10 თარიღი საქართველოს ისტორიიდან - რა შეცვალა ქვეყნის ისტორიაში ამა თუ იმ მნიშვნელოვანმა თარიღმა? - კვირის პალიტრა

10 თარიღი საქართველოს ისტორიიდან - რა შეცვალა ქვეყნის ისტორიაში ამა თუ იმ მნიშვნელოვანმა თარიღმა?

არის ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არ მიიჩნევა, რადგან ყველაფერი ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე, თუმცა ვინ იცის ამ სილამაზის შესანარჩუნებლად ბედკრულმა საქართველომ რამხელა ტანჯვა და წამება გამოიარა. ხშირად უკვირთ, ამდენი უბედურების შემდეგ როგორ შევინარჩუნეთ ენა, მამული და სარწმუნოება. იქნებ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ეს უნდა გამოევლო, რომ შემდეგ ჩვენი ქვეყნის თითოეული ქვა და ბალახი დაგვეფასებინა. სულ მაფიქრებს, როგორი იქნებოდა საქართველო 9 აპრილის, 25 თებერვლის ან 26 მაისის გარეშე? ფაქტია, რომ  თითოეულმა ამ თარიღმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხი ცვლილებები შეიტანა და სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი. სწორედ ამ ცვლილებებზე სალაპარაკოდ საქართველოს უახლოესი წარსულიდან 10 მნიშვნელოვანი თარიღი შევკრიბეთ და ისტორიკოსებს - ბუბა კუდავასა და ბონდო კუპატაძეს კონკრეტულ მოვლენათა შესაფასებლად მივმართეთ. საინტერესოა, მათი აზრით, რა შეცვალა საქართველოს ისტორიაში ამ პერიოდის ამა თუ იმ მნიშვნელოვანმა თარიღმა?

1907 წლის 12 სექტემბერს საგურამოს შორიახლოს, წიწამურთან, ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე მოკლეს - ილიას ეტლს თავს დაესხა შეიარაღებული ბანდა და სიცოცხლეს გამოასალმა ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოაზროვნე. 12 სექტემბერს საქართველომ დიდი ტკივილი და დანაკარგი განიცადა: ჩვენ დავკარგეთ მწერალი და სინათლის სხივი იმდროინდელ საზოგადოებაში. ცხადია, რომ ამ მოვლენამ საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი ცვლილება მოახდინა, სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვანი თარიღის შესაფასებლად ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე გვესაუბრა:

- იმ დროს სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკებისთვის ილია ჭავჭავაძე განსაკუთრებით მიუღებელი პიროვნება იყო და ამიტომ დუშეთის პარტიულმა ორგანიზაციამ მისი ლიკვიდაცია გადაწყვიტა. ილია ჭავჭავაძე, ეროვნული მოღვაწეობის გამო, რადიკალი მემარცხენეებისთვისაც მიუღებელი იყო, მათი აზრით, ილია პროლეტარიატის რევოლუციურ ერთიანობას ხელს უშლიდა. ამასთანავე, 1906 წელს ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურებმა ილია რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს. ეს ტერორისტებისთვის დამატებითი არგუმენტი იყო.

ილია ჭავჭავაძის 150 წლის იუბილეზე - 1987 წელს, ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა, ხოლო ანტისაბჭოთა ეროვნულმა მოძრაობამ ლეგალური პოლიტიკური აქტივობა დაიწყო. ილია ჭავჭავაძე მის მთავარ სიმბოლოდ იქცა და პირველ არაფორმალურ ორგანიზაციასაც მისი სახელი ეწოდა. შეიძლება ითქვას, რომ ილიას იდეები და შეხედულებების მნიშვნელობა, მისი პერსონის როლი ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში, მისი ტრაგიკული აღსასრულის გამო, უფრო მეტად გაიზარდა. მას უკვე თანამედროვეებმა "საქართველოს უგვირგვინო მეფე" უწოდეს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თანამედროვე საქართველოში ილიას იდეური მემკვიდრეობა, მისი მრავალმხრივობის და მოცულობის გამო, კარგად არ არის გააზრებული და ცნობილი საზოგადოებისთვის.

- ილიას მკვლელობის შემდეგ ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი 1917 წლის 25 მარტია, როდესაც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1811 წელს დაკარგული ავტოკეფალია აღიდგინა და მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებურმა ეკლესიამ ცნო.

1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენით ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაიბრუნა საეკლესიო თვითმწყემსობა-დამოუკიდებლობა. ქართული ენა დაბრუნდა ეკლესიებში და წირვა-ლოცვა და ქადაგება უკვე ქართულად წარიმართებოდა, რუსულ ყაიდაზე გადაკეთებული ეკლესიები კვლავ ქართულ წიაღს დაუბრუნდა. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით დაიწყო ზრუნვა ეკლესია-მონასტრებზე და ამ დროიდანვე ჩანს მჭიდრო თანამშრომლობა ეკლესიას, ქართული კულტურასა და სიძველეების მკვლევარ მეცნიერთა შორის.

- საქართველოსთვის საყურადღებო თარიღი 1918 წლის 8 თებერვალია, რადგან ამ წელს კავკასიაში პირველი ეროვნული, საგანმანათლებლო უნივრსიტეტი გაიხსნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნას საფუძველი ჩაუყარა მეცნიერმა და აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში. უნივერსიტეტი უკვე ასზე მეტ წელს ითვლის. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ივანე ჯავახიშვილი და მისი თანამოაზრეები საქართველოში დაბრუნდნენ და უნივერსიტეტის დასაარსებლად აქტიურ მუშაობას შეუდგნენ. 1918 წელს უნივრსიტეტს "სახელმწიფოს" სტატუსი მიენიჭა და მისი მეშვეობით საქართველოში ქვეყნის მოქალაქეებისთვის უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი გახდა. თსუ-მა ხელი შეუწყო საქართველოში მეცნიერების სხვადასხვა დარგების დაფუძნებას და განვითარებას. ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, უნივერსიტეტის წიაღიდან იშვა მეცნიერებათა აკადემია და სხვადასხვა დარგობრივი ინსტიტუტი.

- ჩვენი ქვეყნის ისტორიის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი 1918 წლის 26 მაისია. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა - ჩვენმა ქვეყანამ ნანატრი დამოუკიდებლობა მიიღო. 26 მაისს მთელი ერი ზეიმობდა და ჯერ არავინ იცოდა, რომ ეს ბედნიერება ხანმოკლე იყო.

26 მაისი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან 117-წლიანი კოლონიური მდგომარეობის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა აღიდგინა. რაც მთავარია, ეს სახელმწიფო დაფუძნებული იყო თანასწორობის, სეკულარიზმის, კანონის უზენაესობის პრინციპებზე.

- ჩვენი ერი დღემდე ტკივილით იხსენებს 1956 წლის 9 მარტს. იმ წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივნმა ნიკიტა ხრუშჩოვმა გააკეთა მოხსენება პიროვნების, სტალინის კულტის შესახებ, რამაც საბჭოთა კავშირის მილიონობით მოქალაქე შეაშფოთა. განსაკუთრებული რეაქცია ხრუშჩოვის გამოსვლას საქართველოში მოჰყვა. ქართველებმა მისი "საპროგრამო სიტყვა" ქართველი ერის შეურაცხყოფად აღიქვეს, რასაც თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მოჰყვა. ქართველმა სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში მოაწყვეს მსვლელობა. მალე დემონსტრანტებს მოსწავლეები, მუშები, მშობლები და ინტელიგენციის ნაწილიც შეუერთდა. სიტუაცია პოლიტიზირებული გახდა და საბჭოთა ხელისუფლებამ ძალის გამოყენება არჩია. 9 მარტს, ღამით, საბჭოთა არმიის ნაწილებმა არაადამიანური სისასტიკით მიიტანეს იერიში მომიტინგეებზე, მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა და დაასახიჩრეს კიდევ უფრო მეტი. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია.

1956 წლის 9 მარტის ტრაგედია, საბჭოთა ტოტალიტარიზმის პირობებში საქართველოში საჯარო, მასობრივი ძალადობის მაგალითი იყო და მან დამთრგუნველი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით, ქართველ ახალგაზრდობაზე, რომელსაც გულწრფელად სწამდა, რომ სტალინის სახელის დაცვით იცავდნენ კომუნიზმის იდეასა და საბჭოთა სამშობლოს სამართლიანობას. მარტის ტრაგედიამ მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა ქართველი ახალგაზრდების ცნობიერებაში. ამ დღეს საქართველოში საბჭოთა სისტემის მიმართ მასობრივ რწმენას სერიოზული ბზარი გაუჩნდა. გასაქანი მიეცა ანტისაბჭოთა დისიდენტურ მოძრაობას და ბევრმა დამოუკიდებელ სოციალისტურ საქართველოზეც დაიწყო ფიქრი.

1921 წელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმეს წელია, რადგან ქართველებს წლების ნანატრი თავისუფლების დათმობა მოუხდათ. იმ წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და პირველი რესპუბლიკის მთავრობა დაამხო. საბჭოთა ოკუპაციის შედეგად საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა. დამოუკიდებლობის დაკარგვას სასტიკი რეპრესიები, ათასობით ადამიანის დახვრეტა, გადასახლება და პატიმრობა მოჰყვა. საქართველოს სუვერენიტეტი მარტივად არ დაუთმია - ოკუპაციას წინ 5-კვირიანი სამხედრო ოპერაცია და თავგანწირული ბრძოლა უძღოდა. ამ და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტების შეფასება ისტორიკოს ბუბა კუდავას ვთხოვეთ:

- 25 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ჯარმა თბილისი აიღო, რითაც, ფაქტობრივად, დაასრულა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 3-წლიანი არსებობა. საბჭოთა წყობის გააზრებულ თუ ქვეცნობიერ მეხოტბეებს უყვართ ხოლმე იმ "სიკეთეების" ხსენება, რაც ჩვენს ქვეყანას რუსეთის საბჭოურ იმპერიაში ყოფნამ მოუტანა: ინფრასტრუქტურა, სოციალური მდგომარეობა, განათლება, კულტურა, მეცნიერება.

იქნებ, მთავარიც გვახსოვდეს ხოლმე: 25-მა თებერვალმა დიდი ხნით მოწყვიტა საქართველო დასავლურ ორბიტას და არამცთუ გადაახვევინა განვითარების მისთვის ბუნებრივი ხაზიდან, არამედ - სრულიად საპირისპრო მიმართულებით ატარა 70 წლის განმავლობაში და ინერციით - შემდეგაც.

- 1924 წლის აგვისტოს აჯანყება იყო ბრძოლა საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური, საყოველთაო-სახალხო შეიარაღებული გამოსვლა საქართველოში. მოგვიანებით აჯანყება საქართველოს სსრ მთავრობის მიერ შეფასდა, როგორც მენშევიკური ავანტიურა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებამ, ერთი მხრივ, წმინდა პრაგმატულად, ვერაფერი შეცვალა უკეთესობისკენ. პირიქით, გამოიწვია დიდი მსხვერპლი და მცირერიცხოვანმა ერმა დაპატიმრება-გადასახლებებისა და ემიგრაციის მორიგი ტალღა იწვნია, თუმცა დაპყრობილი ქვეყნების აჯანყებებში მხოლოდ პრაგმატიზმი როდია. არასოდეს არცერთ აჯანყებას არავინ დაპირებია უცილობელ გამარჯვებას. იარაღის ხელში აღება დიდი პროტესტი, პრინციპული შეუგუებლობა და დაგროვილი, ზღვა ენერგიაა, რომელსაც ვეღარაფერი აკავებს - ვერც ცივი გონება და ვერც მომავლის ბუნდოვანება. დგება მომენტი, როცა ამოქმედებას იწყებს ფორმულა, მხოლოდ ლამაზად წასაკითხი აფორიზმი რომ გვგონია - "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო".

რა შეცვალა? სამუდამოდ დაასამარა წარმოდგენა, რომ ამ ბოროტი ძალის დამარცხება იარაღით არის შესაძლებელი და, რაც მთავარია, შთამომავლობას დაუტოვა ოკუპაციასთან შეუგუებლობისა და მტერთან ბრძოლის მორიგი მაგალითი, სიმბოლო, ორიენტირი, ერთგვარი დოკუმენტიც.

- 1978 წლის 14 აპრილი "ქართული ენის დღედ" არის ცნობილი. იმ წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც, ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. სტუდენტებმა, მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დაიწყეს, რომლის კულმინაციაც 14 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან პარლამენტის შენობამდე მოწყობილი მსვლელობა და მრავალათასიანი მიტინგი გახდა. საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ თითქმის 60 წელი იყო გასული და, როგორც ჩანს, იმპერიის მესვეურებმა ჩათვალეს, რომ დროა, ქვეყნის დამონების პროცესი ახალ ფაზაში გადაიყვანონ. კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის შეცვლამ განსაკუთრებით ახალგაზრდობის დიდი პროტესტი გამოიწვია. შედეგად, 1978 წლის 14 აპრილმა არა მხოლოდ კრემლის კულუარებში მიღებული კონკრეტული მავნე ჩანაფიქრი შეცვალა, არამედ - გარკვეულწილად, აღქმაც: საბჭოთა კავშირში ხომ ღრმად იყო გამჯდარი წარმოდგენა თუ შეგრძნება, რომ საზოგადოებას და, მით უფრო - ახალგაზრდობას, არაფერი, საერთოდ არაფერი შეუძლია. შედეგი იხილა საზოგადოებამ - ქართული ენა გადარჩა.

- საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მუდმივად უწევდა და 1989 წლის 9 აპრილი ჩვენი მებრძოლი ქვეყნის კიდევ ერთი მძიმე თარიღია. საბჭოთა არმიის წინააღმდეგ დამოუკიდებლობის ბრძოლას რუსთაველის გამზირზე 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ნაწილი დაიჭრა და უმრავლესობა მოიწამლა. მშვიდობიანი აქცია რუსმა სამხედროებმა დაარბიეს და ქიმური საშუალებებითა და ტანკებით უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლეს. რამდენიმე წელში კი, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამსახურებული დამოუკიდებლობა მოიპოვა.

9 აპრილი ჩემი თაობისა და, ზოგადად, თანამედროვე საქართველოსთვის არ გახლავთ მხოლოდ ტრაგედია. ამ თარიღმა ძირეულად შეცვალა თავისუფლების იდეისადმი დამოკიდებულება. თუკი მანამდე საქართველოს დამოუკიდებლობა ბევრისთვის (შეიძლება ითქვას, უმრავლესობისთვის) არარეალური, რადიკალური, უტოპიური და, აქედან გამომდინარე, ქვეყნისთვის დამაზიანებელი მოთხოვნაც კი იყო, 9 აპრილმა ამ იდეის სრული ლეგიტიმაცია მოიტანა. ამ თარიღმა, ასევე, ფაქტობრივად, დაასრულა საქართველოში ღია საბჭოთა პროპაგანდის ერა.

1991 წლის 9 პრილი - სიმბოლურად შერჩეულმა ამ თარიღმა სიმბოლურად დაასრულა საბჭოთა ხელისუფლება საქართველოში და ეს უკანასკნელი დამოუკიდებელი ცხოვრების გზას გაუყენა. ცხადია, დამოუკიდებლობა არ მოაქვს კონკრეტულ თარიღებს, ის უწყვეტი შრომის, ბრძოლისა და უამრავ ფაქტორთა ერთობლიობის შედეგია, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის 9 აპრილი ამ მხრივაც მნიშვნელოვანი თარიღია: ის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დაბადების დღეა!

ამ თარიღმა, წინმსწრებმა და შემდგომმა მოვლენებმა, დამოუკიდებელი ცხოვრება დაგვაწყებინა, აღმოჩნდა, რომ - არცთუ იოლი. მან ბედნიერებაც მოიტანა - წინა, რამდენიმე თაობისგან განსხვავებით, სწორედ ჩვენ გვერგო პატივი, გვეცხოვრა მსოფლიოში, რომლის პოლიტიკურ რუკაზეც საქართველო ცალკე ქვეყნად არის შემოხაზული. არადა, რამდენი ჩვენი თანამემამულე ვერ მოესწრო ამ ნატვრის ახდენას...

(სპეციალურად საიტისთვის)