ზურაბ მიქელაძე - გაუტეხელი ქართველი - კვირის პალიტრა

ზურაბ მიქელაძე - გაუტეხელი ქართველი

ჩეკას სარდაფები, ვორკუტას გაყინული მზე და პურის ნამცეცები თეფშზე

მას მერე, რაც რკინის ფარდით შემორაზულ ქვეყანაში თავისუფლების სიომ დაჰბერა, მათზე, ვინც საბჭოთა რეჟიმის ტყვე იყო, ერთბაშად ალაპარაკდნენ. ყველამ ისედაც იცოდა, რომ ჩეკას სარდაფებსა და აღმოსავლეთის ბანაკებში ჯოჯოხეთი ტრიალებდა, მაგრამ ზოგჯერ მოსმენილი ამბავი ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა. ზოგმა შიშით, ზოგმაც თვითგადარჩენის ინსტინქტით, ზოგმა პატივისა და დიდების სიყვარულით ბევრ რამეზე მოაწერა ხელი... ხოლო ვინც დარჩა და მათ ქვაბში არ მოიხარშა, ვინც წესიერი კაცი იყო, მათი გზა ან შორეულ აღმოსავლეთში წავიდა, ანდა აქვე, რუსთაველზე, ჩეკას სარდაფში დასრულდა.

ამბობენ, საჭიროა ლუსტრაციის კანონის მიღება, რომ ერთხელ და სამუდამოდ იცოდეს ერმა, ვინ ვინ იყოო...

- ლუსტრაცია არ უნდა მოხდეს, - ამბობდა ზურაბ მიქელაძე, თავად რეპრესირებული და ზნეობისა და ღირსების მაგალითი, - იქ ისეთი ამბები ხდებოდა, ისეთ ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართავდნენ, ყველა ერთნაირად ვერ გაუძლებდა...

მან გაუძლო, ათი წელი იყო ვორკუტაში გადასახლებული, თუმცა ვორკუტამაც ვერ გატეხა. ცნობილი ფილოსოფოსის - კოტე ბაქრაძის საყვარელი სტუდენტი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი იყო, როცა 1946 წელს, 29 წლისა პოლიტიკური მოტივაციით დააპატიმრეს. დაბრუნდა კიდევ უფრო სრულყოფილი მეცნიერი და პიროვნება, ვიდრე წასვლამდე იყო. განათლებით ფილოსოფოსი, მათემატიკური ლოგიკის კათედრის ხელმძღვანელი, ადამიანი, რომელიც არ ელტვოდა არც ერთ რეგალიასა და არ მიიღწვოდა არც ერთი პრივილეგიისაკენ, რომელიც აზროვნებისა და ზნეობის ხორცშესხმა გახლდათ. მას იცნობდნენ საკავშირო სამეცნიერო წრეებში და როდესაც არისტოტელეს შრომებს გამოსცემდნენ მოსკოვში, შესავალი წერილის დაწერის თხოვნა საქართველოში პირადად ზურაბ მიქელაძეს გამოუგზავნეს. ზურაბ მიქელაძე დღეს ლამის უცნობია თანამედროვე საქართველოსთვის. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ წარსულზე მოთქმას გადავაყოლეთ აწმყო და დიდი ადამიანები დავტოვეთ ჩვენი ყურადღების გარეშე.

ზურაბ მიქელაძე  პირველად 8 წლისა იყო, როცა დასახვრეტად გამზადებულ პოლიტიკურ პატიმართან, მეტეხის ციხეში შეიყვანეს. დედამ გადაუწყვიტა ასე, რაკი მეუღლე მხოლოდ ოჯახის ერთ წევრს უნდა დამშვიდობებოდა, ჩათვალა, რომ ერთადერთი შვილი უნდა გაეშვა. კარგად არც ახსოვდა, იქ რა მოხდა,

კალთაში ჩაისვა მამამ და რაღაცას ეუბნებოდა... მხოლოდ ერთი წინადადება დაამახსოვრდა: ახლა უკვე კაცი ხარ, დედას მიხედეო...

მამამისი იურისტი იყო,  სორბონა ჰქონდა დამთავრებული, 1925 წელს დახვრიტეს. დედას - ოლია ჭეიშვილს ბესტუჟევის დიპლომი ჰქონდა აღებული. ე. წ. "ბესტუჟევკები" ძალიან ცოტანი იყვნენ... იშვიათად ახერხებდა ვინმე რთული პროგრამის დაძლევას და ამ დიპლომის აღებას. ამიტომაც იყო ოლია ჭეიშვილი მარტო თავის საგანს კი არა, ყველა გაკვეთილს ატარებდა საჭიროების შემთხვევაში. გაკვეთილი ვერ ცდებოდა, მათემატიკოსი ვერ მოვიდოდა, ოლია ჩაატარებდა, ფიზიკოსი გააცდენდა, - ის შეცვლიდა...

როცა ზურაბი დააპატიმრეს და გადასახლებული იყო, დედამისს სახელმწიფომ ცინიკურად ლენინის ორდენი მიანიჭა. თუმცა ვერანაირი ორდენი ვერ შეაცვლევინებდა აზრს.

1954 წლის ივლისის თვის პირველ რიცხვებში საქართველოდან ვორკუტაში ექვსი ქართველი ქალბატონი გაემგზავრა, მათ შორის - ზურაბის დედა ოლია ჭეიშვილიც. უკან დარჩა საქართველო, წინ კი საშინელებით, სიცივით და სიბნელით დამზაფრავი ვორკუტა ელოდათ. ისინი ნებით წავიდნენ, რადგან წლების წინ ეს გზა იძულებით გაატარეს მათ ახლობლებს, შემდეგ კი სამუდამო საცხოვრებლადაც განუსაზღვრეს ვორკუტა (გადაასახლეს სასჯელის მოხდის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების უფლების გარეშე).

სწორედ ოლია ჭეიშვილმა ჩამოიტანა ვორკუტიდან  ლევან გოთუას "გმირთა ვარამის" ხელნაწერები.

სასტიკად დაისჯებოდა, ვინმეს რომ მისთვის ეს ხელნაწერები ეპოვა, მაგრამ მას არ ეშინოდა! ყველას კი უკვირდა, როგორ მოახერხაო...

KvirisPalitra.Geნოდარ ჭიაბრიშვილი ერთადერთია, ვისაც დღეს შეუძლია გვიამბოს, ვორკუტაში გადასახლებული ზურაბ მიქელაძის შესახებ. სხვა ყველა უკვე გარდაცვლილია. სკოლის დამთავრების შემდეგ, ნოდარი მამამისთან - პოლიტპატიმარ გოგი ჭიაბრიშვილთან ჩავიდა სანახავად. ზურაბს იმდენად დიდი ნებისყოფა და სიმტკიცე ჰქონდა, ვერანაირი ემოცია ვერ მართავდა... დროს ტყუილად არ კარგავდა პოლიტპატიმარი, თურმე ვორკუტაში სამეცნიერო შრომებს წერდა. თან ცემენტის ქარხანაში მუშაობდა, ზურაბმა აითვისა ცემენტის ტექნოლოგია და გახდა ცვლის ინჟინერი. იქ ხომ ჭირდა სპეციალისტები.

ბანაკის უფროსს ზურაბ მიქელაძის დედისათვის შეუჩივლია: რა ვქნა, ზურაბს არ ესმის რომ  პატიმარია, ისე ცხოვრობს, თითქოს ეს არ იცოდესო... უთხარით პატიმარივით იცხოვროსო. გაგიჟებულა ღვაწლმოსილი პედაგოგი, ამას როგორ ამბობთ, მსგავსი რამ მშობელს როგორ უნდა უთხრათო!

ასეთი რომ იყო, იმიტომაც გაუძლო... 1956 წელს უკვე გათავისუფლებული იყო... სტალინის გარდაცვალების შემდეგ პოლიტპატიმრები სამშობლოს დაუბრუნდნენ...

თეონა მიქელაძე - ზურაბის ქალიშვილი იხსენებს, რომ მამამისი გადასახლებამ მართლაც ვერ გახადა დეპრესიული ადამიანი.

ვორკუტას იხსენებდა, ჩეკას სარდაფს არ ახსენებდა... ერთხელ უთქვამს: ჩასვლა მახსოვს, ამოსვლა არასდროსო, ისე, არ არის ძნელი წამება, უბრალოდ უნდა გაუძლო იქამდე, სანამ გული წაგივაო...

წარსული არ არის ტრაგიკული თემა, რაც იყო, აღარ არის საინტერესო. მთავარია რა არის და რა იქნებაო.

თურმე სულ ამბობდა, ქართველი ძალიან კარგი ერია, თუ რამ ცუდი ხდება, ყველაფერი რუსეთის იმპერიალიზმისა და კომუნიზმის ბრალიაო.

ფილოსოფია ამ ქვეყანაში შეუძლებელია ასწავლოო... ამიტომაც აირჩია სფერო, სადაც ვერ შეიჭრებოდა ვერანაირი იდეოლოგია - მათემატიკური ლოგიკა. მისი ყოფილი სტუდენტი - დავით თევზაძე იხსენებს: თუ თვლიდა რაღაც არასწორია, მტრისას!  ძალიან ძლიერი იყო. თავიდან ის, რაც მას გადახდა, მონათხრობით ვიცოდით. 60 წლის გახდა და სუფრა გავუშალეთ, მაშინ თქვა რაღაც-რაღაცები გადასახლებაზე... იმ წლებს სხვანაირად იგონებდა როცა გადასახლების ამბებზე ლაპარაკობდა. მშურდა კიდეც, რომ მე არ გადამხდა...

ერთხელ სადილობისას,  პურის ნამცეცები შეაგროვა და თეფშზე დაიყარა, რომ შემოგვხედა, აგვიხსნა: ეს ბანაკიდან დამრჩა, სხვისის აღება სირცხვილი იყო, შენი შეგეძლო აგეღოო.

ბანაკშიც თავისი ხასიათის გამო გაძლო... ბევრი გატეხა გადასახლებამ, ის კი ვერა...

- ადვილი კაცი არ იყო, - ამბობს მამაზე თეონა.

- ბავშვივით კაცი იყო, ლმობიერი, კაცთმოყვარე, როცა მიდგებოდა საქმე პრინციპულ რაღაცებზე, არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხევდა, - იხსენებს ნოდარ ჭიაბრიშვილი, - ვერაფრით ათქმევინებდი უღირსზე დადებით სიტყვას. ერთხელ უნივერსიტეტის რექტორს ილია ვეკუას ვიღაცის სადოქტორო შრომა შეუტანა, ალალბედად გადაუშალა და - ამის დამწერი ვინ არისო, ჰკითხა. თვალი გადაავლო დიდმა მეცნიერმა - სულელიაო... ჰოდა, ეგ სულელი იცავს დისერტაციასო! ამიტომაც უყურებდა მხოლოდ სამეცნიერო ხარისხის წოდებით მეცნიერის დონის განსაზღვრას სკეპტიკურად... ამიტომაც დიდხანს არ იცავდა დისერტაციას...

უყვარდა სახლი, რაჭა - ლაგვანთა - თავისი მეუღლის დედულეთი. საათობით იჯდა და უსმენდა რაჭველ ვანიჩქას... ეს არის გენიოსი წერა-კითხვის გარეშეო...

ერთხელ მათთან სტუმრად ქალიშვილის მეგობარი ჟურნალისტი მივიდა... რაღაც საკითხზე იყო აღშფოთებული, უნდა გავაპროტესტოო. გასულა ზურაბი და იმდენი წიგნით ხელში დაბრუნებულა, რომ აღარ ჩანდა. ეს ყველაფერი უნდა წაიკითხო, რომ მაგ საკითხის ჯეროვანი გაპროტესტება შეძლოო. გაგიჟებულა ჟურნალისტი, აღარ მინდა პროტესტიო... ეს ღიმილისმომგვრელი ამბავია, მაგრამ რეალური... იქნებ იმიტომაც, რომ ის ბევრი წიგნი არ წავიკითხეთ, კიდევ იმიტომ, რომ წარსულზე ვიტირეთ და მომავალზე ფიქრი ამით ჩავანაცვლეთ, ჯერ კიდევ შუა გზას ვდგავართ...