დიდი კაცი - კვირის პალიტრა

დიდი კაცი

"დღეს ცხოვრება ფრიად მრავალფეროვანია. ყველაფერს ვერ მოასწრებს კაცი, მაგრამ ერთი ადამიანური თვისება მაინც ყველასთვის სავალდებულოა. ესაა ადამიანის გულის სიკეთე, გულისხმიერება. თუ კაცს უჭირს, მყისვე მის გვერდით უნდა გაჩნდე, მხარში ამოუდგე. ღობე ქცევითა, კაცი კაცითაო, - იტყოდნენ ჩვენი ძველები და ეს არც დღეს უნდა დავივიწყოთ, თორემ რაღაც უცნაურობა დაგვჩემდა: გულისხმიერება სააუგოდ მიგვაჩნია, ვაითუ, ვინმემ სხვანაირად გაიგოსო“ - ეს სიტყვები შესანიშნავ ქართველ მეცნიერს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, ნიკო კეცხოველს ეკუთვნის. იმის შესახებ, თუ რა ამაგი დასდო ნიკო კეცხოველმა ქართულ მეცნიერებასა და კულტურას, უამრავი დაწერილა და თქმულა. ახლა მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს მოგითხრობთ მისი ცხოვრებიდან, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორ გასცემდა ეს ადამიანი გულის სიკეთეს და არ ეშინოდა, რომ მის გულისხმიერებას ვინმე „სხვანაირად გაიგებდა“.

წარმოშობით მთიულეთიდან, არაგვისპირის ერთი სოფლიდან ვარ. იქაურ სკოლაში მათემატიკას შალვა მასწავლებელი ასწავლიდა. ეს იყო პატარა, კორპივით გამხმარი შუახნის კაცი. თავ-პირი ერთიანად გაპარსული ჰქონდა და სპილენძისფრად იყო აპრიალებული. ასეთი გარეგნობის გამო ბავშვობიდან გამოყოლილი, ტოლების მიერ შერქმეული სახელიც ჰქონდა - აბაზას ეძახდნენ, ვითომ, აბაზიანივით პატარა და შავი ხარო. შალვა მასწავლებელი ერთადერთი იყო, ვისი რიდიც სოფლის ბავშვებს ჰქონდათ და ვის გაკვეთილზეც, რომ იტყვიან, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდი. ეს ამბავიც სწორედ მან მიამბო.

თექვსმეტი წლისა პირველად ჩამოსულა თბილისში, უნივერსიტეტში გამოცდების ჩასაბარებლად. ეს გასული საუკუნის 50-იანი წლები გახლდათ. მაშინ უნივერსიტეტს ნიკო კეცხოველი ხელმძღვანელობდა. ომის შემდგომი პერიოდი იყო, ცხოვრება ჭირდა. შუახნისა, ხომ მოგახსენეთ, როგორი იყო შალვა მასწავლებელი, და მაშინ რაღა იქნებოდა?! შესულა გამოცდაზე და... ჩაჭრილა. გამოსულა და დამჯდარა გამწარებული უნივერსიტეტის კიბეზე. უცებ უზარმაზარი ჩრდილი დამეცა, ავიხედე, თავზე ვიღაც გოლიათივით კაცი წამომდგომოდა... ანკი, როგორ შემამჩნია, იდგა და მათვალიერებდა. მერე დამიძახა, რა იყო, ბიჭო, რა დაგემართაო? ვერ ვიცანი, ვინ იყო, არც ავმდგარვარ, ისე ავძახე, ჩამჭრეს-მეთქი. გაეცინა, წამომაყენა, ვინაობა-სადაურობა მკითხა, წამომყევიო, მითხრა და უნივერსიტეტში შემაბრუნა. გადმოაღებინა იქ კომისიას ჩემი ნაწერი და თავისი რიხიანი ხმით იკითხა, არ შეიძლება, ამ ბიჭს ნიშანი დავუწეროთო? ნიკო კეცხოველს უარს ვინ აკადრებდა - ალბათ, შეიძლებოდა კიდეც, და მიუგეს: როგორ არა, შეიძლებაო.

ეგ იყო და ეგ _ გახდა შალვა სტუდენტი, შემდეგ - მასწავლებელი. მართლაც არ ეშინოდა გულისხმიერების გამოჩენისა, ვერც მისთვის ერთადერთ

მისაღებ - ქართულ წესს დაარღვევინებდა ვინმე.

კარგად მახსოვს ის დღე , როდესაც პირველად და უკანასკნელად ვნახე ნიკო კეცხოველი. მაშინ ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ „მართვეში“ ვმღეროდი. ახალი წელი ახლოვდებოდა და გადაცემის ჩაწერაზე დაგვიბარეს ტელევიზიაში. იქ მისულებს, საზეიმოდ მორთულ დარბაზში მაგიდებთან მსხდომი

მრავალი ცნობილი მოღვაწე დაგვხვდა. მათ შორის იყო ნიკო კეცხოველიც. ქართველი ხალხისთვის ახალი წლის პირველად მილოცვის პატივი მაშინდელი მთავრობისგან პატივდებულ ერთ საქვეყნოდ ცნობილ პოეტს ერგო. მანაც, სავარძელში დარბაისლურად მოკალათებულმა, ჩვეული ოსტატობით გაართვა ამ საქმეს თავი. ყოველ შემთხვევაში, ყველას ასე მოეჩვენა, რომ არაფერი შეშლია. მეორე სიტყვა ნიკო კეცხოველისა იყო. წლებისაგან უკვე გვარიანად დამძიმებული ბატონი ნიკო წამოდგა, თავის განუყრელ ხელჯოხს დააყრდნო ორივე ხელი და სულის მოსათქმელად შეისვენა, იქნებ, ღელავდა კიდეც. ეს სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მაგრამ ზნეობის, წესის გაკვეთილი უკვე ჩატარებული იყო.

რაღა თქმა უნდა, ეს "პირველმაც“ იგრძნო და უხერხულობისგან თავის დაღწევა ანგლობით სცადა: ბიჭო, ნიკო, ბებერი ხარ, ბებერი, დაჯექიო! - გასძახა ნიკო კეცხოველს, რომელმაც ოდნავ შეარხია თავი, სიტყვა არ უთქვამს, მზერა გამართა და დალოცა თავისი ერი. ახლა იმის თქმას ვინღა გაუბედავდა, დაბრძანდით და იგივე დამჯდარმა გაიმეორეთო. არადა, არც ისე დატოვება იქნებოდა. მოკლედ, ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ ისევ "პირველი“ წამოაყენეს და გაამეორებინეს.

სასტიკიც იყო, მხოლოდ ამ სისასტიკესაც მისი დამახასიათებელი ზნეობის დამღა ჰქონდა დასმული:

ერთმა ახალგაზრდა კაცმა ძალზე მძიმე დანაშული ჩაიდინა. მთელი საზოგადოება ფეხზე დადგა - მოითხოვდნენ გარეწარის სამუდამო პატიმრობაში ყოფნას, სიკვდილით დასჯას. ნიკო კეცხოველიც აღშფოთებული იყო და მოიგონა სასჯელი, რომელიც, მისი აზრით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ყველა სასჯელზე უფრო მკაცრი იყო - განაცხადა, ამ კაცს პასპორტში ეროვნების გრაფიდან სიტყვა "ქართველი“ ამოვუშალოთ და გავუშვათო. მაშინ, ალბათ, ამ განცხადებამ ბევრს ღიმილი მოჰგვარა, თუმცა, თავის სათაყვანებელ ქართულ მიწაზე მძიმე ნაბიჯებით მავალ ბატონ ნიკოს, ისევე, როგორც ნებისმიერ მართალ კაცს, არც ამ დაცინვის, არც იმ "სიბერისა“ და არც სააუგოდ ქცეული გულისხმიერების გამოჩენისა ეშინოდა.

ლადო გოგუაძე (სპეციალურად საიტისთვის)