ქართული სცენის თვალი - კვირის პალიტრა

ქართული სცენის თვალი

1879 წელს ილია ჭავჭავაძე ახლად აღდგენილი ქართული დასის წარმოდგენას დაესწრო, შემდეგ კი, თავის "ივერიაში" ამგვარი რეცენზია მოათავსა: "აქტიორების

ღირსებაზე ჯერ არა ითქმის რა, ჯერ უჩვევნი არიან და, იმედია, რომ გაიწვრთნებიან, ხოლო წარმომადგენელთა შორის ერთია, რომლისთვისაც ღმერთს მიუმადლებია

დიდი ნიჭი. მაგ ნიჭს პატრონი საფაროვის ქალია. ეს ისეთი აქტრისაა, რომელიც ჩვენი სცენის თვალი იქნება. ამ აზრისანი არიან ყველანი, ვისაც კი საფაროვის ქალი სცენაზე უნახავს. ყოველ სიკეთესთან ერთად, ერთი სიკეთეც სჭირს, რომ მშვენიერი ქართული გამოთქმა აქვს და ეს სიკეთე ეხლანდელ დროში, როცა ეს ქართული

აღარავის ახსოვს, მეტად ძვირფასი რამ არის."

ილიას ქება მაშინ სრულიად ახალგაზრდა, ცხრამეტი წლის მარიამ (იგივე მაკო) საფაროვამ დაიმსახურა. იგი სწორედ მაშინ გამოჩნდა ქართულ სცენაზე, როდესაც

ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ივანე მაჩაბლისა და სხვა მრავალი ქართველი საზოგადო მოღვაწის თაოსნობით კვლავ აღდგა 1856 წელს რუსი სატრაპების მიერ

დარბეული თეატრალური დასი. სცენაზე ახმიანებული ქართული სიტყვა კვლავ ერის სამსახურში ჩადგა და მრავალი წლის მანძილზე ამშვენებდა მას მაკო საფაროვა

თავისი არაჩვეულებრივი ნიჭიერებითა და მომხიბვლელობით.

აღსანიშნავია, რომ მაშინდელ საქართველოში ახალგაზრდა ქალისთვის სცენაზე გამოჩენა საზოგადოების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი ძველი თაობის ხალხს,

აუგად მიაჩნდა. არც თვრამეტი წლის მაკოს სცენაზე გამოჩენას მისალმებიან მისი ოჯახის წევრები. დღევანდელი გადასახედიდან ეს ამბები საკმაოდ სახალისოდ

გამოიყურება.

დავიწყოთ იმით, რომ თელავში მცხოვრებ კახელ აზნაურს, გადამდგარ პრაპორშიკს, მიხეილ საფაროვს, ისევე, როგორც ქართველ მამაკაცთა უმრავლესობას, ვაჟი

სურდა, ქალი კი შეეძინა. თუმცა, ამ ამბით გამოწვეულ ელდას "ღირსეულად” სძლია და "დიდსულოვნად" განაცხადა: ქალია თუ ვაჟი, სულ ერთია, ორივე ჩემი

სისხლი და ხორცია, ორივე ადამიანიაო. ცხრა წლის მაკოს დედა გარდაეცვალა და შვილიშვილის პატრონობა დედის დედამ, ბებია ნინომ იკისრა. საფაროვების

ოჯახს ხშირად სტუმრობდა აკაკი წერეთელი, რომელიც პატარა შავთვალა მაკოს ეუბნებოდა, ეს რა მოგსვლია, ქალო, თვალები როგორ დაგსვრიაო. მაკოც ჩაიხედავდა

სარკეში და გამწარებული ისრესდა თვალებს.

აკაკიმ მაკოს ბედის გადაწყვეტაშიც დიდი როლი შეასრულა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ნინო მეორედ იყო გათხოვილი

ყვარელში მცხოვრებ სოლომონ ჭავჭავაძეზე. ამ ქორწინებიდან მას ორი ქალიშვილი ჰყავდა. ერთი მათგანი, ლიზა, ცოლად გაჰყვა ალექსანდრე მარჯანიშვილს. მათი

შვილი გახლდათ დიდი ქართველი რეჟისორი, კოტე მარჯანიშვილი. სწორედ ამ ოჯახში წაიყვანა ბებიამ შვილიშვილი. რაც შეეხება აღზრდას.... ჩვენს ქალებს სწავლა

არ უნდა, "ვეფხისტყაოსანი" დაიზეპიროს, იცოდეს ოჯახის საქმე, წნილის ჩადება და საკმარისიაო – ასე სწამდა ბებია ნინოს, რომელმაც ვინმე ნოშრევან ჭავჭავაძის

ცოლს მიაბარა პატარა მაკო "საკმარისი" ცოდნის მისაღებად. უნდა ითქვას, რომ ამ სწავლებას უკვალოდ არ ჩაუვლია–ბუნებრივი ნიჭის წყალობით, მაკომ მალე

ზეპირად დაისწავლა "ვეფხისტყაოსანი" და ისე კითხულობდა, რომ მსმენელი აღტაცებაში მოჰყავდა.

1877 წელს მარჯანიშვილების ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. მას თან წამოჰყვნენ ბებია ნინო და 17 წლის მაკო. აქ მარჯანიშვილების ხშირი სტუმრები იყვნენ

აკაკი წერეთელი, სერგეი მესხი, გიორგი წერეთელი და ბევრი სხვა მწერალი თუ საზოგადო მოღვაწე. მაკო თანდათან ყველას გაეცნო. მათაც შეამჩნიეს მოხდენილი

გარეგნობისა და წმიდა, გამართული ქართულით მოლაპარაკე ქალიშვილი. აკაკიმ და სერგეი მესხმა მისი სცენაზე გაყვანა ჩაიფიქრეს. მაკო ადვილად დაიყოლიეს,

ბებიას დათანხმება კი ძალზე გაჭირდა. ბოლოს ნინოსა და აკაკის შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

– კნიაზო აკაკი, არ გეკადრებათ, რაკი ობოლია, ასეთ გაუბედურებას უპირებთ!

– რას ბრძანებთ, რის გაუბედურება?! ეგ კი არა, დიდად ბედნიერი იქნება,

ჩვენი ხალხის გამოღვიძებას ხელს შეუწყობს... განა ეს უბედურებაა? პირიქით, სასახელოა...

– რადგან არ დაგიშლიათ, რაც გინდათ, ის ჰქენით, ოღონდ ეს ვიცი, ახალგაზრდა ქალს სახელი გაუტყდება პატრონი არავინ გამოუჩნდება...

– პირიქით,სასახელო საქმეს მოჰკიდებს ხელს.

– ვიმეორებ, რადგან არ იშლით და განიზრახეთ მისი გაუბედურება, გათხოვებაც თქვენ იკისრეთ და თანახმა ვიქნები.

– დიდი სიამოვნებით, მაგრამ არავის შველა არ დასჭირდება, იქ უფრო მალე გათხოვდება.

ასე გადაწყდა მაკო საფაროვას ბედი. რამდენიმე დღეში მისი სასცენო ნათლობაც შედგა ეგრეთწოდებულ "ნემცების კლუბში". პირველივე გამოსვლა წარმატებული

გამოდგა. თუმცა, ვისთვის წარმატებული და ვისთვის – უბედური. ბებიამ შვილიშვილის სცენაზე გამოსვლა იმით აღნიშნა, რომ ხმამაღლა, მოთქმით დაიტირა,

შემდეგ კი მამამისს თელავში ასეთი წერილი მისწერა: "შვილო, მიხეილ! დიდი უბედურება და სირცხვილი დაატყდა თავს ჩვენს ოჯახს. ვიცი, შვილო, ეს ამბავი თავზარს დაგცემს, მაგრამ როდემდე დაგიმალო: შენს ქალბატონს თავი ვეღარ დავუჭირე და გავარდა – ვაი შენს და ჩემს მოსწრებას – გავარდა და პირდაპირ

ტრეატრში შევარდა!"

მიხეილ საფაროვმა წერილი მიიღო და მუქარითა და მრისხანებით აღსავსე პასუხიც მოიწერა, მაგრამ მაკოს თეატრზე ხელი მაინც ვერ ააღებინეს. მალე ბენეფისიც გაუმართეს. სწორედ ამ წარმოდგენას დაესწრო ილია ჭავჭავაძე. ასეთი წარმატებით ფრთაშესხმულმა მაკომ მამის შემორიგებაც გადაწყვიტა და წერილი მისწერა.

რაკი თეატრისას ვერაფერს გააგებინებდა, აქცენტი მამისათვის უფრო გასაგებ, ეკონომიკურ მხარეზე გააკეთა: "ბებია სცდება, ვერაფერი გაუგია. ცუდ ადგილას

არ შევსულვარ, არამედ ისეთ სამსახურში შევედი, რომ ღამეში სამოც თუმნამდე ფული და საჩუქრები მივიღე", – იწერებოდა მაკო და იმედი ჰქონდა, რომ ახლა მაინც

მოიგებდა მამის გულს. პასუხმა არც ამჯერად დააყოვნა:

"მამა გიცხონდება, კარგ ხელობას დასგომიხარ, თუ ღამეში სამოც თუმანს იღებ. ეგ რა მამაძაღლი სამსახურია ისეთი, რომ ღამით არის და არა დღისით? თუ მაინცა და მაინც სამსახური გინდოდა, აქ არ ვიყავი? ოცი წელიწადია ოტსტავკაში ვარ და სამსახურს დავეძებ, მე ვერ ჩამრიცხავდი? თავი დანებე მაგ სამსახურს, თორემ, თუ ჩამოვედი, მამაჩემი სოლომონის სული არ წამიწყდება, სულ მათრახის წვერით აგაჭრელებ!" – თავის თავს არ ღალატობდა მიხეილი, მაგრამ მარიამ საფაროვაც მისი ქალიშვილი გახლდათ და, როგორც ჩანს, სიჯიუტეც მისგან გამოჰყვა – თეატრისთვის თავის დანებება არც უფიქრია. აკაკის სიტყვებიც მალე აუხდა და თეატრში მისვლიდან რამდენიმე თვეში დაქორწინდა. მისი მეუღლე გახდა პირველი ქართული დასის ასევე გამორჩეული არტისტი, ვასო აბაშიძე. თავად მაკო ამ ამბავს ასე იგონებდა:

KvirisPalitra.Ge"გორში ვმართავდით წარმოდგენებს. ივნისი იდგა და ძალიან ცხელოდა. ნაშუადღევს ბინიდან გამოვედი, გამოვიდა ვასოც და ამედევნა, იღლიაში რაღაც ჰქონდა ამოჩრილი.

– ქაჯან, მაშ, უარს მეუბნები და ცოლად არ მომყვები! – რაღაც გამკილავი კილოთი მეუბნება.

– არა, არ ვაპირობ! – მეც ამრეზით ვუპასუხე.

– მაშ, თუ ცოლად არ გამომყვები, ეხლავე მტკვარში დავიხრჩობ თავს! – თქვა და სწრაფად გამცილდა. დავაკვირდი, მართლაც, მტკვრისკენ მიდის, შემეშინდა, ვაითუ

მართლა დაიხრჩოს თავი, ვიფიქრე. ამის მიზეზი მე ვიქნები.. მერე, რისთვის? მეც ხომ მომწონს, რად ვშვრები ამას? მოდი, გადავწყვეტ შეუღლებას, რაც იქნება,

იქნება! კიდევ ცოტა ვიყოყმანე და გავედევნე. ვხედავ, მართლა შესულა მდინარეში, წყალი მკერდამდე სწვდება. ცრემლები მომერია და დავუძახე:

– ვასო, ამოდი, უნდა დაგელაპარაკო!

– არა, არ მოვალ! – მიპასუხა.

– ნუ დაიხრჩობ თავს! ამოდი, ერთი სიტყვა გითხრა! – კვლავ მივაძახე.

– მაშ, კარგი, ცოტა ხანს დამიცადე და ამოვალ.

მე იქაურობას გავშორდი. კარგა ხნის შემდეგ გამოჩნდა.

– რა ჰქენი, ქაჯან, მოდი ჭკუაზე? – ღიმილით მეკითხება.

– რა ვქნა, რადგან ასე გიყვარვარ, შევუღლდეთ! – მორცხვად გავეცი პასუხი.

რამდენიმე დღეში დავქორწინდით. მხოლოდ ქორწილში გავიგე, რომ, თურმე, ვასოს უეშმაკნია – სიცხეში საბანაოდ მიდიოდა და მე კი მომაჩვენა, რომ თავის დასახრჩობად მიდის."

ილიას ნათქვამიც სრულად ახდა: მაკო საფაროვა გამოჩენისთანავე ქართული სცენის თვალი გახდა და ღვთისგან მიმადლებული ყოველი სიკეთეც სრულად მოახმარა

იმხანად გამეტებული ქართული სიტყვის ღირსეულად წარმოჩენის საქმეს.

ლადო გოგუაძე (სპეციალურად საიტისთვის)