოითმენს. ამიტომ ქალაქის თვითმმართველობა იღებს რა მხედველობაში ეპიდემიის რეალურ საშიშროებას, მიიღო გადაწყვეტილება მიმართოს მთავრობას, რათა ქალაქის სანიტარული მოწესრიგებისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 48 მილიონი რუბლი გამოიყოს".

როგორც მოსალოდნელი იყო, სულ მალე საქართველოს ეპიდემიის ახალი ტალღა დაატყდა თავს. შემოდგომაზე ქოლერის ეპიდემია გავრცელდა ტფილისის საპატიმროებში. ტფილისის საგუბერნიო #1 ციხეში (ორთაჭალა) ქოლერის გავრცელებასთან დაკავშირებით, ციხეების ინსპექტორმა ყიფიანმა 6 სექტემბერს საგანგებო თათბირი მოიწვია, რომელსაც ციხეების უფროსები და სამედიცინო ნაწილის უფროსები ესწრებოდნენ. თათბირის დადგენილებით, შეწყდა ახალი პატიმრების მიღება ცენტრალურ (ორთაჭალის) ციხეში, დროებით აიკრძალა პაემანი; საეჭვო პატიმრები იზოლირებულნი იქნენ საერთო მასიდან; აიკრძალა პატიმრებისთვის ნედლი ხილის მიწოდება; მსჯავრდადებულებს თვეში სამჯერ დაენიშნათ აბანო; ციხის ხელმძღვანელებს დაევალათ პატიმრების შეძლებისდაგვარად სუფთა თეთრეულით უზრუნველყოფა.

ოქტომბერში ქოლერას შავი ჭირის დაავადება დაემატა.

ოქტობრის შემდეგ, ტფილისში არსებული ეპიდემიური ვითარების შესახებ გაზეთებში ცნობები აღარ გამოქვეყნებულა. როგორც ჩანს, შემოდგომაზე დაავადებათა გავრცელებამ იკლო ან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გამო, ქოლერისა და შავი ჭირისთვის არავის ეცალა.

მიხეილ ბასილაძე ჟურნალი "გზა"