მისი ყველა სიტყვა ფრთიან ფრაზებად დადიოდა თბილისში - კვირის პალიტრა

მისი ყველა სიტყვა ფრთიან ფრაზებად დადიოდა თბილისში

ამ ფოტოზე აღბეჭდილი ეს კეთილად მოღიმარი საბჭოთა მილიციელი სულაც არ არის მილიციელი. მილიციის უფროსი გვარამია თენგიზ ჩანტლაძის ერთ-ერთი საუკეთესო როლი იყო.

მაშინ, როცა საბჭოთა მილიცია პატივისცემას აღარ იმსახურებდა, მან სიკეთით აავსო თავისი პერსონაჟი, არც ტენდენციურობა დაუკარგა, არც საქმისადმი სუბიექტური დამოკიდებულება, არც საქართველოს ულამაზესი კუთხის - სამეგრელოს წარმომადგენლისათვის დამახასიათებელი მეგრული იუმორი დავიწყებია. ამიტომაც განსაკუთრებულად შეიყვარა საქართველომ მილიციის უფროსი გვარამია. ამ მინიატიურას დღემდე აქვს უდიდესი ძალა, გაგახალისოს.

გახსოვთ, როგორ მიუყვანენ ოთხ წესრიგის დამრღვევ სტუდენტს განყოფილებაში? როგორ ეუბნებიან, ესენი ოპერის წინ ღრიალებდნენ და ძილს უფრთხობდნენ პატიოსან საზოგადოებასო... ეს ვინ თქვაო, - იკითხა მილიციის უფროსმა გვარამიამ... ვინ და ზემდეგმა ჯამასპიშვილმაო...

"ჯამასპიშვილს სმენა არა აქვს... ჯამასპიშვილის აზრით, თუ სიმღერა ხულიგნობაა, ცეკვა ბანდიტიზმი იქნება, ბიჭო!" - ამბობს თენგიზ ჩანტლაძის გმირი და მაყურებელი გულიანად იცინის. მისი ყველა სიტყვა ფრთიან ფრაზებად დადიოდა თბილისში: "შუაღამეზე მღერიხარ ოპერის წინ, თუ შნო გაქვს, შედი და ოპერაში იმღერე! მაგრამ, როგორც ჩანს, საოპერო არ გიყვარს, კამერული მუსიკა გიყვარს... ჰოდა, აგერ მაქვს კარგი კამერა შენთვის!.. რომელ ხმას მღეროდი?

- პირველს.

- ჰოდა, პირველ კამერაში მოგათავსებ!.. რა გვარი ხარ?

- ღურწკაია.

- მოწმედ ხარ მოყვანილი, ბიჭო?.."

ახლა მეორე დაკავებულს მიუბრუნდება:

"- რომელ ხმას ამბობდი?

- მეორეს!

- ვინ გეკითხებოდა მერე? თავისთვის ამბობდა მოწმე პირველ ხმას!.. რა გვარი ხარ?

- გეგენავა!

- კაცმა რომ თქვას, არაა დამნაშავე!.. დაიწყო პირველმა, აჰყვა მეორე"...

მერე - მესამეს:

"- რომელ ხმას ამბობდი?

- ბანს ვამბობდი...

- ის ბანია, ღმუილივით რომ ისმის... ყველას მაგივრად დაგაპატიმრებ!.. რა გვარი ხარ?

- დარასელია!

- როგორ მოხვდი ამ გაუგებრობაში? არაა დამნაშავე, ქართული სიმღერა ოხერია, პირველმა და მეორემ ბანი რომ არ ჩაითრიოს, არ შეიძლება"!

მეოთხე არ აღმოჩნდა მეგრელი, "საუბედუროდ"... სარაჯიშვილი აღმოჩნდა და განრისხდა გვარამია:

"- რატომ ხულიგნობ, რატომ აფუჭებ 18 წლის სარაჯიშვილი 22 წლის ბავშვებს? ქართული სიმღერა სამხმიანია. ვინ ბღაოდა? - მერე თითქოს გული მოულბება, - ჯერ იმიტომ არ დაგიჭერ, რომ 18 წლის ხარ, კაცი უნდა გამოხვიდე, მეორე იმიტომ, რომ სიმართლეს ლაპარაკობ, მესამე იმიტომ, რომ მეგობარი გიყვარს... ხომ ხედავ, უკვე სამჯერ არ დაგიჭირე?

მეოთხე იმიტომ არ დაგიჭერ, რომ სად ვთქვა მერე, სარაჯიშვილი დავიჭირე ოპერის წინ სიმღერისთვისო?

როგორც მოვა ჯამასპიშვილი, ჩასვით. მაგან ვერ გაარჩია ხულიგანი და ხელოვანი ერთმანეთისაგან".

ეს მინიატიურა იმიტომ გაგახსენეთ ასე დაწვრილებით, რომ ამ საახალწლო დღეებში, ძველით ახალი წლის მოლოდინში, კიდევ ერთხელ მეჩუქებინა ღიმილი თქვენთვის - ღიმილი, რომელიც დიდ მემკვიდრეობასავით დაუტოვა საქართველოს თენგიზ ჩანტლაძემ.

მსახიობი სულაც არ იყო განათლებით. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა, მაგრამ ნიჭმა თავისი ქნა: ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1957 წლიდან, მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადაზე კონფერანსიედ. 1960-61 წლებში უკვე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო, 1962 წლიდან კი ფილარმონიასთან დააარსა მინიატიურების თეატრი, რომლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და წამყვანი მსახიობიც თავად გახლდათ. 1975 წელს მისი თაოსნობით დასი ფილარმონიას გამოეყო და დამოუკიდებელ სახელმწიფო თეატრად ჩამოყალიბდა.

პაროდირებისა და იუმორის ნიჭი ჯერ კიდევ პატარას აღმოაჩნდა. ერთხელ მამამისი სტუმრებს ელოდა. კარზე ზარი გაისმა. 8 წლის თენგიზი გასაღებად გაიქცა. ჰოლში მეგობრები შემოვიდნენ. ესმოდა მამას, როგორ ალერსიანად ელაპარაკებოდნენ მის ვაჟს, როგორ ეფერებოდნენ... ძალიან რომ შეაგვიანდათ შემოსვლა, გააკითხა და... რას ხედავს: თენგიზი მარტო დგას ჰოლში და ყველას როლს თვითონ თამაშობს.

მშობლები ემუდარებოდნენ ხოლმე, რა იქნება, შენი ხმით დაგველაპარაკოო. ტელეფონზე ხან ჟორია იყო, ხან გვარამია, ხან ნოვოსელცევი...

იუმორი საკმაოდ საფრთხილო რამაა, დიდი გემოვნება და შინაგანი შეგრძნება სჭირდება... თენგიზ ჩანტლაძის იუმორმა ბეწვის ხიდზე გაიარა.

დღესაც ადრინდელი ზემოქმედების ძალა შერჩა. როცა ამის მიზეზზე დაფიქრდები კაცი, მარტივად მიხვდები: იმიტომ, რომ თენგიზ ჩანტლაძეს უყვარდა მაყურებელიცა და ისიც, ვისზეც მაყურებელს აცინებდა. მისი დიდი გული იყო გარანტი იმისა, რომ ამ სიყვარულით ნასაზრდოებ იუმორს ხალხის სიყვარული უპასუხებდა. ასეც მოხდა...