"არმენია "ნაპოვნია! - როგორ მოხდა ზღვაოსნობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა და იყო თუ არა გემზე განძი? - კვირის პალიტრა

"არმენია "ნაპოვნია! - როგორ მოხდა ზღვაოსნობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა და იყო თუ არა გემზე განძი?

"ტიტანიკზე" უფრო საშინელი ტრაგედია:  გემი "არმენია" ჩაძირვიდან 79 წლის შემდეგ იპოვეს

რამდენიმე დღის წინ შავი ზღვის ფსკერზე გემი "არმენია" ("სომხეთი") იპოვეს, რომელიც 1941 წლის ნოემბერში გერმანიის ავიაციის დაბომბვის შედეგად ჩაიძირა. თბომავალ "არმენიის" დაღუპვა ზღვაოსნობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტრაგედიად ითვლება: გემის ბორტზე, სხვადასხვა მონაცემებით, 6-დან 10 ათასამდე ლტოლვილი და დაჭრილი იმყოფებოდა. შავ ზღვაში საძიებო სამუშაოები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით წარმოებდა. გემის პოვნასა და მის იდენტიფიკაციაში რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წყალქვეშა კვლევების ცენტრის სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

ისმება სრულიად ბუნებრივი კითხვა: რატომ ვერ პოულობდნენ 1941 წელს ჩაძირულ გემს ამდენი ხანი და ახლა როგორ მოხერხდა მისი აღმოჩენა?

ძიების დასასრული და კვლევის დასაწყისი

შავ ზღვაში, იალტიდან 15 საზღვაო მილის მოშორებით კილომეტრნახევრიანი სიღრმის ზღვის ფსკერზე "განისვენებს" თბომავალი "არმენია". მის აღმოსაჩენად მრავალი წლის განმავლობაში მაძიებლები ზღვის ფსკერს იკვლევდნენ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. ბოლო 20 წლის განმავლობაში, მათ 300 კვ.კილმეტრის ფართობის მქონე ფსკერი გამოიკვლიეს. ერთ-ერთ ოპერაციაში ცნობილი ამერიკელი ოკეანოლოგი რობერტ ბალარდიც მონაწილეობდა, რომელმაც 1985 წელს "ტიტანიკი" იპოვა, ხოლო 1989 წელს - გერმანული ლინკორის "ბისმარკის" ნამსხვრევები. მართალია, რობერტ ბალარდი უახლესი ტექნიკით სარგებლობდა, მაგრამ მისი ძიებაც უშედეგოდ დასრულდა. "არმენიას" ვერაფრით მიაკვლიეს. გემის ასეთმა "მოუხელთებელმა" ფაქტორმა ხელი შეუწყო კონსპიროლოგიური თეორიების წარმოქმნას: ამბობდნენ, რომ თითქოსდა "არმენია" იალტიდან სევასტოპოლში ბრუნდებოდა, რომ მის ბორტზე ხალხი კი არა, რაღაც ძალიან ძვირფასი ტვირთი იყო და რომ გემი რაღაც უცნაური კურსი ჰქონდა აღებული, რომელიც ყოველ წუთს იცვლებოდა. აბა, მაშ რატომ არ არის არაფერი მისი ჩაძირვის კოორდინატებში?

2017 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული საძიებო ოპერაციის დროს მაგნიტომეტრმა ზღვის ფსკერზე მაგნიტური ანომალია დააფიქსირა. რა თქმა უნდა, ამ მონაცემებით გაუგებარი იყო, თუ რა ობიექტი იმყოფებოდა წყლის სიღრმეში, არც ზუსტი კოორდინატები არ იყო ასახული, მაგრამ ძიების არეალი მნიშვნელოვნად შემცირდა - მაგნიტომეტრის ჩვენებამ მიუთითა ის კვადრატი, რომელიც უფრო ყურადღებით გამოკვლევას საჭიროებდა.

2020 წლის მარტში მორიგი საძიებო ოპერაციის დროს რაიონი გულმოდგინედ  გამოიკვლიეს ჰიდროლოკატორით. აი, მაშინ უკვე სპეციალისტები დარწმუნდნენ, რომ ზღვის ფსკერზე ნამდვილად ისეთი ობიექტია, რომელიც მოხაზულობით "არმენიას" ჰგავდა, მაგრამ 100%-იანად დარწმუნებული არავინ იყო. მათ კარგად ახსოვდათ წინა წლების ისტორია, როცა გემი ოთხჯერ იქნა "ნაპოვნი", მაგრამ საბოლოოდ, ეს ინფორმაციები არასწორი გამოდგა. ჭეშმარიტება რომ გაერკვიათ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, გემის იდენტიფიცირების მიზნით, გეოგრაფიული საზოგადოების წყალქვეშა კვლევების სპეციალისტები მიიწვია.

"სინამდვილე მხოლოდ ვიზუალური კონტაქტით თუ დამტკიცდებოდა, - ამბობს ექსპედიციის მონაწილე, გეოგრაფიული საზოგადოების წყალქვეშა კვლევების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი სერგეი ფოკინი, - ჰიდროლოკატორს ბრმად ვერ დაუჯერებ: ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ ის ხშირად სასურველს სინამდვილედ წარმოადგენს, მით უმეტეს, როცა ობიიექტს ამდენ ხანს და ამდენი ხალხი ეძებს".

როგორ მოხდა ზღვაოსნობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა

1941 წლის შემოდგომაზე ფაშისტური გერმანიის (მესამე რაიხის) ჯარები გენერალ ერიჰ ფონ მანშტეინის სარდლობით ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილთან პერეკოპის ყელი დაიკავეს და ნახევარკუნძულის სიღრმეში შეუჩერებლად მიიწევდნენ. წითელი არმიის ნაწილებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისათვის სახმელეთო გზა უკვე აღარ დარჩა. 5 ნოემბერს სევატოპოლში უკვე აშკარა პანიკა დაიწყო. ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ჰოსპიტლების, ლაზარეთების, აგრეთვე თეატრის მსახიობების, მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილის, პიონერბანაკ "არტეკის" პერსონალის და რიგი თანამდებობის პირების ოჯახების ევაკუაცია ტუაფსეში მოახდინა. ამისათვის გამოიყო შავი ზღვის ყველაზე დიდი სანიტარული გემი - თბომავალი "არმენია".

  • ცნობისათვის: საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყებამდე შავ ზღვაზე ტურისტულ-კრუიზული "ყირიმულ-კავკასიური მიმართულების" რამდენიმე თბომავალი დაცურავდა - "აფზახეთი" ("აბხაზია"), "საქართველო" ("გრუზია"), "აჭარა" ("ადჟარია"), "უკრაინა", "ყირიმი" ("კრიმ") და "სომხეთი" ("არმენია"). მათ იმ დროისათვის საკმაოდ მაღალი სიჩქარე ჰქონდათ - 14,5 საზღვაო კვანძი (ანუ დაახლოებით 22 კმ.საათში) 1941 წლის აგვისტოს დასაწყისში კი ისინი სანიტარულ-სატრანსპორტო გემებად გადააკეთეს და შავი ზღვის სამხედრო ფლოტის სამედიცინო სამსახურს გადასცეს.
  • თბომავლები "საქართველო", "აფხაზეთი", "აჭარა" და "სომხეთი" ლენინგრადის გემთსაშენში 1928 წელს თითქმის ერთნაირი პროექტებით აიგო. "სომხეთის" ("არმენიის") წყალწყვა 6 ათას ტონას შეადგენდა, სიგრძე - 112 მეტრს, მგზავრთა ტევადობა - დაახლოებით 1000 ადამიანი. გემის გადაკეთების შემდეგ, კაიუტების ნაცვლად, საოპერაციოები და გადასახვევი ოთახები მოეწყო. გემს ერთდროულად 400-500 დაჭრილის აყვანა შეეძლო. თბომავლის გვერდებზე და გემბანის ზემო ნაწილში წითელი ჯვრები მიახატეს, რაც ჰოსპიტალური გემის საერთაშორისო ნიშანს წარმოადგენდა. აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში გემმა "არმენიამ", რომელსაც გამოცდილი კაპიტანი ვლადიმერ პლაუშევსკი ხელმძღვანელობდა, ოდესიდან ტუაფსემდე ზღვა 15-ჯერ გადაცურა და 20 ათასამდე დაჭრილი გადაიყვანა.

1941 წლის ოქტომბრის ბოლოს ყირიმის ფრონტზე სიტუაცია გამწვავდა. გენერალ ერიჰ მანშტეინის მე-11 არმია სევასტოპოლს მიუახლოვდა. 4 ნოემბერს "არმენია" ტუაფსედან სევასტოპოლის მიმართულებით გავიდა. მის ბორტზე შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზისათვის დამატებით კონტინგენტი იმყოფებოდა. სევატოპოლამდე გემმა მშვიდობიანად მიაღწია. 5 ნოემბერს კაპიტანმა ვლადიმერ პლაუშევსკიმ ბრძანება მიიღო - გემზე აეყვანა არამარტო ასობით დაჭრილი, არამედ შავი ზღვის ფლოტის ყველა ჰოსპიტალისა და სამედიცინო დაწესებულების პირადი შემადგენლობაც.: ოდესისა და ნიკოლაევის ჰოსპიტლები, სანიტარული საწყობები, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ლაბორატორიები, სანატორიუმების ჰოსპიტლები...

პლუს ათასობით ლტოლვილები და საიდუმლო ტვირთი

იმის გათვალისწინებით, რომ ბრძოლები სევასტოპოლისათვის მხოლოდ იწყებოდა, ბრძანება საკმაოდ უცნაური ჩანდა - ვინ გადაარჩენდა მომავალ ბრძოლებში დაჭრილებს, თუ ყველა ჰოსპიტლისა და ლაზარეთის, ყველა ექიმის ევაკუაცია მოხდებოდა?

ისტორიკოსები, რომლებმაც ეს საკითხი შეისწავლეს, ვარაუდობენ, რომ შავი ზღვის ფლოტის სარდალმა, ადმირალმა ფილიპ ოქტიაბრსკიმ სევასტოპოლის ბედი გადაწყვეტილად ჩათვალა და ევაკუაცია დაიწყო. ამასთანავე, არანაირი სია არ არსებობდა იმ ადამიანებისა, ვინც "არმენიის" ბორტზე ავიდა ან უნდა ასულიყო. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი სტიქიურად და ზეპირი ბრძანებების საფუძველზე კეთდებოდა.

7 ნოემბერს გვიან საღამოს, კაპიტანმა პლაუშევსკიმ ბრძანება მიიღო: სევატოპოლში ხალხის აყვანის შემდეგ იალტაში შესულიყო და ბორტზე ლტოლვილები და ადგილობრივი პარტიული აქტივისტები მიეღო. სევასტოპოლიდან გავიდა თუ არა, კიდევ დამატებითი ბრძანება რადიოთი: "შედი ბალაკლავაში სპეციალური ტვირთისათვის". შევიდა და მიიღო დიდი ყუთები, რომლებსაც შინაგან საქმეთა სახკომის ("ენ-კა-ვე-დე"-ს) თანამშრომლები აცილებდნენ. სავარაუდოდ, ყუთებში ოქროს ნივთები და ყირიმის მუზეუების ძვირფასეულობა იყო მოთავსებული.

ბალაკლავიდან გამოსული გემი იალტაში 7 ნოემბერს, ღამის 2 საათზე მივიდა. აქ მას უამრავი ლტოლვილი ელოდებოდა... ადამიანები ყველა ხერხს და მეთოდს იყენებდნენ გემზე მოსახვედრად. გაიმართა ზედახორა, რომელიც მილიციელებმა შაშხანების სროლით გაფანტეს. პირველ რიგში დაჭრილები, შემდეგ სამოქალაქო მოსახლეობა, უმეტესად ქალები და ბავშვები. არავინ იცის, რამდენი კაცი აღმოჩნდა "არმენიაზე". ყველაზე მინიმუმი - 4 ათასამდე, მაქსიმუმი კი 9-10 ათასამდე. ალბათ, ჭეშმარიტება სადაც შუაში უნდა იყოს: გემზე 5 ათასიდან 7 ათასამდე იყო. გავიხსენოთ, რომ მისი ტევადობა მხოლოდ 950-1000 კაცს შეადგენდა. რასაკვირველია, "არმენიას" შეეძლო ამდენი ადამიანის წაყვანაც და გადარჩენაც, რომ არა დროის ფაქტორი. ყველაზე კარგი იყო გემს ღამით გაეცურა ტუაფსესასკენ, მაგრამ ის იალტის ნავსადგურიდან მხოლოდ დილის 7 საათზე გავიდა... სიკვდილთან შესახვედრად.

შეტევა ჰაერიდან: ჩაიძირა 4 წუთში

"არმენიას" გასვლისას თან ახლდა ორი შეიარაღებული კატერი და ორი თვითმფრინავ-გამანადგურებელი "ი-153". როგორც თვითმხილველები ამბობენ, ნაპირიდან კარგად ჩანდა, რომ მთელ გემბანზე ნემსი არ ჩავარდებოდა, იმდენი ხალხი იყო.

სანამ იმას ვიტყოდეთ, თუ რა მოხდა იალტიდან გასვლიდან ორი საათის შემდეგ, უნდა ავღნიშნოთ, რომ ისტორიკოსებმა დღემდე ვერ გაარკვიეს, შეიძლებოდა თუ არა "არმენია" ომის დროს კანონიერი სამხედრო სამიზნე ყოფილიყო. ომის წარმოების კანონების მიხედვით (ჰააგის კონვენციების თანახმად), სანიტარული გემი, რომელსაც შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნები აქვს, სამხედრო სამიზნე არ უნდა იყოს.

ერთნი ამტკიცებენ, რომ რადგანაც "არმენიას" წითელი ჯვარი ჰქონდა და გერმანელებმა მაინც ჩაძირეს, ეს ფაშიტების მიერ ჩადენილ კიდევ ერთი დანაშაულს წარმოადგენს. მეორენი ამბობენ, რომ "არმენიას" სანიტარული გემის სტატუსი ჰქონდა დარღვეული, რადგან ბორტზე ოთხი 45 მმ-იანი საზენიტო ქვემეხი ჰქონდაო. მესამენი საერთოდ დარწმუნებულნი არიან, რომ თბომავალი, რომელიც არამხოლოდ დაჭრილებისა და ლტოლვილების გადაყვანით იყო დაკავებული, არამედ სამხედრო ტვირთების გადატანითაც, საერთოდ არ ჰქონდა სანიტარული გემის ამოსაცნობი ნიშნებიო.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, 11 საათსა და 25 წუთზე "არმენიას" ჰაერიდან გერმანულმა ბომბდამშენებმა "ჰეინკელ-111"-ებმა შეუტიეს. ვერც საბჭოთა კატერები და ვერც "ი-153"-ები მათთან ვერაფერს გახდნენ. "ჰეინკელებმა" გემს ავიაბომბებიც დააყარეს. 11 საათსა და 29 წუთზე ხალხით გადატვირთული და მძიმედ დაჭრილი "არმენია" ზღვაში ჩაიძირა. თუ მოგვიანებით მომზადებულ ანგარიშს დავუჯერებთ, საკმაო დაშორებით მყოფმა კატერებმა ცივ წყალში მხოლოდ 8 ადამიანის გადარჩენა მოასწრეს. დაიღუპა დაახლოებით 7 ათასამდე ადამიანი. შედარებისათვის: "ტიტანიკის" ჩაძირვამ 1600-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

რასაკვირველია, "არმენიის" ჩაძირვის გამოძიების პროცესი გაასაიდუმლოეს. როგორც გაზეთი "კრასნაია ზვეზდა" წერდა 2005 წელს, საქმე №19 ჯერ კიდევ 1949 წელს იქნა ამოღებული ცენტრალური სამხედრო-საზღვაო არქივიდან და განადგურდა. სხვათა შორის, არც გერმანულ არქივებში არაა შემონახული ცნობები იმ გერმანელ მფრინავებზე, რომლებმაც "არმენია" ჩაძირეს. აქვე წინასწარ დავამატებთ, რომ 1945 წლის 16 აპრილს, ამჯერად უკვე საბჭოთა წყალქვეშა ნავმა კაპიტან ვლადიმერ კონოვალოვის მეთაურობით, დანციგის უბეში მდგარ გერმანულ გემ "გოიას", რომელზეც თითქმის 7 ათასი ადამიანი (დაჭრილები და ლტოლვილები, აგრეთვე ვერმახტის სამხედრო მოსამსახურეები) იმყოფებოდა, ტორპედოები ესროლა. გემი ჩაიძირა, გადარცა მხოლოდ 200-მდე ადამიანი.

"არმენია "ნაპოვნია!

2020 წლის აპრილში რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წყალქვეშა კვლევების ცენტრის სპეციალისტები გემის აღმოჩენის ადგილზე მივიდნენ. "ექსპედიციის მომზადების პერიოდში უამრავი საარქივო მასალა შევისწავლეთ, ნახატები და ნახაზები, კინო-ფოტოდოკუმენტები, რათა გემი გარეგნული სილუეტი კარგად გაგვერჩია", - ამბობს სერგეი ფოკინი. ფსკერზე ჩაუშვეს ტელემართული წყალქვეშა აპარატი რობოტ-მანიპულატორით, გადაღებული იქნა ფოტოსურათები... აპარატიდან ვიდეოგამოსახულება ოპერატორებთან პირდაპირი ეთერის რეჟიმით გადაიცემოდა. რობოტის მეშვეობით დათვალიერებული იქნა გემის კიჩო და წინა ნაწილი, სადაც, წესის მიხედვით, წარწერა უნდა იყოს, მაგრამ ზღვის მარილიანმა და გოგირდწყალბადით გაჯერებულმა წყალმა წარწერა გააქრო. რობოტი გემბანზე ადის და ამ დროს... - ყველაზე ბედნიერი აღმოჩენა - გემის დიდი ზარი წარწერით "არმენია". ზარი ფერადი ლითონისგანაა დამზადებული და კოროზიამ ვერაფერი დააკლო. ასეთ წარმატებაზე ექსპედიციის წევრები ვერც კი იოცნებებდნენ... "ჩვენ არცერთ ცრუ ისტორიკოსს არანაირი იმედი არ დავუტოვეთ. ასეთი საგნები გემის პასპორტს წარმოადგენენ", - ამბობს სერგეი ფოკინი.

გემის გამოკვლევით რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს: "არმენიას" კორპუსი მყიფეა, მაგრამ ორად გაყოფილი არ არის, დევს სწორად, კორპუსი შლამითაა დაფარული. გვერდები მთელი აქვს, რაც არ ეთანხმება ვერსიას, თითქოს გემი ტორპედოს მოხვედრით ჩაიძირა. რაც შეეხება გემბანის ზედნაშენს, მისი მდგომარეობა მოწმობს, რომ ავიაბომბები აქვს მოხვედრილი, განსაკუთრებთ კიჩოს ნაწილში.

დადასტურდა აგრეთვე გემის სწრაფი ჩაძირვის ვერსიაც: ილუმინატორების ნაწილი ჩამსხვრეული არ არის, რაც იმას მოწმობს, რომ დიდ სიღრმეზე (1,5 კმ.) ჩაძირვის შემდეგ გემის შიგნით ჯერ კიდევ რჩებოდა "ჰაერის ჯიბეები".

და მაინც, რატომ ვერ პოულობდნენ გემს ამდენი ძებნის განმავლობაში?

"ძიების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს აპარატურის ხარისხის დონეს და - შეიძლება გაგიკვიდეთ - იღბალსაც. თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა "არმენია" მაქსიმალურად ახლოს აღმოაჩინეს იმ კოორდინატებთან, რომლებიც ოფიციალურად იყო ცნობილი. გემის პოვნის მთავარი სიძნელე იყო ის, რომ დიდ სიღრმეზეა ჩაძირული, წყალი გაჯერებულია გოგირდწყალბადით. შეიძლება რამდენიმე მეტრზე მიუახლოვდე, მაგრამ ვერ დაინახავ", - ამბობს სერგეი ფოკინი. ექსპედიციის მონაწილეთა თქმით, "არმენია" ამიერიდან მშვიდად იქნება ზღვის ფსკერზე, მას და ათასობით დაღუპულის სულს აღარავინ შეაწუხებს. ამის შემდეგ ფსკერზე კიდევ რაღაცის ძებნა აბსოლუტურად არაეთიკურია. გვინდა გვჯეროდეს, რომ ათასხუთასიანი მეტრის სიღრმე გემს საიმედოდ დაიცავს. განძისა და სენსაციების მოყვარულების მცდელობა უშედეგო იქნება".

"არმენიის" დაღუპვის ადგილზე ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების სულების მოსახსენებლად პანაშვიდი ჩატარდა, მათ სამხედრო პატივი მიაგეს სამი სამგლოვიარო ზალპით. ასე დაესვა წერტილი მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე საზარელ ტრაგედიას.

P.S. "არმენიის" დაღუპვიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1942 წლის 13 ივნისს, გერმანიის ავიაციის თავდასხმის შედეგად ჩაიძირა სევასტოპოლის პორტში მდგარი თბომავალი "გრუზია", რომელზეც 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. იმ კატასტროფის შემდეგაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გადარჩენილა. "გრუზიას"-სთან დაკავშირებული გამოძიება კიდევ უფრო გასაიდუმლოებული ყოფილა, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა, რომელსაც უახლოეს მომავალში მოგიყვებით.  წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ